განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017001950970
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-934 11 თებერვალი 2020 წელი ქ. ქ-------ი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე
აპელანტი (მოსარჩელე): ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ---- გ------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ი.მ. კ---- ჯ---------
წარმომადგენელი: ლ------ ყ---------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი: ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, მოპასუხე მხარედ ი/მ კ---- ჯ--------- მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის ქ. ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით, 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის/ შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 38757 ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისა და პრეტედენტის, ინდ.მეწარმე „კ---- ჯ---------ს“ სატენდერო წინადადების საფუძველზე, ერთ ეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისათვის, 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ი/მ „კ---- ჯ---------“. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით განისაზღვრა 47 777 ლარით, მოქმედების ვადა - 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. მიმწოდებელს, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე, სათანადო ხარისხის საქონლისა და მომსახურების მიწოდება, საკუთარი ხარჯებით უნდა მოეხდინა ხელშეკრულების დადებიდან (28 ნოემბერი) 24 დეკემბრის ჩათვლით.
3. 2017 წლის 13 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა დანართი შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც მოხდა ხელშეკრულების ღირებულების კორექტირება, კერძოდ, გათვალისწინებული 47 777 ლარის ნაცვლად, კორექტირებული ფასების ცხრილის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 32769.84 ლარამდე. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ „კ---- ჯ---------ს“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 დეკემბრის N4977 ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი. ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ, 2016 წლის 28 დეკემბერს მომზადდა მოხსენებითი ბარათი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის სახელზე. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ი/მ „კ---- ჯ---------ს“ მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს 24 დეკემბრისათვის დასრულება, რის გამოც ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტის თანახმად, მას ერიცხება საჯარიმო სანქციის სახით პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებილ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მეტალის კონსტრუქციები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებელ კომპანიას.
4. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, მიმწოდებელი ორგანიზაციის გაფრთხილება პირველ ეტაპზე მოხდა ზეპირი ფორმით, ხოლო 2016 წლის 29 დეკემბერს წერილობით, კერძოდ - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის N01/29757 წერილით.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 26 იანვარს, N01/2042 წერილით მიმართა ი/მ „კ---- ჯ---------ს“ და აცნობა, რომ მის მიერ დროულად არ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ხოლო გამოყენებული მასალები არ შეესაბამებოდა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მახასიათებლებს, მას საჯარიმო სანქციის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი 12.1 პუნქტის თანახმად, 2017 წლის 25 იანვარს შეუწყდებოდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.5 პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ გადაიხდის პირგასამტეხლოს 38200 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 თებერვლის N227 ბრძანებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ კ---- ჯ---------ს“ შორის 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულება ჩაითვალა შეწყვეტილად 2017 წლის 11 იანვრიდან, ხოლო ინდ.მეწარმეს სანქციის სახით დაეკისრა ხელშეკრულების 12.3 და 12.5 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა. მიმწოდებელს მოცემული ბრძანება 2017 წლის 7 აპრილს ჩაბარდა პირადად საქართველოს ფოსტის მეშვეობით და განესაზღვრა ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა, ფინანსური ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 38757 ლარის დაკისრება;
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხე მხარე მარტივი შესაგებლის წარდგენით შემოიფარგლა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თუმცა მოგვიანებით შეგებებული სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მიზნით ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 32 769 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით: მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო მისი, როგორც პრეტედენტის სატენდერო წინადადება და გამარჯვება ერთეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების თანახმად უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 იანვარის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ საწყის ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგინა 47 777 ლარი.
8. როდესაც სამუშაოების წარმოებას ასრულებდნენ, ქალაქ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ საახალწლო მანათობელი ფიგურების
განათების ტიპი უნდა ყოფილიყო მუდმივი მანათობელი და არა ციმციმა სახის. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების დადებისას არც ერთ მხარეს არ გაუთვალისწინებია, მაგრამ მიუხედავად ამისა მენარდის მიერ შესრულებულ იქნა აღნიშნული მოთხოვნა და განხორციელდა მანათობელი ფიგურების გადაკეთება, რამაც ბუნებრივია მოითხოვა დამატებითი დრო და ხარჯი, რის გამოც მის მიერ მანათობელი ფიგურების მონტაჟი განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2016 წლის 24 დეკემბრის ნაცვლად, იმავე წლის 30 დეკემბერს.
9. გარდა აღნიშნულისა, სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, კერძოდ, ზოგიერთ ქუჩაზე მანათობელი კონსტრუქციები მათი პარამეტრების გამო ვერ დამონტაჟდა, რის გამოც 2017 წლის 03 იანვარს წერილობითი თხოვნით მიმართა ქალაქ ქუთაისის მერს, და ითხოვა ცვლილებების გათვალისწინებით მომხდარიყო ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, რაც დაკმაყოფილდა და 2017 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა დანართი-შეთანხმება N1, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვითაც, აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და წარმოადგენდა 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ორმხრივი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის გამო, შემცირდა 32769.84 ლარამდე. როდესაც ქალაქ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და ანგარიშწორება, ორივე ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მან გადააცილა სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას (2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით) ამასთან ქალაქ ქ-------ის ქუჩებში დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მასალები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ტექნიკურ დოკუმენტაციაში წარდგენილ პირობებს, კერძოდ, მეტალის კონსტრუქცია იყო არა ჩინური, არამედ ადგილობრივი წარმოების. მისი განმარტებით, მეტალის კონსტრუქციების შესყიდვა და გამოყენება მოხდა თავად ქ-------ის მერიასთან ზეპირი შეთანხმებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა ითხოვა ქალაქ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 32769 ლარის დაკისრება;
სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი/მ კ---- ჯ---------ს მოსარჩელე ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა - 389,98 ლარის გადახდა. მოსარჩელე ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელი 38367.02 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე ი/მ კ---- ჯ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა. მოსარჩელე ი/მ კ---- ჯ---------ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელე ი/მ კ---- ჯ---------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
11. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის, 2016 წლის 28 ნოემბერს, გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №4-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ---------მ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენდა 47 777 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვისა.
12. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) უნდა განხორციელებულიყო ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ. 4.4. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტრირება) შედეგად გამოვლენი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა. 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქ-------ში ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების მიწოდება და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე, საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. 5.2 პუნქტით, მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ფასების ცხრილის მიხედვით ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ უნდა დაემონტაჟებინა ჩინეთის (შპს ,,გნოცა“) წარმოების პროდუქცია. 8.1. პუნქტით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი;
13. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 12.3 პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას, კერძოდ, თუ მიმწოდებელი გადააცილებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 12.5 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს 38 200 ლარის ოდენობით.
14. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების დროს წარმოიშვა პრობლემები, ზოგიერთ ქუჩაზე აღნიშნული კონსტრუქციები პარამეტრების გამო ვერ დამონტაჟდა, რის გამოც მხარეებს შორის გაფორმდა 2017 წლის 13 იანვრის დანართი-შეთანხმება N1, რომლის თანახმად, 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 32 769.84 ლარს. დანართი შეთანხმება N1 ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და წარმოადგენს 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
15. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ 2016 წლის 24 დეკემბრისათვის უნდა უზრუნველეყო სამუშაოების დასრულება, თუმცა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა.
16. ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი მასალების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული დეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას. 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ,,კ---- ჯ---------მ“ სამუშაო ვერ დაასრულა.
17. 2016 წლის 29 დეკემბერს, ქ.ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის N01/29757 მიმართვით ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 24 დეკემბერს და მის მიერ ვერ განხორციელდა სამუშაოს ვადაში დასრულება, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის თანახმად, ერიცხება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა ქალაქ ქ-------ის ქუჩებში დამონტაჟებულ დეკორაციებში გამოყენებული მასალები არ შეესაბამება ხელშეკრულების ტექნიკურ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ პირობებს და ვერ ხერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, 28.12.2016 წლიდან შეწყდა ხელშეკრულება.
18. 2017 წლის 01 თებერვალს, ქ.ქ-------ის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N227 ბრძანება, რომლის მიხედვითაც 1) ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით, 2016 წლის 28 ნოემბერს, ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება, მიმწოდებლის - ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო ჩაითვალა შეწყვეტილად 2017 წლის 11 იანვრიდან. 2) ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის (შეუსრულებლობის) გამო მიმწოდებელს (ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“) საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრა ხელშეკრულების 12.5 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 38 200 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.3 პუნქტით გათვალისწინბეული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 3) ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ დაევალა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის ჩარიცხვის უზრუნველყოფა.
19. 2017 წლის 01 თებერვალს ქ.ქ-------ის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N227 ბრძანება, რომელიც 2017 წლის 21 მარტის მიმართვით ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ ჩაბარდა პირადად, 2017 წლის 07 აპრილს.
20. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, რომელიც ამტკიცებს, რომ სადავოდ გამხდარი 32 769 ლარის სამუშაოები შეასრულა. შესაბამისად, მანვე უნდა წარმოადგინოს სამუშაოთა შესრულების მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის 32 769 ლარის ღირებულების, რის გამოც მას ეკუთვნის შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხა. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტით, ხელწერილით, ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ მიერ სამუშაოს შესრულება.
21. მოსარჩელემ კი უნდა დაადასტუროს, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოთა შესრულება იყო უხარისხო და იგი არ უნდა ჩაითვალოს შესრულებად. მოსარჩელემ ასეთ მტკიცებულებად წარმოადგინა ინსპექტირების მიზნით შექმნილი ჯგუფის 2016 წლის 28 დეკემბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი მასალების ტექნიკური მახასიათებლები. აღნიშნული დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული დეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია რომ ი/მ ,,კ---- ჯ---------მ“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები.
22. სასამართლომ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ი ს-----–--ემ განმარტა, რომ ის იყო ხელშეკრულების ინსპექტრირების მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრი და შემოწმების დროს დადგინდა, რომ ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ მიერ გამოყენებული კონსტრუქციები იყო არა უცხოური წარმოების, არამედ ადგილობრივი წარმოების. ხელშეკრულება შეასრულა ნაწილობრივ, ვერ მოასწრო საახალწლო განათების ყველა ქუჩაში დამონტაჟება.
23. მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ჯ---------მ (მოპასუხის ძმა) განმარტა, რომ იმუშავეს მაგრამ ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდა, რადგან საახალწლო განათების კონსტრუქცია ნაცვლად ჩინური წარმოებისა იყო ადგილობრივი მწარმოებლის მიერ დამზადებული.
24. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2016 წლის 24 დეკემბრამდე, თუმცა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა.
25. სასამართლომ გაიზიარა მხარეთა ზეპირი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც სამუშაოების წარმოებას ასრულებდნენ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა წარმომადგენელმა განუცხადა შემსყიდველს, რომ საახალწლო მანათობელი ფიგურების განათების ტიპი უნდა ყოფილიყო მუდმივი მანათობელი და არა ციმციმა სახის. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების დადებისას არც ერთ მხარეს არ გაუთვალისწინებია, მაგრამ მიუხედავად ამისა შემსრულებლის მიერ შესრულებულ იქნა მოთხოვნა და განხორციელდა მანათობელი ფიგურების გადაკეთება, რამაც მოითხოვა დამატებითი დრო და ხარჯი, რის გამოც შემსყიდველის მიერ მანათობელი ფიგურების მონტაჟი განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2016 წლის 24 დეკემბრის ნაცვლად, იმავე წლის 30 დეკემბერს.
26. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ დაეკისრა 389,98 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
27. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 629-ე, 416-420-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების ღირებულების 0.07%-მდე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 389,98 ლარს;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
28. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
29. აპელანტის განმარტებით: სამოქალაქო კოდექსის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ნების ავტონომიის პრინციპი, რომლის საფუძველზეც მხარეები უფლებამოსილი არიან თავად განსაზღვრონ სახელშეკრულებო პირობები. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების 12.5 ქვეპუნქტით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 38 200 /ოცდათვარმეტის ათას ორასი/ ლარით, ხოლო 12.3 ქვეპუნქტით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. აღნიშნული დათქმა მხარეებმა გააკეთეს ურთიერთ შეთანხმებით და ის ემსახურება მხარის დარღვეული ინტერესების კომპენსირებას, ამასთან არის შესაბამისობაში საკანონმდებლო დანაწესებთან.
30. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და ამასთანავე მისი მიღებით, დაუცველი დარჩა არამარტო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე იმ საზოგადოების ინეტერესები, რომლის წარმომადგენლობასაც აღნიშნული დაწესებულება უზრუნველყოფს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გაადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვეტოს იგი.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციიო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
34. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ქ.ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ი.მ. კ---- ჯ---------ს ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხაზე 389.98 ლარზე (1910 -389.98 =1489.7ლარს+111.41 =1601.11)) - 1601.11 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
35. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის, 2016 წლის 28 ნოემბერს, გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №4-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი/მ ,,კ---- ჯ---------მ“ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში (ფასების ცხრილი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (ხელშეკრულების 2.2. პუნქტი)).
36. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 47 777 ლარს (3.1. პუნქტი).
37. მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ქ.ქ-------ში ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ - ხელშეკრლების დადებიდან (2017 წლის 28 ნოემბრიდან) 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (5.1. პუნქტი);
38. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) განხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ. 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქ-------ში ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების მიწოდება და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე, საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. 5.2 პუნქტით, მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ფასების ცხრილის მიხედვით ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ უნდა დაემონტაჟებინა ჩინეთის (შპს ,,გნოცა“) წარმოების პროდუქცია. 8.1. პუნქტით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი;
39. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების 12.3 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ, თუ მიმწოდებელი გადააცილებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 12.5 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს 38 200 ლარის ოდენობით.
40. სარჩელზე თანდართულია ხელშეკრულების დანართი და მისი განუყოფელი ნაწილი - ფასების ცხრილი; ფასების ცხრილში ასახულია ყოველი კონკრეტული შესასრულებელი სამუშაოს ესკიზები, განათების ტიპი (მხარეები შეთანხმდნენ განათების 10 ტიპზე), ტექნიკური მახასიათებლები; რაოდენობა, წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, ერთეულის ღირებულება და საერთო ღირებულები; ტექნიკური მახასიათებლების თანახმად: განათება უნდა ყოფილიყო გარე გამოყენების 2D ლედ, ზოგ შემთხვევაში კი 3 D ლედ სისტემა, მეტალის კონსტრუქცია . . . წარმოების ქვეყანა - ჩინეთი, კომპანია კი - შპს „გნოცა“ (ს.ფ.25-26);
41. 2016 წლის 28 დეკემბერს, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა მოხსენებითი ბარათით მიმართეს ქ.ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების უფროსს და აღნიშნეს, რომ: „ინდ.მეწარმე „კ---- ჯ---------ს“ №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო არ დაუსრულებია, რისთვისაც აღნიშნულ ინდ მეწარმეს ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად ერიცხება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1.%; გარდა ამისა ინდ.მეწარმე „კ---- ჯ---------ს“ მიერ ქ.ქ-------ის ქუჩებში დამონტაჟებულიდეკორაციები ნაწილობრივ არ შეესაბამება ხელშეკრულების ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანას და მწარმოებელ კომპანიას; დღეის მდგომარეობით ი.მ კ---- ჯ---------მ აღნიშნული სამუშაო ამ ეტაპისთვის ვერ დაასრულა;“ (ს.ფ.37);
42. მითითებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2016 წლის 29 დეკემბერს, ქ.ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მოამზადა წერილობით მიმართვა ი.მ. კ---- ჯ---------ს სახელზე. მიმართვის ავტორი ამცნობს ადრესატს, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების გამო, ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერია წყვეტდა მასთან 2016 წლის 28 ნომბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას. (ს.ფ.35-36). მითითებული წერილობითი დოკუმენტი ადრესატს ჩაბარდა თუ არა საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა ეს ფაქტი სადავოდ არც მოპასუხეს გაუხდია თავის მიერ წარდგენილი მარტივი შესაგებლით;
43. წინამდებარე გადაწყვეტილების 39-ე პუნქტში ასახული მოხსენებით ბარათი საფუძვლად დაედო ი.მ. კ---- ჯ---------სადმი ქ.ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერის მიმართვას. მიმართვის ავტორი ამცნობს ადრესატს, რომ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება გახდა მიზეზი მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.3. პუნქტის ამოქმედებისა, რომლის თანახმადაც სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის სახით ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1. %-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება 2017 წლის 11 იანვრიდან, რაც გახდა საფუძველი მიმწოდებლის ი.მ. კ---- ჯ---------სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12.5. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 38 200 ლარის დაკისრებისა. (ს.ფ.33-34); მითითებული წერილობით დოკუმენტი ადრესატს ჩაბარდა თუ არა საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა ეს ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია თავის მიერ წარდგენილი მარტივი შესაგებლით;
44. 2017 წლის 01 თებერვალს, ქ.ქ-------ის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N227 ბრძანება, რომლის მიხედვითაც 1) ქალაქ ქ-------ის ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით, 2016 წლის 28 ნოემბერს, ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება, მიმწოდებლის - ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის/შეუსრულებლობის გამო ჩაითვალა შეწყვეტილად 2017 წლის 11 იანვრიდან. 2) ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის (შეუსრულებლობის) გამო მიმწოდებელს (ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“) საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრა ხელშეკრულების 12.5 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 38 200 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12.3 პუნქტით გათვალისწინბეული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 3) ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ დაევალა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველეყო საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის ჩარიცხვა. (ს.ფ.30-32);
45. 2017 წლის 01 თებერვალს ქ.ქ-------ის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის მიერ გამოცემული იქნა N227 ბრძანება, 2017 წლის 21 მარტის მიმართვით ი/მ ,,კ---- ჯ---------ს“ ჩაბარდა პირადად, 2017 წლის 07 აპრილს. (ს.ფ. 28-29).
46. ქ. ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერს, 2017 წლის 10 იანვარს, წერილობით მიმართა ქ. ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა და აუწყა, რომ - „ქ.ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი.მ კ---- ჯ---------ს შორის, 2016 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული N4-- ორმხრივი ხელშკრულების საფუძველზე, გათვალისწინებული იყო ქ.ქ-------ში საახალწლოდ ქუჩების მორთვა. სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოიშვა პრობლემები. ზოგიერთ ქუჩაზე აღნიშნული კონსტრუქციები პარამეტრების გამო ვერ დამონტაჟდა, ორგანიზაციამ მოგვმართა თხოვნით სამუშაოები ეწარმოებინა ცვლილებების გათვალისწინებით და წარმოგვიდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა; გთხოვთ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დაავალოთ საფინანსო პოლიტიკის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს ი.მ. კ---- ჯ---------ს აღნიშნულზე გაუფორმოს დანართი შეთანხმება.“ (ს.ფ.101).
47. დადგენილია, რომ მითითებული მიმართვის შემდგომ, მოდავე მხარეებს შორის 2017 წლის 13 იანვრის გაფორმდა დანართი-შეთანხმება N1, რომლის თანახმად, განხორციელდა ფასების კორექტირება და 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს 32 769.84 ლარს. დანართი შეთანხმება N1 ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და წარმოადგენს 2016 წლის 28 ნოემბერს დადებული N4-- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. (ს.ფ.102);
48. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვრის შეთანხმებას დაერთო ახალი ფასების ცხრილი. ფასების ცხრილში ანალოგიურად იქნა ასახული ყოველი კონკრეტული შესასრულებელი სამუშაოს ესკიზები, განათების ტიპი (ცვლილების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ განათების 8 ტიპზე, ანუ მოხდა გარკვეული სამუშაოს შემცირება), ტექნიკური მახასიათებლები; რაოდენობა, წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი კომპანია, ერთეულის ღირებულება და საერთო ღირებულები; ტექნიკური მახასიათებლების თანახმად: განათება უნდა ყოფილიყო გარე გამოყენების 2D ლედ, ზოგ შემთხვევაში კი 3 D ლედ სისტემა, მეტალის კონსტრუქცია . . . წარმოების ქვეყანა კორექტირებული ფასების ცხრილის თანახმადაც გათვალისწინებული იქნა - ჩინეთი, კომპანია კი - შპს „გნოცა“ (ს.ფ.103-104);
49. მხარეთა განმარტებებით უდავოდაა დადგენილი, რომ ი.მ. კ---- ჯ---------ს მიერ სამუშაო შესრულებული იყო ადგილობრივი წარმოების ნაწარმით და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმოების ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის ნაწარმით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული იქნა თავად მოპასუხე მხარის მიერ.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე.
52. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ.ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე ი.მ. კ---- ჯ--------- არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა, სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა.
53. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით.
54. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.
55. თუ სარჩელში მითითებულ, ამათუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი.
57. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.
58. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არის, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე ი.მ. კ---- ჯ--------- არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შემსყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამიტომ, სასამართლოს შეუძლია დამტკიცებულად ჩათვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი.მ. კ---- ჯ---------მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგანს და იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს განსაზღვრავენ მხარეები.
60. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი „სასამართლო ეთანხმება კომისიას, მასზედ, რომ როდესაც ეს დაკავშირებულია სასამართლო დავასთან დაპირისპირებული კერძო ინტერესების მქონე პირებს შორის, „შეჯიბრებითობის პრინციპი“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე – მტკიცებულებების ჩათვლით – ისეთ პირობებში, რომელიც არ მოათავსებს მას არსებითად არახელსაყრელ პირობებში თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით“ (1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, აბზაცი 33, 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 33, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 19).
61. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, (მხარეთა განმარტებები, ინსპექტირების ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.37), ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის მიმართვა ქ.ქ-------ის მერს (ს.ფ.101)), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ი.მ. კ---- ჯ---------ს მიერ დაირღვა მოსარჩელე მხარესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით სამუშაოების შესრულების შესახებ, რაც გახდა საფუძველი 2017 წლის 11 იანვარს ქ.ქ-------ის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა.
62. დადგენილია, რომ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 24 იანვარს. ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების გამო ქ.ქ-------ის მერიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2017 წლის 11 იანვარს. დადგენილია, რომ მითითებულ პერიოდზე (24.12.2016-დან 11.01.2017-მდე), ანუ 17 დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს მოსარჩელე მხარე.
სამართლებრივი დასაბუთება:
63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
64. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
65. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას თუ ეს გათვალისწინებულია მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
66. დადგენილია, რომ ი.მ. კ---- ჯ---------ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ამასთან დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ფასების ცხრილში მითითებულ წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებელ კომპანიას.
67. შესაბამისად დადგენილია ი.მ. კ---- ჯ---------ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გახდა საფუძველი 2017 წლის 11 იანვარს ქ.ქ-------ის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა. დადგენილია, რომ ვადაგადაცილებულ პერიოდს შეადგენს 17 დღე.
68. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა ორი შემთხვევისთვის: კერძოდ 12.3 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა, თუ მიმწოდებელი გადააცილებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 12.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების (სრული ან ცალკეული ნაწილის) შეწყვეტის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს 38 200 ლარის ოდენობით.
69. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში ორივე პირობაა სახეზე: 1) მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების ვადის გადაცილება და 2) ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, (სამუშაოს შესრულება არა შეთანხმებული ჩინური, არამედ ქართული მასალით) შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.
70. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
71. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
73. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
74. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
75. სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადის გადაცილებისთვის (რაც შეადგენს 17 დღეს), მიმწოდებელს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (32 769.84 ლარის) 0.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 111,41 ლარს (32 769,84 *0.02% = 6.553968ლ; 6.553968ლ *17 დღეზე = 111.41 ლარს).
76. რაც შეეხება მეორე სახის პირგასამტეხლოს, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის და განსაზღვრეს 38 200 ლარით, (ხელშეკრულების 12.5 პუნქტი), პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მითითებული თანხის , ე.ი. 38 200 ლარის 5%-მდე, რაც შეადგენს 1910 ლარს (38200*5%=1910 ლარს) . ანუ ჯამში მიმწოდებლისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 2021,41 ლარით. 1910ლ+111,41=2021,41ლ.
კონკრეტულ შემთხვევაში პალატა პირგასამტეხლოს შემცირებას მითითებული ოდენობით გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს იმ უცილობელი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მენარდემ ე.ი. კ---- ჯ---------მ სამუშაო არაჯეროვნად, თუმცა მაინც შეასრულა. სახელდობრ: სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სასამართლოს შეკითხვაზე (თანაც არაერთგზის) განათდა თუ არა ქ. ქ-------ი 2017 წ. საახალწლოდ? თუ იყო ჩაბნელებული? - მერიის წარმომადგენლის პასუხი იყო სრულიად ერთმნიშვნელოვანი, რომ: რა თქმა უნდა ქალაქი განათდა, მაგრამ შესრულება იყო არაჯეროვანი, რადგან განათებისათვის გამოყენებული იქნა ქართული წარმოების მასალა და არა ჩინური (ისე როგორც შეთანხმებულები იყვნენ მხარეები).
ზემოაღნიშნული რეალობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ი.მ. კ---- ჯ---------ს შესრულებულ სამუშაოში (თუნდაც ნაკლიანში) არ მიუღია საზღაური (არც ერთი თეთრი) ამასთან ნაკლი ნაწილობრივ თვითონვე გამოასწორა (ციმციმა მანათობლები შეცვალა მუდმივი მანათობლებით); ამასთან მოსარჩელეს არ გაუღია დამატებითი ხარჯები და არ გამოუცხადებია დამატებითი ტენდერი-კ. ჯ---------ს მიერ ნაკლით შესრულებული სამუშაოს აღმოსაფხვრელად მეტიც, როგორც ჩანს მიიღო კიდევაც სამუშაო იმ სახით, რა სახითაც იგი შესრულდა-დავის სამართლიანი გადაწყვეტა იქნება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება 5%-მდე.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თავად მერიის შესაბამისი სამსახურის წერილით ირკვევა, რომ 2007 წ. 01.02.N227 ბრძანების საფუძველზე 11 იანვრიდან ი.მ კ---- ჯ---------სათვის შეუწყვიტეს ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 19)
ხოლო მერიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვიარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის 10 იანვრის (2017 წ.) წერილის საფუძველზე (ს.ფ. 101) 13 იანვარს (ანუ თუ მერიას ვერწმუნებით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ) მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება N1 2016წ. 28 ნოემბერს დადებულ N4-- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც მხარეებმა საახალწლო დეკორაციების შესყიდვა მონტაჟი ნაცვლად 47 777 ლარისა განსაზღვრეს 32 719,8 ლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მერია თანახმა იყო ი.მ კ---- ჯ---------სათვის კორექტირებული ფასი 32 719,8 ლ. გადაეხადა.
შეგებებული სარჩელით ი.მ. კ---- ჯ--------- ითხოვდა კიდეც აღნიშნული თანხების მერიისათვის დაკისრებას, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა რაც ი.მ. კ---- ჯ---------ს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით...
77. რაკიღა პირველი ინსტანციის სასამართლოს, დაკმაყოფილებული აქვს პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნა - 389.98 ლარის ოდენობით. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას 2021,41 ლარს უნდა გამოაკლდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებული 389.98 ლარი და მოპასუხე მხარეს ი.მ. კ---- ჯ---------ს, ხელშეკრულების 12.5. პუნქტის თანახმად დამატებით უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1631,43 ლარის ოდენობით (2021,41-389.98=1631,43ლ);
საპროცესო ხარჯები
78. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
79. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
80. დაეკისროს ი.მ. კ---- ჯ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ქ.ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ი.მ. კ---- ჯ---------ს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს დამატებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხაზე 389.98 ლარზე (1910 + 111,41 -389.98 =1601.11)) - 1601.11 ლარის გადახდა .
5. დაეკისროს ი.მ. კ---- ჯ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ლაურა მიქავა
თეიმურაზ სიხარულიძე