განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
080210017002033124
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210017002033124

№2/ბ-922-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი წარმომადგენელი ნ---- ჭ---–--ე ა-–---------ე თ-----–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე შპს „G--- K---”

წარმომადგენლები ნ------------–ი, გ----------–--ე

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „G--- K---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ---- ჭ---–--ეს შპს „G--- K---“-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 3608.77 ლარის გადახდა. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ნ---- ჭ---–--ეს შპს „G--- K---“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხის 108.26 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 9.73 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.2. ნ---- ჭ---–--ემ შპს „G--- K----ისაგან“ კონსიგნაციის პირობით შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის ღირებულებიდან არ აქვს გადახდილი 3608.77 ლარი, კერძოდ, 2015 წელს წარმოშობილი დავალიანება არის - 3525.19 ლარი, 2016 წელს კი - 83.58 ლარი. 2.3. მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, იმის თაობაზე, რომ შეძენილი საქონლის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი. 2.4. მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის, გადაუხდელი თანხის წლიური 9%-ის, წელიწადში 324.79 ლარის, დაკისრების ნაწილში სარჩელი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 411-412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 2.7. სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილი იქნას მხოლოდ იმ ზიანის ანაზაღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. 2.8. განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის საქონლის ღირებულება და მათ შორის ასეთი ურთიერთობა გრძელდებოდა წლების განმავლობაში, შესაბამისად, გამყიდველის მიზანს წარმოადგენდა ახალ-ახალი პროდუქციის გასხვისება და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება, ამ გზით სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არაა, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად იქნა მიჩნეული. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ---- ჭ---–--ის დავალიანება შპს „G--- K---“-ის წინაშე შეადგენს 3608.77 ლარს. 3.2. სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს დავიალიანების გადახდის თაობაზე, მოპასუხისათვის არასოდეს მიუმართავს. არანაირი შეტყობინება და/ან მოთხოვნა თანხის გადახდაზე მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა. 3.3. სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული დავალიანების წარმოშობის დროიდან შპს „G--- K---“-ის 100% წილი რამდენიმეჯერ გასხვისდა, ხოლო მხარეთა შორის დადებულ გარიგებაში დავალიანების არსებობის შესახებ არაფერია დაფიქსირებული. პირიქით, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „გამყიდველი“ იღებს პასუხისმგებელობას, რომ გადასცემს „მყიდველს“ ქონებრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთს. 3.4. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალიანება წარმოშობილია არა 2014 წლიდან, არამედ 2016 წლიდან, რადგან 2014-2015 წლებში ნ---- ჭ---–--ეს დავალიანება არ გააჩნია. 3.5. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ---- გრძელიძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.1.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. 4.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.1.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე. 5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება უდავოა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისათვის ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს: - დაიდო თუ არა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება; - მიაწოდა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქონელი და - განახორციელა თუ არა მოპასუხემ შესრულება - ნასყიდობის ფასის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა. 5.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 5.1.1 მოდავე მხარეები – ნ---- ჭ---–--ე და შპს „G--- K---“ 2014 წლიდან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, რა დროსაც ნ---- ჭ---–--ე შპს „G--- K----ისაგან“ კონსიგნაციის პირობით იძენდა სხვადასხვა დასახელების საქონელს. (მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; სასაქონლო ზედნადებები ს.ფ. 15-49, 124–140; სალაროს შემოსავლის ორდერები ს. ფ. 50–54); 5.1.2. 2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით შპს „G--- K----მა“ ნ---- ჭ---–--ეს მიყიდა ჯამში 8901.43 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, საიდანაც ნ---- ჭ---–--ეს შპს „G--- K----ისათვის“ არ აუნაზღაურებია მიღებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი – 3608.77 ლარის ოდენობით. (მტკიცებულებები: სასაქონლო ზედნადებები ს. ფ. 15-49, 124–140; სალაროს შემოსავლის ორდერები ს. ფ. 50–54); სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და ამ ურთიერთობის ფარგლებში ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემის მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელე მხარეს, ხოლო ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხეს, რისი დამტკიცებაც მოპასუხემ ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით; მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სასამართლოს წარმოუდგინა წერილობითი მტკიცებულებები 8901.43 ლარის ღირებულების პროდუქციის ნ---- ჭ---–--ისათვის მიწოდების შესახებ. მოსარჩელისაგან ამ პროდუქციის შეძენის ფაქტს ადასტურებს მოპასუხეც, თუმცა მიუთითებს, რომ მიღებული პრიდუქციის ღირებულება ანაზღაურებული აქვს სრულად. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის პოზიცია საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64); საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი შემდეგი სახით ნაწილდება: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხე ნ---- ჭ---–--ეს ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შესრულების მიღების წესი. მითითებული ნორმის თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, რაიმე ვალდებულება, მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, დავის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მართალია მიუთითებს, რომ მას სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებული აქვს ჯეროვნად და ნასყიდობის ღირებულება გამყიდველისათვის სრულად ანაზღაურებული აქვს, მაგრამ რაიმე მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსთვის წარმდგენილი არ აქვს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, რომელსაც ეკისრებოდა კრედიტორის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების – ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების მტკიცების ტვირთი, ის სათანადოდ ვერ განახორციელა. გარდა სიტყვიერი განმარტებისა, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შეძენილი პროდუქციის ღირებულების გამყიდველისათვის სრულად ანაზღაურების ფაქტს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მართალია, მხარის ახსნა–განმარტება მტკიცებულების ერთ–ერთი სახეა, მაგრამ მოცემული სადავო ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, ის ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ სტანდარტს. მყიდველის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს აპელანტის მიერ მითითებული ის გარემოებაც, რომ შპს „G--- K----ის 100% წილის რამდენჯერმე გასხვისების მიუხედავად, ეს დავალიანება არ ასახულა არცერთ გარიგებაში. ამ მხრივ პალატა აღნიშნავს, რომ გაყიდული პროდუქციის აუნაზღაურებელი ღირებულება, როგორც კომპანიის მისაღები აქტივი ფიქსირებულია საფინანსო/საბუღალტრო დოკუმენტებში. ხოლო კომპანიის წილის გასხვისების შესახებ დადებულ გარიგებებში მისი აუსახველობა, არ წარმოადგენს მოვალის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ფაქტის დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებას და არ ათავისუფლებს მას მოვალეობისაგან წარმოუდგინოს სასამართლოს შეძენილი პროდუქციის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. 5.2. სამართლებრივი დასაბუთება 5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კოდექსის 319 მუხლის 1–ლი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. 5.2.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 8901.43 ლარის ღირებულების პროდუქცია, შესატყვისი ღირებულების ანაზღაურების პირობით. შესაბამისად, მხარეთა ურთიერთობა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით უნდა მოწესრიგდეს. 5.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 5.2.4. პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, ანუ სინალაგმატური გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. 5.2.5. მოსარჩელემ, საქმეში არსებული მტკიცებულებების და ახსნა-განმარტების საფუძველზე, შეძლო დაემტკიცებია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, კერძოდ, მოპასუხისათვის 8901.43 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებისა და მოპასუხის მიერ პროდუქციის მიღების ფაქტის დადასტურება. მოპასუხემ კი ვერ შეძლო მიღებული პროდუქციის ღირებულების სრულად ანაზღაურების ფაქტის დადასტურება. მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი. აუნაზღაურებელი პროდუქციის ღირებულება შეადგენს კი 3608.77 ლარს. აღნიშნულის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. 5.2.6. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 5.2.7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და მყიდველს მიეწოდა პროდუქცია, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა შეთანხმებული საფასურის სრულად გადახდის ფაქტი არ დასტურდება. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შეთანხმებული საფასურის ნაწილი - 3608.77 ლარი გადაუხდელია, ამიტომ არსებობს მოპასუხისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების და პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის დაკისრების საფუძველი. 5.2.8. აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 6.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ნ---- ჭ---–--ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ---- ჭ---–--ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

მოსამართლე ი ინდირა მაშანეიშვილი