განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 090210019003038868
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-1314-19 11 მარტი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე): შპს ,,ჰ-------“
წარმომადგენელი: ნ--- ქ--–-----, ი-----–- წ----–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე): ო--- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ი---- მ----------
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს ,,ჰ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილება, ო--- მუნიციპალიტეტის მერიისათვის შპს ,,ჰ-------“-ს სასარგებლოდ 11210 ლარის გადახდის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ო--- მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შპს ,,ჰ-------ს“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 03 დეკემბერს, ო--- მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჰ-------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/12 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,ჰ-------მ’’ აიღო ვალდებულება მოემზადებინა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა 2018–2019 წელში განსახორციელებელ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციას. მომსახურების საფასური შეადგენდა 11210 ლარს, რაც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი №1–ით, ხოლო დანართი №6–ით განისაზღვრა გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი, საორიენტაციო–სამშენებლო ღირებულება და თვეების მიხედვით საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადები, რაც სრულდებოდა 31 მაისს. შპს ,,ჰ-------მ’’, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ტექნიკური დავალების და მათ მიერ წარდგენილი უბნების წყალმომარაგების სქემის საფუძველზე, დაიწყო ო--- მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პროექტის საორიენტაციო ღირებულება ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული დანართი №6–ით. აღნიშნული პროექტი მიწოდებული იქნა 7 მაისს. 2019 წლის 14 მაისს, ო--- მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი წერილით, შპს ,,ჰ-------ს’’ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შეწყვეტის მიზეზად მითითებული იყო შემდეგი გარემოებები: 1) დაირღვა მიწოდების ვადები, 2) მიწოდებული პროექტი არ იყო სრულყოფილი და გაცილებით მეტი ღირებულების აღმოჩნდა, 3) პროექტში არ იყო გათვალისწინებული მდინარე ბეღლორის სათავე ნაგებობაზე დამატებითი სამუშაოების წარმოება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა. მოსარჩელის მითითებით, რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისა იყო საპროექტო სამუშაოების მეტი ღირებულება, ვიდრე ეს მერიას წარმოედგინა. გარდა ამისა, ო--- მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრებოდა ვალდებულება, მიმწოდებლისათვის წარედგინა დეტალური ტექნიკური დავალება, რაც მას არ განუხორციელებია, ხოლო შპს ,,ჰ-------’’ ხელმძღვანელობდა ზოგადი ტექნიკური დავალებით. შესაბამისად, ო--- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ღირებულების- 11210 ლარის გადახდა. შპს ,,ჰ-------ს“ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, შპს ,,ჰ-------მ’’ იკისრა ვალდებულება 2018–2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – ხუთი (პიპილეთი, გლოლა, უწერა, გომი, ბარი) სოფლისათვის. გასაწევი მომსახურების ვადები და ფასები განსაზღვრული იყო დანართი N1 და N6–ით, თუ სხვა ტექნიკურ დავალებას არ გასცემდა შემსყიდველი. საპროექტო მომსახურების ღირებულება შეადგენდა–11210 ლარს, ხოლო საპროექტო მომსახურების პროცენტი – 3.9472%. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს ,,ჰ-------ს’’ არ გამოუთქვამს პრეტენზია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ მოუთხოვია რომელიმე გარემოების დაზუსტება. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მერიას ჰქონდა მოლოდინი, რომ შპს ,,ჰ-------’’ მაისის ბოლომდე შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რადგან მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ყველა არსებით პირობაზე, თუმცა შპს ,,ჰ-------მ‘’ ყველა პირობა დაარღვია, კერძოდ: საერთოდ არ წარადგინა მარტის და აპრილის თვეში, უ–-----, პ----–----- გ-–---–--ა და გ----- საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მხოლოდ 7 მაისს, დაგვიანებით წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უ–----- წყლის, რომლის საპროექტო ღირებულება საერთოდ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. ტენდერში მონაწილეობის მიღებისას, მომწოდებელმა კარგად იცოდა სატენდერო პირობები და ისიც იცოდა, რომ მათი ცვლილება დაუშვებელი იყო. თუ ობიექტური მიზეზები არსებობდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა, ამის შესახებ მეწარმეს წერილობით უნდა ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რაც არ განუხორციელებია. მუნიციპალიტეტს ყველა ფულადი რესურსი გაწერილი ჰქონდა და მათი მიზნობრიობა განსაზღვრული იყო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, ხუთი პროექტის ნაცვლად, მომწოდებელმა მხოლოდ ერთ პროექტი წარმოადგინა – 533847 ლარის ღირებულების. შესაბამისად, სახეზე იყო ვალდებულების შეუსრულებლობა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ო--- მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი ნათლად იყო გაწერილი. შპს ,,ჰ-------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა კერძოდ, საერთოდ არ წარადგინა მარტის და აპრილის თვეში უ–-----, პ----–----- გ-–---–--ა და გ----- საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისი ვალდებულებაც იკისრა. მხოლოდ დაგვიანებით, 7 მაისს ვადისდარღვევით წარადგინა ერთი არასრულყოფილი პროექტი უ–----- წყლის სისტემის სამუშაოებისა, რომლის ღირებულება საერთოდ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 1121 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ო--- მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ძირითად საფუძველს წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, რასაც ადგილი არ ჰქონია და არცერთი გარემოება შპს ,,ჰ-------ს’’ ბრალით არ ყოფილა გამოწვეული. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის რეალურ მიზეზს წარმოადგენდა, არა წერილში მითითებული მიზეზები, არამედ პროექტის ის საორიენტაციო ღირებულება, რაც არ მოეწონა ო--- მუნიციპალიტეტის მერიას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს „ჰ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 3. ო--- მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს; 4. შპს ,,ჰ-------ს’’, ო--- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დეკისროს, პირგასამტეხლო – 1121 ლარის ოდენობით; 5. მოპასუხე შპს ,,ჰ-------ს’’ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 33.63 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ო--- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2018 წლის 09 ნოემბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, აუქციო--- გარეშე გაიმარჯვა შპს ,,ჰ-------მ’’. შესაბამისად, 2018 წლის 03 დეკემბერს მასთან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01/12 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომწოდებელმა იკისრა ვალდებულება 2018-2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება – 5 (პ----–-----, გ-–---–--, უ–-----, გ-----, ბ-----) სოფლისათვის. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 11210 ლარს; ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა – 2019 წლის 30 სექტემბრამდე; მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 10%–ის ოდენობით; მომსახურების გაწევის ვადები და ღირებულებები შეთანხმებული იყო ხელშეკრულების დანართ დანართი №1 და №6–ში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მოქმედებდა, თუ სხვა ტექნიკურ დავალებას არ გასცემდა შემსყიდველი. 2.2. ხელშეკრულების დანართი №6–ის შესაბამისად, შპს ,,ჰ-------ს’’ სოფლების–პ----–----- და უ–----- წყლის სისტემის სამუშაოები მარტის თვეში უნდა წარედგინა, გ-–---–--ა და გ----- – აპრილში, ხოლო მაისის ბოლომდე, უნდა წარედგინა სოფელ ბ---–- წყლის სისტემის სათავე ნაგებობის მშენებლობის, ცენტრალური და შიდა სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შპს ,,ჰ-------მ’’ 7 მაისს დაგვიანებით, ვადისდარღვევით წარადგინა მხოლოდ ერთი, უ–----- წყლის არასრულყოფილი პროექტი, რომლის საპროექტო ღირებულება საერთოდ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. ამასთან, არსებობდა შეთანხმება, რომ თუ კი რაიმე ობიექტური მიზეზები იარსებებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა, შპს ,,ჰ-------ს’’ წერილობით უნდა ეცნობებინა ო--- მუნიციპალიტეტის მერიისათვის, რის თაობაზეც, მას არ მიუმართავს. 2.3. ო--- მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 მაისის N04–1524 წერილით, შპს ,,ჰ-------ს’’ დირექტორს ეცნობა, რომ იმ დღის მდგომარეობით დარღვეული იყო 2018 წლის 3 დეკემბრის N01/12 ხელშეკრულების ხუთივე პროექტის მიწოდების ვადები, მხოლოდ ერთი სოფლის-უწერაში წყალსადენის შიდა სისტემის რეაბილიტაციის პროექტი იქნა წარდგენილი ვადაგადაცილებით, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ არ იყო სრულყოფილი. ამასთან, წარდგენილი იყო, მხოლოდ ელექტრონული ვერსია, არ იყო გათვალისწინებული მდინარე ბეღლორის წყალსადენის სათავე–ნაგებობებზე დამატებითი სამუშაოების განხორციელება და გარკვეულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობა, ხოლო ღირებულება სამუშაოებისა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. 2.4. შემსყიდველმა ორგანიზაციამ იმაზე მითითებით, რომ შპს ,,ჰ-------ს’’ მხრიდან, სახეზე იყო ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გულისხმობდა, როგორც ვადების დარღვევას, ასევე არასრულყოფილი პროექტის წარდგენას, მეწარმისათვის დამატებითი ვადის მიცემა არამიზნობრივად ჩათვალა და ო--- მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 მაისის №1112 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ო--- მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ჰ-------ს’’ შორის, 2018 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №01/12 ხელშეკრულება. ასევე, შპს ,,ჰ-------ზე’’ გაავრცელა ამავე ხელშეკრულების 12.6 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 10% –ის ოდენობით –1121 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 405-ე, 417-418-ე, 625-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა: კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შპს ,,ჰ-------ს’’ მიერ ხელშეკრულების დანართი N6–ის შესაბამისად ვალდებულება შესრულებული ვერ იქნა, რის გამოც ო--- მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად არსებობდა მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რის გამოც შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2.6. ვინაიდან, სახეზე იყო შპს ,,ჰ-------ს’’ მიერ, 2018 წლის 03 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშკრულებით გათვალისწინებული საფასურის-11210 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ ჩაითვალა და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ გარკვეული სახის უფლებები და ვალდებულებები, თუმცა სასამართლო არაფერს ამბობს მუნიციპალიტეტის ვალდებულებაზე და მხოლოდ შპს "ჰ-------ს" ვალდებულებაზე აკეთებს აქცენტს. მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება იყო შპს "ჰ-------სთვის" გადაეცა დეტალური ტექნიკური დავალება, რის შემდეგაც მოხდებოდა საპროექტო სამუშაოების დაწყება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა და ამას არც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფდა. 3.2. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ გარემოებას ჰქონდა ადგილი.
რეალური მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისა იყო ის, რომ შპს "ჰ-------ს" მიერ მიწოდებული საპროექტო სამუშაოების წარმოება გაცილებით მეტი ღირებულების იყო, ვიდრე ეს ო--- მუნიციპალიტეტის მერიას წარმოედგინა.
3.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შეგებებული სარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლოა, რადგან ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ჰ-------ს“ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ო--- მუნიციპალიტეტის მერიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.6 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 405-ე, 417-418-ე, 625-ე, 629-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 03 დეკემბრის N01/12 ხელშეკრულება) ხელშეკრულებიდან. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სადავოა სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზები და ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა. 4.4. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას. 4.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 03 დეკემბრის №01/12 ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო ო--- მუნიციპალიტეტის მიერ, 2018-2019 წელს განსახორციელებელი, წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მოსახურება (1.1. მუხლი); ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 11210 ლარს (2.1. მუხლი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 30 სექტემბრამდე (3.1. მუხლი); პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე, მომსახურების გაწევის ვადები, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები, განისაზღვრა დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემდა შემსყიდველი ორგანიზაცია. ამასთანავე კონკრეტული გასაწევი მომსახურების მიახლოებითი ვადები მოცემული იყო დანართ №6-ში (3.2. მუხლი); იმ შემთხვევაში, თუ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ თითოეულ ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა ან აღემატებოდა 50 000 ლარს, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრებოდა არაუმეტეს 40 კალენდარული დღით (გამონაკლისი მითითებულია დანართი N6-ში) (3.3. მუხლი); მე-3 პუნქტში გაწერილ ვადაში შემსრულებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი სრული პროექტები (3.1.1. მუხლი); მიმწოდებელი ვალდებული იყო მომსახურება გაეწია ხელშეკრულების მე-3 მუხლსა და დეტალურ ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ ვადაში და პირობებით (8.1. ,,ბ“ მუხლი); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა უზრუნველეყო პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა და პროექტირებას დაქვემდებარებული თითოეული ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ტექნიკური დავალებით (დანართი N2) გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი უზუსტობა ან/და შეუსაბამობა აცნობოს შემსყიდველს (8.1. ,,გ“ მუხლი); ხელშეკრულების დანართ №6-ის თანახმად, გათვალისწინებული იყო გასაწევი მომსახურების ზუსტი ჩამონათვალი საორიენტაციო სამშენებლო ღირებულებებით და საორიენტაციო დაკვეთის განხორციელების ვადების თვეების მიხედვით. პროექტი უნდა გაკეთებული 5 ობიექტზე (იხ. ტომი 1, ს/ფ 15-21). 4.6. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელა №01/12 ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში მომსახურება, მან ხუთი ობიექტიდან პროექტი წარადგინა მხოლოდ ერთ ობიექტზე-სოფელ უ–------- ისიც ვადაგადაცილებით, არასრულყოფილად და არაჯეროვნად, კერძოდ, ნაცვლად მარტის თვისა წარადგიბა 7 მაისს, ხოლო მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, ნაცვლად დანართი N6-ით გათვალისწინებული 45000 ლარისა, განსაზღვრული იყო 50000 ლარი და ამ შუსაბამობის თაობაზე წინასწარაც არ უცნობებია დამკვეთისთვის. ვინაიდან, ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო ვალდებულების დროული და ზუსტი შესრულება, რაც დეტალურად იყო, გაწერილი ხელშეკრულებაში და რაც ვერ მიიღო მერიამ, სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 417-418-ე მუხლების თანახმად, 2019 წლის 15 მაისიდან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისია. 4.7. პალატა არ იზიარებს აპელანტის, შპს ,,ჰ-------ს“ მოსაზრებას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს...შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 4.8. დადგენილია, რომ პირგასამტეხლო მხარეებს წერილობითი ხელშეკრულებით ჰქონდათ გათვალისწინებული, კერძოდ, შემყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუ: ა) მიმწოდებელი დაარღვევდა (არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა) ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვალდებულებას; ე) პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა მიმწოდებლის მიერ დაირღვეოდა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 15 კალენდარულ დღეს (12.5. მუხლი); ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საფუძვლებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღორებულების 10%-ის ოდენობით (12.6. მუხლი). ვინაიდან, შპს ,,ჰ-------მ“ არ შეასრულა მასზედ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო ხარჯთაღრიცხვა წარადგინა ვადისდარღვევით და ისიც არასრულყოფილად, რის გამოც მიმწოდებელმა მას ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება, ადასტურებს, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ჰ-------ს“ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1121 ლარის ოდენობით დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.9. პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას პალატა მიუთითებს, სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი შპს ,,ჰ-------ზე“ იყო, რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურება მის მიერ მითითებული გარემოებები, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. იმის გთვალისწინებით, რომ შპს ,,ჰ-------მ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო ხარჯთაღრიცხვა დათქმულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით არ შეადგინა და დამკვეთს-ო--- მუნიციპალიტეტის მერიას იგი არ მიუღია, გამორიცხავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის-11210 ლარის გადახდის თაობაზე შპს ,,ჰ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნით შპს ,,ჰ-------ს“ სარჩელი-დასაბუთებულია. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ჰ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით და ო--- მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,ჰ-------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ჰ-------ს“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ჰ-------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე