განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5256-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მომხსენებელი, თავმჯდომარე– მაია გიგაური
მოსამართლეები - მაია სულხანიშვილი, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი - დ-------------ი
წარმომადგენელი - ი-----–-----------
მოწინააღმდეგე მხარე – ი-----------–--ე, ლ---–---------ი, დ-------------------–-–---–ი
წარმომადგენელი - შ--–------------ე
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი-----------–--ესა და დ-------------------–-–---–ს შორის 2015 წლის 22 ოქტომბერს დადებული უძრავი ნივთის მდებარე თ---–-----------–---------------------–---–---------------–------------------------------–------------------- კვ.მ და ს--------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. დ-------------------–-–---–სა და ლ---–---------ს შორის 2016 წლის 06 დეკემბერს დადებული, უძრავი ნივთის მდებარე თ---–-----------–---------------------–---–--------------–-----------------------------–----------------------- და ს--------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. დ-------------ის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ნივთის, მდებარე თ---–-----------–---------------------–---–--------------–-----------------------------–----------------------- და ს--------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------, ½ ნაწილზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, დ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ-------------მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ი-----------–--ემ 2007 წლის 3 აგვისტოს გადაიხადა 20 000 ლარი დ-------------ისათვის შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად. შემდგომში, სასამართლო ამას იყენებს იმის დასასაბუთებლად, რომ დ-------------მა უკვე მიიღო საკუთარი წილის კომპენსაცია თანასაკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მეუღლეების მიერ შეძენილია 2012 წლის 13 ნოემბრისა და 2013 წლის 15 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით. ამდენად, პირმა 6 წლით ადრე, თანასაკუთრების საგნის წარმოშობამდე, წინასწარ როგორ მიიღო კუთვნილი წილი თანასაკუთრებაში არსებული ქონების სანაცვლოდ, დაუსაბუთებელია. აპელანტის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ გირაოს თანხა, როგორც წესი, შეაქვს ოჯახის წევრს და ი-----------–--ის სახელით ბანკში გირაოს გადახდა არ ადასტურებს იმას, რომ ეს ი-----------–--ის თანხა იყო. ამასთანავე, ამ 20 000 ლარის მიმართაც მოქმედებს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი და აპელანტისთვის ბუნდოვანია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის (ი-----------–--ეს) კუთვნილებად.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოებები ასახულია არასწორად და ისეა წარმოჩენილი, თითქოს მხოლოდ მოპასუხე ი-----------–--ეს გააჩნდა შემოსავალი. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ საწარმოს ერთობლივი შემოსავალი 2014 წელს - 31,475 ლარი, მაგრამ არ არის მითითებული გამოქვითვები, ანუ მეწარმე სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯი, რაც შეადგენდა 30,695 ლარს; გამოქვითვების გათვალისწინებით, 2014 წლის წლიური შემოსავლი კი მხოლოდ 780 ლარია. იგივე ვითარებაა მომდევნო წლის შემოსავლის შემთხვევაში. სასამართლო აქაც უთითებს მხოლოდ ერთობლივ შემოსავალს - 2015 წელს 29,120 ლარს და არ არის მითითებული გამოქვითვები, რაც შეადგენდა 29,467.96 ლარს, ხოლო 2015 წელს საწარმო გასული არის ზარალზე და მას შემოსავალი არ მიუღია.
3.3. აპელანტი შენიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის გადმოცემული მოპასუხე დ-------------------–-–---–ის პოზიცია, რომელიც არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე და რომელსაც ი-----------–--ემ მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუფორმა უძრავი ქონება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები მოწმის დაკითხვა და არ არის შეფასებული მოწმის ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ არის ი-----------–--ის ნათესავი და ვალების გამო ი-----------–--ემ ბინა ჯერ ო--------–-–---–--ე გადააფორმა, ხოლო შემდეგ შვილზე, რათა ბინა კრედიტორებს არ გაეყიდათ. მოწმის განმარტებით, ეს იყო ოჯახის ვალი, დ-------------ს დაახლოებით ჰქონდა 14-15 სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულება და მათგან მხოლოდ ორი გაპრობლემდა.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით სასამართლოს სარჩელის ფასი და სადავო უძრავი ქონების ღირებულება აღრეული აქვს ერთმანეთში, მით უფრო, რომ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში არაფერია ნათქვამი დავის საგნის ღირებულებაზე, არც მოპასუხეს მხარეს არ აქვს მითითებული რაიმე ამის შესახებ და აპელანტის მოსაზრებით, თუ სასამართლოს სარჩელის ფასის განსაზღვრა არასწორად მიაჩნდა, მაშინ მას წარმოებაში არ უნდა მიეღო სარჩელი.
3.5. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არ არის დასახელებული კონკრეტული საპატიო გარემოება, რომლის საფუძველზეც მან გადაუხვია მეუღლეთა თანასაკუთრების წილთა თანაბრობის პრინციპს. ერთადერთი ხაზგასმა ხდება გირაოს სახით 2007 წელს შეტანილ 20 000 ლარზე, მაგრამ არ ჩანს ამით რისი თქმა სურს სასამართლოს, რაც გადაწყვეტილებას უფრო ბუნდოვანს ხდის. ოჯახის წევრის მიერ გირაოს თანხის შეტანა არ წარმოადგენს ზიანის მიყენებას, საპირისპიროს მტკიცების შემთხვევაში დადგენილი უნდა ყოფილიყო, რომ დ-------------მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რაც არ დგინდება. ასევე, 11 სესხის თავდებობა არ წარმოადგენს ქონების ხარჯვას, მით უფრო, რომ სასამართლოს არ აქვს დადგენილი, დ-------------ის სესხის გამო თავდებ ი-----------–--ეს რა ოდენობის თანხის გადახდამ მოუწია. სესხი დ-------------ს აღებული აქვს ბინის შესაძენად, მისი რემონტისათვის და სამეწარმეო საქმიანობისათვის, ი-----------–--ემ კი შესაგებელში მხოლოდ ის მიუთითა, რომ მოსარჩელე ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ ფლანგავდა თანხებს, რაც მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.
3.6. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს მიერ უხეშად დაირღვა მეუღლეთა თანასაკუთრების მომწესრიგებელი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. მითითებულის გამო, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას, ანუ როდესაც სამართლის ნორმა დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. იმავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1" ქვეპუნქტით, მისი გაუქმების საფუძველია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება:
5. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში:
პალატა შენიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).
პალატა შენიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა მიერ მათი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა.
სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსსა და ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად, ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.
ზემოაღნიშნულ განმარტებაზე დაყრდნობით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. დადგენილია, რომ მხარეები - დ-------------ი და ი-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი რამდენიმე წელია და ი-----------–--ე ცხოვრობს შვილთან, ლ---–---------თან ერთად.
5.2. 2013 წლის 15 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი-----------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: თ---–-----------–---------------------–---–--------------–-----------------------------–----------------------- და ს--------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის N1------ განაჩენის მიხედვით, დ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2---ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით. დ-------------ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
5.4. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–---------ს“ მიერ გაცემული N3---- ცნობის მიხედვით, ი-----------–--ემ 2007 წლის 03 აგვისტოს სს ,,ს----------–---------ს“ სერვის ცენტრიდან გადაიხადა ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე 20 000 ლარი, დანიშნულება - გირაოს გადასახადი დ-------------ის საქმეზე N9-------
5.5. ი-----------–--ის სახელზე, 2014 წლის 22 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–-----------–---------------------–---–---------------–------------------------------–---------------------------------------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
5.6. დადგენილია, რომ 22/10/2015 წელს ი-----------–--ემ დ-------------------–-–---–ს მიჰყიდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თ---–-----------–---------------------–---–--------------–-----------------------------–----------------------- და ს--------------- კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------. ნასყიდობის ფასი განსაზღვრა 10 000 ლარით. უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მყიდველის სახელზე. ხსენებული უძრავი ქონება 06/12/2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ-------------------–-–---–მა 1 ლარად გადასცა საკუთრებაში ლ---–---------ს.
5.7. საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით დგინდება, რომ დ-------------ს შპს ,,---------------------------ში“ აღებული ჰქონდა სესხი - 2900 აშშ დოლარის ოდენობით და მისი დაფარვის მიზნით ი-----------–--ეს 2016 წლის ოქტომბრის თვიდან - 2017 წლის მაისის ჩათვლით აქვს განხორციელებული გადახდები. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 15 იანვარს შპს ,,მ--------------“-ის მიერ გაცემულ სესხზე N8--- ძირითად მსესხებელს წარმოადგენდა დ-------------ი, ხოლო თავდებებს წარმოადგენდნენ ი-----------–--ე, დ---------------–--ე და ნ-----------------ე. ამავე სესხით გადაიფარა სესხი N5--- (გაცემული 11.12.2013წ), სადაც ძირითადი მსესხებელი იყო დ---------------ე, ხოლო თავდებები: დ-------------ი და დ---------------–--ე.
5.8. საქმეში წარმოდგენილი ,,კ-------------ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ი-----------–--ე 2008 წლის 23 ივლისიდან - 2015 წლის 04 ივნისამდე იყო დ-------------ის მიერ დადებული 11 სასესხო ხელშეკრულების თავდები.
5.9. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის N2----------- მიხედვით, ი-----------–--ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 2007 წელს შეადგენდა - 28 216 ლარს, 2011 წელს - 600 ლარს, 2012 წელს - 1950 ლარს, 2013 წელს - 1500 ლარს, 2014 წელს - 3700 ლარს, 2015 წელს - 300 ლარს, 2016 წელს - 1350 ლარს. ი/მ ,,ი-----------–--ე ი--------ს“ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი - 31 475 ლარს, ხოლო 2015 წელს მიღებული შემოსავალი - 29 120 ლარს.
5.10. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დ-------------ის მიერ 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით ხელფასის სახით მიღებულია: 2014 წელს - 100 ლარი; 2016 წელს - 6182 ლარი.
6. სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს (შეიცავს). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.,სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა შენიშნავს, რომ აპელანტისა და თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძვლიდან, რასაც უპირისპირდება მოწინააღმდეგე მხარისა და თავდაპირველი მოპასუხის შედავება წილთა თანაფარდობის პრინციპიდან გადახვევის საფუძვლით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების რეგისტრაცია დაწესებულია როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ისე თვით მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით. იგი ამარტივებს მეუღლეთა შორის ურთიერთობას სხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში და შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფთაგან განსხვავებით გამორჩეულად დაიცვას მეუღლეებისა და მათი შვილების ინტერესები. რეგისტრირებული ქორწინება მეუღლეებს ანიჭებს საბინაო, მატერიალური, სამემკვიდრეო და სხვა უფლებათა განხორციელების გარანტირებულ შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია, რომ ეს ქონება მეუღლეთა თანსაკუთრებად მივიჩნიოთ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა და სარდაფი, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ჯერ ი-----------–--ის სახელზე, ხოლო მოცემული მდგომარეობით ლ---–---------ის საკუთრებას წარმოადგენს, არის მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება და შესაბამისად - მეუღლეთა საერთო ქონება (თანასაკუთრება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე - მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით (ერთ-ერთი მეუღლის წილის გადიდება იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ).
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოთმოყვანილი 1158-ე მუხლის დანაწესით განსაზღვრულია მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. მისი ნორმატიული რეგულირების მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა. პრეზუმირდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია, რომ მივიჩნიოთ ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ანალოგიურად იქნა ნამსჯელი წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის მიზანშეწონილობაზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „სსკ-ის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ შეუძლია გადაუხვიოს საერთო წესს და თითოეულ მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს განსახილველი ნორმის შედეგი, აუცილებელი, თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს ქონების შეძენის ფაქტთან ერთად არსებობდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანასწორობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ..“ (იხ,. სუსგ N107-338-08, 29 ოქტომბერი, 2008 წელი, სუსგ №ას-1155-1084-2012, 14 იანვარი, 2013 წელი).
ზოგადად, მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას და მოცემული დავის გადაწყვეტისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს გადაუხვია, რაც დაასაბუთა იმით, რომ დ-------------ი ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
ზოგადად, წილთა თანაფარდობის პრინციპისგან გადახვევა აიხსნება ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს - შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ერთ-ერთი მეუღლის პატივსადები მიზეზის და ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ხსენებული ნორმის გამოყენება ზედმიწევნით დაასაბუთოს.
პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისასგან გადახვევის აუცილებლობას. თავად 1168.2 მუხლი - აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, კერძოდ: ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი, მისი შრომისუუნარობის ფაქტი, მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი, სწორედ რაზეც წინამდებარე შემთხვევაში აპელირებს ი-----------–--ე.
წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2---ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების არაერთგზის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღებას და გამოყენება ჯგუფურად, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი). იგი იმყოფებოდა პატიმრობაში, რა პერიოდშიც არ ჰქონია შემოსავალი. ი-----------–--ის მიერ კი დ-------------ის საქმეზე გადახდილ იქნა გირაო - 20 000 ლარის ოდენობით, ასევე, იგი იყო დ-------------ის მიერ დადებული 11 სასესხო ხელშეკრულების თავდები და 2016 წლის ოქტომბრის თვიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით აქვს განხორციელებული გადახდები სესხის დაფარვის მიზნით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 160-167). დადგენილია ისიც, რომ თავდაპირველი მოსარჩელისა და აპელანტის მიერ სარჩელის ფასი (დავის საგნის ფასი) 14001 ლარით არის განსაზღვრული, რაც შეადგენს თავად დ-------------ის სასარჩელო მოთხოვნას, ანუ სადავო უძრავი ნივთის ნახევრის საბაზრო ღირებულებას და რაც გაცილებით ნაკლებია მოწინააღმდეგე მხარის მიერ დ-------------ის საქმეზე N9------ გადახდილი გირაოს თანხასა და სესხებზე მიქცეულ გადახდევინებაზე. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული N2---------- ცნობის მიხედვით, 2007 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით დ-------------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 680 ლარს.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების, ი-----------–--ის მხრიდან განხორციელებული კვალიფიციური შედავებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სამოქალაქო ბრუნვაში მოქმედი მხარეთა უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის მხედველობაში მიღებით, ი-----------–--ის ყურადსაღები ინტერესის საფუძველზე, სწორად მიიჩნია, რომ დ-------------ს მიღებული აქვს კუთვნილი წილი თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან, იმ ფულადი თანხის სახით, რაც მოხმარდა მის პირად და არა ოჯახის ინტერესებს. შესაბამისად, არ არსებობდა უძრავ ნივთებზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძვლები.
7. ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც აპელანტი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც დ-------------ის სააპელაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
8. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
9. აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 560 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;
3. დ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის გადახდა 560 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია გიგაური
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე