განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
330310018002687766
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002687766

საქმე №3ბ/141-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–-

 

აპელანტი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარეები - სს ,,თელასი“

წარმომადგენელი - ზ------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,თელასის” სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანება სს ,,თელასის“ წარმომადგენლის ზ------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ და მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სს ,,თელასის“ მიერ წარდგენილი განცხადების(№1550820, 2017წლის 19 ოქტომბერი) დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 ივნისის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით №QN1228323 დგინდება, რომ დაკმაყოფილდა განმცხადებლის წერილობითი თხოვნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN1209868 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ და სამუშაოს წარმოებისთვის განმცხადებელს განესაზღვრა-დამატებით 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №QN1209868 გადაწყვეტილებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესრულება (ს.ფ. 118)

 

2017წლის 19 ოქტომბერს, სს,,თელასმა’’ №QN1550820 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილებით სს,,თელასს’’ დაუდგინდა ხარვეზი და დგინდება, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში, ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად მთლიან ფართზე მისი აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლად. დამატებით დაზუსტდა, რომ დაზიანებული მონაკვეთები წარმოადგენს სს ,,თელასის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგს (იხ.გადაწყვეტილება:QN11228323, QN1209868). ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20(ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით დადასტურა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, 2017 წლის 26ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ,,თელასის’’ მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და რომ სს,,თელასის’’ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ს.ფ. 92, 104-105).

 

საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერი ჯგუფის უფროსის ნონა შოშიტაშვილის 2017 წლის 29 ნოემბრის წერილით, სს ,,თელასის გენერალური დირექტორის 23.10.17 წლის №699 ბრძანების, კომისიის №14 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინტერსებულ პირს გაეგზავნა პროექტის ხარჯთაღრიცხვები და ეცნობა შემდეგი:

 

- პროექტი №4606-ის მიხედვით(თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით)ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (104მ) შეადგენს 6720.97 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების და მექანიზირებული მეთოდით(კროტით 88 მ) ჩატარებული სამუშაოების კალკულაცია(სულ104მ) შეადგენს 9907.29 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 3186.33 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

- პროექტი №4940-ის მიხედვით (თხრილის ფარგლებში 0.4 მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია(108მ) - შეადგენს 1325.38 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (108მ)-შეადგენს 9342.06 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა 8016.68 ლარს დ.ღ.გ-ჩათვლით.

 

- პროექტი vv-57/17-ის მიხედვით(თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაციაა(129მ) -შედგენს 2147.60 დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიანი ფართზე ასფალტის საფარის მოსწაყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (129 მ)-შეადგენს 5501.75 ლარს დ.ღ.გ ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 3354.15 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით.(ს.ფ. 35-37).

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის N1/08-3-12846 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში(შემდგომში-ეკონომიკის სამინისტრო) საქართველოს მთავრობიდან გადაგზავნილია 2017 წლის 14 აგვისტოს №1/08-1-8597 წერილი, რომელიც შეეხება კომუნალური ქსელის მშენებლობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების პროცესის გამარტივებას. აღნიშნული წერილით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ კომუნალური ქსელი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კვეთს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ნაკვეთს ან/და გზას, რის გამოც შეუძლებელი ხდება ,,ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ერთი სარკმლის პრინციპის“ დაცვა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვილებების გარეშე, შედეგად იზრდება სამუშაოების ვადები და ხარჯები, ასევე ფერხდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და მათი განხორციელება. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოების მონაწილეობით მათ მიერ მომზადდა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს დადგენილების ცვლილებების პროექტი პირველი კლასის კომუნალური ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის პროცესის შეთანხმებებთან დაკავშირებით. კომუნალური ქსელების მშენებლობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიით, ბუნებერივი გაზით და სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური მომარაგებასა და ახალი მომხმარებლის შესაბამის ქსელზე დროულ მიერთებასთან. ამასთან, ხსენებული საკითხები იმყოფება საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად სახელმწიფოს სტაბილურობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებაზე (ს.ფ. 38-39).

 

2017 წლის 27 ნოემბერს, სს ,,თელასის’’ წარმომადგენელმა ზ------------მ №19/01173312378-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26 ოქტომბრის №QN155082 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №572 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თელასის’’ წარმომადგენლის ზ------------ს 2017 წლის 27 ნოემბრის №19/01173312378-01ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება (ს.ფ. 51-57, 129-135).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტით არ არის სატანადოდ დასაბუთებული, ქ.თბილისში, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრო კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას, სრულყოფილად იქნა თუ არა გამოკვლეული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თელასი“) კანონისაგან განსხვავებული პირობა(მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის(სს ,,თელასი“) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის(სს ,,თელასი“) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი დ უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერი ჯგუფის უფროსის ნონა შოშიტაშვილის 2017 წლის 29 ნოემბრის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ პროექტი №4940-ის მიხედვით (თხრილის ფარგლებში 0.4მ სიგანით) ტროტუარზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია(108მ) -შეადგენს 1325.38 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ხოლო ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების კალკულაცია (108მ)-შეადგენს 9342.06 ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა 8016.68 ლარს დ.ღ.გ-ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ.თბილისში, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელაზე სს ,,თელასს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა,- თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ, იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თელასი“) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, იგი ხელყოფდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც სს ,,თელასის’’ სასარჩელო განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის ნაწილში საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა სს ,,თელასის“ მიერ წარდგენილი N1550820(2017 წლის 19 ოქტომბერი) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის N572 ბრძანება, რომლითაც სს ,,თელასს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

აპელანტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „თელასმა“ NPQN1550820 განცხადებით მიმართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საპროექტო მონაკვეთზე მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა. ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის NQN1550820 გადაწყვეტილებით სს „თელასს“ დაუდგინდა ხარვეზი და საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით დაევალა დაზუსტებული პროექტის წარმოდგენა, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა/შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა.

 

ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ზემოხსენებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.

 

აპელანტის მითითებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის წესს, გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხასა და თანხმობის გაცემის საფუძვლებს ადგენს N19-75 დადგენილების მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით.“ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს.“

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, N19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით: „ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.“

 

მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს დადგენილებაში ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, N19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას. ამასთან, კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ქონების მართვის სააგენტოს მიერ განმცხადებლისთვის ზემოაღნიშნულის გარდა სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას, რა დროსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში ქონების მართვის სააგენტოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ამავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოს ბოჭავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით, რითაც ზღუდავს მისთვის კანონით მინიჭებულ თავისუფლებას - დისკრეციას და ამით იცავს პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას კი უკავშირებს შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს განაპირობებს.

 

აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „თელასის“ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების N4940 პროექტის ელექტრო - ტექნიკური ნაწილი, რომლის შესწავლის საფუძველზე საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს, რომ ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. N8 შენობის მიმდებარედ, N4063-N4317 ს/ქ-ბის მაღალი ძაბვის შემაერთებელი საკაბელო ქსელის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით იგეგმება მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელება და ელექტროგადამცემი ხაზის (კაბელის) განთავსება.

 

ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტოსურათების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. N8 შენობის მიმდებარედ არსებულ საპროექტო მონაკვეთზე (ტროტუარზე) ასფალტის საფარი კარგ მდგომარეობაშია/დაუზიანებელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შედეგად კი, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ვინაიდან საპროექტო ტერიტორია დაუზიანებელია და კარგ მდგომარეობაშია, მოთხოვნილი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების მიზნით მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების შემდეგ მიზანშეწონილი იყო ტროტუარის საფარის აღდგენა არამხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მის მთლიან ფართზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული თვალსაზრისით დაუდგინდა ხარვეზი მოსარჩელეს და დაევალა ისეთი ალტერნატიული პროექტის წარდგენა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ზემოხსენებულ პირობასთან.

 

აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები ერთმანეთთან თანაზომიერია, რამდენადაც სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის აკრძალვას, ვინაიდან აღნიშნული აქტით მოსარჩელეს განესაზღვრა ხარვეზი და განემარტა, რომ საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა სრულყოფილი პროექტის წარდგენის პირობებში, რომელშიც მოხდებოდა ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. N8 შენობის მიმდებარედ არსებული ტროტუარის მთლიანი ფართის აღდგენის პირობისა და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინება.

 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის NQN1550820 გადაწყვეტილების მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისთვის კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართლზომიერად იქნა განხორციელებული. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების მიზნების გაუთვალისწინებლობას და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელ და არათანაზომიერ შეზღუდვას, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. ამასთან, დაცულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა მათი მართლზომიერი დაბალანსება. ამდენად, გაუგებარია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, სასამართლო ეყრდნობა სს „თელასის“ ერთ ერთი განყოფილების ჯგუფის უფროსის წერილს, რომელიც წარმოადგენს კალკულაციას და არა ექსპერტის მიერ შედგენილ დასკვნას (სადაც შეიძლება სულ სხვა მონაცემები დაფიქსირდეს). ადმინისტრაციული ორგანო არ გამორიცხავს, ფასთა შორის სხვაობის არსებობას, თუმცა როგორც აღინიშნა ეს მიმართულია იმ მიზნისთვის, რომ ახალმოწყობილი ან/და დაუზიანებელი ტროტუარი არ დაზიანდეს ხელოვნურად და მოყვანილ იქნას პირვენდელ მდგომარეობაში, ვინაიდან ჭრილის/თხრილის ფარგლებში ასფალტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არამარტო შეუძლებელია (იწვევს ადგილების ჩავარდნას, დაწებებული ასფალტის შედარებით სწრაფად დაშლას, ვიწრო ტროტუარის შემთხვევაში სადაც რჩება თავდაპირველი ასფალტის საფარი სივიწროვისა და მთლიანობის დაღვევის გამო იწვევს მის ავარდნას/სწრაფ დაშლას) აღნიშნული ასევე იწვევს ასფალტის საფარის ექსპლოატაციის ვადის მნიშვნელოვან შემცირებას და ამის შფასება/გადამოწმება არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ აღნიშნული განაპირობებს სააგენტოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქალაქის და საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

აპელანტი მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.

 

აპელანტის მითითბით, 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს,,თელასმა’’ №QN1550820 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილებით სს,,თელასს’’ დაუდგინდა ხარვეზი და დგინდება, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარსადგენია დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში, ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად მთლიან ფართზე მისი აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლად. დამატებით დაზუსტდა, რომ დაზიანებული მონაკვეთები წარმოადგენს სს ,,თელასის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგს (იხ.გადაწყვეტილება:QN11228323, QN1209868). ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20(ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩება განუხილველი.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-4 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით. კერძოდ: აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.

 

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად - მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესს და მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს, რომლის თანახმად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო, მე-7 მუხლი ადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, რომლის თანახმად 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

აპელანტის მითითებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. სააგენტოს უფლება აქვს განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ასევე დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები.

 

აპელანტის მითითებით 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.

 

ასევე მნიშვენელოვანია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტება, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ იგი გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებას და ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სწორედ სს „თელასის“ განცხადების საფუძველზე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობის დადგენა, რომლის მიღების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „თელასის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას ხოლო, რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა ანჯაფარიძის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები. სხვა დანარჩენ შემთხევაში სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდართულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.

 

აპელანტის მითითებით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და ტერიტორიის სხვა კეთილმოწყობა.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტ-საიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, დაადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე, სათანადო და მყარი დასაბუთებითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს,,თელასმა“ №QN1550820 ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრონული კაბელის მონტაჟის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილებით სს,,თელასს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით წარმოედგინა დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნება ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში, ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად მთლიან ფართზე მისი აღდგენის პირობების გაუთვალისწინებლად. დამატებით დაზუსტდა, რომ დაზიანებული მონაკვეთები წარმოადგენს სს ,,თელასის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგს (იხ.გადაწყვეტილება:QN11228323, QN1209868). ამავე გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს მიეცა 20 (ოცი) დღის ვადა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

 

პირველი ინსტანცის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია სს ,,თელასის’’ მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების ან/და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და რომ სს,,თელასის’’ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ.თბილისში, სანაპიროს ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თელასს“ მისცეს შესაბამისი თანხმობა, თუმცა სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება კი წარმოადგენს უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და შესაბამისად, აქტის გაუქმების საფუძველს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, თუ რა სახის განსაკუთრებული გარემოება და საჯარო ინტერესის უპირატესი დაცვის აუცილებლობა არსებობდა, რამაც განაპირობა განმცხადებლისათვის (სს ,,თელასი“) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა); ასევე, არ არის სათანადო მსჯელობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის კონტექსტში თუ რატომ იყო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების გამართლებულ შეზღუდვას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსხვავებული პირობის დაწესების მოტივად ადმინისტრაციული ორგანო ასახელებს იმ გარემოებას, რომ სანებართვო ობიექტზე არსებული ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. ადმინისტრაციული ორგანო არ აპელირებს მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენის შემთხვევაში ასფალტის საფარის მარტივად დაზიანების ალბათობაზე, შესაბამისად, ძირითად მოტივს წარმოადგენს მისი ვიზუალური მხარე. ამასთან, ასეთი სამუშაოების განხორციელების შედეგად წარმოებული აღდგენითი სამუშაოების არაჯეროვნად/უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმსაც.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლება დამატებითი შეზღუდვის დაწესების თაობაზე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და დაუშვებელია აღნიშნული დანაწესის გავრცელება ყველა სამუშაოზე, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოების შესწავლის გარეშე. იგი უნდა წარმოადგენდეს გადაუდებელი აუცილებლობის შედეგს. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული, ასფალტის საფარის ვიზუალური მხარის დარღვევას ექნებოდა თუ არა იმგვარი სახე, რაც გადაწონიდა კერძო პირის უფლებას ემოქმედა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შეზღუდვით და არ მომხდარიყო დამატებითი შეზღუდვის დაწესება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის პროექტებით (ს.ფ. 35-37) დასტურდება, რომ კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გასაწევი ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც სს „თელასის“ მიერ გასაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.

 

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი დაუსაბუთებლად ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც სს ,,თელასის’’ სასარჩელო განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად დაკმაყოფილდა და სწორად დაევალა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სს ,,თელასის’’ მიერ წარდგენილი N1550820(2017 წლის 19 ოქტომბერი) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

რაც შეეხება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 13 ნოემბრის N572 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხს:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში სრულყოფილად არ განხორციელებულა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №QN1550820 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ ქმნის სს ,,თელასს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის N572 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველსაც .

 

საპროცესო ხარჯები:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი