განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.03.2020
საქმის ნომერი
330310018002712061
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002712061

საქმე №3ბ/2154-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ზ----------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ-----ნ თ-----ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ფ-----ნ თ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1236/ო ბრძანება, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ-----ნ თ-----ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ფ-----ნ თ-----ა (დაბ. 19.10.1969 წ), არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც 2014 წლის 22 იანვარს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობით მას მინიჭებული აქვთ №003-03166 სარეგისტრაციო ნომერი და დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს - ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5, ჭიდაობის სპორტ-სკოლა, ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს - აფხაზეთი, გალი, ძნელაძის ქ. №24 (ს. ფ. 16).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 6 ივლისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №32 ოქმის თანახმად, ფ-----ნ თ-----ას (პ/ნ: 6----------; ს/ნ: 003-03166) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №5, ,,ჭიდაობის სპორტ სკოლის’’ შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს. ფ. 42-46).

 

,,დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ‘’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1236/ო ბრძანების თანახმად, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №32), ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ფ-----ნ თ-----ას ოჯახს, ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე ,,ჭიდაობის სპორტ-სკოლაში‘’ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო (ს. ფ. 17).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №448450 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ფ-----ნ თ-----ას (პ/ნ: 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 24).

 

სს ,,თელასის‘’ 2019 წლის 23 იანვრის №0123/752/19 წერილის მიხედვით, 2019 წლის 18იანვარს , ფ-----ნ თ-----ას №0118/490/19 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სს ,,თელასის‘’ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, მისამართზე - დიღმის მას. მე-3 კვ. ბინა №18, 2002 წლის დეკემბრიდან აბონენტად რეგისტრირდება თ-----ა (ჭიდაობის სპორტ-სკოლა) სააბონენტო ნომრით - 3359270.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი სს ,,თელასის“ 2019 წლის 5 თებერვლის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აბონენტს - №3359270, 2002 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე ყოველთვიურად უფიქსირდება ჩვენება სხვადასხვა ოდენობით (ს. ფ. 71, 89-103).

 

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 25 თებერვლის პერსონალის მართვის სამსახურის №12-24 ცნობის თანახმად ფ-----ნ თ-----ა, 2005 წლიდან 2019 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მუშაობდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ მასწავლებლად (ს. ფ. 87-88).

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ - ლევან წურწუმიამ განმარტა, რომ წარმოადგენს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს და მის მოვალეობაში შედის ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე მისვლა, შესწავლა, რამდენიმე ვიზიტის განხორციელება. ძირითადად ამოწმებენ ღამის საათებში. ფ-----ნ თ-----ას შემოწმების დროს მისამართზე არავინ დახვდა, ასევე დაამატა, რომ ვალდებული არ იყო გაეკითხა მეზობლებთან მისი მისამართზე ცხოვრების შესახებ.

 

მოწმე - ირინა მირცხულავამ განმარტა, რომ არის ფ-----ნ თ-----ას მეზობელი. მისი ინფორმაციით მოსარჩელე მუშაობს და საღამოს მოდის სახლში, ინგლისურის მასწავლებელია, ადასტურებს ფ-----ნ თ-----ას ქ. თბილისში, ბელიაშვილის №5-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

მოწმე - თამარ მიმინოშვილის განმარტებით, 1993 წლიდან ცხოვრობს ზემოთხსენებულ მისამართზე, იცნობს ყველა მეზობელს, მათ შორის მოსარჩელესაც. სისტემატიურად ვერ ახერხებს ნახვას, თუმცა თვეში 3-4-ჯერ აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს. აღნიშნული მოწმეც ადასტურებს ფ-----ნ თ-----ას ქ. თბილისში, ბელიაშვილის №5-ში ცხოვრების ფაქტს.

 

მოწმე - ტ---------------–--ამ სხდომაზე განაცხადა, რომ 2005 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე მე-4 სართულზე, ფ-----ნ თ-----ას გვერდით, ამასთან, ახლო-მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსარჩელესთან. მიუხედავად ფ-----ნ თ-----ას გადატვირთული გრაფიკისა, რაც გულისხმობს დილის 7 საათიდან ღამის 11-მდე სამსახურში ყოფნას, ფ-----ნ თ-----ას და ტ---------------–--ას აქვთ ხშირი ურთიერთობა ერთმანეთთან და თითქმის ყოველდღიურად უწევთ შეხვედრა. ასევე დაამატა, რომ მისი საცხოვრებლის შესამოწმებლად მისულ მონიტორიგნის ჯგუფს არაფერი უკითხავს ფ-----ნ თ-----ას შესახებ (ს. ფ. 73-79).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ფ-----ნ თ-----ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისთვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე, ყოფილი ,,ჭიდაობის სპორტ-სკოლის’’ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით მოსარჩელე - ფ-----ნ თ-----ა აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივად მაცხოვრებელი არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არ შეუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, კერძოდ არ გამოუკითხავთ მეზობლები, არ გამოუკვლევვიათ ფ-----ნ თ-----ას მიერ დაკავებული ოთახით ხომ არ სარგებლობდა სხვა პირი და სავარაუდოდ იხელმძღვანელეს მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მათი ვიზიტის დროს მითითებულ მისამართზე არავინ არ დახვდათ.

 

მოსარჩელე მხარე, ზემოთხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 1998 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. №5-ში. იგი მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო დილის 9 საათიდან მუშაობს ლექტორად, ხოლო შემდგომ კერძო მასწავლებლად დადის ბინებში, რის გამოც სახლში დაბრუნებას ღამის 10-11 საათამდე ვერ ახერხებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 25 თებერვლის №12-24 ცნობაზე, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის ლექტორად მუშაობის ფაქტს, ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასის’’ მიერ გაცემული წერილი და ბრუნვის ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ აბონენტს - №3359270, 2002 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე ყოველთვიურად უფიქსირდება ჩვენება სხვადასხვა ოდენობით, შესაბამისად დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა და მოიხმარდა ელექტრონენერგიას. ამასთან სხდომაზე გამოცხადებული მოწმეთა ჩვენების თანახმად, ისინი წარმოადგენენ ფ-----ნ თ-----ას მეზობლებს და ადასტურებენ მოსარჩელის ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის №5-ში ცხოვრების ფაქტს. ერთი-ერთი მეზობლის - ტ---------------–--ას განმარტების მიხედვით, იგი არამარტო ადასტურებს ფ-----ნ თ-----ას ზემოთხსენებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, არამედ ადასტურებს ხშირ და სისტემატიურ მეზობლურ ურთიერთობას მასთან.

 

ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ზემოთხსენებულ მისამართზე არ არის, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, ფ-----ნ თ-----ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის და ამასთან არ არის წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არა ზემოთ მითითებულ მისამართზე, სად ცხოვრობს მაშინ მოსარჩელე.

 

შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით, ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის მიერ არ არის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ფ-----ნ თ-----ას რეგისტრაციის მისამართზე გამოცხადების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1236/ო ბრძანება ბათილად უნდა ცნობილიყო დაუსაბუთებლობის გამო.

 

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად სასამართლოს მითითებული აქვს რიგი გარემოებები. კერძოდ, გადაწყვეტილების მე-9 გვერდის ბოლო აბზაცში სასამართლო უთითებს, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქ. 5-ში არსებულ შენობაში სააგენტოს მიერ ჩატარდა მოკვლევა იქ მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა დადგენის მიზნით. ამასთან, სააგენტომ ისე მიიჩნია ფ-----ნ თ-----ა აღნიშნულ შენობაში არამაცხოვრებლად, რომ ამის თაობაზე არ არის შედგენილა არანაირი აქტი, რომელშიც ასახული იქნებოდა მისი აღნიშნულ შენობაში არცხოვრების დამადასტურებელი გარემოებები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 გვერდის პირველ აბზაცში უთითებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამასთან, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებულია კერძო გაკვეთილები ჩაუტაროს მოსწავლეებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სახლში ბრუნდება გვიან. მე-2 აბზაცში სასამართლო იშველიებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ინფორმაციას, რომ მოსარჩელე არის აღნიშნული უნივერსიტეტის ლექტორი და მოსარჩელის მეზობლის ტ---------------–--ას განმარტებას, რომ ფ-----ნ თ-----ა არის მისი მეზობელი და ადასტურებს ხსენებულ შენობაში მისი მუდმივი ცხოვრების და მასთან არსებული სისტემატიური მეზობლური ურთიერთობის ფაქტს. ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ დადასტურებულია მოსარჩელის მუდმივი ცხოვრების ფაქტი თბილისში, ბელიაშვილის ქ. 5-ში არსებულ შენობაში და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებს. აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ არის სანდო და დამაჯერებელი და ისინი სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული. თბილისში, ბელიაშვილის ქ. 5-ში არსებულ შენობაში არსებული დევნილი ოჯახების დადგენის მიზნით, სამინისტროს (სააგენტოს) თანამშრომელთა მიერ ჩატარდა მონიტორინგი შენობაში რამოდენიმე ვიზიტის განხორციელების გზით. აღწერის დროს, დგებოდა შესაბამისი აქტები (ოქმები) ფაქტიურად დამხვდური ოჯახების შესახებ და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები ოჯახის თაობაზე ფიქსირდებოდა ოქმებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არცერთი ვიზიტის დროს არ აღმოჩნდა ხსენებულ მისამართზე, რაც მოსარჩელის არცხოვრების დამადასტურებელი გარემოებაა. ამასთან, აღნიშნული პროცედურების განხორციელების დროს დადგენილი პრაქტიკაა, რომ დევნილი ოჯახი, არ დახვდება რა საცხოვრებელ მისამართზე მონიტორინგის ჯგუფს, დამატებით, წერილობითი განცხადების ან სააგენტოში ვიზიტის გზით ატყობინებს მონიტორინგის სამსახურს მისი ცხოვრების ფაქტის თაობაზე და აძლევს შესაბამის ინფორმაციას. თავად მონიტორინგის თაობაზე, ამ კატეგორიის დევნილები ინფორმაციას იღებენ იმავე შენობაში მაცხოვრებელი სხვა დევნილებისგან (მეზობლებისგან, ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან და სხვ.). ფ-----ნ თ-----ას მიერ არც ეს ქმედებები არ განხორციელებულა, რაც უდავოდ მიუთითებს გარემოებაზე, რომ ის რეალურად არ ცხოვრობს აღნიშნულ შენობაში. რაც შეეხება მტკიცებულებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მუშაობის შესახებ, აპელანტი ამ გარემოებას სადავოდ არ ხდის, თუმცა მიუთითებს, ის ვერსია, რომ ამგვარი სამსახური და დამატებით კერძო პედაგოგიური საქმიანობა ფაქტიურად შეუძლებელს ხდის პირის თავის საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირებას, მათი აზრით, მოკლებულია დამაჯერებლობას და სანდოობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა №5, ბინა №23-ში („ჭიდაობის სპორტსკოლა“) მდებარე საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფ-----ნ თ-----ას ოჯახი არ ფიქსირდებოდა აღნიშნულ ობიექტში, როგორც ფაქტობრივი მაცხოვრებელი, შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი სამინისტროს მიერ არ განხილულა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ფ-----ნ თ-----ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე, ყოფილი ,,ჭიდაობის სპორტ-სკოლის“ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით მოსარჩელე - ფ-----ნ თ-----ა აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივად მაცხოვრებელი არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არ შეუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, კერძოდ არ გამოუკითხავთ მეზობლები, არ გამოუკვლევვიათ ფ-----ნ თ-----ას მიერ დაკავებული ოთახით ხომ არ სარგებლობდა სხვა პირი და სავარაუდოდ იხელმძღვანელეს მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მათი ვიზიტის დროს მითითებულ მისამართზე არავინ არ დახვდათ.

 

მოსარჩელე მხარე, ზემოთხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 1998 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის ქ. №5-ში. იგი პედაგოგად მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო დილის 9 საათიდან მუშაობს ლექტორად, ხოლო შემდგომ კერძო რეპეტიტორად დადის სხვადასხვა მოქალაქეებთან, რის გამოც სახლში დაბრუნებას ღამის 10-11 საათამდე ვერ ახერხებს.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 25 თებერვლის №12-24 ცნობაზე, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის ლექტორად მუშაობის ფაქტს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასის“ მიერ გაცემული წერილი და ბრუნვის ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ აბონენტს - №3359270, 2002 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრამდე ყოველთვიურად უფიქსირდება ჩვენება სხვადასხვა ოდენობით, შესაბამისად დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა და მოიხმარდა ელექტრონენერგიას. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწმეთა ჩვენების თანახმად, ისინი წარმოადგენენ ფ-----ნ თ-----ას მეზობლებს და ადასტურებენ მოსარჩელის ქ. თბილისში, აკ. ბელიაშვილის №5-ში ცხოვრების ფაქტს. ერთი-ერთი მეზობლის - ტ---------------–--ას განმარტების მიხედვით, იგი არამარტო ადასტურებს ფ-----ნ თ-----ას ზემოთხსენებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, არამედ ადასტურებს ხშირ და სისტემატიურ მეზობლურ ურთიერთობას მასთან.

 

ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ზემოთხსენებულ მისამართზე არ არის, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით, ფ-----ნ თ-----ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის და ამასთან არ არის წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არა ზემოთ მითითებულ მისამართზე, მაშინ სად ცხოვრობს მოსარჩელე. შესაბამისად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით, ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის მიერ არ არის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ფ-----ნ თ-----ას რეგისტრაციის მისამართზე გამოცხადების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 9 ოქტომბრის №01-1236/ო ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ამდენად აღნიშნული აქტი პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად და სწორად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, ფ-----ნ თ-----ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი