განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117002179137
საქმე №3ბ/578-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ვ-----------------
აპელანტი (მესამე პირი) - შპს „აჯადი“
წარმომადგენელი - გ------------–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------------–---–-
მესამე პირი - შპს „ლიბო“
წარმომადგენელი - გ-----------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) მასზედ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ აუქციონზე შპს „აჯადის“ მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე იგი გამოვლინდა გამარჯვებულად(ტ. I, ს.ფ. 256-261).
2011 წლის 29 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000001, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „აჯადი“. №000001 ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №02/383 ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი (ტ. I, ს.ფ. 253-255);
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა: გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“(ტ. I, ს.ფ. 218- 221).
2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმებული შეთანხმებით „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება/დამატება:
ა) შპს „აჯადი“-ზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გაგრძელდეს 05 (ხუთი) წლით - 2021 წლის 21 ნოემბრამდე (პუნქტი 3 მესამე აბზაცი);
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის საფასური (ფასი), რომელიც შეადგენს გარე რეკლამის განსათავსებლად საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ნებისმიერი სახით გამოყენების შედეგად მიღებული საერთო შემოსავლის 18%-ს დ.ღ.გ.-ს გადახდის შემდგომ იხადოს ყოველ სამ თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მესამე თვის პირველი 10 (ათი) დღის ვადაში;
გ) შპს „აჯადი“-მ უზრუნველყოს გარე რეკლამის განსათავსებლად საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება-განახლება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე წერილით განსაზღვრულ ვადაში;
დ) შპს „აჯადი“-ზე წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაიცემა სანებართვო მოწმობა;
ე) წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ტ. I, ს.ფ. 262-263).
2016 წლის 04 ნოემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000002, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „აჯადი“. №000002 ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №02/383 ბრძანების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) და „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 21 ნოემბრიდან - 2021 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი (ტ. 1 ს.ფ. 264-266).
2017 წლის 22 მაისს შპს „ლიბომ“ №01/505 საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს და მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „აჯადის“ მიერ დაირღვა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ტ. I, ს.ფ. 175-189).
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „ლიბოს“ საჩივარი მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე. დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „ლიბოს“ საჩივარი მოპასუხეებთან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „აჯადისთან“ - მიმართებით, ხოლო მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით, დაუშვებლობა დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ნაწილში, თანდართული დასაბუთებული დასკვნის გათვალისწინებით. ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი (ტ. I, ს.ფ. 303-320).
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №04/273 ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.
„ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“ გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „აჯადიზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან №36 დადგენილების მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას და არ ექცევა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. შედეგად სახეზეა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა მოპასუხის მხრიდან.“(ტ. I, ს.ფ. 145-172).
3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „ლიბოს“ საჩივარი მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №04/273 ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „აჯადთან“ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კანონიერების საკითხს იხილავდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კონკურენციის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება მერიის მიერ აღნიშნული ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ მოიხმო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 332-ე მუხლს, რომლის შესაბამისადაც, ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება.
ამავე საკანონმდებლო აქტის 28-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლო ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ლიბო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მითითებული დადგენილება ეწინააღმდეგებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ასევე ითხოვდა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობას. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ლიბომ“ ზემოაღნიშნული სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისს მიმართა, ხოლო კონკურენციის სააგენტოში საჩივარი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე 2017 წლის 22 მაისს წარადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ლიბოს“ 2017 წლის 18 ივლისის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე დავის საგანს წარმოდგენდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების კანონშესაბამისობა და აღნიშნულის შედეგად 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ლიბოს“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი იყო შპს „ლიბოს“ 2017 წლის 22 მაისის საჩივრის საფუძველზე გამოევლინა და განეხილა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მითითებით, სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №04/273 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ანიჭებს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილებას, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებით (2016 წლის 8 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის თანახმად, ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის (შემდგომში - ქ. ბათუმის) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) მასზედ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ აუქციონზე შპს „აჯადის“ მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე იგი გამოვლინდა გამარჯვებულად.
ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 29 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000001, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „აჯადი“. №000001 ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №02/383 ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“
2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმებული შეთანხმებით „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება/დამატება:
ა) შპს „აჯადი“-ზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გაგრძელდეს 05 (ხუთი) წლით - 2021 წლის 21 ნოემბრამდე (პუნქტი 3 მესამე აბზაცი).
„ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“ გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „აჯადიზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან №36 დადგენილების მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას და არ ექცევა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. შედეგად სახეზეა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა მოპასუხის მხრიდან.“
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში, ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ნორმატიული აქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფაქტებზე, ურთიერთობებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ აქტის გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებელი ნორმატიულ აქტს ანიჭებს უკუძალას, ხოლო ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებას უკუძალა არ მინიჭებია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმატიული აქტით განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილება (ნებართვაში ცვლილების შეტანის ფორმით), ვერ გავრცელდება აღნიშნული აქტის ძალაში შესვლამდე, 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემულ ნებართვაზე.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან 2011 წლის 29 ნოემბრის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000001 გაიცა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად, 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.
სასამართლომ მოიხმო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის „ე“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით, ხოლო შპს „აჯადიზე“ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა იწურებოდა 2016 წლის 21 ნოემბერს და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს გააჩნდათ ახალი აუქციონის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ნორმის არასწორი განმარტების შედეგად, 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით შპს „აჯადს“ შეუქმნა მონოპოლიური მდგომარეობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №04/273 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილებაში, რომლის თანახმად, სხვა ცვლილებებთან ერთად N36 დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი)“. ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მოპოვებული აქვს შპს „აჯადს“ 5 წლის ვადით 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე, ხოლო ბათუმის მერიის მიერ 2016 წლის 8 სექტემბრის No15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში, განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „აჯადთან" გაფორმებული იქნა შეთანხმება და ამ უკანასკნელს გარე რეკლამის ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 წლით, ანუ 2021 წლის 21 ნოემბრამდე. სწორედ მერიის აღნიშნული ქმედება გახადა სადაოდ შპს ,,ლიბომ" და საჩივრით მიმართა კონკურენციის სააგენტოს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის N04/273 ბრძანებით დამტკიცდაა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ლიბოს“ საჩივრის საფუძველზე დადასტურდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის ,,კონკურენციის შესახებ“ მე-10 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი და დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ კონკურენციის სააგენტოს ინფორმირება. გადაწყვეტილებით, სააგენტომ მიიჩნია: 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებულ ცვლილებას არ გააჩნდა უკუძალა; ბ. მერიის მიერ აღნიშნული ნებართვის ვადის გაგრძელებით ნორმას მიენიჭა უკუძალა; გ. შესაბამისად, მერიის ქმედება არის ,,უკანონო“; დ. ხოლო თავის მხრივ, ასეთი ქმედება არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას. 2. კონკურენციის სააგენტო, როგორც არაგანსჯადი (არაუფლებამოსილი) ორგანო.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ დავისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ რა შედეგის დადგომა სურდა შპს ,,ლიბოს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წარდგენისას და აღნიშნულის გათვალისწინებით, რომელი მატერიალურსამართლებრივი საფუძვლით შეეძლო აღნიშნული მიზნის მიღწევა: - უდავოა, რომ შპს „ლიბოს“, როგორც მეწარმე სუბიექტის მიზანს საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წარდგენისას, წარმოადგენდა იმ აუქციონში მონაწილეობის მიღება, რომლის გზითაც იგი მოიპოვებდა ნებართვას ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამასთან დაკავშირებით; - ასევე უდავოა, რომ მან აღნიშნულ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მერიის მიერ გაგრძელებულ იქნა შპს აჯადისათვის გარე რეკლამის ნებართვის მოქმედების ვადა 5 წლით; - შესაბამისად, თუკი შპს ,,ლიბოს“ იურიდიულ ინტერესს გავაანალიზებთ, იგი სასურველ შედეგს მიაღწევდა იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდებოდა მერიის მიერ აჯადისათვის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება - მხარეთა შეთანხმება. შპს „ლიბო“ წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა არამხოლოდ მერიის ქმედების მხრიდან თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს, არამედ ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმების სამართლებრივი საფუძვლის გამოყენების გზით, მერიამ ნორმას მიანიჭა უკუძალა, ანუ მერიის ქმედება არ იყო კანონშესაბამისი. გარდა ნორმისათვის უკუძალის მინიჭებისა, შპს „ლიბო“ ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საკრებულოს არ ქონდა უფლება განეხორციელებინა ცვლილებები კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, ანუ მიუთითებდა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული მმართველობითი საქმიანობის კანონიერების შემოწმება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, უდავოა, რომ შპს ,,ლიბოს“ სასურველი მიზნის მიღწევა - შპს ,,აჯადისათვის“ ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების გაუქმება, შეეძლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, სადაც განხილული იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან განხორციელებული ქმედებების - ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანისა და აღნიშნულის საფუძველზე ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების კანონიერება. თუმცა, ნაცვლად ზემოაღნიშნულისა, შპს „ლიბომ“ საჩივრით მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სასურველი მიზნის მიღწევა, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში დადასტურებით სცადა.
აპელანტის მითითებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, თუ არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან წინააღმდეგობა (დეტალური განმარტება იხ. მე-3 პუნქტში), კერძოდ თუკი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ასეთი გადაწყვეტილება მიიჩნევა ბათილად, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებით შეიძლება იზღუდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია, უფლებამოსილი ორგანო იმსჯელოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებაზე არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო (შესაბამისი განსჯადობით), და პირიქით, სწორედ მაშინაა უფლებამოსილი კონკურენციის სააგენტო იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებთან შესაბამოსობაზე, თუკი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის არსებითად დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის არსებობა არის სრულიად აზრს მოკლებული.
ანალოგიურად მოიქცა შპს ,,ლიბო“, როდესაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში, მან ასევე სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა. ანუ, შპს ,,ლიბოს“ თვითმიზანს წარმოადგენდა არა მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობის დადასტურება, არამედ სწორედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების გაუქმება, რის შედეგადაც მას მიეცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გარე რეკლამის ნებართვის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში. კონკურენციის სააგენტოს მიერ სადაო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2017 წლის 06 ოქტომბერს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ კი, შპს ,,ლიბოს“ სარჩელი მისივე განცხადების საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 06 ივნისს. ანუ, კონკურენციის სააგენტოს მიერ სადაო გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქამდე, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიღებდა განჩინებას შპს ,,ლიბოს“ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სსსკ-ის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთანავე, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს „ლიბოს“ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, მას არ ქონდა უფლება განეხილა და გადაეწყვიტა ლიბოს საჩივარი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული პირობებში, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა, თუ როდის არის უფლებამოსილი საქართველოს კონკურენციის სააგენტო იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოს ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომლიც წინააღმდეგობაში არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, ანუ არ ეწინააღმდეგება კანონს და ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება არ გამომდინარეობდეს საქართველოს კანონმდებლობიდან (კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში გათვალისწინებული გამონაკლისი)? ასეთი გადაწყვეტილება სახეზეა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილება, მართალია, არ ეწინააღმდეგება კანონს, თუმცა კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ანუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში გათვალისწინებული გამონაკლისი, რა დროსაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიიჩნევა წინააღმდეგობაში ამავე მუხლის მოთხოვნებთან, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ თუკი მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ არ გამომდინარეობს კანონიდან, იმის მიუხედავად არღვევს თუ არა იგი კანონს, ვერ ჩაითვლება საგამონაკლისო შემთხვევად.
აღნიშნულის ნათელი მაგალითია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სატენდერო ან სააუქციონო პირო(ებ)ბის კონკრეტული სუბიექტისადმი „მორგება“, ასე მაგალითად, თუკი ბათუმის მერია გამოაცხადებდა აუქციონს გარე რეკლამის ნებართვასთან დაკავშირებით და მიუთითებდა, რომ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების 5 წლიანი გამოცდილება, ცხადია ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მორგებული იქნებოდა შპს ,,აჯადზე“ და შეიზღუდებოდა მიღებული გადაწყვეტილებით თავისუფალი კონკურენცია, ვინაიდან მხოლოდ შპს ,,აჯადს“ გააჩნია ასეთი სახის გამოცდილება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ დაარღვევდა კანონის მოთხოვნებს, რადგან მსგავსი აკრძალვა კანონში არ არსებობს. შესაბამისად, სწორედ ასეთ დროს არის საჭირო საქართველოს კონკურენციის სააგენტო, რომელიც იმსჯელებს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობაზე, იმის მიუხედავად არღვევს თუ არა ეს უკანასკნელი კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გაგებით. ანუ, მარტივად, რომ ვთქვათ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვა არის არა სუბიექტის არჩევანი, არამედ ის ობიექტური რეალობა, რა დროსაც იურიდიული ინტერესის მიღწევა სხვა საშუალებით არის შეუძლებელი. ანუ, საქართველოს კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს და პირიქით, სასამართლო (გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოსა) არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და განიხილოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონიერება, თუკი ასეთი გადაწყვეტილებით იზღუდება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი კონკურენცია, ანუ ეწინააღმდეგება მხოლოდ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.
რაც შეეხება მოცემულ მაგალითში ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას, ამის ნათელი მაგალითი არის მოქმედი ნებართვის ვადის გაგრძელება 5 წლით, რომლის უფლებაც ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ აქვს მინიჭებული კანონით, რა დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიღებული გადაწყვეტილებით შეიზღუდოს თავისუფალი კონკურენცია, ვინაიდან იგი პირდაპირ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, მაინც ვერ ჩაითვლება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად. ამის საპირისპიროდ კი, პირს მაინც აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თვით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, კერძოდ კი ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სასურველ შედეგს ამ გზით მიაღწიოს.
აპელანტის მითითებით, თუკი, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გავაანალიზებთ, მივიღებთ, რომ მერიის მიერ შპს „აჯადი“-თან 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენს უკანონო შეთანხმებას, კერძოდ: - გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებულ ცვლილებას არ გააჩნდა უკუძალა, ვინაიდან მოქმედი კანონი არ აძლევდა მერიას უფლებას დაედო შეთანხმება შპს „აჯადისთან“ და გაეგრძელებინა მისთვის გარე რეკლამის მოქმედების ვადა 5 წლით.
სზაკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონს, კერძოდ, კი მას კანონის შესაბამისად არ გააჩნდა უფლება დაედო შეთანხმება ვადის გაგრძელების თაობაზე, მერიის გადაწყვეტილება სზაკ-ის ნორმების შესაბამისად, წარმოადგენდა უკანონო გადაწყვეტილებას და ექვემდებარებოდა ამავე კანონის ნორმების შესაბამისად ბათილად ცნობას. აპელანტის მითითებით, გამომდინარე იქედან, რომ კონკურენციის სააგენტოს შეხედულებით მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იყო სზაკ-ის მოთხოვნებთან, მას დამატებით არ უნდა ემსჯელა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე და წარდგენილი საჩივრის საფუძველზე არ უნდა დაეწყო მოკვლევა, კერძოდ: - უდავოა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა იცნობს განსჯადობის ინსტიტუტს. განსჯადობა ესაა - სასამართლო ორგანოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების კანონით ზუსტად განსაზღვრული წესით განაწილება ცალკეულ სასამართლოების მიხედვით;
აპელანტის მითითებით უდავოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს „ლიბოს“ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ანუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩაითვალა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის No15 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეს, რადგან, იმ შემთხვევაში თუ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩაითვლებოდა, რომ შპს ,,ლიბოს“ სარჩელი შეეხებოდა საქართველოს ,,კონკურენციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს, იგი აღნიშნულ სარჩელს განსჯადობის წესით გადაუგზავნიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხოლო ვინაიდან აღნიშნული არ განუხორციელებია მას, აღნიშნული უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დავა შეეხებოდა არა საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს, არამედ სადაო აქტების სზაკ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სააგენტო უარს ამბობს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ლიბოს“ მოთხოვნის მატერიალურ–სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობდა საქართველოს კანონის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებიდან, დავა წარმოადგენდა ბათუმის საქალაქოს სამართლოს განსჯად საქმეს (რომელიც ამ უკანასკნელის მიერ წარმოებაში იქნა მიღებული), შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ არასწორად გამოიყენა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი და არ არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ სააგენტოს მიერ დასაშვებად ყოფილიყო ცნობილი შპს ,,ლიბოს“ საჩივარი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავოა, რომ კონკურენციის მიერ სადაო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2017 წლის 06 ოქტომბერს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ კი, შპს ,,ლიბოს“ სარჩელი მისივე განცხადების საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული 2018 წლის 16 ივნისს. ანუ, კონკურენციის სააგენტოს მიერ სადაო გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქამდე, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიღებდა განჩინება შპს ,,ლიბოს“ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, რომ სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა შპს ,,ლიბოს“ საჩივარი, რადგან არ წარმოადგენდა განსჯად ორგანოს, იმის გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს „ლიბოს“ სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, მას არ ქონდა უფლება განეხილა და გადაეწყვიტა ლიბოს საჩივარი თანახმად, სსსკ-ი მე-11 მუხლის მე-5 ნაწილისა, რომლის მიხედვით, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. ამასთან, აღნიშნული ნორმის მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნას, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა ლიბოს საჩივარი იმის მიუხედავად, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ლიბოს სარჩელის სასამართლოში წარმოებაში მიღების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან, კერძოდ: — აღნიშნული მუხლის თანახმად, ამ მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკრძალებათ სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს თუ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. ანუ, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სუბიექტის ქმედება პირდაპირ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესიდან, აღნიშნული ქმედება ვერ ჩაითვლება საქართველოს კანონის „კონკურენციის შესახებ“ მე-10 მუხლის დარღვევად, იმის მიუხედავად აკრძალულია თუ არა ასეთი ქმედება ამავე მუხლით. სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებულ ცვლილებას არ გააჩნდა უკუძალა; მერიის მიერ აღნიშნული ნებართვის ვადის გაგრძელებით ნორმას მიენიჭა უკუძალა; შესაბამისად, მერიის ქმედება არის ,,უკანონო“; ხოლო თავის მხრივ, ასეთი ქმედება არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებული ცვლილების გამოყენებით, მერიას აღნიშნული ნორმისთვის არ მიუნიჭებია უკუძალა და შესაბამისად მერიის ქმედება არ არის უკანონო, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებით კი არ გამოწვეულა ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნა, რომელმაც არსებითად შეზღუდა თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია. კერძოდ, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) მე-11 პუნქტის პირობაზე, რომლის თანახმად, „ოქმთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ოქმით (ხელშეკრულებით), წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავოობისას არცერთ მხარეს უფლება არ აქვს მიუთითოს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხსენებული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის თუ დებულების თაობაზე“. _ ანუ, მხარეების მიერ ხელშეკრულებით დადგინდა, რომ 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილება წარმოადგენდა ხელშეკრულების (ოქმის) არსებით შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ დადგენილების ცალკეული ნორმის თუ დებულების ცვლილება, ავტომატურად ხდებოდა ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილი, რის გამოც, 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებული ცვლილება უნდა იქნას განხილული, როგორც 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) სახელშეკრულებო პირობად, რის საფუძველზეც, მერია უფლებამოსილი იყო 2011 წლის 21 ნოემბერის ოქმით გათვალისწინებული ნებართვის მოქმედების ვადა გაეზარდა 5 წლის ვადით, 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისადმი, უკუძალის შესახებ სპეციალური მითითების გარეშე.
აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების საფუძველზე, 2011 წლის 21 ნოემბერს აუქციონის გზით შპს „აჯადზე“ გაიცა გარე რეკლამის წებართვა 5 წლის ვადით. შესაბამისად, შპს „აჯადს“ გარე რეკლამის ნებართვა გააჩნდა 2016 წლის 21 ნოემბრამდე. 2010 წლის 30 ნოემბრის No36 დადგენილების მე-8 მუხლი კი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2016 წლის 8 სექტემბერს, #15 დადგენილების მიღებით. აღნიშნული დადგენილება ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში - სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2016 წლის 9 სექტემბერს (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3391937), ანუ დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 9 სექტემბერს, მაშინ როდესაც, შპს „აჯადზე“ 2011 წლის 21 ნოემბერს გაცემული ნებართვის ვადა ჯერ კიდევ იყო მოქმედი. აღნიშნულის საფუძველზე, მერიამ, გამოიყენა 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლის ახალი რედაქცია და მის საფუძველზე შპს „აჯადს“ გაუგრძელა გარე რეკლამის ნებართვის მოქმედების ვადა, კერძოდ 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „აჯადისთან“ შეთანხმების გაფორმების გზით. შესაბამისად, მერიის მიერ ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (N15 დადგენილება) გამოყენება ძველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის (N36 დადგენილება) საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობაზე (შპს „აჯადზე“ 2011 წლის 21 ნოემბერს გაცემული ნებართვა) გავრცელება, არ წარმოადგენს ნორმისათვის (N15 დადგენილება) უკუძალის მინიჭებას და მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალა.
აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 8 სექტემბრის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებული ცვლილების გამოყენებით, მერიას აღნიშნული ნორმისთვის არ მიუნიჭებია უკუძალა (რადგან მოცემულ შემთხვევაში უკუძალა სახეზე არ გვაქვს). შესაბამისად, მერიის ქმედება გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან - კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან, რის გამოც, მერიის ქმედება მიიჩნევა საქართველოს კანონის „კონკურენციის შესახებ“ მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ქმედებად.
4.2. შპს ,,აჯადის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტლება მიღებულ იქნა იქამდე, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო შპს ,,ლიბოს“ სარჩელს განუხილველად დატოვებდა. აღნიშნულის გარდა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სსსკ-ის მე-11 მუხლის თანახმად, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოებაში იყო მიღებული შპს ,,ლიბოს“ სარჩელი არ შეიძლებოდა მხარეთა შორის წამოჭრილი დავა განეხილა კონკურენციის სააგენტოს.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო არასწორად განმარტავს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს კანონმდებლობასთან მიმართებით. ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ამ მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკრძალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუ აღნიშნული არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესიდან და აღნიშნული ვერ ჩაითვლება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად. სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ 2016 წლის N15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის N36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებულ ცვლილებას არ გააჩნია უკუძალა, მერიის მიერ აღნიშნული ნებართვის ვადის გაგრძელებით ნორმას მიენიჭა უკუძალა, მერიის ქმედება არის უკანონო. ასეთი ქმედება არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია გარე რეკლამის ნებართვის განუსაზღვრელი ვადით გაცემის შესაძლებლობას და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მერიის მიერ ნებართვის ვადის გაგრძელება, რომელიც გარკვეული ვადით არის შეზღუდული, არ წარმოადგენს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიზნებისათვის აკრძალულ ქმედებას, ვინაიდან აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი წარმოქმნის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ერთი მხრივ, უზრუნველყოს ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც გამორიცხავს კონკურენციის შეზღუდვას და შესაბამისად, მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ჩაერიოს ადეკვატური ზომების გამოყენებით იქ, სადაც ადგილი აქვს ასეთი კონკურენციის შეზღუდვას.
ამრიგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ თავისუფალი კონკურენციის, როგორც თავისუფალი მეწარმეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 203-ე მუხლის მიხედვით, მხარეები აცნობიერებენ თავისუფალი და შეუზღუდავი კონკურენციის მნიშვნელობას თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში. 204-ე მუხლის თანახმად, მხარეებს მათ შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეთ ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონები, რომლებიც ეფექტიანად იქნება მიმართული ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომლებიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. მხარეებს უნდა გააჩნდეთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების ეფექტიან აღსრულებაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო.
საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებასთან ერთად და მათგან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაცვის პრინციპებსა და ნორმებს ეროვნულ დონეზე, განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. იმავე კანონის მე-172 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანებით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დასაშვებად იქნა ცნობილი შპს „ლიბოს“ საჩივარი მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ (შემდგომში - „სააგენტო“), წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ოქტომბრის №04/273 ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „აჯადთან“ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კანონიერების საკითხს იხილავდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კონკურენციის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება მერიის მიერ აღნიშნული ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 332-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე, სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 28-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლო ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ლიბო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მითითებული დადგენილება ეწინააღმდეგებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ასევე ითხოვდა თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობას. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს „ლიბომ“ ზემოაღნიშნული სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისს მიმართა, ხოლო კონკურენციის სააგენტოში საჩივარი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე 2017 წლის 22 მაისს წარადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ლიბოს“ 2017 წლის 18 ივლისის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე დავის საგანს წარმოდგენდა ქ. ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 08 სექტემბრის №15 დადგენილების კანონშესაბამისობა და აღნიშნულის შედეგად 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ შპს „ლიბოს“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამდენად, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი იყო შპს „ლიბოს“ 2017 წლის 22 მაისის საჩივრის საფუძველზე გამოევლინა და განეხილა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებით (2016 წლის 8 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის თანახმად, ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის (შემდგომში - ქ. ბათუმის) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) მასზედ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 21 ნოემბერს მოწყობილ აუქციონზე შპს „აჯადის“ მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე იგი გამოვლინდა გამარჯვებულად.
ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 29 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაიცა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000001, რომლის მიმღებს წარმოდგენდა შპს „აჯადი“. №000001 ნებართვა გაიცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 03 ნოემბრის №02/383 ბრძანებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 21 ნოემბრის ოქმის (ხელშეკრულება) საფუძველზე, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“
2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „აჯადის“ შორის გაფორმებული შეთანხმებით „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასა და შპს „აჯადის“ შორის 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (ხელშეკრულებაში) შევიდა შემდეგი ცვლილება/დამატება: ა) შპს „აჯადი“-ზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე გაცემული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გაგრძელდეს 05 (ხუთი) წლით - 2021 წლის 21 ნოემბრამდე (პუნქტი 3 მესამე აბზაცი).
შპს „ლიბოს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“ გადაწყვეტილებით სააგენტომ მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „აჯადიზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან №36 დადგენილების მე-8 მუხლის არასწორ განმარტებას და არ ექცევა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. შედეგად სახეზეა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა მოპასუხის მხრიდან.“
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში, ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №ბს-698-691(კ-16) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტავს, რომ „ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.“ ამდენად, ვინაიდან ნორმატიული აქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფაქტებზე, ურთიერთობებსა და გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ აქტის გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებელი ნორმატიულ აქტს ანიჭებს უკუძალას, ხოლო ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებას უკუძალა არ მინიჭებია, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტით განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლებამოსილება (ნებართვაში ცვლილების შეტანის ფორმით), ვერ გავრცელდება აღნიშნული აქტის ძალაში შესვლამდე, 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემულ ნებართვაზე.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან 2011 წლის 29 ნოემბრის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №000001 გაიცა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარე რეკლამის განთავსების შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების შესაბამისად, 2011 წლის 21 ნოემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის „ე“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებისამებრ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით, ხოლო შპს „აჯადიზე“ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა იწურებოდა 2016 წლის 21 ნოემბერს და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს გააჩნდათ ახალი აუქციონის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ნორმის არასწორი განმარტების შედეგად, 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით შპს „აჯადს“ შეუქმნა მონოპოლიური მდგომარეობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავოდ ქცეული სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №04/273 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან.
შპს ,,აჯადის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს ,,აჯადის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი