განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002103539
საქმე №3ბ/2203-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მა----- გო------–-ძე
წარმომადგენელი - ა----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენლები - მ-----------–-----------------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენლები - მა----- ი----–---–-----------------–-–---–-
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მა----- გო------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 18 თებერვალს მიღებული იქნა ბრძანება N19/ნ, რომლის თანახმად, დამტკიცდა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“ და ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი“.
მითითებული წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს, ხოლო მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1 (ტ.2, ს.ფ. 111-139);
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N150/17 ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სქემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელთა შორის, დანართი N8-ით დადგინდა ინგლისური ენის გამოცდის შეფასების სქემა.
მითითებული ბრძანების დანართი N8-ის მიხედვით, 2017 წლის ინგლისური ენის გამოცდის მე-4 ვარიანტის (Version 4), მე-2 დავალების (Task 2) პირველი საკითხის სწორ პასუხად მითითებულია - ,,T”; მე-3 დავალების (Task 3) მე-6 საკითხის - ,,F”; ხოლო მე-6 დავალების (Task 6) მე-9 საკითხის - ,,who/that”.
დანართი N8 ასევე განსაზღვრავს ინგლისური ენის გამოცდაზე შესასრულებელი წერილის შეფასების სქემას, რომლის თანახმად, მაქსიმალური ქულაა - 6. ამავე სქემის მიხედვით, წერილი 6 ქულით ფასდება, თუ ,,ნაწერი ძალიან კარგია. მოსაზრება კარგად ჩანს. გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა. სრულად პასუხობს დავალებას. შეცდომები არ არის, ან მინიმალურია“; 5 ქულით - ,,ნაწერი კარგია. მოსაზრება კარგად ჩანს. გამოყენებულია კარგი გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა. სრულად პასუხობს დავალებას. შეცდომები უმნიშვნელოა, ან ნაწერი ძალიან კარგია, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზეა გაცემული“; 4 ქულით - ,,ნაწერი საშუალო დონისაა. მოსაზრება ჩანს. გამოყენებულია საშუალო სირთულის გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა. შეცდომები ცოტაა (უმეტესწილად, ხელს არ უშლის აზრის გაგებას) ან მოცემულია პასუხების მექანიკური ჩამონათვალი, ან ნაწერი კარგია, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზეა გაცემული“; 3 ქულით - ,,ნაწერი საშუალოზე დაბალი დონისაა. გამოყენებულია მარტივი გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა. შეცდომები თვალშისაცემია (ხშირად ხელს უშლის აზრის გაგებას) ან ნაწერი საშუალო დონისაა, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ შეკითხვაზე გაცემული“; 2 ქულით - ,,ნაწერი სუსტია. გრამატიკა და ლექსიკა მეტად მარტივი და ერთფეროვანია, შეცდომები ხშირია, ან პასუხი გაცემულია მხოლოდ ერთ შეკითხვაზე ან დაწერილია მხოლოდ 2-3 ხაზი. აზრი, ზოგ შემთხვევაში, ბუნდოვანია“; 1 ქულით - ,,ნაწერი ძალიან სუსტია და/ან დაწერილია მხოლოდ 1-2 მოკლე წინადადება და/ან შეცდომები დაშვებულია ყოველ წინადადებაში. აზრი ბუნდოვანია“; 0 ქულით - ,,ნაწერი არ პასუხობს დავალებას ან ფურცელი ცარიელია ან მითითებულია სახელი და გვარი“ (ტ.3, ს.ფ. 249-257);
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 04 აგვისტოს N153/17 ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სქემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელთა შორის, დანართი N1-ით დადგინდა ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.
მითითებული დანართი N1-ის თანახმად, განისაზღვრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესასრულებელი არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, III კრიტერიუმით ფასდება ,,მსჯელობის დასაბუთება“. ამ კრიტერიუმში ნაშრომი 5 ქულით ფასდება, თუ ,,მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით“; 4 ქულით ,,მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით“; 3 ქულით - ,,მსჯელობა დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია“; 1 ქულით - ,,მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტების და/ან მაგალითების მოხმობისას დაშვებულია უზუსტობა ან ფაქტობრივი შეცდომა“; 0 ქულით - ,,მსჯელობა დასაბუთებული არ არის“.
IV კრიტერიუმით ფასდება ,,დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი განათლება“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა ზოგადი განათლება“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა ზოგადი განათლება და / ან დამოუკიდებელი აზროვნების უნარი“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ზოგადი განათლება“.
V კრიტერიუმით ფასდება ,,ლექსიკა და სტილი“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, დაცულია ნაშრომის სტილისტური ერთგვაროვნება. გვხვდება ორიოდე სტილისტური ხარვეზი“; 2 ქულით - ,,ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ გვხვდება სტილისტური ხარვეზები“; 1 ქულით - ,,ნაშრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა და სტილისტური ხარვეზები“; 0 ქულით - ,,ნაშრომი სტილისტურად გაუმართავია“.
ამავე შეფასების სქემის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი ვარიანტის (წაკითხულის გააზრება) მე-7 კითხვის პასუხად მითითებულია - ,,ა“.
2017 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შეფასების სქემით ასევე განისაზღვრა წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, III კრიტერიუმით ფასდება ,,მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება“. ამ კრიტერიუმში ნაშრომი 6 ქულით ფასდება, თუ ,,მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია (არგუმენტირებულია) და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით; 5 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითებაზე მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 4 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 3 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითებაზე მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 1 ქულით - ,,სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 0 ქულით - ,,ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერთი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული“.
V კრიტერიუმით ფასდება ,,დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება“. ამ კრიტერიუმში წერითი დავალება 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი განათლება“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლებაც და დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც; ან არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, აგრეთვე არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“.
IX კრიტერიუმით ფასდება ,,მორფოლოგია, ორთოგრაფია და პუნქტუაცია“. ამ კრიტერიუმში წერითი დავალება 2 ქულით ფასდება, თუ ,,არ არის ოთხზე მეტი ამ ტიპის შეცდომა“; 1 ქულით - ,,არ არის ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა“; 0 ქულით - ,,დაშვებულია ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა“ (ტ.3, ს.ფ. 235-248);
მა----- გო------–-ძემ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 44 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 77 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 42 ქულა (ნედლი ქულა) (ტ.3, ს.ფ. 297);
მა----- გო------–-ძემ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის (გამოცდის შტრიხკოდი 404869108), ასევე ინგლისური ენის გამოცდაში (გამოცდის შტრიხკოდი 429532506) მიღებული შედეგები გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. სხვა საგნებში (ზოგადი უნარები, ბიოლოგია) მიღებული ქულები მა----- გო------–-ძეს არ გაუსაჩივრებია.
2017 წლის 14 აგვისტოს, აბიტურიენტ მა----- გო------–-ძის მშობელმა - თამარ ბაკურაძემ განცხადებებით მიმართა ეროვნული გამოცდების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის სააპელაციო კომისიას. განცხადებებში მიუთითა, რომ რადგან საშუალება არ აქვთ გაპროტესტების ონლაინ რეჟიმში კომისიას წარუდგინონ მათი არგუმენტები თუ მოსაზრებები, აღნიშნული განცხადებებით განმცხადებელმა სააპელაციო კომისიას წარუდგინა მოსაზრებები, გასაჩივრებული დავალებების შეფასებების კონკრეტულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით (ტ.3, ს.ფ. 297);(ტ.1, ს.ფ. 217-229);
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ინგლისური ენის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კომისიამ განიხილა საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების შეფასების სისწორე და გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინგლისური ენის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებიდან: ა) 1194 დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლის მიერ სწორად იყო შეფასებული ინგლისური ენის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებში მითითებული ტესტური დავალებები; ბ) 74 დავალების სისწორე უნდა დაკმაყოფილდეს და აბიტურიენტს შეეცვალოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების/დავალებების შეფასება.
ამავე გადაწყვეტილების დანართის თანახმად, მა----- გო------–-ძის მიერ ინგლისური ენის დავალებებში (შტრიხკოდი: 429532506) მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი.
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების შეფასების სისწორე და გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებიდან: ა) 5721 დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლის მიერ სწორად იყო შეფასებული ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებში მითითებული ტესტური დავალებები; ბ) 238 დავალების სისწორე უნდა დაკმაყოფილდეს და აბიტურიენტს შეეცვალოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების/დავალებების შეფასება.
ამავე გადაწყვეტილების დანართის თანახმად, მა----- გო------–-ძეს ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ დავალებაში (შტრიხკოდი: 404869108, დავალება: 18.VIII) მოემატა 2 ქულა, ხოლო დანარჩენ დავალებებში მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი.
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვადასხვა საგნების დახურულბოლოიანი დავალებების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ განიხილა დანართში მითითებული დახურულბოლოიანი დავალებების სისწორე და გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგადი უნარების შედეგებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვადასხვა საგნების დახურულბოლოიანი დავალებების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებიდან: დ.ა) 1155 დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლების მიერ სწორად იყო შეფასებული ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებში მითითებული ტესტური დავალებები; კ.ა) 6090 დავალების შეფასების სისწორე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამსწორებლების მიერ სწორად იყო შეფასებული ინგლისური ენის შედეგების გასაჩივრების თაობაზე წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადებში მითითებული ტესტური დავალებები.
მითითებული გადაწყვეტილების დანართი N4-ის თანახმად, მა----- გო------–-ძის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის დახურულბოლოიან დავალებებში (შტრიხკოდი: 404869108) მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი, ხოლო დანართი N10-ის მიხედვით, უცვლელი დარჩა ასევე მა----- გო------–-ძის მიერ ინგლისური ენის გამოცდის დახურულბოლოიან დავალებებში (შტრიხკოდი: 429532506) მიღებული შეფასებებიც.
გასაჩივრების შედეგების გათვალისწინებით, მა----- გო------–-ძის მიერ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შეფასებები (გათანაბრებული ქულები) განისაზღვრა შემდეგნაირად: 1) ქართული ენა და ლიტერატურა - 55 ქულა (სკალირებული ქულა 158.5), 2) ზოგადი უნარები - 48.19 ქულა (სკალირებული ქულა 159.3), 3) ინგლისური ენა - 78.81 ქულა (სკალირებული ქულა 169.4), 4) ბიოლოგია - 42 ქულა (სკალირებული ქულა 155.3).
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საკონკურსო ქულების საფუძველზე, მა----- გო------–-ძე ჩაირიცხა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე, თუმცა მან ვერ მიიღო სასწავლო გრანტი (ტ.3, ს.ფ. 297) (ტ.3, ს.ფ. 167, 298-301, 308-311, 315-318);
2017 წლის 17 აგვისტოს, აბიტურიენტ მა----- გო------–-ძის წარმომადგენელმა თამარ ბაკურაძემ განცხადებით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ ითხოვს: 1) წერილობით განმარტებას და დასაბუთებას, რა გამართლება აქვს უნარების გამოცდის სკალირებული ქულის 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებას; 2) განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 3) ნორმატიულ აქტზე მითითებას, რომლის საფუძველზეც ეზღუდება აპელაციისას არგუმენტების წარდგების უფლება; 4) მათ მიერ აღნიშნულ ყველა იმ საკითხში, როდესაც დასტურდება შეცდომა თავად ტესტში, გაუქმდეს ან გადასწორდეს პასუხი ყველა იმ აბიტურიენტის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისი პასუხები ,,სწორად“ იქნა ჩათვლილი.
აღნიშნული განცხადების პასუხად, 2017 წლის 24 აგვისტოს, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა MES 1 17 00974383 წერილით მიმართა თამარ ბაკურაძეს და აცნობა შემდეგი: პირველ საკითხთან დაკავშირებით - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში - 1.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ცოდნისა და უნარების კომპლექსური შეფასების პრინციპს ეფუძნება. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენისა და ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საგნის ცოდნის პარალელურად ფასდება აბიტურიენტის უნარი, გაიაზროს ახალი ინფორმაცია, შეძლოს ამ ინფორმაციის ადეკვატურად გადამუშავება, ლოგიკური მსჯელობა, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომა. ეს უნარები აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცოდნის შესაძენად. შესაბამისად, ზოგადი უნარების ტესტირება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტების შესაძლო წარმატების პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს. ხშირად მოსწავლეები საშუალო სკოლაში სწავლის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ ყველა საგანში ცოდნის სათანადო დონეზე შეძენას. ზოგადი უნარების შემოწმება ასეთ მოსწავლეებს დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგრანტო ქულის გამოთვლისას ზოგადი უნარების გამოცდის ქულა გამრავლებულიყო კოეფიციენტზე 1.5. ამით მეტად იქნა დაცული ცოდნისა და უნარების კომპლექსური შეფასების პრინციპი - ჯამურ საგრანტო ქულაში დაბალანსებულად აისახა აბიტურიენტის, როგორც ცოდნა (სამი საგამოცდო საგნის შეფასება), ასევე უნარები (ერთი საგამოცდო საგნის შეფასება X 1.5).
მეორე და მესამე საკითხებთან დაკავშირებით - ზემოაღნიშნული დებულების 301 მუხლის 11 პუნქტისა და 306 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აპლიკანტის მიერ წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საგნობრივი კომისია. ამასთან, გასწორების პროცესში, ასევე საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დაცულია ნაშრომის კონფიდენციალურობა. რაც გულისხმობს იმას, რომ საგნობრივ კომისიას არ აქვს/არ შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია აბიტურიენტის თაობაზე და ის განიხილვას მხოლოდ კონკრეტული დავალების (დავალებას მინიჭებული აქვს კოდი) შეფასების სისწორეს.
2) მეოთხე საკითხთან დაკავშირებით - განმცხადებელს წარედგინა არგუმენტირებული პასუხი თითოეული დავალების თაობაზე, დანართის სახით (ტ.1, ს.ფ. 407-426);
2017 წლის 26 სექტემბერს, აბიტურიენტ მა----- გო------–-ძის წარმომადგენელმა თამარ ბაკურაძემ საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოითხოვა: 1) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში პირადად ჩართვა; 2) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის 24.08.2017 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის - პასუხის ბათილად ცნობა; 3) დაევალოს კომპეტენტურ, მიუკერძოებელ, გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან დამოუკიდებელ კომისიას, საფუძვლიანად შეამოწმოს მათ მიერ მითითებული დარღვევები; 4) კომპეტენტური და დამოუკიდებელი კომისიის დასკვნების საფუძველზე სათანადო რეაგირების მოხდენა; 5) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მათი კანონიერი უფლების შელახვის გამო ზომების მიღება, რადგან ცენტრმა არ შეასრულა მათი კანონიერი მოთხოვნა ჩაერთო განმცხადებელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც შეეზღუდათ უფლება დაესაბუთებინათ მათი პოზიცია; 6) უნარების გაზრდილი წონის გაუქმება; 7) დაევალოს ცენტრს უზრუნველყოს საგამოცდო პროცესის სრული გამჭვირვალობა; 8) დაევალოს ცენტრს შეიმუშავოს რეგულაცია ტესტში აღმოჩენილი შეცდომების შემთხვევაში გასატარებელი ზომების შესახებ; 9) შეიცვალოს გაპროტესტების საფასური; 10) შეიცვალოს გაპროტესტების წესები და უზრუნველყოფილ იქნას გამპროტესტებლის მიერ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 28 სექტემბერს, MES 1 17 01173778 წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესული - თამარ ბაკურაძის 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი (სამინისტროში რეგისტრაციის N1156930; 26.09.2017), ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ამავე წერილით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეთხოვა პასუხი ეცნობებინა საჩივრის ავტორისათვის. აღნიშნული წერილის ასლი ასევე გადაეგზავნა თამარ ბაკურაძეს.
2017 წლის 29 სექტემბერს, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა MES 6 17 01181530 წერილით მიმართა თამარ ბაკურაძეს და მიუთითა, რომ ცენტრმა განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის N1173778 კორესპონდენციით გადმოგზავნილი თამარ ბაკურაძის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ამასთან, აცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნულ დავალებათა შინაარსობრივ ნაწილზე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც განმცხადებელს ეცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 24 აგვისტოს N974383 წერილის საფუძველზე. ამდენად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი განეხილა ხელახლა.
განცხადებაში აღნიშნულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქმიანობას ახორციელებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვით და მათგან გამომდინარე დადგენილი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამავე წერილით, თამარ ბაკურაძეს, ცენტრის მიერ დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (ტ.1, 104-105, ს.ფ. 384-406);
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 08 აგვისტოს N120/18 ბრძანებით, დამტკიცდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სქემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელთა შორის, დანართი N1-ით დადგინდა ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.
მითითებული დანართი N1-ის თანახმად, განისაზღვრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესასრულებელი არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, III კრიტერიუმით ფასდება ,,პრობლემის გააზრება“. ამ კრიტერიუმში ნაშრომი 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა, აბიტურიენტის ინფორმირებულობა და ერუდიცია“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა, აბიტურიენტის ინფორმირებულობა და ერუდიცია“; 1 ქულით - ,,ნაშრომში გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზერელე ცოდნა, არ ჩანს აბიტურიენტის სათანადო ინფორმირებულობა და ერუდიცია“; 0 ქულით - ,,აბიტურიენტი ვერ ერკვევა განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში“.
IV კრიტერიუმით ფასდება ,,მსჯელობის დასაბუთება“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 5 ქულით ფასდება, თუ ,,მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით“; 4 ქულით ,,მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით“; 3 ქულით - ,,მსჯელობა დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია“; 1 ქულით - ,,მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტები და/ან მაგალითები არაადეკვატურია“; 0 ქულით - ,,მსჯელობა დასაბუთებული არ არის“.
V კრიტერიუმით ფასდება ,,დამოუკიდებელი აზროვნება“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 2 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი“.
VII კრიტერიუმით ფასდება ,,ლექსიკა და სტილი“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება, აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, გვხვდება ორიოდე სტილისტიკური ხარვეზი“; 2 ქულით - ,,ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, მთლიანობაში დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება, აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ გვხვდება რამდენიმე სტილისტიკური ხარვეზი“; 1 ქულით - ,,ნაშრომის სტილი ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ცალკეულ შემთხვევებში დარღვეულია სტილის ერთგვაროვნება; აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება არაადეკვატური ლექსიკა და სტილისტიკური ხარვეზები“; 0 ქულით - ,,ნაშრომის სტილი მთლიანობაში არ შეესაბამება დასმულ ამოცანას, სტილისტიკურად გაუმართავია“.
IX კრიტერიუმით ფასდება ,,პუნქტუაცია“. ამ კრიტერიუმში არგუმენტირებული ესე 2 ქულით ფასდება, თუ ,,არ არის დაშვებული სამზე მეტი შეცდომა“; 1 ქულით - ,,არ არის დაშვებული ექვსზე მეტი შეცდომა“; 0 ქულით - ,,დაშვებულია ექვსზე მეტი შეცდომა“.
დანართი N1-ში მითითებულია ასევე 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესასრულებელი წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები. I კრიტერიუმით ფასდება ,,დავალების ადეკვატურად გაგება და გააზრება“. ამ კრიტერიუმში წერითი დავალება 4 ქულით ფასდება, თუ ,,დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული, ტექსტი ღრმადაა გააზრებული, ნაშრომში იგრძნობა ავტორის უმთავრესი სათქმელისა და ემოციური მიზანდასახულობის წვდომა“; 3 ქულით - ,,დავალების პირობა და ტექსტი ადეკვატურადაა გაგებული“; 2 ქულით - ,,დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში ადეკვატურადაა გაგებული და გააზრებული, თუმცა ერთ შემთხვევაში შეინიშნება დავალების პირობის ან ტექსტის არაადეკვატური გაგება“; 1 ქულით - ,,ერთზე მეტ შემთხვევაში დავალების პირობა ან/და ტექსტი არაადეკვატურადაა გაგებული“; 0 ქულით (ნაწერი აღარ სწორდება) - ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული;
III კრიტერიუმით ფასდება ,,მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება“. ამ კრიტერიუმში წერითი დავალება 6 ქულით ფასდება, თუ ,,მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია (არგუმენტირებულია) და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით“; 5 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითებაზე მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 4 ქულით - ,,მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 3 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითებაზე მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 2 ქულით - ,,მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული)“; 1 ქულით - სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით“; 0 ქულით - ,,ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერთი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული“.
V კრიტერიუმით ფასდება ,,დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება“. ამ კრიტერიუმში წერითი დავალება 3 ქულით ფასდება, თუ ,,ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი განათლება“; 2 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“; 1 ქულით - ,,ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლებაც და დამოუკიდებელი აზროვნების უნარიც; ან არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“; 0 ქულით - ,,ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, აგრეთვე არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“(ტ.3, ს.ფ. 393-416);
მა----- გო------–-ძემ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 57 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 86 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 51 ქულა (ნედლი ქულა) (ტ.3, ს.ფ. 54, 428);
მა----- გო------–-ძემ 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული შედეგი გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. სხვა საგნებში (ზოგადი უნარები, ინგლისური ენა, ბიოლოგია) მიღებული ქულები მა----- გო------–-ძეს არ გაუსაჩივრებია.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი კომისიის მიერ მა----- გო------–-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მის მიერ 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული შეფასება დარჩა უცვლელი. ამდენად, მა----- გო------–-ძის მიერ 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შეფასებები (გათანაბრებული ქულები) განისაზღვრა შემდეგნაირად: 1) ქართული ენა და ლიტერატურა - 53 ქულა (სკალირებული ქულა 158.4), 2) ზოგადი უნარები - 59.24 ქულა (სკალირებული ქულა 168.8), 3) ინგლისური ენა - 86 ქულა (სკალირებული ქულა 171.8), 4) ბიოლოგია - 51 ქულა (სკალირებული ქულა 162).
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საკონკურსო ქულების საფუძველზე, მა----- გო------–-ძე ჩაირიცხა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე, თუმცა მან ვერ მიიღო სასწავლო გრანტი (ტ.3, ს.ფ. 166, 423-428);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესით“ დადგენილი ზემოაღნიშნული ნორმა (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი) ეწინააღმდეგება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და ახდენს აბიტურიენტთა დისკრიმინაციას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ გრანტის განაწილება მხოლოდ უნარების შედეგის მიხედვით აღარ ხდება და ოთხივე საგნის შედეგების დაჯამება ხდება, რეალურად გრანტის განაწილება ისევ დამოკიდებულია ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა მიერ უნარების გამოცდაში მიღებული ქულების რაოდენობაზე, რადგან უნარების გამოცდაში მიღებული ქულების ოდენობას აქვს სხვა საგნებისგან განსხვავებული წონა - 1.5. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო გრანტის დაფინანსების პროგრამაში რეალურად ხვდებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც სხვებზე დაბალი ქულათა მაჩვენებელი აქვთ პროფესიულ საგნებში და საერთო ჯამშიც, თუმცა აქვთ უფრო მაღალი მაჩვენებელი უნარების გამოცდაში, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ზიანს აყენებს მას, როგორც აბიტურიენტს, ვინაიდან მის მიერ მისაღები შედეგების შესაბამისად, შესაძლოა ვერ მიიღოს სახელმწიფო გრანტი მხოლოდ იმის გამო, რომ უნარების ქულების 1,5 კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად, აბიტურიენტთა შედეგებს შორის სხვაობა ხელოვნურად იზრდება. აღნიშნული ქმედებით, კი მოსარჩელის განმარტებით, ხდება უნარების შედეგებით მანიპულირება, რომელიც სასკოლო საგანს საერთოდ არ წარმოადგენს და საბოლოოდ ხდება აბიტურიენტთა დისკრიმინაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვერ ასახელებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მიზნებიდან, კონკრეტულად რომელ მიზანს ან რატომ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სხვა აბიტურიენტებთან შედარებით ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული დაბალი ქულის გამო, ვერც 2017 და ვერც 2018 წელს ვერ მიიღო სახელმწიფო სასწავლო გრანტი, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი განათლების მიღების უფლების დაცვა და ამით დაირღვა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი“ არ ეწინააღმდეგება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთ მიზანს.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არარელევანტურია მოსარჩელე მხარის აპელირება აბიტურიენტთა დისკრიმინაციაზე. დისკრიმინაციის ცნებასა და სახეეებს განსაზღვრავს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისთვის მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ნიშნის განსაზღვრა, რომლის გამოც მხარის პოზიციით, ხდება თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების არსებითად უთანასწორო პირობებში ჩაყენება ან პირიქით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვერ ასახელებს მითითებული კანონით განსაზღვრული რომელი ნიშნით ხდება აბიუტურიენტთა დისკრიმინაცია.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) არ შეიცავს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რომელიმე ნიშნით დადგენილ, დისკრიმინაციულ შინაარსს. ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველა აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგანში მიღებულ ქულას ენიჭება ერთნაირი წონა (1), გარდა ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული ქულისა (წონა 1.5). ამდენად, ადგილი არ აქვს სხვადასხვა აბიტურიენტების მიერ ერთნაირ საგნებში მიღებული ქულებისთვის განსხვავებული წონის მინიჭებას, შესაბამისად, ადგილი არ აქვს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, პირიქით, სახეზეა სხვადასხვა მდგომარეობაში (ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სხვადასხვა შეფასებების გათვალისწინებით) მყოფი პირების - აბიტურიენტების განსხვავებულ პირობებში ჩაყენება (ზოგი იღებს სახელმწიფო გრანტს, ზოგი ვერა), რაც არ წარმოადგენს დისკრიმინაციას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, თითოეულ საგანში მიღებული ,,ნედლი ქულა“ არ წარმოადგენს მის საბოლოო შეფასებას და საკონკურსო ქულას, ცენტრის მიერ ხდება მისი გათანაბრება, რანჟირება და სკალირება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნას კონკრეტული აბიტურიენტების მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებად, ისევე როგორც არ შეიძლება დისკრიმინაციას წარმოადგენდეს კონკრეტულ გამოცდაში (ზოგადი უნარები) მიღებული ქულისთვის განსხვავებული საგამოცდო წონის მინიჭება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად. ამასთან, სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ დადგინდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი რაიმე პროცედურის დარღვევა. ამგვარი დარღვევის თაობაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა. ამდენად, ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მა----- გო------–-ძის მიერ 2017 - 2018 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, რომლითაც მა----- გო------–-ძეს 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შეფასებებზე მოემატება ქულები. კერძოდ, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში მოემატება 5 ქულა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 7 ქულა, უნარებში 1 ქულა. ასევე, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოემატება 8 ქულა, ინგლისურში 1 ქულა, ბიოლოგიაში 2 ქულა.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მა----- გო------–-ძემ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 44 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 77 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 42 ქულა (ნედლი ქულა). მოსარჩელემ ასევე მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 57 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 86 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 51 ქულა (ნედლი ქულა).
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N150/17 ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სქემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელთა შორის, დანართი N8-ით დადგინდა ინგლისური ენის გამოცდის შეფასების სქემა. ასევე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 04 აგვისტოს N153/17 ბრძანებით, დანართი N1-ის სახით დამტკიცებული იქნა 2017 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.
სასამართლომ მიუთითა ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით. აღნიშნული დებულების 301 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
დადგენილია, რომ მა----- გო------–-ძემ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის (გამოცდის შტრიხკოდი 404869108), ასევე ინგლისური ენის გამოცდაში (გამოცდის შტრიხკოდი 429532506) მიღებული შედეგები გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში. გასაჩივრების შედეგად მოსარჩელეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მოემატა 2 ქულა, ხოლო ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული შეფასება დარჩა უცვლელი. რაც შეეხება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდი შედეგებს, მა----- გო------–-ძის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ კომისიაში ასევე არ ყოფილა გასაჩივრებული 2018 წლის ინგლისური ენისა და ბიოლოგიის გამოცდის შედეგები. მოსარჩელემ გაასაჩივრა მხოლოდ 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს მა----- გო------–-ძის მიმართ, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს - მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაზე“, რომლის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ამავე დებულების 27-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ. ამდენად, კანონმდებელმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებისას, საჩივრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგნობრივი კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. კომისიის მიერ სხვადასხვა საგამოცდო დავალებების, აბიტურიენტების მიერ გაცემული პასუხებისა და მათი შეფასების შედეგად დაწერილი ქულების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით საგამოცდო კომისიის/საგნობრივი კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.
სასამართლომ განმარტა, რომ საგამოცდო/საგნობრივი კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნამუშევრის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგნობრივი კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდის 32-ე დავალებასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მა----- გო------–-ძეს 2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ კომისიაში არ გაუსაჩივრებია, რომელიც უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განეხილა საჩივარი გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით და ემსჯელა კონკრეტული დავალებების, მიღებული შეფასებების/ქულების მიზანშეწონილობაზე. ამასთან, სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება სწორედ საგნობრივი კომისიის მიერ, გამოცდების შედეგებზე წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე, სასამართლოს არ გააჩნია 2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდის დავალების საფუძვლიანობაზე არსებითად მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა, ვინაიდან იგი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა გასაჩივრებული და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მა----- გო------–-ძის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ კომისიაში ასევე არ ყოფილა გასაჩივრებული 2018 წლის ინგლისური ენისა და ბიოლოგიის გამოცდის შედეგები. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული გამოცდების შედეგები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა გასაჩივრებული, მა----- გო------–-ძეს ისინი კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მათი შეფასება, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 08 აგვისტოს N120/18 ბრძანებაზე, რომლის დანართი N1-ით დამტკიცდა 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შეფასების სქემა.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის ქართული ენისა და ლიტარატურის გამოცდაზე შესრულებული არგუმენტირებული ესეს შეფასებას მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის შეფასების III, IV, V, VII და IX კრიტერიუმებთან მიმართებაში, ხოლო წერითი დავალების შეფასებას შეფასების I, III და V კრიტერიუმებთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებებს ემყარება და არ შეიცავს მყარ დასაბუთებას. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ საგანში შესრულებული წერილობითი დავალება (არგუმენტირებული ესე, თემა) შეაფასა გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კომისიამ რა დროსაც დარღვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი პროცედურული წესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, გასაჩივრებულ ნაწილში მა----- გო------–-ძის მიერ 2017 და 2018 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებები, შესაბამისი საგნობრივი კომისიების მიერ შეფასებული იქნა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ კონკრეტული წლებისთვის (2017, 2018) და კონკრეტული საგნებისთვის დამტკიცებული შეფასების სქემების მიხედვით. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს აბიტურიენტის შეფასების პროცედურული ნორმების დარღვევას, შესაბამისად, მა----- გო------–-ძის სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნით ასაჩივრებს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილს, რომლითაც თამარ ბაკურაძეს (მა----- გო------–-ძის მშობელს) ეცნობა ცენტრის განმარტებები მის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებზე, სადაც განმცხადებელი ითხოვდა: 1) წერილობით განმარტებას და დასაბუთებას, რა გამართლება აქვს უნარების გამოცდის სკალირებული ქულის 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებას; 2) განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 3) ნორმატიულ აქტზე მითითებას, რომლის საფუძველზეც ეზღუდება აპელაციისას არგუმენტების წარდგების უფლება; 4) მათ მიერ აღნიშნულ ყველა იმ საკითხში, როდესაც დასტურდება შეცდომა თავად ტესტში, გაუქმდეს ან გადასწორდეს პასუხი ყველა იმ აბიტურიენტის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისი პასუხები ,,სწორად“ იქნა ჩათვლილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მა----- გო------–-სთვის არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განცხადება მოსარჩელე მხარის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი იქნა მის მიერ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რაზეც საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კომისიის გადაწყვეტილებები კი მოსარჩელეს, აღნიშნული სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებული აქვს. სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს #MES 1 17 00974383 წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტია, რომლითაც განმცხადებელს მიეწოდა ინფორმაცია/ცენტრის პოზიცია 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის MES 1 17 01173778 წერილს, რომლითაც სამინისტრომ მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესული - თამარ ბაკურაძის 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი (სამინისტროში რეგისტრაციის N1156930; 26.09.2017), ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და იგი ვალდებული იყო განეხილა მისი 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ეს არგუმენტაცია და ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარზე, რომლითაც მა----- გო------–-ძის წარმომადგენელი თამარ ბაკურაძე ითხოვდა: 1) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 2) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის 24.08.2017 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის - პასუხის ბათილად ცნობას; 3) დაევალოს კომპეტენტურ, მიუკერძოებელ, გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან დამოუკიდებელ კომისიას, საფუძვლიანად შეამოწმოს მათ მიერ მითითებული დარღვევები; 4) კომპეტენტური და დამოუკიდებელი კომისიის დასკვნების საფუძველზე სათანადო რეაგირების მოხდენას; 5) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მათი კანონიერი უფლების შელახვის გამო ზომების მიღებას, რადგან ცენტრმა არ შეასრულა მათი კანონიერი მოთხოვნა ჩაერთო განმცხადებელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც შეეზღუდათ უფლება დაესაბუთებინათ მათი პოზიცია; 6) უნარების გაზრდილი წონის გაუქმებას; 7) დაევალოს ცენტრს უზრუნველყოს საგამოცდო პროცესის სრული გამჭვირვალობა; 8) დაევალოს ცენტრს შეიმუშავოს რეგულაცია ტესტში აღმოჩენილი შეცდომების შემთხვევაში გასატარებელი ზომების შესახებ; 9) შეიცვალოს გაპროტესტების საფასური; 10)შეიცვალოს გაპროტესტების წესები და უზრუნველყოფილ იქნას გამპროტესტებლის მიერ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, საჩივრის მოთხოვნების ნაწილი შეეხებოდა მა----- გო------–-ძის მიერ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული წერილობითი პასუხის - 24.08.2017 წლის წერილის ბათილად ცნობას, ასევე ცენტრის მიერ განხილული სადავო დავალებების ხელახალ განხილვას და შეფასებას, სხვა კომისიის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა მის მიერ სადავოდ გამხდარი დავალებების, როგორც თავდაპირველ, ისე აპელაციის შემდგომ შეფასებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხები არ წარმოადგენდა სამინისტროს მიერ განსახილველ საკითხებს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მასთან შესული 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი, მასში დასმულ საკითხებზე შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით, გადაეგზავნა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის MES 1 17 01173778 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილს, სადაც მიეთითა, რომ ცენტრმა განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის N1173778 კორესპონდენციით გადმოგზავნილი თამარ ბაკურაძის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით და განმცხადებელს აცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნულ დავალებათა შინაარსობრივ ნაწილზე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თამარ ბაკურაძეს ეცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 24 აგვისტოს N974383 წერილის საფუძველზე. ამდენად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი ხელახლა განეხილა .
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე შემოიფარგლ მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევაზე აპელირებით და კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რატომ არის უკანონო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილი.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, აბიტურიენტ მა----- გო------–-ძის წარმომადგენელმა თამარ ბაკურაძემ განცხადებით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ ითხოვს: 1) წერილობით განმარტებას და დასაბუთებას, რა გამართლება აქვს უნარების გამოცდის სკალირებული ქულის 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებას; 2) განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 3) ნორმატიულ აქტზე მითითებას, რომლის საფუძველზეც ეზღუდება აპელაციისას არგუმენტების წარდგების უფლება; 4) მათ მიერ აღნიშნულ ყველა იმ საკითხში, როდესაც დასტურდება შეცდომა თავად ტესტში, გაუქმდეს ან გადასწორდეს პასუხი ყველა იმ აბიტურიენტის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისი პასუხები ,,სწორად“ იქნა ჩათვლილი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა MES 1 17 00974383 წერილით მიმართა თამარ ბაკურაძეს (მა----- გო------–-ძის მშობელს) და აცნობა ცენტრის განმარტებები მის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებზე. ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივრით თამარ ბაკურაძე კვლავ ითხოვდა განმარტებებს 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში მითითებულ საკითხებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილი იყო აღარ განეხილა საჩივარში დაყენებული ანალოგიური საკითხებ, ვინაიდან განმცხადებელს აღნიშნულ დავალებებზე ცენტრის მიერ მომზადებული განმარტებების შესახებ ეცნობა 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილით. 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებითად შეეხებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შეცვლას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხებზე განმცხადებელს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განემარტა სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შესახებ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მითითებით, შემთხვევაში, მა----- გო------–-ძე ასევე ითხოვს მოპასუხე მხარისთვის მის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის - 4000 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მატერიალური ზიანი მას მიადგა 1 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განმეორებით მომზადებით, რაც ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა აღნიშნული დანახარჯების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მორალური ზიანი ასევე უკავშირდება 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განმეორებით გასვლას, რის გამოც მან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი განიცადა.
სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი როგორც 2017, ასევე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მა----- გო------–-ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N MES 1 17 01173778 პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს აპელანტს, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით, აპელანტს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, რომლის განხილვის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა სხვაგვარი და დღეს მათი დარღვეული უფლება შესაძლოა აღდგენილიყო.
აპელანტის მითითებით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო არის სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო - ის ახორციელებს ცენტრის სრულ კონტროლს და ამტკიცებს მის დებულებას, თანამდებობის პირებს, ბრძანებებს და ა.შ. სასამართლომ სამინისტროს მოქმედება კანონიერად ჩათვალა, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა როგორც კანონთან, ისე საკუთარ განჩინებებთან, კერძოდ: ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ პირველსავე 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში ხარვეზის დადგენის შესახებ, სასამართლომ პირდაპირ მიუთითა მოსარჩელეს, ჰქონდა თუ არა მას გამოყენებული ზემდგომ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების უფლება და დააკონკრეტა, რომ ეს ორგანო არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - იხ. 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება, გვ. 3. ამასთან, 2018 წლის 21 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მან არ დააკმაყოფილა სამინისტროს შუამდგომლობა, რომლითაც სამინისტრო აცხადებდა რომ არ იყო ცენტრის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და ითხოვდა ამ საფუძვლით მის მიმართ საქმის შეწყვეტას. ამდენად, სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება კანონს, რომლითაც სამინისტრო ნამდვილად არის ცენტრის ზემდგომი ორგანო, რადგან სწორედ სამინისტროა ის ორგანო, რომელიც ამტკიცებს აღნიშნული ცენტრის საგნობრივი და საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ხოლო, მერე მხრივ, სასამართლო ეწინააღმდეგება 2017 წლის 28 სექტემბრისა და 2018 წლის 21 დეკემბრის საკუთარ განჩინებებს, რომლებითაც ის სამინისტროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევს.
აპელანტის მითითებით, სამინისტრომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი: ,,უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე 1. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. 3. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. 4. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.“ სამინისტრომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლი: ,,დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში“, როგორც სამინისტრომ, ისე სასამართლომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი: „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.“ 96-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები: არ უზრუნველყო ჩვენ მიერ მითითებული გარემოებების სათანადოდ შემოწმება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სამინისტრომ საერთოდ არ განიხილა ჩვენი დასაბუთებული პრეტენზია და საქმე განსახილველად ყველანაირი გამოკვლევის გარეშე გადაუგზავნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რითაც მომადგა გამოუსწორებელი ზიანი.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ შელახა მათი უფლებები და მიკერძოებულად და არაობიექტურად წარმართა სასამართლო პროცესი. მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ცენტრის წარმომადგენელთა სუბიექტურ მოსაზრებებს, რითაც დაირღვა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნები და სამართლის ამოსავალი პრინციპი: შეჯიბრობითობ -. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული ინკვიზიციურობის უფლება, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი: სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა იმ დროს, როცა კანონით ადმნისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებობს სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპი, რაც გულისხმობს აქტიურ სასამართლოს, რომელიც თავისი სამსახურებრივი ვალდებულების ძალით იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე - სასკს მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილი. სასამართლო ვალდებულია, იქონიოს მსჯელობა იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასამართლომ სრული „კომფორტი“ შეუქმნა მოწინააღმდეგე მხარეს - ცენტრს, რაც შემდეგში გამოიხატა: ა) მოსამართლემ არ გაატარა კანონით და საკუთარი განჩინებებით დადგენილი ზომები. კერძოდ, 2018 წლის 17. სექტემბრის განჩინებით ცენტრს დაევალა ყველა დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა 10 დღის ვადაში, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ცენტრი უნდა დაჯარიმებულიყო კანონით გათვალისწინებული წესით. ცენტრს საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია - მისი წარმომადგენლების სუბიექტური და დაუსაბუთებელი მოსაზრებებიც კი მან მხოლოდ 2019 წელს მთავარი სხდომის წინ წარმოადგინა.
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 21 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოსარჩელე მხარე, სასამართლოს მიმართა შეესრულებინა კანონის მოთხოვნები და საკუთარი განჩინება და დაეჯარიმებინა ცენტრი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, რაზეც მოსამართლემ დუმილით უპასუხა. შესაბამისად, მან დაარღვია კანონი. ასევე, 2018 წლის თებერვალში გამართულ პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, ცენტრმა მოსარჩელეს შესთავაზა მორიგება, რასაც, მოსარჩელის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე დათანხმდა ისე, რომ არ დაუნიშნავს კონკრეტული ვადა მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად. მოსამართლემ შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია, როდესაც არ გაითვალისწინა ის, რომ ცენტრი მუდმივად იტყუებოდა: როგორც მორიგების შემოთავაზების, ისე 2019 წლის 19 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის რეალური მიზეზის დამალვისას - 2019 წლის 19 თებერვალს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ცენტრის იურისტმა სასამართლოს წარუდგინა სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა იმ საბაბით, რომ მან რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში უნდა გამოცხადებული მაშინ, როცა დგინდება, რომ ის იქ მეორე იურისტად იყო წარმოდგენილი და შეეძლო საერთოდ არ მისულიყო (პირველი იურისტი გახლდათ ნიკოლოზ ქველიძე). ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ცენტრს საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ცენტრის იურისტი მუდმივად ცდილობდა საქმის განზრახ გაჭიანურებას, ატყუებდა სასამართლოს და ეთხოვა მოსამართლეს, მის დაუსწრებლად განეხილა სარჩელი, მოსამართლემ კი უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ კითხვები ჰქონდა ცენტრთან, თუმცა პროცესის განმავლობაში მისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს. ბოლოს 2019 წლის 8 მაისს გამართულ მთავარ სხდომაზე 2018 წლის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებების წარმოუდგენლობის მიზეზად ცენტრის იურისტმა ისეთი ტყუილიც კი იკადრა, რომ სასამართლოს განუცხადა, თითქოს 2018 წლის სექტემბერს გაგზავნილი დაზუსტებული სარჩელი, არ ჰქონდა ჩაბარებული. შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, მოსამართლემ ცენტრს ყველაფერი აპატია და რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, ფაქტობრივ გარემოებათა არსებითი განხილვის გარეშე, მტკიცებულებების იგნონირებისა და დამალვის გზით მიიღო მოსარჩელის უფლებების შემლახავი სრულიად ფორმალური გადაწყვეტილება.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განიცდიდა მუდმივ შევიწროებას სასამართლოს მხრიდან. კერძოდ, მთავარ სხდომებზე მოსამართლე სისტემატურად უზღუდავდა მოსარჩელეს აზრის გამოთქმის საშუალებას, რამდენჯერმე გააფრთხილა კიდეც, რომ გააძევებდა; მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა კითხვების დასმის უფლება - მხოლოდ 5 კითხვის დასმის უფლება მისცა და აუკრძალა საკითხების არსებით მხარეზე კითხვების დასმა, ხოლო როდესაც მოსარჩელე მხარემ დასვა სრულიად კანონზომიერი და საკვანძო კითხვა: რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში, კონკრეტულად ევროკონვენციას მიერთებულ რომელ ქვეყანაში, აქვს ადგილი უნარების საგნისათვის 1.5 კოეფიციენტით გაზრდილი წონის დაწესებას, მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარეს უბრძანა, პასუხი არ გაეცათ ამ შეკითხვაზე, რომელიც უშუალო და პირდაპირ შეხებაშია აღნიშნულ საქმესთან (იხ. 2019 წლის 8 მაისის ბოლო მთავარი სხდომის უადიო ჩანაწერი). აპელანტის მითითებით, საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე ნორმის ევროკონვენციას მიერთებული სახელმწიფოების კანონმდებლობებთან წინააღმდეგობრიობა მისი ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს მა----- გო------–-ძის მიმართ კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს. აღნიშნულმა სასამართლო პროცესმა დაადასტურა ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ სასამართლოში ჩივილს აზრი არა აქვს, რომ ისედაც დაზარალებულებს სასამართლო კიდევ უფრო აზარალებს, როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ ფორმალური უფლებაა და სასამართლოს ბიუჯეტის შევსების გარდა სხვა მიზანს არ ემსახურება. დისკრეციული უფლებამოსილება ავტორიტარიზმს არ ნიშნავს. როდესაც სასამართლოს წინაშე წარდგენილია ისეთი არგუმენტები, რომლებიც ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე მტკიცებასაც კი არ საჭიროებს, და სასამართლო მაინც დისკრეციულ უფლებამოსილებაზე აპელირებს, ეს მხოლოდ მის არაეფექტურობასა და მიკერძოებაზე მიუთითებს, მაშინ, როცა მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოზე მოდის.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. აპელანტის მითითებით, ისინი სწორედ კანონიერების შემოწმებას ითხოვდნენ, რადგან არ შეიძლება კანონიერი იყოს გრამატიკული და ენობრივი ნორმების არასწორი ინტერპრეტაცია. აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ენათმეცნიერების ინსტიტუტის დასკვნის საწინააღმდეგოდ, ცენტრის „ექსპერტები“ მიიჩნევენ, რომ სახელობითი ბრუნვა არის ნათესაობითი ბრუნვა, რომ „ძნელად თუ მოიძებნება“ ნიშნავს, რომ „არ მოიძებნება“ და ა.შ. აპელანტის განმარტებით, რეალურად თუ ვინმეს მიზანშეუწონლობაზეა ლაპარაკი, ეს სწორედ რომ ცენტრის წარმომადგენლებს მიემართება და არა მოსარჩელეებს, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებისა და სახელმძღვანელობის საფუძველზე ამტკიცებენ მარტივ ჭეშმარიტებებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. თუმცა უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი შეხედულებების, სურვილების მიხედვით, მოითხოვოს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება, თუკი ეს ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა განმტკიცებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
განსახილველ შემთხვევაში, ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის" ნაწილობრივ, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ისევე როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები, რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს. ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და გ) ქცევის ზოგადი წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს სადავო ნაწილში ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს, დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.
სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია ,,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი მიზნების შესასრულებლად. შესაბამისად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის დანაწესებს.
სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით, გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.
ამგვარად, ნორმატიული აქტით, მოწესრიგებული ურთიერთობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებით კი - ის დებულებები, რომლებიც ზღუდავს კერძო ინტერესს, უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების სიებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტებს. ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს. მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ამჟამად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო), ამავე კანონის აღსრულების მიზნით მიენიჭა კანონქვემდებარე აქტების გამოცემის უფლებამოსილება, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების უფლებამოსილება.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“ და ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი“.
სასამართლო ამოწმებს მითითებული ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის საკითხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების მატერიალურ - შინაარსობრივი კანონიერება, რა დროსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისას მოწმდება არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ცალსახადაა გაცხადებული სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ნება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის ღირსების, ხელშეუვალობისა და მისი ღირსეული ყოფისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას. კონსტიტუციის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ დეკლარაციული, პროგრამული დებულებების შემუშავება. კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ძირითად პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება ამ პრინციპებისა და მიზნების მიღწევის საშუალებებს ფორმულირებულია ცალკეულ კანონებში.
სადავოდ ქცეული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტის) განაწილების წესსა და პირობებს, ხოლო მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება შესაბამისი წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა ყველა საგამოცდო საგანში არის -1, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდაში კი 1.5.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესით“ დადგენილი ზემოაღნიშნული ნორმა (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი) ეწინააღმდეგება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და ახდენს აბიტურიენტთა დისკრიმინაციას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ გრანტის განაწილება მხოლოდ უნარების შედეგის მიხედვით აღარ ხდება და ოთხივე საგნის შედეგების დაჯამება ხდება, რეალურად გრანტის განაწილება ისევ დამოკიდებულია ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა მიერ უნარების გამოცდაში მიღებული ქულების რაოდენობაზე, რადგან უნარების გამოცდაში მიღებული ქულების ოდენობას აქვს სხვა საგნებისგან განსხვავებული წონა - 1.5. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო გრანტის დაფინანსების პროგრამაში რეალურად ხვდებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც სხვებზე დაბალი ქულათა მაჩვენებელი აქვთ პროფესიულ საგნებშიც და საერთო ჯამშიც, თუმცა აქვთ უფრო მაღალი მაჩვენებელი უნარების გამოცდაში, რაც მოსარჩელის მოსაზრებით ზიანს აყენებს მას, როგორც აბიტურიენტს, ვინაიდან მის მიერ მისაღები შედეგების შესაბამისად, შესაძლოა ვერ მიიღოს სახელმწიფო გრანტი მხოლოდ იმის გამო, რომ უნარების ქულების 1,5 კოეფიციენტზე გამრავლების შედეგად, აბიტურიენტთა შედეგებს შორის სხვაობა ხელოვნურად იზრდება. აღნიშნული ქმედებით, კი აპელანტის განმარტებით, ხდება უნარების შედეგებით მანიპულირება, რომელიც სასკოლო საგანს საერთოდ არ წარმოადგენს და საბოლოოდ ხდება აბიტურიენტთა დისკრიმინაცია.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მხარე გარდა იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში არ აქვს დაყენებული დისკრიმინაციის დადგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, ასევე არგუმენტირებულად ავერ უთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანთაგან, კონკრეტულად რომელს ან რატომ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი. ამასთან, მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სხვა აბიტურიენტებთან შედარებით ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული დაბალი ქულის გამო, ვერც 2017 და ვერც 2018 წელს ვერ მიიღო სახელმწიფო სასწავლო გრანტი, არ შიძლება ჩაითავლოს წონად არგუმენტად, რომ სახელმწიფომ სატანადოდ ვერ უზრუნველყო მისი განათლების მიღების უფლების დაცვა, რითაც დაირღვა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნები. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესი“ არ ეწინააღმდეგება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის არცერთ მიზანს.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ასევე არარელევანტურია აპელანტის აპელირება აბიტურიენტთა დისკრიმინაციაზე. პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ცნებასა და სახეეებს განსაზღვრავს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისთვის კი მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ნიშნის განსაზღვრა, რომლის გამოც მხარის პოზიციით, ხდება თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების არსებითად უთანასწორო პირობებში ჩაყენება ან პირიქით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვერ ასახელებს მითითებული კანონით განსაზღვრული რომელი ნიშნით ხდება აბიუტურიენტთა დისკრიმინაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) არ შეიცავს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რომელიმე ნიშნით დადგენილ, დისკრიმინაციულ შინაარსს. ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველა აბიტურიენტის მიერ თითოეულ საგანში მიღებულ ქულას ენიჭება ერთნაირი წონა (1), გარდა ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული ქულისა (წონა 1.5). შესაბამისად, ადგილი არ აქვს სხვადასხვა აბიტურიენტების მიერ ერთნაირ საგნებში მიღებული ქულებისთვის განსხვავებული წონის მინიჭებას, შესაბამისად, ადგილი არ აქვს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. პირიქით, სახეზეა სხვადასხვა მდგომარეობაში (ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული სხვადასხვა შეფასებების გათვალისწინებით) მყოფი პირების - აბიტურიენტების განსხვავებულ პირობებში ჩაყენება (ზოგი იღებს სახელმწიფო გრანტს, ზოგი ვერა), რაც არ წარმოადგენს დისკრიმინაციას. ამასთან, საგულისხმოა, რომ აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, თითოეულ საგანში მიღებული ,,ნედლი ქულა“ არ წარმოადგენს მის საბოლოო შეფასებას და საკონკურსო ქულას, ცენტრის მიერ ხდება მისი გათანაბრება, რანჟირება და სკალირება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნას კონკრეტული აბიტურიენტების მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებად, ისევე როგორც არ შეიძლება დისკრიმინაციას წარმოადგენდეს კონკრეტულ გამოცდაში (ზოგადი უნარები) მიღებული ქულისთვის განსხვავებული საგამოცდო წონის მინიჭება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავოდ ქცეული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად. ამასთან, სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ დადგინდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი რაიმე პროცედურის დარღვევა. ამგვარი დარღვევის თაობაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა. ამდენად, ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს ასევე წარმოადგენს მა----- გო------–-ძის მიერ 2017 და 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, რომლითაც მა----- გო------–-ძეს 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ შეფასებებზე მოემატება ქულები. კერძოდ, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში მოემატება 5 ქულა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 7 ქულა, უნარებში 1 ქულა. ასევე, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოემატება 8 ქულა, ინგლისურში 1 ქულა, ბიოლოგიაში 2 ქულა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მა----- გო------–-ძემ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 44 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 77 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 42 ქულა (ნედლი ქულა). მოსარჩელემ ასევე მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც მან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 53 ქულა (ნედლი ქულა), ზოგადი უნარების გამოცდაში - 57 ქულა (ნედლი ქულა), ინგლისური ენის გამოცდაში - 86 ქულა (ნედლი ქულა), ხოლო ბიოლოგიის გამოცდაში - 51 ქულა (ნედლი ქულა).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“.
მითითებული დებულების მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგნობრივი კომისია არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო, ხოლო ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეფასების სქემა არის ამ დებულებით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება პასუხების ფურცლების გასწორება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 31 ივლისის N150/17 ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების სქემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელთა შორის, დანართი N8-ით დადგინდა ინგლისური ენის გამოცდის შეფასების სქემა. ასევე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 04 აგვისტოს N153/17 ბრძანებით, დანართი N1-ის სახით დამტკიცებული იქნა 2017 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV ვარიანტები) გამოცდის შეფასების სქემა.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით. აღნიშნული დებულების 301 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მა----- გო------–-ძემ 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის (გამოცდის შტრიხკოდი 404869108), ასევე ინგლისური ენის გამოცდაში (გამოცდის შტრიხკოდი 429532506) მიღებული შედეგები გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში. გასაჩივრების შედეგად მოსარჩელეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მოემატა 2 ქულა, ხოლო ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული შეფასება დარჩა უცვლელი. რაც შეეხება 2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს იგი მა----- გო------–-ძეს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ კომისიაში არ გაუსაჩივრებია, რომელიც უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განეხილა საჩივარი გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით და ემსჯელა კონკრეტული დავალებების, მიღებული შეფასებების/ქულების მიზანშეწონილობაზე. სასამართლოში გასაჩივრებას კი ექვემდებარება სწორედ საგნობრივი კომისიის მიერ გამოცდების შედეგებზე წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2017 წლის ზოგადი უნარების გამოცდის დავალება ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა გასაჩივრებული, სასამართლოს არ გააჩნია საფუძვლიანობაზე არსებითად მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა. რაც შეეხება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებს, მა----- გო------–-ძის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივ კომისიაში ასევე არ ყოფილა გასაჩივრებული 2018 წლის ინგლისური ენისა და ბიოლოგიის გამოცდის შედეგები. მოსარჩელემ გაასაჩივრა მხოლოდ 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 08 აგვისტოს N120/18 ბრძანების დანართი N1-ით დამტკიცდა 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შეფასების სქემა.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის ქართული ენისა და ლიტარატურის გამოცდაზე შესრულებული არგუმენტირებული ესეს შეფასებას მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის შეფასების III, IV, V, VII და IX კრიტერიუმებთან მიმართებით, ხოლო წერითი დავალების შეფასებას შეფასების I, III და V კრიტერიუმებთან მიმართებაში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ლი ნაწ.), თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53-ე მუხ. მე-4 ნაწ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი (სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა). ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)). გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას. გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელის შეფასება ემყარება მეცნიერულ-პროფესიული მოსაზრებების ისეთ აშკარა და გონივრულ ზღვარს გადამცდარ არასწორ გააზრებასა და შეფასებას, რომლის შედეგი ყოვლად დაუსაბუთებელი, ირაციონალური და მიუღებელია სასამართლოსათვის (იხ. სუსგ 07.03.19 წ. ბს-797 (კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის დავალებებზე გაცემული პასუხების შეფასებას. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (გამომცდელის სუბიექტური შთაბეჭდილება, გამომცდელის პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე და სხვ.). გამოცდის ჩატარება დაკავშირებული არის შეფასების აუცილებლობასთან, გამომცდელის მიხედულებასთან, რომელიც წარმოადგენს ამ საქმიანობის, შეფასებითი კატეგორიების გამოყენების უცილობელ ელემენტს, შესაბამისად ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. დისკრეციის სფეროს შეზღუდვა ზოგადად დადებითი პროცესია, თუმცა მიხედულების სრული იგნორირება, სრული კონტროლი გამოიწვევდა კონკრეტული პასუხის სპეციფიკურობის, მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინების უარყოფას, ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას. კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის საგნობრივ კომპეტენციას, ერთჯერად სიტუაციას, რომლის რეკონსტრუქცია და გადამოწმება მოსამართლის მიერ შეუძლებელია (გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოსაცდელის ცოდნის დონეს სახელდობრ გამოცდის ჩატარების მომენტისათვის და არა მის შემდეგ), შემფასებელი ახდენს შეფასებას საგამოცდო საკითხების სირთულეების გათვალისწინებით და საერთო შედეგების შეფასების საფუძველზე (შეფასება თავის თავში შეიცავს შედარების ელემენტს, შეფასება შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა აპლიკანტების მიერ მიღებულ შეფასებებთან, ამდენად, გასათვალისწინებელია გამოსაცდელების საშუალო დონე, საგამოცდო ნიშანი იმ ურთიერთობათა სისტემის ნაწილია, რომელიც გარკვეულწილად არის საგამოცდო პრაქტიკის, გამომცდელთა გამოცდილებისა და წარმოდგენების შედეგი), რაც საგამოცდო გადაწყვეტილებისათვის ქმნის შეფასების თავისუფალ სივრცეს (იხ. აგრეთვე სუსგ 08.07.04წ., #ბს-94-11-კს-04; 20.10.10წ. #ბს-342-331 (კ-10); 25.03.09წ. #ბს-1448-1406 (კს-08); 20.07.11წ. #ბს-1805-1760 (კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ- ის მე-2 მუხ. "ლ" ქვ.პ.) (იხ. სუსგ 07.03.19 წ. ბს-797 (კ-18)).
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული დისკრეციული უფლებამოსილება სპეციალიზებულ სფეროში. გამომცდელის გადაწყვეტილების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში, გამოცდების მიღების ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია და შეაფასოს მოსარჩელის სპეციალური ცოდნა (იხ. სუსგ 07.03.19 წ. ბს-797 (კ-18)).
დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღება. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. პალატა აღნიშნავს, რომ ორგანოს მიხედულების სფეროს გაფართოებას იწვევს განუსაზღვრელი ცნებები. საგამოცდო წარმოება მოიცავს ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და შეფასების პროცესთან დაკავშირებულ განუსაზღვრელ ცნებებს. ასეთი ორმაგი დატვირთვის მოწესრიგება განაპირობებს დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკას. განუსაზღვრელი, ზოგადი სამართლებრივი ტერმინები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის სრულ თავისუფლებას, უშეცდომო დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღების, პირის უფლებების დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასეთი ტერმინები სწორად უნდა განიმარტოს, ცნებების განმარტების სისწორე ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, თუმცა საგამოცდო წარმოების მოწესრიგება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვეულ თავისუფლებას ამ ცნებების შემადგენლობის განმარტებისას და სასამართლო კონტროლიც ამ თავისებურების გათვალისწინებით ხორციელდება. საგამოცდო კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ადგენს თუ როდის არის სახეზე წესით დადგენილი წინაპირობა - გააზრებული ცოდნა, ნაწილობრივი ცოდნა, რომლებიც სრულად არ არიან განსაზღვრულები და თავის მხრივ, უქმნიან საგამოცდო კომისიას გარკვეულწილად შეფასების თავისუფალ სივრცეს, რაც დამახასიათებელია საგამოცდო პროცესისათვის.
შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. #ბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. #ბს-342-331 (კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული ველის შეზღუდვის, ამ სფეროში ერთგვარი ინტერვენციის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდის შეფასების სქემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში მა----- გო------–-ძის მიერ 2017 და 2018 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებები, შესაბამისი საგნობრივი კომისიების მიერ შეფასებული იქნა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ კონკრეტული წლებისთვის (2017, 2018) და კონკრეტული საგნებისთვის დამტკიცებული შეფასების სქემების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებებს ემყარება. სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ენათმეციერების ინსტიტუტისა და სხვა პირთა დასკვნებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში კი კომისიის მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი შეიცავს მითითებას იმ მოსაზრებებზე და გარემოებებზე, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, არ დასტურდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებების ან კანონის არასწორად განმარტების საფუძველზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე გასაჩივრებულია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილი, რომლითაც თამარ ბაკურაძეს (მა----- გო------–-ძის მშობელს) ეცნობა ცენტრის განმარტებები მის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებზე, სადაც განმცხადებელი ითხოვდა: 1) წერილობით განმარტებას და დასაბუთებას, რა გამართლება აქვს უნარების გამოცდის სკალირებული ქულის 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებას; 2) განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 3) ნორმატიულ აქტზე მითითებას, რომლის საფუძველზეც ეზღუდება აპელაციისას არგუმენტების წარდგების უფლება; 4) მათ მიერ აღნიშნულ ყველა იმ საკითხში, როდესაც დასტურდება შეცდომა თავად ტესტში, გაუქმდეს ან გადასწორდეს პასუხი ყველა იმ აბიტურიენტის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისი პასუხები ,,სწორად“ იქნა ჩათვლილი.
სააპელაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მა----- გო------–-სთვის არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განცხადება მოსარჩელე მხარის მიერ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი იქნა მის მიერ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რაზეც საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კომისიის გადაწყვეტილებები კი მოსარჩელეს, აღნიშნული სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებული აქვს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტია, რომლითაც განმცხადებელს მიეწოდა ინფორმაცია/ცენტრის პოზიცია 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის MES 1 17 01173778 წერილი, რომლითაც სამინისტრომ მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესული - თამარ ბაკურაძის 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი (სამინისტროში რეგისტრაციის N1156930; 26.09.2017), ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და იგი ვალდებული იყო განეხილა მისი 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსაგან განსხვავებით, საჩივრის განხილვისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არა მხოლოდ კანონიერებას, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლოსაგან განსხვავებით, თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში მოწმდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილების მიზანსა და შედეგს შორის თანაფარდობის, დისკრეციის მიზნის, უფლებამოსილების ფარგლების დაცულობა, დგინდება დისკრეციული უფლებამოსილების დროს შეცდომის დაშვება. მხედველობაშია მისაღები, რომ ექსპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილობის მოსაზრებებს არ აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონიერების მოთხოვნებთან. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია და ყურადღებას მიაქცევს 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარზე, რომლითაც მა----- გო------–-ძის წარმომადგენელი თამარ ბაკურაძე ითხოვდა: 1) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 2) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის 24.08.2017 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის - პასუხის ბათილად ცნობას; 3) დაევალოს კომპეტენტურ, მიუკერძოებელ, გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან დამოუკიდებელ კომისიას, საფუძვლიანად შეამოწმოს მათ მიერ მითითებული დარღვევები; 4) კომპეტენტური და დამოუკიდებელი კომისიის დასკვნების საფუძველზე სათანადო რეაგირების მოხდენას; 5) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ მათი კანონიერი უფლების შელახვის გამო ზომების მიღებას, რადგან ცენტრმა არ შეასრულა მათი კანონიერი მოთხოვნა ჩაერთო განმცხადებელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც შეეზღუდათ უფლება დაესაბუთებინათ მათი პოზიცია; 6) უნარების გაზრდილი წონის გაუქმებას; 7) დაევალოს ცენტრს უზრუნველყოს საგამოცდო პროცესის სრული გამჭვირვალობა; 8) დაევალოს ცენტრს შეიმუშავოს რეგულაცია ტესტში აღმოჩენილი შეცდომების შემთხვევაში გასატარებელი ზომების შესახებ; 9) შეიცვალოს გაპროტესტების საფასური; 10) შეიცვალოს გაპროტესტების წესები და უზრუნველყოფილ იქნას გამპროტესტებლის მიერ არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.
ამდენად, საჩივრის მოთხოვნების ნაწილი შეეხებოდა მა----- გო------–-ძის მიერ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული წერილობითი პასუხის - 24.08.2017 წლის წერილის ბათილად ცნობას, ასევე ცენტრის მიერ განხილული სადავო დავალებების ხელახალ განხილვას და შეფასებას, სხვა კომისიის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ საჩივრის ავტორი არ ეთანხმებოდა მის მიერ სადავოდ გამხდარი დავალებების როგორც თავდაპირველ, ისე აპელაციის შემდგომ შეფასებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხები არ წარმოადგენდა სამინისტროს მიერ განსახილველ საკითხებს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მასთან შესული 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარი, მასში დასმულ საკითხებზე შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით, გადაეგზავნა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის MES 1 17 01173778 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილს, სადაც მიეთითა, რომ ცენტრმა განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 28 სექტემბრის N1173778 კორესპონდენციით გადმოგზავნილი თამარ ბაკურაძის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით და განმცხადებელს აცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნულ დავალებათა შინაარსობრივ ნაწილზე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თამარ ბაკურაძეს ეცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 24 აგვისტოს N974383 წერილის საფუძველზე. ამდენად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი განეხილა ხელახლა. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევაზე აპელირებით და კონკრეტულად არ უთითებს, თუ რატომ არის უკანონო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, აბიტურიენტ მა----- გო------–-ძის წარმომადგენელმა თამარ ბაკურაძემ განცხადებით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს. განცხადებაში მიუთითა, რომ ითხოვს: 1) წერილობით განმარტებას და დასაბუთებას, რა გამართლება აქვს უნარების გამოცდის სკალირებული ქულის 1.5 კოეფიციენტზე გამრავლებას; 2) განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში პირადად ჩართვას; 3) ნორმატიულ აქტზე მითითებას, რომლის საფუძველზეც ეზღუდება აპელაციისას არგუმენტების წარდგების უფლება; 4) მათ მიერ აღნიშნულ ყველა იმ საკითხში, როდესაც დასტურდება შეცდომა თავად ტესტში, გაუქმდეს ან გადასწორდეს პასუხი ყველა იმ აბიტურიენტის შემთხვევაში, რომელთა შესაბამისი პასუხები ,,სწორად“ იქნა ჩათვლილი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა MES 1 17 00974383 წერილით მიმართა თამარ ბაკურაძეს (მა----- გო------–-ძის მშობელს) და აცნობა ცენტრის განმარტებები მის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში დასმულ საკითხებზე. ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივრით თამარ ბაკურაძე კვლავ ითხოვდა განმარტებებს 2017 წლის 17 აგვისტოს განცხადებაში მითითებულ საკითხებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილი იყო აღარ განეხილა საჩივარში დაყენებული ანალოგიური დავალებები, ვინაიდან განმცხადებელს აღნიშნულ დავალებებზე ცენტრის მიერ მომზადებული განმარტებების შესახებ ეცნობა 2017 წლის 24 აგვისტოს MES 1 17 00974383 წერილით. 2017 წლის 26 სექტემბრის საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებითად შეეხებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შეცვლას. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხებზე განმცხადებელს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განემარტა სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 29 სექტემბრის MES 6 17 01181530 წერილის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და სარჩელი ამ ნაწილში სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამასთანავე, მა----- გო------–-ძე ითხოვს მოპასუხე მხარისთვის მის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის - 4800 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის - 4000 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მატერიალური ზიანი მას მიადგა 1 წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განმეორებით მომზადებით, რაც ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელის მითითებით, მორალური ზიანი ასევე უკავშირდება 2018 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განმეორებით გასვლას, რის გამოც მან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი განიცადა.
სააპელაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა არ დასტურდება როგორც 2017, ისე 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკანონმდებლო დანაწესთა დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა----- გო------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის გსაქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი