განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210014512086
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210014512086

საქმე №2ბ/2595-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გენადი მაკარიძე, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - ლანა ჩერქეზიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

 

აპელანტი - შპს ,,მ---–ე’’ (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში - მოპასუხე)

წარმომადგენლები - ნ-----–----------ა, მ------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ---------პ’’ (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

წარმომადგენლები - გ---–-----------ე, დ-------–------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა (ძირითადი სარჩელით), სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს ,,ჯ---------პმა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ---–ეს’’ მიმართ და მოითხოვა შპს ,,მ---–ესათვის’’, მის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ს/ნ 7-------) ნებისმიერი სახით გამოყენების არძალვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. შპს ,,მ---–ემ’’ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჯ---------პის“ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ჯ-----------ს“ სახელზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის №---------- ღ) სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ეს“ რეგისტრაცია.

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ---------პის’’ სარჩელი შპს ,,მ---–ეს’’ მიმართ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს ,,მ---–ეს’’ აეკრძალა შპს ,,ჯ---------პის“ სახელზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 7-------, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ხოლო შპს ,,მ---–ეს’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფიდა.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,მ---–ემ’’ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, როგორც ეროვნული, ისე - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოითხოვს მართლმსაჯულების არა მხოლოდ მიუკერძოებლად განხორციელებას, არამედ მისი ერთ-ერთი ფუნქცია მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანაა, კერძოდ, სასამართლო, მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვალდებულია, ზედმიწევნით და დამაჯერებლად ასახოს ყველა ის ფაქტი და სამართლებრივი შეფასება, რაც სარეზოლუციო ნაწილთან მიმართებით ამართლებს მოთხოვნას. გადაწყვეტილების დამარწმუნებელი ეფექტი ორიენტირებულია მოდავე მხარეზე, რათა იგი დარწმუნდეს საკუთარი პრეტენზიის საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობაში, შესაბამისად მართლმსაჯულების განხორციელების შედეგად მიღებული შემაჯამებელი დასკვნა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი) დავის საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობას უნდა ქმნიდეს. აღნიშნული განმარტება, ბუნებრივია, არ შეიძლება იქნას გაგებული იმგვარად, რომ სასამართლომ შემაჯამებელ აქტში უნდა ასახოს მათ შორის მხარის არაარსებითი ხასიათის მითითებები. პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Boldea v. Romania, par. 30). შესაბამისად, სასამართლო შეამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ყურადღებას გაამახვილებს საქმის ირგვლივ არსებულ ყველა იმ ფაქტზე, რაც არსებითი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სადავო საკითხის გადასაწყვეტად და დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7.1. შპს ,,ნ-------–-----’’ (ს/ნ 2--------) საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (26.07.2012წ.), დღევანდელი მონაცემებით რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით - ,,მ---–ე’’, რომელიც სამეწარმეო რეესტრში ირიცხება 2007 წლის 6 მარტიდან.

 

7.2. 2012 წლიდან საზოგადოების ძირითადი საქმიანობა მოიცავდა საკვები პროდუქტების (ხორც-პროდუქტების (ძეხვეულის), თევზეულის, ნახევარფაბრიკატებისა და საკონდიტრო ნაწარმის (პურ-ფუნთუშეულის)) წარმოებას, შეფუთვას, საცალო და საბითუმო ვაჭრობას. საწარმო აერთიანებს ურთიერთდამოკიდებულ საამქროს, რომლებიც საერთო ჯამში, აწარმოებს 600-მდე განსხვავებული დასახელების პროდუქციას.

 

7.3. შპს ,,ჯ-----------’’ საქართველოში რეგისტრირებულია 2009 წლის 15 ივნისიდან, რომელიც ახორციელებს სადისტრიბუციო საქმიანობას და მისი საქმიანობის მიზანი საჯაროდ გაცხადებულია, როგორც სამომხმარებლო ქსელის მსოფლიო ბრენდების პროდუქციით მომარაგება.

 

7.4. 2012 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ-----------’’ ეტაპობრივად აწვდიდა შპს ,,მ---–ეს’’ გარკვეული სახის პროდუქციას, ხოლო ეს უანასკნელი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

 

7.5. შპს ,,ნ-------–----ს’’ (ამჟამად - ,,მ---–ე’’), ,,MS მ---–ეს’’ ნიშნით ბრენდირებული ლოგოს დამზადებამდე, ჯერ კიდევ 2012 წლის 25 იანვარს, მცდელობა ჰქონდა საქპატენტში დაერეგისტრირებინა სასაქონლო ნიშანი, რომელიც წარმოადგენდა მართკუთხედს, ცენტრში მოთავსებული სტილიზებული ლათინური ასო ,,M’’-ით, რაც შემკობილი იყო ორი ,,თავთავით’’, ,,შტრიხებით’’ და მის ქვევით განთავსებული წარწერით ,,მ---–ე’’ (კლასი 29-33-ე, 35-ე, 39-ე), ხოლო შემდეგ 2012 წლის 14 თებერვალს, სასაქონლო ნიშანი ,,M---------’’ (კლასი 35-ე, 30-ე, 43-ე), რომლის ქვევით გამოსახული იყო ზეთის ხილის რტო [ამ უკანასკნელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვაზე განმცხადებელს უარი ეთქვა ფორმალური ექსპერტიზის საფასურის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო].

 

7.6. ამის შემდგომ შპს ,,ნ-------–-----ს’’ დაკვეთით, 2012 წლის 6 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გულისხმობდა სარეკლამო მომსახურების გაწევას და M------ს ბრენდის შემუშავებას, შპს ,,ვ--–----მა’’ დაამზადა ნიშანი ,,MS მ---–ე’’ და 2012 წლის 25 ივნისს, 570 600 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გადასცა დამკვეთს, რაც კომპანიის სახელზე აღირიცხა არამატერიალური აქტივის სახით.

 

7.7. ნიშნის გამოსახულებითი ელემენტი შედგება - მართკუთხა ფორმის გამოსახულებისაგან, რომლის ცენტრში მოთავსებულია ქართული ანბანით შესრულებული სიტყვიერი ელემენტი ,,მ---–ე’’, მის ზევით მოთავსებულია პატარა ოვალის ფორმის გამოსახულება, რომელშიც ლათინური ანბანით ჩაწერილია ,,MS’’, რასაც ქვევით დაჰყვება ,,თავთავის’’ მსგავსი გამოსახულება და გამოყენებულია ფერები: წითელი, თეთრი, ოქროსფერი და შინდისფერი.

 

7.8. 2012 წლის 2 ივლისს, შპს ,,ნ-------–-----ს’’ დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება (ბრძანება 1/1), კომპანიის დაკვეთით დამზადებული ბრენდირებული ნიშნის სასაქონლო/ სავაჭრო ნიშნად გამოყენების შესახებ და გადაწყდა, კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტის ნიშანდება, ეტიკეტირება მომხდარიყო მხოლოდ სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ე’’/,,M--------’’ გამოყენებით, მათ შორის, მისი გამოყენება - საქმიანი წერილებისა და შიდა მიმოწერის დოკუმენტაციის წარმოებისას.

 

7.9. 2012 წლის 25 ივლისს, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა შპს ,,ნ-------–-----ს’’ სადამფუძნებლო დოუმენტაციაში და 2012 წლის 26 ივლისს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა საფირმო სახელწოდებით - ,,მ---–ე’’.

 

7.10. 2012 წლის 2 ივლისის შემდგომ შპს ,,მ---–ე’’ აწარმოებს პროდუქციას და ახდენს მათ რეალიზაციას ,,MS მ---–ეს’’ ნიშნით ნიშანდებული შეფუთვით [საქმის მასალებში წარდგენილია რეალიზებული საქონლის შეფუთვა, საიდანაც ჩანს, რომ მონიშვნა ,,MS მ---–ე’’ დატანილია საქონლის შეფუთვის გარეკანზე].

 

7.11. ამავე ნიშანდებით ახორციელებდა შპს ,,მ---–ე’’ სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებებს, მათ შორის, მის მიერ წარმოებული პროდუქციის სახეობების რეკლამირებას სოციალური ქსელით ,,facebook.com’’, რასაც ჰქონდა მომხმარებლის მხრიდან არაერთი მოწონება.

 

7.12. ,,MS მ---–ეს’’ ნიშანი გამოიყენებოდა, არა მარტო პროდუქციის შეფუთვისას, არამედ ის დიდი ფორმატის ფორმით განთავსებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სარეკლამო ბანერზე, მათ შორის, საწარმოს ცენტრალურ შესასვლელში.

 

7.13. 2013 წელს შპს ,,მ---–ეს’’ მოპოვებული აქვს ხარისხის მენეჯმენტ სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი ხორც-პროდუქტების, თევზის პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის, სადაც დატანილია ,,MS მ---–ეს’’ ნიშანი.

 

7.14. შპს ,,მ---–ეს’’ 2012 წლიდან დაწყებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რაც 2013 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, შპს ,,ჯ-----------სათვის’’ სრულად არ აუნაზღაურებია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რის გამოც ერიცხება დავალიანება.

 

7.15. 2013 წლის 23 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,მ---–ემ’’ და კრედიტორთა მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებებისა და ფინანსური სიძნეელების გამო, რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 

7.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,მ---–ეს’’ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საზოგადოების მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა კრების დღედ განისაზღვრა - 2013 წლის 6 ნოემბერი.

 

7.17. შპს ,,ჯ-----------’’ არის შპს ,,მ---–ეს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი.

 

7.18. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში შპს ,,მ---–ეს’’ კრედიტორთა კრების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2013 წლის 25 ოქტომბერს, შპს ,,ჯ----------მა’’ განაცხადით მიმართა საქპატენტს და დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ე’’ რეგისტრაცია - საქონლის და მომსახურების 29-ე [ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი; ხორცის ექსტრაქტები; დაკონსერვებული, გამხმარი და თბურად დამუშავებული ბოსტნეული და ხილი; ჟელეები, ხილფაფები, კომპოტები; კვერცხი; რძე, ყველი კარაქი, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები; საკვები ზეთები და საკვები ცხიმები] და 30 კლასების [ყავა, ჩაი, კაკაო და ხელოვნური ყავა; ბრინჯი, მაკარონი და ატრია; ტაპიოკა და საგო; ფქვილი და მარცვლოვანი პროდუქტი; პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და საკონდიტრო ნაწარმი; შოკოლადი; ნაყინი, შარბათი და სხვა საკვები ყინული; შაქარი, თაფლი, ბადაგი; საფუარი, საცხობი ფხვნილები; მარილი, სანელებლები, საკაზმები, დაკონსერვებული მწვანილი; ძმარი, საწებლები და სხვა საკაზმი; ყინული (გაყინული წყალი)] ჩამონათვალის მიმართ.

 

7.19. 2013 წლის 11 ნოემბერს, შპს ,,ჯ----------მა’’ საქპატენტში დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,MS მ---–ე’’ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასების საქონლისათვის, რაც სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა 2013 წლის 25 ნოემბერს.

 

7.20. შპს ,,მ---–ემ’’ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის ბრძანება გაასაჩივრა საქპატენტის სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, გასაჩივრებული ნიშანის რეგისტრაციის გაუქმება და სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ე“ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად აღიარება.

 

7.21. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2014 წლის 1 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს ,,მ---–ეს’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლოში.

 

7.22. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს ,,მ---–ეს’’ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ე’’ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

7.23. შპს ,,ჯ----------ს’’ არასოდეს განუხორციელებია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასებში შემავალი, რომელიმე სახეობის პროდუქციის წარმოება ,,MS მ---–ეს’’ სასაქონლო ნიშნის ქვეშ და დღესაც არ ახორციელებს მის წარმოებას (რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენებას), მაშინ როცა, აღნიშნული პროდუქციის წარმოება შპს ,,მ---–ეს’’ ძირითადი საქმიანობის საგანია, რაც 2012 წლიდან დღემდე ხორციელდება სადავო სასაქონლო ნიშნით.

 

7.24. შპს ,,ჯ----------’’-ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი იდენტურია იმ ნიშნისა, რომელზეც უფლება შპს ,,მ---–ემ’’ მოიპოვა 2012 წლის 25ივნისს.

 

7.25. შპს ,,მ---–ეს’’ მოთხოვნის მიუხედავად შპს ,,ჯ----------ს’’ არ წარმოუდგენია სასამართლოში სადავო სასაქონლო ნიშნის შეძენის ან შექმნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვაა, ხოლო შეგებებული სარჩელის - რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის პერსპექტიულობა დამოკიდებულია სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადასტურებაზე, რაც გამორიცხავს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფლების შესაძლებობას.

 

9. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ (TRIPS) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს, ნებისმიერი ნიშანი ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან.

 

10. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში – საქონელი).

 

12. ამდენად, სასაქონლო ნიშნად შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც ემსახურება კონკრეტული საწარმოს საქონლის ინდივიდუალიზებას, მიუთითებს მისი წარმოშობის წყაროზე და განასხვავებს მას კონკურენტების საქონლისაგან. სასაქონლო ნიშანი მიეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ნაირსახეობას და წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მომხმარებლის მიერ განსხვავებული იქნეს ერთი საწარმოს პროდუქცია სხვა საწარმოს მიერ წარმოებული მსგავსი პროდუქციისაგან. მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, კერძოდ, უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს.

 

13. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ,,საქპატენტში’’ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში’’ მისი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს, კერძოდ, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამდენად, რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება. ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა საქპატენტის მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას.

 

14. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასაქონლო ნიშნების დაცვის პრაქტიკით მსოფლიოში ჩამოყალიბდა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ორი მეთოდი. პირველის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მოპოვება რაიმე სპეციალურ პროცედურას არ საჭიროებს და მიიღწევა სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენებით, ხოლო მეორის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

 

15. საწარმოსათვის სწორად შერჩეულ სასაქონლო ნიშანს აქვს არსებითი ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან შესაძლებლობას აძლევს მას ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დაიკავოს ბაზარზე გარკვეული მდგომარეობა. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნების ეფექტური დაცვა წარმოადგენს კომერციული საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტს ნებისმიერ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვა შესაძლებელია გამოყენების ან რეგისტრაციის საფუძველზე. გამოყენება ჯერ კიდევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს, უწინარეს ყოვლისა, იმ ქვეყნებში, სადაც სასაქონლო ნიშნების დაცვა ტრადიციულად დამყარებულია გამოყენებაზე, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უბრალოდ ადასტურებს გამოყენების გზით შეძენილ უფლებას სასაქონლო ნიშანზე. მაშასადამე, სასაქონლო ნიშნების პრიორიტეტთან დაკავშირებულ დავაში უპირატესობა ეძლევა ამ ნიშნის პირველ გამომყენებელს და არა იმას, ვინც პირველმა გაატარა სასაქონლო ნიშანი რეგისტრაციაში.

 

16. საქმის მასალებით დადგენილი გარემოება ის, რომ შპს ,,მ---–ე’’ სასაქონლო ნიშანს აქტიურად იყენებს 2012 წლის 2 ივლისის შემდეგ, როგორც პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში, ასევე პროდუქციის რეკლამირების კუთხითაც, მაშინ როცა, შპს ,,ჯ----------ს’’ განსაკუთრებული უფლება რეგისტრაციის გზით მოპოვებული აქვს სადავო ნიშანზე 2013 წლის ნოემბერში.

 

17. სასაქონლო ნიშნის გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია უფლებათა პრიორიტეტულობის განსაზღვრის თვალსაზრისითაც. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცვა, იგი უნდა გამოიყენებოდეს იმ საქონლის ჩამონათვალიდან ერთ-ერთისთვის მაინც, რომლისთვისაც არის რეგისტრირებული. გაუმართლებელი გამოუყენებლობის ძირითად შედეგს წარმოადგენს ის, რომ რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს კანონიერი ინტერესის მქონე პირის მოთხოვნით, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობითაც, კერძოდ, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. უფრო შორს რომ წავიდეთ, არსებობს ტენდენცია, რომლის თანახმადაც რეგისტრირებული მფლობელისგან მოითხოვება, დაამტკიცოს გამოყენების ფაქტი, რადგან დაინტერესებული მესამე პირისათვის ძალიან ძნელია გამოუყენებლობის ფაქტის დამტკიცება.

 

18. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც იდენტური ან მსგავსია საქონლისა ან მომსახურებისა, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება იდენტურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღწერილი უფლებები არ უნდა არღვევდეს უკვე არსებულ უფლებებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წევრი სახელმწიფოების მიერ უფლებების მინიჭების შესაძლებლობას მათი გამოყენების საფუძველზე.

 

19. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტურია; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობა.

 

20. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა; დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე, ხოლო მეოთხე პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

 

21. თავდაპირველი სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად შპს ,,ჯ----------მა’’ სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მტკიცებულება, რაც ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ მას განსაკუთრებული უფლება სადავო სასაქონლო ნიშანზე წარმოეშვა საქონლის 29-ე და 30-ე კლასების მიმართ საქპატენტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე. ეს ფაქტი ერთი შეხედვით, გამორიცხავს სადავო სასაქონლო ნიშნის მრთლზომიერი გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა აპელანტი სადავოდ ხდის შპს ,,ჯ----------’’-ის განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე ,,MS მ---–ე’’, რის გამოც დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, პალატის შეფასების საგანია უფლების პრიორიტეტის განსაზღვრა და განსაკუთრებული უფლების მფლობელის ქმედების კეთილსინდისიერების კვლევა, ის თუ რამდენად მართლზომიერი განზრახვით მოქმედებდა პირი საქართველოს ბაზარზე უკვე გამოყენებული და არსებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშნის რეგისტრაციისას.

 

22. ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების’’ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები თითოეულ სასაქონლო ნიშანს აქვეყნებენ მათი რეგისტრაციის წინ ან რეგისტრაციისთანავე და უზრუნველყოფენ სათანადო შესაძლებლობას რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის გასაკეთებლად. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გასაჩივრების შესაძლებლობაც. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენის ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს, მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმს და პირის კანონიერი ინტერესის არსებობისას ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას ბათილად ცნოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. კერძოდ, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

 

23. ამდენად, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარი, რომლითაც შპს ,,ჯ----------”-ის სახელზე დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი ,,MS მ---–ე” 29-ე და 30-ე კლასების საქონლის განცხადებული ჩამონათვალის მიმართ და შპს ,,მ---–ეს’’ სახელზე სადავო სასაქონლო ნიშნის (29-ე და 30-ე კლასები) საყოველთაოდ ცნობილად აღიარებაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტთან’’ არსებული სააპელაციო პალატის უარი, რომლის კანონიერებაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს ,,მ---–ეს’’ არ ართმევს უფლებას, კანონიერი ინტერესის დადასტურების პირობებში, სასამართლო წესით მოითხოვოს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

24. პარიზის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. კონვენციის მე-10bis მუხლის შესაბამისად, კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. აკრძალულია ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ...ამდენად, სადავო სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი.

 

25. სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი:

- კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით, სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმადნ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები];

 

- მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით. კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.

 

26. კეთილსინდისიერების პრინციპი არის ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის.

 

27. ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის’’ ცნების ზუსტი და ამომწურავი განმარტება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს ფართო შინაარსი და უნდა განიმარტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან როგორც ლიტერატურასა და უცხოურ სასამართლო პრაქტიკაშია აღნიშნულია, შეუძლებელია ამომწურავად დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის’’ ცნებას ახასიათებს. ამ თემაზე ევროპის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში (Chokoladefabriken lindts&Sprungli AG v Franz Hauswirth Gmbh, case c-529/07, 11 june 2009) განმარტებულია, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენის რელევანტური მომენტი განმცხადებლის მიერ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის დროა. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორისაა აპლიკანტის ცოდნა, რომ მესამე პირი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში უკვე იყენებს იდენტურ ან ანალოგიურ სასაქონლო ნიშანს. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც აჩვენებს რამდენად შეესაბამებოდა აპლიკანტის მოქმედება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი გულმოდგინების სტანდარტებს. შესაბამისად აღნიშნული ვლინდება იმაში, რომ აპლიკანტმა იცის რა სასაქონლო ნიშნის რეპუტაციისა და მისი გამოყენების შესახებ, არეგისტრირებს იდენტურ სასაქონლო ნიშანს იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მოტყუებით გაუჩინოს მოლოდინი, რომ მას საქმე ცნობილ სასაქონლო ნიშანთან აქვს და ამით უსაფუძვლო და დაუმსახურებელი სარგებელი მიიღოს.

 

28. ამდენად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის შედეგად შეიძლება იმ ძირითადი კრიტერიუმების გამოყოფა, რომლებიც ,,არაკეთილსინდისიერი განზრახვის’’ არსებობას დაადასტურებს:

 

- არაკეთილსინდისიერი განზრახვა უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების დროისთვის. ამავე დროს რეგისტრაციის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით შესაძლებელია განცხადების გაკეთებისას არსებული მდგომარეობის post faqtum დადგენა;

 

- არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობის დადასტურება უნდა მოხდეს იმგვარი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც ადასტურებენ კეთილსინდისიერ ქცევასთან შეუთავსებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას;

 

- არაკეთილსინდისიერი განზრახვა იმგვარ ქმედებებს გულისხმობს, რომლებიც გამოცდილი და გონიერი მეწარმისათვის დამახასიათებელ გულმოდგინებისა და ეთიკის სტანდარტებისგან გადახვევას წარმოადგენს;

 

- არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება;

 

- განმცხადებლის ცოდნა სასაქონლო ნიშნის მესამე პირის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით;

 

- მოპასუხის პირადი წარმოდგენები არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან დაკავშირებით არარელევანტურია-გამოსაყენებელი ტესტია გამოცდილი და გონიერი ადამიანის ჰორიზონტიდან დანახვა და შეფასება.

 

29. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- სადავო სასაქონლო ნიშანი შპს ,,მ---–ეს’’ დაკვეთით დამზადებულია 2012 წლის 25 ივნისს, ანუ იმ დროს, როდესაც მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ-----------’’ აწვდიდა ამ უკანასკნელს გარკვეული სახის პროდუქციას;

 

- შპს ,,მ---–ეს’’ დაკვეთით დამზადებული სასაქონლო ნიშანი, რასაც კომპანია 2012 წლის 2 ივლისის შემდეგ იყენებდა და დღესაც იყენებს მის მიერ წარმოებული პროდუქციის მოსანიშნად, იდენტურია შპს ,,ჯ----------’’-ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა;

 

- შპს ,,ჯ-----------’’ სადისტრიბუციო კომპანიაა, თავად არ აწარმოებს და არც არასდროს უწარმოებია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასებში შემავალი, რომელიმე სახეობის პროდუქცია;

 

- ამ პერიოდის განმავლობაში შპს ,,მ---–ე’’ აწარმოებდა და საქონლის რეალიზაციას ახდენდა სადავო სასაქონლო ნიშნის ქვეშ;

 

- სადავო სასაქონლო ნიშანი აქტიურად გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობაში.

 

- მოპასუხისთვის ცნობილი იყო სადავო სასაქონლო ნიშნის შპს ,,მ---–ესადმი’’ კუთვნილების თაობაზე;

 

- შპს ,,ჯ-----------’’ არის შპს ,,მ---–ეს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი.

 

- შპს ,,ჯ----------მა’’ საქპატენტში დაჩქარებული პროცედურის საფუძველზე, მას შემდეგ რაც გაიხსნა შპს ,,მ---–ეს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ,,MS მ---–ე’’ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე და 30-ე კლასების საქონლისათვის, რაც შპს ,,მ---–ეს’’ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მოიცავს.

 

- მსგავსი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზნით შპს ,,მ---–ეს’’ ჰქონდა არაერთი მცდელობა;

 

30. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხის ქმედება (სადავო ნიშნების რეგისტრაცია) საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც არაკეთილსინდისიერი.

 

31. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემაფერხებელ (შემაკავებელ) გარემოებას, გარდა ძნელად დასაძლევ ან საერთოდ დაუძლეველ ფორმალურ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობისა, წარმოადგენს აგრეთვე პირის არაკეთილსინდისიერი ქცევა, როდესაც არსებობს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ სხვისი, კარგი რეპუტაციისა და მაღალი ცნობადობის მქონე, მაგრამ საქართველოში დაურეგისტრირებელ სასაქონლო ნიშნების მითვისებისა და საკუთარ სახელზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნულის გამო, კანონმდებელი შეეცადა ისეთი სიტუაციის სამართლებრივ მოწესრიგებას, როდესაც ფორმალური ბარიერი სასაქონლო ნიშნის დასარეგისტრირებლად ფაქტობრივად არ არსებობს და ერთადერთ უხილავ ბარიერს მხოლოდ განმცხადებლის კეთილსინდისიერება წარმოადგენს, რითაც ბოროტად სარგებლობს არაკეთილსინდისიერი სუბიექტი და დგება აღნიშნული ქმედების შედეგების აღკვეთის აუცილებლობა.

 

32. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან. როგორც აღინიშნა, განსაკუთრებული უფლება მოპოვებულია იმ სასაქონლო ნიშანზე, რომელიც დაუცველი ნიშნის სახით მანამდე გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება შპს ,,მ---–ეს’’, როგორც მოცემული საქონლის მწარმოებლის მიერ, რომელთანაც უფლების მომპოვებელი, ანუ შპს ,,ჯ-----------’’ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და აწვდიდა მას გარკვეული სახის პროდუქციას, რომლის წარმოებასაც თვითონ არ ახორციელებდა. შესაბამისად, როდესაც განსაკუთრებული უფლების მოპოვება ხდება ისეთ სასაქონლო ნიშანზე, რომელზეც მესამე პირს გააჩნია უპირატესი ლეგიტიმური ინტერესი, რეგისტრაცია ხორციელდება იმ შეგნებით, რომ პირმა მიითვისოს სხვის მიერ რეგისტრაციამდე შექმნილი და ბაზარზე დამკვიდრებული, მაგრამ დაუცველი ნიშანი და მისგან მომდინარე სიკეთე, რაც უდავოდ მოჰყვება მომხმარებელში ნაცნობ, დადებითი რეპუტაციის მქონე ნიშნით შეფუთული პროდუქციის რეალიზებას. ამასთან, მოპოვებული უფლება არ ეფუძნება უპირატესი დაცვის ღირს ინტერესს და მოპასუხისთვის განსაკუთრებული უფლების მოპოვება წარმოადგენს კონტრაჰენტთან მიმართებაში უპირატესობის მოპოვების საშუალებას. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, სხვისი შექმნილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მითვისება და ამ გზით ბაზარზე უპირატესობის მოპოვება, წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

33. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი წარმოადგენს პარიზის კონვენციის ზემოთნახსენები ნორმებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების რეალიზების ერთადერთ საშუალებას, რომელიც უნდა განვიხილოთ სხვა სამართლებრივ საშუალებებთან ურთიერთკავშირში (კანონის 28-ე მუხლის სხვა ქვეპუნქტები). კანონმდებელი კანონის აღნიშნული მუხლით განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტის უფლების დაცვის მექანიზმს, როდესაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევის მიზნით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი.

 

34. სადავო რეგისტრაციის არსებობის პირობებში, შპს ,,მ---–ეს’’ უსაფუძვლოდ, არაკეთილსინდისიერად აეკრძალება უფლება, გაასაღოს თავისი პროდუქცია სწორედ იმ შეფუთვით, რომლის დამზადებაში და რეკლამირებაში მას გადახდილი აქვს თანხა და რომელსაც საკმაოდ სტაბილური გაყიდვებით იცნობს მომხმარებელთა ფართო წრე. სასაქონლო ნიშნის გამოყენება გარკვეულ საქონელზე, თუნდაც მისი რეგისტრაციის გარეშე, ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროდუქციას დაუკავშირდეს მოცემული ნიშანი. უდავოა, რომ აღნიშნულ სასაქონლო ნიშანს ფლობდა შპს ,,მ---–ე’’ და სადავო სასაქონლო ნიშნით შეფუთული პროდუქცია მჭიდროდ უკავშირდება მას, მის მიერ არის დამზადებული, შესაბამისი უნიკალური ტექნოლოგიით და ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ მომხმარებლისათვის ნაგულვებია სწორედ შპს ,,მ---–ეს’’ მიერ წარმოებული პროდუქცია. შესაბამისად, თუ სადავო სასაქონლო ნიშანზე კვლავ გავრცელდება შპს ,,ჯ----------’’-ის განსაკუთრებული უფლება, მართალია, სახეზე არ გქვენება შემთხვევა, რაც იწვევს მისი მონიშვნით გამოცემული პროდუქციის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, თუმცა სადავო რეგისტრაციით, შპს ,,ჯ----------ს’’ რჩება უფლება, აუკრძალოს შპს ,,მ---–ეს’’ იმ სასაქონლო ნიშნით სარგებლობა, რომლის ქვეშ ყოველთვის მოიაზრებოდა მის მიერ წარმოებული პროდუქცია მისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ტექნოლოგიით, ქიმიური შემადგენლობით. შპს ,,ჯ-----------’’ იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებს პროდუქციის წარმოებას, მოპოვებული განსაკუთრებული უფლებით შეძლებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევას, რაც გამოიწვევს სხვა პროდუქციის შპს ,,მ---–ეს’’ მიერ წარმოებულ პროდუქტთან აღრევას და ამ უკანასკნელს აუკრძალავს სამომავლოდ საკუთარ პროდუქციაზე სადავოდ ქცეული ნიშნების დატანას. მართალია, ამგვარი კლასიკური შემთხვევა საქმის განხილვის ეტაპზე არ გვაქვს, რადგან შპს ,,ჯ-----------’’ არ აწარმოებს იმ პროდუქციას, რომლისთვისაც დარეგისტრირებულია სადავო სასაქონლო ნიშანი, თუმცა მისი ფლობის პირობებში, როგორც აღინიშნა, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ უფლებას აუკრძალოს მესამე პირს ამ უფლების ხელმყოფი ქმედება და საფრთხეს უქმნის იმ პირის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც სადავო სასაქონლო ნიშნით წლების განმავლობაში აწარმოებს პროდუქციას და ახდენს რეალიზაციას, რაც უდავოდ მიუთითებს შპს ,,მ---–ეს’’ კანონიერი ინტერესის არსებობაზე - დაიცვას საკუთარი უფლება სასამართლო წესით და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს უფლება, რომელიც მას მოპოვებული აქვს მისი დაკვეთით მომზადებულ სადავო სასაქონლო ნიშანზე და რომელსაც ფლობს აქტივის სახით. სასაქონლო ნიშანი შესაძლებელია, ასევე, გამოყენებული იქნეს სახელშეკრულებო უპირატესობის მოსაპოვებლად, რაც გამოიხატება მოთხოვნილი პირობების შესაბამისად საქონლის მიწოდებაში, ანუ გამოკვეთილია განსახილველ დავაში შპს ,,მ---–ეს’’ კანონიერი ინტერესი, რაც არის კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი.

 

35. რაც შეეხება საფირმო სახელწოდების ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის კონვენციის მე-8 მუხლი, მისი კავშირის ქვეყნებისგან ითხოვს საფირმო სახელწოდების დაცვას სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც საფირმო სახელწოდება სასაქონლო ნიშნის ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, პარიზის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, საფირმო სახელწოდება დაცული უნდა იქნეს კავშირის ყველა ქვეყანაში განაცხადის მიწოდების ან რეგისტრირების დავალდებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს. სადავო არ არის, რომ 2012 წლის 25 ივლისს, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შევიდა შპს ,,ნ-------–-----ს’’ სადამფუძნებლო დოუმენტაციაში და 2012 წლის 26 ივლისს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა საფირმო სახელწოდებით - ,,მ---–ე’’, რაც უკავშირდებოდა კომპანიის დაკავშირებულ ნიშანს ,,MS მ---–ე’’.

 

37. საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

 

38. სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნის დაცვის განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალსაც: ევროსასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment of 7 july, 2005). „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას’’ წარმოადგენს (Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR 2007-I). შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I).

 

39. ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007). შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით მოხდა საკუთრების უფლების ხელყოფა.

 

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით, უარყოფილი იქნას თავდაპირველი სარჩელი.

 

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გამო, შპს ,,ჯ----------ს’’ აპელანტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 400 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ---–ეს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს ,,მ---–ეს’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ 2013 წლის 11 ნოემბრის №1573/03 ბრძანების საფუძველზე შპს ,,ჯ---------პის“ სახელზე რეგისტრირებული (რეგისტრაციის №---------- R) სასაქონლო ნიშნის ,,MS მ---–ეს“ რეგისტრაცია.

 

5. შპს ,,ჯ---------პის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. შპს ,,მ---–ეს’’ სასარგებლოდ შპს ,,ჯ---------პს’’ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები ლევან მიქაბერიძე

 

გენადი მაკარიძე

 

ამირან ძაბუნიძე