განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100117001812512
განაჩენი
საქართველოს სახელით
#6აპ.-18 ქ. თბილისი
ფ------- ზ----- -6ap.-18 1 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ----- ფ-------- საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ----- ფ-------, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა - 1000 ლარი.
სქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკეთა და სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ----- ფ-------- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
ზ----- ფ-------- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ზ----- ფ-------- სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 სექტემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- ფ-------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ ზ----- ფ-------- 2017 წლის 3 იანვარს მ--------–ის მუნიციპალიტეტში დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანის“) უკანონო მოხმარების ფაქტი.
4. კასატორი - მსჯავრდებული ზ----- ფ------- ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტლების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ზ----- ფ------- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანა“) უკანონოდ მოხმარებისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. იმის გათვალისწინებით, რომ ზ----- ფ-------- მიმართ უნდა შეწყდეს დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, აღარ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმების სამართლებრივი საფუძველიც; შესაბამისად, ზ----- ფ-------- მიმართ ხსენებული განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი უნდა დარჩეს ძალაში. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, ზ----- ფ-------- სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 სექტემბრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ----- ფ-------- საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ზ----- ფ-------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი დარჩეს ძალაში.
5. ზ----- ფ-------- სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 5 სექტემბრიდან - 2018 წლის 1 თებერვლამდე.
6. ზ----- ფ------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე