განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2018
საქმის ნომერი
010140018700052245
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010140018700052245

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №27აგ-18 თბილისი

გ-------ი ე-–-----, 27აგ-18 28 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე-–----- გ-------ის ადვოკატ მ----- ლ---------–---ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ე-–----- გ-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ე-–----- გ-------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ე-–----- გ-------ს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით ე-–----- გ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისათვის) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის) - 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე-–----- გ-------ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----- გ-------ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 13 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2018 წლის 30 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ე-–----- გ-------ის ადვოკატმა მ----- ლ---------–---მა, რომელმაც მოითხოვა ე-–----- გ-------ის მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლისა და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით ე-–----- გ-------ის ადვოკატ მ----- ლ---------–---ის შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით ე-–----- გ-------ის ადვოკატ მ----- ლ---------–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ე-–----- გ-------ს აღუდგა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლისა და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ე-–----- გ-------ის ადვოკატმა მ----- ლ---------–---მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე-–----- გ-------ის მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლისა და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ე-–----- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 ნაწილებითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებით ბრალდებულ ე-–----- გ-------ის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ე-–----- გ-------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განაჩენით იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან ერთად - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის - მსჯავრდებულია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება და იმის გათვალისწინებით, რომ ე-–----- გ-------ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლისა და 2016 წლის 4 აპრილის განაჩენებით განსაზღვრული სასჯელები შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის მოხდილი ჰქონდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ ე-–----- გ-------ის ადვოკატ მ----- ლ---------–---ის შუამდგომლობა, რომლითაც ე-–----- გ-------ის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გაავრცელა მხოლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების აღდგენის ნაწილში.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–----- გ-------ის ადვოკატ მ----- ლ---------–---ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი