განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
010332218900013289
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 010332218900013289

საქმე #სპ-02-18 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - მ--- გ-----ა

საჩივრის ავტორი - ადვოკატი ა---------– გ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2017 წლის 12 ოქტომბრის #069/14 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 24.11.2014წ. გადაწყვეტილებით, მოქალაქე გ. ლ----ის განცხადების საფუძველზე, ადვოკატ ა. გ--------ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მან 15.10.2009წ. 3 თვის ვადით ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა. სესხის თანხა შეადგენდა 35 000 აშშ დოლარს 7%-იანი სარგებლით. გ. ლ----ემ გადაიხადა ორი თვის სარგებლის თანხა, თუმცა ვერ მოახერხა მესამე თვის გადასახადის გადახდა. იპოთეკარმა მიმართა კერძო არბიტრაჟს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გ. ლ----ეს დაეკისრა სესხის თანხის გადახდა. არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის შემდეგაც გ. ლ----ემ და მისმა მეუღლემ - მ. ნ--------ემ სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართეს ადვოკატებს, მეუღლეებს - ნ. კ------ესა და ა. გ--------ეს. მათ კლიენტის ინტერესები თბილისის სააპელაციო სასამართლოში უნდა წარმოედგინათ. რწმუნებულება გ. ლ----ის მიერ გაიცა ორივე პირზე. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გ. ლ----ისა და მ. ნ--------ის ქონება შეფასდა კერძო აუდიტის მიერ 400 000 აშშ დოლარად და გავიდა აუქციონზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, ადვოკატებმა - ნ. კ------ემ და ა. გ--------ემ იგი დააკავშირეს მათ მეგობარ თურქ ბიზნესმენს - ქ------– ქუ----ს, რომელმაც მ. ნ--------ის ხელწერილის საფუძველზე ასესხა მათ 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ერთი დღით ადრე, ნ. კ------ის ახლობელმა - ა. ა------–---მა დამატებით ასესხა საჩივრის ავტორს 7 000 აშშ დოლარი. გ. ლ----ე აღნიშნავს, რომ ნასესხები თანხა ნ. კ------ემ ჩარიცხა საკუთარ ანგარიშზე და არანაირი გადარიცხვა კერძო აღმასრულებლის ან იპოთეკარისათვის არ განუხორციელებია.

საჩივრის ავტორის განცხადებით, პირველ აუქციონზე უძრავი ქონება არ გაიყიდა, ხოლო განმეორებით აუქციონზე მონაწილეობა მიიღო ადვოკატმა ა. გ--------ემ, მისი მეუღლის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით. აუქციონზე მონაწილეობის თანხა - 5 000 აშშ დოლარი გადაიხადა საჩივრის ავტორის მხარემ. უძრავი ქონების გასაყიდი ფასი აუქციონზე განისაზღვრა 44 686 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მყიდველად გამოცხადდა ნ. კ------ე, რის შედეგადაც თანხა ჩაირიცხა აჭარის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე. 24.02.2011წ. საჯარო რეესტრის მონაცემებში ნ. კ------ე აღირიცხა ბინის მესაკუთრედ, რომელმაც ექვსი თვის შემდეგ საცხოვრებელი ფართი გაასხვისა ინდოელ შ-–-- პ--– ბ--------ზე - ქ------– ქუ----ის ბიზნესპარტნიორზე, თანხის დაბრუნების გარანტიის გამო. ამის შემდეგ საჩივრის ავტორმა და მისმა მეუღლემ მიმართეს ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურას ადვოკატისა და მისი მეუღლის - ნ. კ------ის მიერ თაღლითობის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, თუმცა, მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

ადვოკატმა ა. გ--------ემ 27.10.2014წ. ეთიკის კომისიაში წერილობითი ახსნა-განმარტება წარადგინა, რომელშიც აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია პროფესიული ეთიკის ნორმები, პირიქით, მან დაიცვა თავისი კლიენტის ინტერესები. ადვოკატმა საჩივრის მხარესთან, ფაქტობრივად, ურთიერთობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გ. ლ----ემ და მისმა მეუღლემ პროკურატურას მიმართეს.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.17წ. გადაწყვეტილებით ადვოკატი ა. გ--------ე ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ კანონისა და „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით, შემდეგ გარემოებათა გამო:

ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ადვოკატი ა. გ--------ე, მის მეუღლესთან, ნ. კ------ესთან ერთად, წარმოადგენდა გ. ლ----ის ინტერესებს 16.11.2010წ. გაფორმებული, ნოტარიულად დამოწმებული უვადო მინდობილობის საფუძველზე. ა. გ--------ე წარმოადგენდა ასევე, მისი მეუღლის, ნ. კ------ის ინტერესებს 9.02.2011წ. გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ერთი თვის ვადით. 21.01.2011წ. მ. ნ--------ემ და ნ. კ------ემ ერთობლივად ისესხეს 40 000 აშშ დოლარი ქ------– ქუ----ისაგან, საჩივრის ავტორისა და მისი მეუღლის საცხოვრებლის გამოსასყიდად, თანხის საერთო ვალდებულებით დაბრუნების პირობით. მ. ნ--------ემ 20.01.2011წ. ასევე ისესხა 7 000 აშშ დოლარი ა---- ა------–---ისაგან. განმეორებით აუქციონზე ქონება გაიყიდა 47 814 აშშ დოლარად და 2 281 ლარად. აუქციონზე მონაწილეობის თანხა გადაიხადა ი. ნ--------ემ - მ. ნ--------ის შვილმა. ადვოკატ ა. გ--------ეს არ უცდია აღმასრულებელისათვის თანხის გადაცემის გზით გ. ლ----ის დავალიანების გადახდა ან/და აუქციონის შეჩერება. აუქციონის მიმდინარეობისას ადვოკატი ა. გ--------ე წარმოადგენდა როგორც გ.ლ----ის, ისე ნ. კ------ის ინტერესებს, რასაც ადასტურებს 16.11.2010წ. გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, გაცემული განუსაზღვრელი ვადით და 9.02.2011წ. გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, გაცემული ერთი თვის ვადით. აუქციონის შედეგად ქონების ოფიციალური მესაკუთრე გახდა ნ. კ------ე. მან ქონება გაასხვისა შ-–-- პ--– ბ--------ზე, ქ------– ქუ----ის ბიზნესპარტნიორზე, რომელიც შემდგომ იძულების წესით ითხოვდა გ. ლ----ისა და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლებას.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატ ა. გ--------ის მიერ დაირღვა „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად: ა) ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი: „ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.“ დარღვეულია ასევე, „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-5 მუხლი, რომლის შესაბამისად, „ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირადი და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს; ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, „ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა“. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი: „ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იმავე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე“.

ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ 20.01.2011წ. მომჩივან გ. ლ----ესა და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშზე ჰქონდათ 46 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხით სესხის თანხის დაფარვა, ვინაიდან სესხის თანხა შეადგენდა 35 000 აშშ დოლარს, 7%-იანი სარგებლით. გარდა ამისა, ა. გ--------ემ და მისმა მეუღლემ საჩივრის ავტორის მხარეს დამატებით ასესხებინა 5000 აშშ დოლარი აუქციონზე მონაწილეობისათვის. მიუხედავად ამისა, მოვალე მხარისთვის არ იქნა სასესხო ვალდებულება შესრულებული და თანხა არც აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაირიცხა. ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ აღმასრულებელისათვის თანხის გადაცემის შემთხვევაში აუქციონი შეჩერდებოდა და ის მიზანი, რის გამოც მოხდა ადვოკატ ა. გ--------ესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება, თავისთავად შესრულებული იქნებოდა. ეთიკის კომისიას მიაჩნია, რომ ამ ქმედების განხორციელება წარმოადგენდა ადვოკატის კეთილსინდისიერი წარმომადგენლობის ვალდებულების ნაწილს. აუქციონზე ადვოკატი ა. გ--------ე მონაწილეობდა მისი მეუღლის - ნ. კ------ის სახელით. იმ დროისთვის ა. გ--------ე წარმოადგენდა ორივე მხარის ინტერესებს. მან იცოდა, რომ მსესხებელი და ქონების რეალური მესაკუთრე უნდა ყოფილიყო მ. ნ--------ე, თუმცა, ქონება დაარეგისტრირა ნ. კ------ის სახელზე. შესაბამისად, სიტუაციის მიხედვით, ა. გ--------ემ საჩივრის ავტორის მხარეს ასესხებინა თანხა, არ მისცა მისი განკარგვის საშუალება და სწორედ აღნიშნული თანხით შეიძინა ნ. კ------ემ სახლი, ხოლო შემდგომ, ეს ქონება უნებართვოდ გადაუფორმა შ-–-- პ--– ბ--------ს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თუმცა ქონება გადაფორმებულია უკვე სხვა პირზე, დღესაც არსებობს სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატ ა. გ--------ის ქმედებები განხორციელდა საჩივრის ავტორისა და მისი მეუღლის საზიანოდ. ნ. კ------ე თავადაც ითხოვდა გ. ლ----ის ოჯახის ბინიდან გამოსახლებას. ბინის ახალ მესაკუთრეს - შ-–-- პ--– ბ--------საც სურდა გ. ლ----ისა და მისი მეუღლის გამოსახლება. ეთიკის კომისიის მოსაზრებით, სწორედ ადვოკატის ქმედების შედეგად გადაფორმდა ქონება სხვა პირზე და გადაუწყვეტლად დარჩა სესხის თანხის გადახდის საკითხიც. კერძოდ, 40 000 აშშ დოლარისა და სარგებლის გადახდას ითხოვს ქ------– ქუ----ი, ხოლო 7 000 აშშ დოლარის გადახდაზე ა---- ა------–---ის სასარგებლოდ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ამავდროულად, გაურკვეველია საკითხი, თუ სხვის სახელზეა ქონება, რატომ უნდა დაბრუნდეს სესხის თანხა, ხოლო თუ უნდა დაბრუნდეს, რატომ არ არის ქონება საჩივრის ავტორის სახელზე. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წარმომადგენლობისა და კლიენტის ინტერესების უპირატესობის პრინციპიდან გამომდინარე, შედეგი რომელიც დადგა კლიენტების მიმართ, სწორედ ამ პრინციპების დარღვევას მოიცავდა. ადვოკატ ა. გ--------ის მხრიდან განხორცილებული ქმედების შედეგად საჩივრის ავტორმა დაკარგა ბინა, რომლის ღირებულებაც იყო 400 000 აშშ დოლარი, 5 000 აშშ დოლარი (აუქციონში მონაწილეობის საფასური) და ამავდროულად დაეკისრა თანხის 7 000 აშშ დოლარის გადახდა.

ეთიკის კომისიამ გაითვალისწინა, რომ სესხის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა ქ------– ქუ----თან, მსესხებლად მითითებული იყო ორი პიროვნება - ნ. კ------ე და მ. ნ--------ე. ა. გ--------ე იმ დროისათვის წარმოადგენდა ორივეს ინტერესებს. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო სესხის თანხა მ. ნ--------ეს ვერ გადაეხდა და შემდეგ სწორედ მისგან უნდა მოეთხოვა აღნიშნული თანხა, რეგრესის წესით, ნ. კ------ეს. იგი შემდგომ ითხოვდა კიდეც სესხის თანხას. შესაბამისად, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა, რომელიც 21.01.2011წ. წარმოიშვა.

ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ ადვოკატმა ა. გ--------ემ რეალურად არ განახორციელა კლიენტის ინტერესების დაცვა - გ. ლ----ემ და მ. ნ--------ემ დაკარგეს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად ამისა, კვლავ, აქვთ დასაბრუნებელი სესხის თანხა. თურქი ბიზნესმენის - ქ------– ქუ----ისგან ნასესხები თანხა საკმარისი იყო ვალდებულების დასაფარად და ბინის საკუთრებაში დასატოვებლად, თუმცა, ადვოკატის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი ქმედება - იპოთეკარისთვის ან აღმასრულებელისათვის თანხის გადაცემა; ასევე, ბინის ფორმალური მესაკუთრის - ნ. კ------ის მიერ გ. ლ----ის მხარის თანხმობისა და ინფორმაციის მიწოდების გარეშე ბინა საკუთრებაში გადაეცა ინდოელ ბიზნესმენს - შ-–-- პ--– ბ--------ს; ამასთანავე, ა. გ--------ე წარმოადგენდა ნ. კ------ისა და გ. ლ----ის მხარის ინტერესებს ერთობლივად, როდესაც მათ ჰქონდათ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა. აქედან გამომდინარე, ეთიკის კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას გაითვალისწინა დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და მიიჩნია, რომ ადვოკატ ა. გ--------ეს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი წარმომადგენლობისა და კლიენტის ინტერესების უპირატესობის პრინციპების დარღვევის მიზეზით სახდელის სახით უნდა განსაზღვროდა 6 (ექვსი) თვის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადვოკატმა - ა. გ--------ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.17წ. გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორის მითითებით, გ. ლ----ემ საადვოკატო მომსახურების შესახებ რწმუნებულება გააფორმა ნ. კ------ესთან, სადაც მითითებული იყო ასევე ადვოკატი ა. გ--------ეც, შესაძლო სასამართლო დავებში მონაწილეობის მისაღებად, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვდა. აუქციონისთვის საჭირო თანხების მოძიებასა და აღმასრულებელთან ურთიერთობის მოგვარებაში ძირითადად ჩართული იყო მისი მეუღლე - ნ. კ------ე. საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ნასესხები თანხა ნ. კ------ესთან ინახებოდა გ. ლ----ისა და მისი მეუღლის თხოვნით. რაც შეეხება აუქციონს, რაზეც ეთიკის კომისია აპელირებს, რომ ინტერესთა შეუთავსებლობას ჰქონდა ადგილი, არის უზუსტობა და შეცდომა. აუქციონზე ნ. კ------ის მონაწილეობის მიღება იყო თანხის მეპატრონეებისა (გ. ლ----ე, მ. ნ--------ე) და მათი ადვოკატის (ნ. კ------ე) ერთობლივი სურვილი.

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან აუქციონზე მონაწილეობა მიიღო ნ. კ------ის მინდობილობის საფუძველზე, რადგან მან ავადმყოფობის გამო მგზავრობა ვერ შეძლო. მინდობილობა გაცემული იყო 1 თვის ვადით აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. შესაბამისად, ეთიკის კომისიის ბრალდება, რომ ადვოკატი ა. გ--------ე იყო ორივეს - გ. ლ----ისა და ნ. კ------ის წარმომადგენელი, რის გამოც, შესაძლოა, მათ შორის ადგილი ჰქონოდა ინტერესთა შეუთავსებლობასა და კონფლიქტს, საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება დეპოზიტზე თანხის შესაძლო განთავსებას და აუქციონამდე იპოთეკარებზე მის გადაცემას, ეს საკითხი გ. ლ----ის მხრიდან მსჯელობის საგანი არ ყოფილა, ვინაიდან იპოთეკარები გაცილებით მეტ თანხას ითხოვდნენ და დეპოზიტზე განთავსებული თანხა ადეკვატური არ იყო მოთხოვნილი თანხისა. გ. ლ----ის ოჯახის ინტერესი იყო აუქციონზე მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, რაც ფაქტობრივად შესრულებულ იქნა. ა. გ--------ის განცხადებით, მან, როგორც ადვოკატმა, გ. ლ----ის საქმეში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო მინდობილობით მონაწილეობდა აუქციონზე საჩივრის ავტორსა და მისი ოჯახის წევრებთან შეთანხმებით. რაც შეეხება შ-–-- პ--– ბ--------ზე ბინის გადაფორმებას, ამით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. გ. ლ----ე თავის ოჯახთან ერთად კვლავ აღნიშნულ სახლში ცხოვრობს.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 32.2. მუხლის მიხედვით, ადვოკატს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, გადაცდომის თარიღად მიჩნეულ იქნა 2011 წლის თებერვალი (აუქციონის პერიოდი) და ამავე წლის სექტემბერი (ბინის გადაფორმება - დაკარგვა). ორივე გადაცდომიდან გასულია 6 წელზე მეტი, რაც გამორიცხავს დისციპლინური სახდელის გამოყენების შესაძლებლობას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე გამოტანილია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით. კერძოდ, ადვოკატ ა. გ--------ეს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 3 თვის შემდეგ, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ერთი თვისა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის შეუსაბამოდ მკაცრი, არასამართლიანი და არ იქნა დაცული პროპორციულობა ჩადენილ გადაცდომასა და დადებულ სახდელს შორის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ ა. გ--------ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.17წ. გადაწყვეტილება და მოცემული დისციპლინური საქმის წარმოება შეწყდეს ხანდაზმულობის გამო:

საქმის მასალებით დასტურდება და სადავო არ არის ის გარემოება, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ ადვოკატ ა. გ--------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღად მიიჩნია 11.02.20011წ., როდესაც მომჩივნის - გ. ლ----ის ქონება განმეორებით აუქციონზე გაიყიდა. აუქციონზე ბინა ნ. კ------ემ შეიძინა. ადვოკატი ა. გ--------ე წარმოადგენდა თავისი მეუღლის - ნ. კ------ისა და კლიენტის - გ. ლ----ის მხარის ინტერესებს ერთობლივად მაშინ, როდესაც მათ შორის ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს. ეთიკის კომისიამ ადვოკატის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროდ დაადგინა აგრეთვე, 2011 წლის სექტემბერი, როდესაც ბინის ფორმალურმა მესაკუთრემ - ნ. კ------ემ გ. ლ----ის თანხმობისა და ინფორმაციის მიწოდების გარეშე, უძრავი ქონება გადააფორმა ინდოელ ბიზნესმენზე - შ-–-- პ--– ბ--------ზე. ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატმა ა. გ--------ემ რეალურად არ განახორციელა კლიენტის ინტერესების დაცვა, რის გამოც გ. ლ----ემ და ნ. ნ--------ემ დაკარგეს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. ეთიკის კომისიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილებით ადვოკატ ა. გ--------ეს კლიენტის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი წარმომადგენლობის პირნციპების დარღვევის გამო, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და განესაზღვრა 6 (ექვსი) თვის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

სადისციპლინო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას ხანდაზმულობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.2. მუხლის თანახმად, ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი. ხანდაზმულობაში იგულისხმება კანონმდებლის მიერ დადგენილი ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ეთიკის კომისიას ავალდებულებს დავის გონივრულ დროში გადაწყვეტას. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ პერიოდს, მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას მნიშვნელოვანია მისი დინების დაწყების მომენტის განსაზღვრა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 32.2 მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად იმპერატიულად უთითებს გადაცდომის ჩადენის დღეს, გადაცდომის ჩადენიდან 5 წლის გასვლის შემდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობა თუნდაც ბრალეულ პირს არ დაეკისრება. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაცდომის ჩადენის თარიღია 2011 წლის თებერვალი და სექტემბერი. ორივე თარიღიდან ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ეთიკის კომისიის აქტის გამოცემამდე (12.10.2017წ.) 6 წელზე მეტია გასული. ამდენად, პალატა თვლის, რომ დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია „ადვოკატთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადის გასვლა.

სადისციპლინო პალატის სხდომაზე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ადვოკატ ა. გ--------ის დისციპლინურ საქმეზე რამდენიმეჯერ შეჩერდა საქმის წარმოება, ხოლო შეჩერების პერიოდი „ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 21.4 მუხლის თანახმად, არ ითვლება დისციპლინური წარმოების ვადებში. ამასთანავე, „ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 22.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერების პერიოდი აჩერებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 32.2 მუხლით გათვალისწინებული ვადის დენას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემული დისციპლინური საქმე ეთიკის კომისიაში განხილვისას სამჯერ იყო შეჩერებული სხვადასხვა დროით და საფუძვლით (21.10.2014წ.-17.11.2014წ.; 12.11.2015წ.- 12.04.2017წ.; 05.06.2017წ.- 03.10.2017წ.), საქმის წარმოების შეჩერების პერიოდმა საკმაოდ დიდი დრო შეადგინა. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება შეჩერებაზე კანონით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 5-წლიანი ვადის გაცდენას არ გამორიცხავს.

სადისციპლინო პალატა არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხუთწლიანი ვადა გულისხმობს საჩივრის შეტანის ვადას. „ადვოკატთა დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 2.3 მუხლის თანახმად, ადვოკატის მიმართ არ აღიძვრება დისციპლინური საქმის წარმოება, თუ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღიდან ეთიკის კომისიისადმი მიმართვის დღემდე გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ნორმა ეხება მიმართვის პერიოდს და არა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეთიკის კომისიაში საჩივარი შეტანილ იქნა 29.09.2014წ., ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა ყოფილიყო სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წლის ვადაში, 2017 წლამდე, ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილება 12.10.17წ. გამოიტანა. სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონით დადგენილი ვადის გასვლა ქმნის დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან „ადვოკატთა შესახებ“ კანონით იმპერატიულად არის დადგენილი ადვოკატისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხუთწლიანი ვადა დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადვოკატ ა. გ--------ის დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საქმის არსებით ნაწილზე მსჯელობის გარეშე, რადგან პალატა ადვოკატ ა. გ--------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოებას წყვეტს ხანდაზმულობის და არა ბრალეული ქმედების არარსებობის გამო. სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - ა. გ--------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, დისციპლინური სამართალწარმოება მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.2017წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადისციპლინო პალატა იღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, თუ საკითხი ეხება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 72-ე მუხლი ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრების, დისციპლინური სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების უკანონო გამოყენების შემთხვევაში. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გარდა. ამდენად, სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია, ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (კანონის ანალოგია) და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ადვოკატ ა---------– გ--------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილება;

3. შეწყდეს ადვოკატ ა---------– გ--------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

 

თავმჯდომარე: /მაია ვაჩაძე/

 

მოსამართლეები: /ნუგზარ სხირტლაძე/

 

/ვასილ როინიშვილი/