დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080141218002258626
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№121-18 20 აპრილი, 2018 წელი
კ---–--–--- ჯ------– 121-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ვახტანგ ჭუმბურიძის
ადვოკატ - ხ------- ჩ------
მსჯავრდებულ - ჯ------– კ---–--–--ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ------– კ---–--–--ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ჯ------– კ---–--–---, – დ----------–-------–-–-----------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ჯ------– კ---–--–---ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას მოსახდელად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. 2017 წლის 27 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მსჯავრდებული ჯ------– კ---–--–--- შეწყალებულ იქნა და მას უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის საბოლოო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 12 აპრილი.
5. 2018 წლის 15 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის - ჯ------– კ---–--–--ის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება, კერძოდ, მსჯავრდებულის მითითებით, მას ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა სასჯელის ის კონკრეტული ვადა, რომელიც განესაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ------– კ---–--–--ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ------– კ---–--–---მ, რომელიც ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებასა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად. მსჯავრდებული აღნიშნულ მოთხოვნას აყენებს იმ საფუძვლით, რომ ამჟამად მას დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს მისთვის ბრალად შერაცხულ თითოეულ დანაშაულთან და სასჯელთან მიმართებით. ამასთან, იგი ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენით და საქმის განსახილველად დიდი პალატისთვის გადაცემას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით აქვს შემცირებული სასჯელი, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა აისახოს დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა განმარტავს:
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ეს ღონისძიება არის ერთჯერადი აქტი. კერძოდ, ამ კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი მსჯავრდებულ ჯ------– კ---–--–--ის მიმართ, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-16 მუხლი მსჯავრდებულზე უკვე გავრცელებულია და ხელახლა ვეღარ გავრცელდება. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით, რომლითაც განისაზღვრა ჯ------– კ---–--–--ის საპატიმრო სასჯელისაგან შემდგომი გათავისუფლების თარიღი, მის მიმართ გამოტანილ განაჩენზე არავითარ სამართლებრივ გავლენას არ ახდენს, რის გამოც ის უცვლელად რჩება.
6. ამავე დროს საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეზიდენტის განკარგულებით სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არ შეცვლილა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მსუბუქი სასჯელით, არამედ განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთისაგან მისი გათავისუფლების თარიღი - 2023 წლის 12 აპრილი. აღნიშნული არ ნიშნავს მისთვის ახალი სასჯელის განსაზღვრას. ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულებით ჯ------– კ---–--–---ს არ შეცვლია სასჯელის სახე და ზომა, შესაბამისად, მის მიმართ ხელახლა ვერ იქნება გამოყენებული ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
7. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე, აღნიშნული კანონის მოქმედება მის მიმართ უნდა გავრცელდეს თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე, ამ საკითხში საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, ჯ------– კ---–--–--ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი გავრცელდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, რასაც დაემატა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, რადგან მას მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახით დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
8. ასევე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისიის 2013 წლის დასკვნაზე, რომელიც ეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ამნისტიის, შეწყალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება კანონიერად მიიჩნევა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში და პირდაპირ აღნიშნულია ზოგიერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში. კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში წევრ სახელმწიფოთა მიმართ (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ განსაზღვრულია, რომ ამნისტიის, შეწყალების ან მსგავსი ღონისძიებების გარდა, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალას უკარგავს სასამართლო გადაწყვეტილებებს. წინამდებარე რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის მიერ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დროს საქმის ხელახლა განხილვის პროცესში. სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, დაუშვებელია. თუმცა, ეს დანაწესი არ ართმევს კანონმდებელს უფლებამოსილებას - შეცვალოს არსებული კანონმდებლობა ან მიიღოს ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიყენოს. აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა არ უნდა გააუქმონ სასამართლო გადაწყვეტილებები კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეებზე. თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, ამნისტიისა და შეწყალების აქტები, კომპენსაციის გადახდა პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე ან სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და მისი გამართლება მაღალ ჰუმანურ პრინციპებში გამოიხატება.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს გაეროს 1985 წლის ძირითად პრინციპებს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. პირველი პრინციპის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და დაცული ქვეყნის კონსტიტუციით ან კანონით. ყველა სამთავრობო და სხვა დაწესებულებათა მოვალეობაა, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამასთან, მეოთხე პრინციპი ადგენს, რომ არ უნდა ხდებოდეს შეუსაბამო ან უკანონო ჩარევა სასამართლო პროცესში, ასევე სასამართლოების მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას. ეს პრინციპი არ ზღუდავს სასამართლო ზედამხედველობას ან სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელების კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, კანონის შესაბამისად, შემსუბუქებას ან შეცვლას. აღნიშნულ პრინციპებთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განმარტა, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის სიფრთხილით უნდა განახორციელონ ასეთი ღონისძიებები, რათა ამგვარმა ზომებმა (შეწყალება, ამნისტია და სხვა მსგავსი ღონისძიებები) არ დააკნინონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების უნარი, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭეშმარიტ პატივისცემაზე.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზედმიწევნით დაიცვა კანონის ეს მოთხოვნა და საქმე ზეპირი მოსმენითა და მხარეთა მონაწილეობით განიხილა სასამართლო სხდომაზე.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ანალოგიურ შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე N10აგ-14; საქმე N67აგ-16; საქმე N41-18; საქმე N51-18), რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ------– კ---–--–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი