განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №210210012000152909
საქმე №ას-316-316-2018 7 მაისი, 2018 წელი
№ას-316-316-2018 უსწ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ი--- ჯ----–--ის წარმომადგენელი ი---- პ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ-–- ც-------–---–ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი განჩინების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი--- ჯ----–--ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ-–- ც-------–---–ის (შემდგომში – გამყიდველი, თავდაპირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 99189.65 ლარის დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის – 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 2 ნოემბრამდე 3 569.7 ლარის, 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი დავალიანების 10%-ის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის 141 244.75 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99 189.65 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას ეთქვა უარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 569, 70 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განმცხადებლის პოზიცია:
8. 2015 წლის 8 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და განმარტა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წარმოადგენდა თავდაპირველი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 10%-ის დაკისრება. აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო პრეტენზიის საგანსაც, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოცემული საკითხი არ გადაწყვეტილა. განმცხადებელმა იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ აღნიშნულ მოთხოვნაზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 99 189.65 ლარის წლიური 10%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 833, 06 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის – 4196, 38 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებებზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივრები, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
14. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გამოსწორება.
15. განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული არ არის, სააპელაციო პალატის რომელი საპროცესო აქტი დარჩა უცვლელად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალწლიან პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
18. განსახილველი განცხადებით მოსარჩელის წარმომადგენელი საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებულ უსწორობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, თუ რომელი საპროცესო აქტები დარჩა ძალაში.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
20. საკასაციო სასამართლოს მოცემული განცხადების სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
21. დასახელებული ნორმის მიზანია, სასამართლოს მიერ მიღებულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული ისეთი შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას. მითითებული კანონის დანაწესით გათვალისწინებული შეცდომის გასწორების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, თავისი განჩინებით გაასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა, რის შესახებაც საკითხს, თავისი შეხედულებისამებრ, განიხილავს სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 27 აპრილის განჩინება მიღებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად. აღნიშნული განჩინებით საქმე არსებითად არ განხილულა.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის თაობაზე სამართლებრივი შედეგის დადგენისას საკასაციო პალატას სარეზოლუციო ნაწილში უცვლელად დატოვებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებებზე მითითების ვალდებულება არ გააჩნდა, რადგან, როგორც განმცხადებელი მიუთითებს, გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილებები ასახულია განჩინების შესავალ და აღწერილობით ნაწილებში. ანალოგიურ მიდგომაზე მეტყველებს საქართველოს უზენასი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკა.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს არ მიუთითებია 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაში დაშვებულ რაიმე უსწორობაზე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშემშლელი იქნებოდა. შესაბამისად, განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--- ჯ----–--ის წარმომადგენელ ი---- პ-------–---–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე