დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700053050
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №68აპ-18 ქ. თბილისი
ე-------–---–ი ბ-------ი, 68აპ-18 21 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბ-------ი ე-------–---–ი, - დაბადებული 1----–-–-----------–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
1. ბ-------ი ე-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 13 სექტემბრიდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ბ-------ი ე-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ბ-------ი ე-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 სექტემბერს ა-----ის რაიონში, მდინარე ო-----–ის ხეობაში, სოფელ ბ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------- ე-------–---–მა ბენზოხერხის მეშვეობით უკანონოდ გაჩეხა სამი ძირი წიფლის ჯიშის ხე. აღნიშნული ქმედებით სსიპ „ე---------–---------------------------------------------------ს“ მიადგა 1708,45 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი შოთა სარია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ-------ი ე-------–---–ისთვის დამატებითი სასჯელის სახედ ქონების ჩამორთმევის დანიშვნას, კერძოდ, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული „ზ--–----“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევას.
5. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია მრავალხიდიანი სატვირთო ავტომანქანის გამოყენება. ანალოგიურ საქმეებში ყოველთვის ფიგურირებს ამ ტიპის ავტომობილი, ვინაიდან მის გარეშე ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა ყოველგვარ აზრს კარგავს. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ამოღებული „ზ--–----“ მარკის ავტომობილი უნდა ჩაითვალოს დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ქონებად. სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ჩამორთმევას ექვემდებარება, როგორც დანაშაულის იარაღი, ასევე დანაშაულის ჩასადენად რაიმე სახით გამიზნული ქონება, რაც აუცილებელია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ბ-------ი ე-------–---–ის შემთხვევაში სსკ-ის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ დგინდება. გარდა ამისა, „ზ--–----“ მარკის ავტომობილი, რომლის ჩამორთმევასაც ითხოვს ბრალდება, წარმოადგენს არა ბ-------ი ე-------–---–ის, არამედ ა---------– ჩ--------–-–---–ის საკუთრებას. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით კი არ დგინდება, რომ ა---------– ჩ--------–-–---–მა იცოდა, თუ რა მიზნით უნდა გამოეყენებინა ბ-------ი ე-------–---–ს ავტომობილი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხსენებული ავტომანქანის ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე. ასევე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლში დასახელებული სხვა რომელიმე გარემოებაც, რაც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ჩამორთმევის საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32, 33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი