დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002-73105
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №33აპ-18 ქ. თბილისი
გ--–----- თ----------, 33აპ-18 21 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ გივი შენგელიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ---------- გ--–-----ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ---------- გ--–----- მოძრაობდა საკუთარი ავტომანქანით. მან ქ. წ---–-------–----------------------–- მდებარე ს/ს ,,ვ-----–----------–--------------ის“ ავტოგასამართი სადგურის წინ დაარღვია საგზაო მოძრაობის მოთხოვნები და, შეეჯახა კ------------- ს------ის ,,მ-------------–--“ მოდელის ავტოგადამზიდს. დაზიანებული ავტომანქანის მძღოლი მოიძია, რომელიც ახლოს მდებარე ავტოშემკეთებელ სახელოსნოში მყოფი კ------------- ს------ე აღმოჩნდა. საუბრისას თ. გ--–----- და კ. ს------ე შეკამათდნენ. თ. გ--–----- განაწყენდა კ. ს------ეზე და შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მისი მოკვლა. ამ მიზნით, თ. გ--–-----მ მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული, ხელთარსებული 6----- კალიბრიანი „ჩ-----ს“ მოდელის პისტოლეტიდან ორი გასროლით, ორივე ბარძაყის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა კ. ს------ეს. ეს უკანასკნელი ს/ს ,,ვ-----–----------–--------------ისკენ“ გაიქცა, თ. გ--–----- კი, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაედევნა მას, თუმცა კ. ს------ემ თავი საოპერატორო ოთახს შეაფარა. იმავდროულად, ადგილზე მყოფმა პირებმა შეძლეს თ. გ--–----ის დამორჩილება, ხელი შეუშალეს მას, სიცოცხლე მოესპო კ. ს------ისათვის, შვილის - აკაკი გ--–----ის სატრანსპორტო საშუალებით გადაიყვანეს მის საცხოვრებელ სახლში - სოფელ თ------–ში. მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო კ. ს------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და სიკვდილს გადარჩა.
მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს მუშაკებისათვის და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის დაკავების მიზნით, წ---–-------ს რაიონული სამმართველოს უფროსი რ----- ქ------–-ა ამავე სამმართველოს მუშაკებთან - მ----- ა------------სთან, მ------ ჭ---–------სთან, თ---------- ლ----------სთან, ვ-–- კ---------სა და ო----- მ--–--------თან ერთად გაემართა თ---------- გ--–----ის საცხოვრებელი სახლისკენ. მათთან მივიდა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს მუშაკი ზ----- ს------ც. აღნიშნულზე, თ---------- გ--–-----, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, დამატებით აღიჭურვა მის სახელზე რეგისტრირებული და მასზე შენახვის უფლებით გაპიროვნებული ,,ე-----------------ს“ მოდელის სანადირო თოფით, ,,ჩ-----სა“ და ,,ტ-----ს“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტებითა და საბრძოლო ვაზნებით. მან განიზრახა პოლიციის მუშაკის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის საქმიანობასთან დაკავშირებით, საცხოვრებელი სახლიდან წაიღო ზემოხსენებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტები, მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნებით, ჩასაფრდა წ---–-------ს რაიონის სოფელ თ------–ში, მეზობლად მცხოვრები ჟ----- ქ---------ის საყანე ნაკვეთში. სამართალდამცავთა დანახვაზე გამოვიდა საყანე ნაკვეთიდან გზის სავალ ნაწილზე და მიუხედავად პოლიციელთა მოთხოვნისა, არ გაეწია წინააღმდეგობა, ხელთ არსებული სანადირო თოფიდან რ----- ქ------–-ას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რითაც ამ უკანასკნელს ზურგისა და მარჯვენა წინამხრის არეში მიადგა სხეულის დაზიანებები. ამის შემდეგ, თ---------- გ--–-----მ თანნაქონი სანადირი თოფიდან და ,,ტ-----ს“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა ზ----- ს-----ის, მ----- ა-----------ის, მ------ ჭ---–------სა და ვ-–- კ--------ის მიმართულებით. სამართალდამცავთა საპასუხო გასროლების შედეგად თ---------- გ--–-----მ მარცხენა მხრისა და გულმკერდის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობები, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ადგილზევე დააკავეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს - ,,ე-----------------ს“ მოდელის 12 მმ კალიბრიანი N----- სანადირო თოფი, ,,ჩ-----ს“ მოდელის 6--- მმ კალიბრიანი N------ და 7--- მმ კალიბრიანი ,,ტ-----ს“ (ტ-------------------) მოდელის N–----- ცეცხლსასროლი პისტოლეტები, 6--- მმ კალიბრიანი 2- საბრძოლო ვაზნა, 7--- მმ კალიბრიანი 74 საბრძოლო ვაზნა და იმავე ყალიბის ორი მასრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენით:
თ---------- გ--–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108 -ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
თ---------- გ--–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
თ---------- გ--–-----, - დაბადებული 1954 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. გ--–-----ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 8 ივნისიდან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ თ---------- გ--–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანაშაულის ხასიათის მიხედვით, დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი; ხოლო დაცვის მხარე ითხოვდა განაჩენის გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც თ---------- გ--–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ბრალდების ამ ნაწილში გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა (პირველი ეპიზოდი, 2016 წლის 8 ივნისი, დაახლოებით 13:00 საათი) 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ,,ვ-----–----------–--------------ას’’ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა იმის თაობაზე, რომ თ. გ--–-----სა და კ. ს------ეს შორის კამათის არცერთ ეტაპზე არ წარმოშობილა კ. ს------ის სიცოცხლის საშიშროების შემცველი საფრთხე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება თ. გ--–----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე და არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივებს თ. გ--–----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა. ამასთან, ასევე უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული.
სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მსჯავრდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კ. ს------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია; ასევე თვით დაზარალებულ კ. ს------ის ჩვენებებზე, რომლებიც თანმიმდევრულად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 8 ივნისს მასა და თ. გ--–-----ს შორის, როგორ შეკამათდნენ, რომ ,,მათ შორის მანძილი ორი მეტრი იყო და თ. გ--–-----ს შეეძლო მისთვის იარაღი თავში ესროლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და ფეხებში ესროლა’’. თ. გ--–-----მ დანაშაულებრივი ქმედება პისტოლეტის განმეორებით სროლის გზით რომ აღარ გააგრძელა, თუმცა ამის საშუალება ჰქონდა, დასტურდება ,,ვ-----–----------–--------------ის’’ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, რომლებზეც კარგად ჩანს, თუ როგორ მიჰყვება თ. გ--–----- კ. ს------ეს უკან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ერთ შემთხვევაში პირისპირაც ხვდება მას, მაგრამ იარაღს არ იყენებს და აღარ ესვრის, თუმცა თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ თ. გ--–----ის განზრახვა, დაზიანების შედეგი უშუალოდ არა მკვლელობისკენ, არამედ სხეულის დაზიანებისკენაა მიმართული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თ. გ--–-----მ ორჯერვე ესროლა არა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოში, არამედ – ფეხებში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ კ. ს------ეს დაესვა დიაგნოზი: ორივე ბარძაყის ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა დაზიანებები განვითარებულია გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთლობის ხანმოკლე მოშლით.
მოწმე კ. გ--------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ. გ--–-----მ იარაღიდან ორჯერ ესროლა კ. ს------ეს. სროლის შემდეგ იგი შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის და ხელი აუკრა პისტოლეტზე. თ. გ--–-----მ უთხრა ,,ხელს ნუ მიშლიო’’და უკან გაჰყვა გაქცეულ კ. ს------ეს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება თ. გ--–----ის განზრახვა – მოეკლა კ. ს------ე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა გამორიცხავს თ. გ--–----ის მიერ კ. ს------ის მკვლელობის მცდელობის განზრახვას, კერძოდ, თ. გ--–----ისათვის არ არსებობდა განსაკუთრებული მოტივი განზრახ მკვლელობის ჩასადენად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. გ--–-----ს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
მცდარია პოზიცია, რომ დაზარალებულის ნებისმიერი ქცევა ან რაიმე გამონათქვამი (ამ შემთხვევაში თ. გ--–----- და კ. ს------ე შეკამათდნენ ავტომანქანასთან დაკავშირებით), რის გამოც, შესაძლოა, დამნაშავე განეწყოს მის წინააღმდეგ და მას დაზარალებულის მიმართ ჩამოუყალიბდეს სამაგიეროს გადახდის განცდა და სწრაფვა, სამართლებრივად ყოველთვის უნდა შეფასდეს როგორც შურისძიების საფუძველი, ხოლო ამ ნიადაგზე აღმოცენებული დამნაშავის შინაგანად მამოძრავებელი, ფსიქოლოგიური მუხტი კი, როგორც შურისძიების მოტივი. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება თ. გ--–----ის მიერ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ასევე პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას თ. გ--–----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,3531 –ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და ყურადღება მიაპყრო შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს პოლიციის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობას, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამნაშავის განზრახვის მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობისკენ მიმართვა, ხოლო განზრახვის მიმართულების დასადგენად, როგორც ზემოთ აღინიშნა უნდა შეფასდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოება ერთობლივად, კერძოდ, დანაშაულის ხერხი და იარაღი, სხეულის დაზიანების ხარისხი, ჭრილობის ლოკალიზაცია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. გ--–----- შეიარაღებულია სანადირო გლუვლულიანი თოფით, ,,ჩ-----სა’’ და ,,ტ-----ს’’ მოდელის პისტოლეტებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ თ. გ--–----- პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევს სანადირო თოფით, რომელიც დამუხტულია წვრილი, ფრინველზე სანადირო რვა ნომერი საფანტით და სროლის დროს არ იყენებს არცერთ პისტოლეტს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ თ. გ--–----ის ასეთი ქმედება გამორიცხავს პოლიციელების სიცოცხლის მოსპობისაკენ მიმართულ მის განზრახვას. აქვე პალატამ ყურადღება მიაპყრო მოწმე მ. ა-----------ის ჩვენებას, რომელიც განმარტავს, რომ ,,როდესაც ისინი დაჭრილ თ. გ--–-----სთან მივიდნენ, ის შეიარაღებული იყო და შეეძლო კიდევ ესროლა, მაგრამ აღარ უსვრია’’. თვით დაზარალებულ რ. ქ------–-ას განმარტებით დასტურდება, რომ ,,თ. გ--–-----მ მას თოფიდან ესროლა, ,,ტ------დან“ არ უსვრია, ,,ტ------დან“ რომ ესროლა, ამ მანძილზე არ ააცდენდა’’. იგი ხელში და ზურგის არეში დაიჭრა. მოწმე ვ. კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ რ. ქ------–-ა ხელებისა და ზურგის არეში იყო დაჭრილი. თ. გ--–----- მათი მიმართულებით, დაახლოებით 15 მეტრიდან ისროდა. იგი უშუალოდ დამიზნებით არ ისროდა. ანალოგიურად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები პოლიციელებმა - ო. მ--–--------მა, თ. ლ----------მ და ზ. ს------მ.
საქმეში წარმოდგენილი, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით რ. ქ------–-ასთვის მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. გ--–----ის განზრახვა მიმართული იყო სწორედ ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ და არა - სიცოცხლის მოსპობისაკენ.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას თ. გ--–----ის საქართველო სსკ-ის 3531 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლების შესახებ და ასევე, დანიშნული სასჯელის შემცირების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაზარალებულისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექპერტიზის დასკვნით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. გ--–----- ქ. წ---–-------ში კ. ს------ის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების შემდეგ, სახლში დაბრუნებული, იარაღდება ,,ექსკორტ მაგნიუმის’’ მოდელის სანადირო თოფით, ,,ჩ-----ს’’ და ,,ტ-----ს’’ მოდელის პისტოლეტებით, საბრძოლო ვაზნებით და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და შესაძლო დაკავებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს წ---–-------ს რაიონული სამმართველოს მუშაკებს და სანადირო თოფიდან რ.ქ------–-ას მიმართულებით რამდენიმე გასროლით მას სხეულის დაზიანებას აყენებს ზურგისა და მარჯვენა წინამხრის არეში. სამართალდამცავთა საპასუხო გასროლების შემდეგ თ. გ--–-----მ მარცხენა მხარისა და გულმკერდის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობები და დაჭრილი ადგილზევე დააკავეს.
1-ლი ინსტანციის სასამართლომ თ. გ--–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა), ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნით მას დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა გივი შენგელიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და თ---------- გ--–----ის მიერ ჩადენილი ქმედებების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ---------- გ--–----ის საქართველოს სსკ-ის 19,108 -ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება გამოიწვია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორ გივი შენგელიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი