ახლად გამოვლენილი განჩინება

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
010140018700050828
თარიღი
15.06.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010140018700050828

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №1აგ-18 თბილისი

ა-–----------- რ----–--, 1აგ-18 15 ივნისი, 2018 წელი

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით რ----–-- ა-–-----------, - დაბადებული 1--- წელს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდში „ბუპრენორფინის“, „ამფეტამინის“, „მეტამფეტამინისა“ და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით რ----–-- ა-–----------- დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდში „ბუპრენორფინის“, „მეთადონის“, ჯვჰ (jwh)-018/ჯვჰ (jwh)-073 (სინთეზური კანაბინოიდებისა) და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ----–-- ა-–------------, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ჯარიმით შეცვლა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით ამავე კოდექსის 273-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----–-- ა-–------------, რომელმაც მოითხოვა რთული ოჯახური პირობების გამო, გამონაკლისის სახით, მისი საკასაციო საჩივრის განხილვა და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით გაირკვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 20 აპრილისა და 16 ივლისის განაჩენები მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, ხოლო მისი დაკავების შემდეგ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მან ისე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომ სადავო განაჩენები სააპელაციო წესით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით) არ გაუსაჩივრებია და, შესაბამისად, საქმეზე სამართალწარმოება არ იყო დასრულებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის №52აგ-17 განჩინება; 2017 წლის 30 ოქტომბრის №74აგ-17 განჩინება; 2017 წლის 22 ივნისის №21აგ-17 განჩინება).

5. ამასთან, საქმის მასალებით ასევე გაირკვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ მსჯავრდებულმა რ----–-- ა-–------------ სადავო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილისა და 16 ივლისის განაჩენები ასევე გაასაჩივრა სააპელაციო წესითაც, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენებით საქმეთა არსებითად განხილვის შედეგად დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულ რ----–-- ა-–----------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ჯარიმით - 4500 ლარით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ჯარიმით - 5500 ლარით, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

7. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, მისი რთული ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამონაკლისის სახით, მისივე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს და, სამწუხაროდ, ასეთ გამონაკლისს კოდექსი არ ითვალისწინებს, ხოლო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს კანონის მოთხოვნებს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ რ----–-- ა-–-----------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი