განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210016001258199
საქმე №ას-656-656-2018 15 ივნისი, 2018 წელი
№ას-656-656-2018 ბ-------ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი---- და ე-–--- ბ-------ეები (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ------- კ--–-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ------- კ--–-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი----, ე-–--- (შემდგომში – კასატორი მოპასუხეები) და ა-----------ეების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მის სახელზე. მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ფართს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის არაკეთილსინდისიერი შემძენი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ქონების ირგვლივ მიმდინარეობდა დავა და ნასყიდობა გააფორმა ფორმალურად. ბინაში ცხოვრობდნენ მოსარჩელეები. მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ფართის მდგომარეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. მის კუთვნილ უძრავ ნივთს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
9. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხეების მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე მიუთითებს, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც სარჩელში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის არსებობს კანონისმიერი საფუძველი. ერთადერთი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც აპელანტები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას არამართლზომიერად მიიჩნევენ ის ფაქტია, რომ მოპასუხეები 2007 წლის დასაწყისში სადავო ქონებას თვითნებურად დაეუფლნენ აღნიშნული გარემოება ბუნებრივია და საჯარო რეესტრის ამონაწერის საპირწონე მტკიცებულებად ან/და ნივთის მართლზომიერ სარგებლობად ვერ იქნება მიჩნეული.
11. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში ხომ არ იმყოფება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები სსკ-ის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს – მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ. კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რომლის არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ვერ დაუდასტურეს.
12. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მიმდინარეობისას აპელანტმა მხარემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი საკუთრების დამადასტურებელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
13. საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/14682-15 სარჩელი მოსარჩელესა და ქონების წინა მესაკუთრეს შორის გაფორმებული სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დააკმაყოფილა.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. მოგვიანებით, უზენაეს სასამართლოში კასატორების მიერ ამ საქმეზე შეტანილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები გაუქმდა და სარჩელი განუხილველად დარჩა (სუსგ 15.12.2017 გადაწყვეტილება). ცხადია, აპელანტები შეეცადნენ მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტის სადავოდ ქცევას, თუმცა, განსახილველი დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის და აღნიშნულ ეტაპზე, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული, თუ სხვა სახის წარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა.
15. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი ბინის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვას ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, უძრავი ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია და მოპასუხეებმა ქონების ფლობის მართლზომიერება ვერ დაადასტურეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხეები სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელები არ არიან და მიუთითეს, რომ ერთ-ერთი მოპასუხის განცხადებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიამ გააუქმა სადავო ფართის წინა მესაკუთრის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა, რომელმაც შესაბამისი ცვლილების ასახვამდე სადავო ფართი გადაუფორმა თავის სიძეს – მოსარჩელეს. მოპასუხე მხარემ მიმართა სასამართლოს აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სარჩელი დარჩა განუხილველად იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
18. კასატორების განმარტებით, ერთ-ერთმა მოპასუხემ 2018 წლის 2 მარტს მიმართა მერიის აღიარების კომისიას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების მისაღებად. კომისიის გადაწყვეტილება უშუალო ზეგავლენას მოახდენს მოცემული დავის შედეგზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხეებს, ედავათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. მის კუთვნილ უძრავ ნივთს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები.
22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სადავო ფართს ფლობენ მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება მანამდე, სანამ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისია განიხილავს მოპასუხის განაცხადს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
26. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)
28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
29. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
32. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
33. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეების შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია.
35. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
36. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
37. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები.
38. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
39. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სასამართლო წესით სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.
40. კასატორები საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნევენ ერთ-ერთი მათგანის განცხადების განხილვას არა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, არამედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიისადმი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების შეტანის მოტივით, რაც სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესს არ შეესაბამება და საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივ წინაპირობად ვერ შეფასდება.
41. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი---- ბ-------ის მიერ 2018 წლის 8 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- და ე-–--- ბ-------ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი---- ბ-------ესა (პირადი №-----------) და ე-–--- ბ-------ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი---- ბ-------ის მიერ 2018 წლის 8 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე