განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
010210016001411481
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010210016001411481

საქმე №ას-605-605-2018 15 ივნისი, 2018 წელი

№ას-605-605-2018 ბ---–----ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ---–---- და მ----- ბ---–----ეები (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი-----–------ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ი-----–------ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ---–----, მ----- (შემდგომში – აპელანტი მოპასუხეები) და მ--–--- ბ---–----ეების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება და საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლება ამ ქონებაზე რეგისტრირებულია 2013 წლის 15 იანვრიდან.

3. აღნიშნულის მიუხედავად, საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოპასუხეები, რომლებიც უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე, ამდენად, მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხეემა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ფართს ფლობენ მართლზომიერად, ამასთან, სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით აპელანტი მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგოში – სსსკ) 369-ე მუხლისა და 2591 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შეფასებისას შეამოწმა სწორედ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულება მათ მიერ, რადგან საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 თებერვლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმით დადგენილია, რომ აპელანტი მოპასუხეები და ამ უკანსკნელის წარმომადგენელი იმყოფებოდნენ მოცემულ სასამართლო მთავარ სხდომაზე, რომელზეც, სათათბირო ოთახში გაუსვლელად, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ 212-215).

9. ამდენად, აპელანტ მოპასუხეებს, როგორც გასაჩივრების უფლების მქონე იმ პირთ, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად (2591 მუხლი), ევალებოდათ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (11 მარტი) და არა უგვიანეს 30 (21 მარტი) დღისა მიემართათ სასამართლოსთვის და მოეთხოვათ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.

10. განსახილეველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის მისაღებად 2018 წლის 12 მარტიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ არც ერთ აპელანტ მოპასუხეს და არც წარმომადგენელს.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე/აპელანტი არ წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი.

12. სსსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აპელანტი მოპასუხეებისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (სუსგ №ას-1161-1106-2014) – 2018 წლის 21 მარტიდან და ამოიწურა 2017 წლის 4 აპრილს.

13. სააპელაციო საჩივარი აპელანტმა მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს 2018 წლის 11 აპრილს, რომელიც ფოსტის მეშვეობით არის გამოგზავნილი 2018 წლის 5 აპრილს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, ერთი დღის გადაცილებით.

 

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამივე მოპასუხემ ერთად ჩაიბარა და წარადგინა ერთი სააპელაციო საჩივარი. სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას კერძო საჩივრის ავტორები შინ არ იმყოფებოდნენ და იგი ჩაიბარა გასაჩივრების უფლების არმქონე პირმა, შესაბამისად, მათ მიმართ 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 23 მარტიდან, როდესაც ჩაიბარეს სასამართლო გზავნილი დალუქულ მდგომარეობაში.

16. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ კვალიფიციური წარმომადგენელი არ ჰყავდათ და თავადაც არ გააჩნიათ იურიდიული განათლება. პროცესის დასრულების შემდეგ აპელანტი მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც, ასევე, არ იყო ადვოკატი, გაემგზავრა საზღვარგარეთ, შესაბამისად, აპელანტი მოპასუხეებისათვის შემდგომი საპროცესო ნიუანსების თაობაზე არავის, მათ შორის არც სასამართლოს არ განუმარტავს. მათ რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მისაღებად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი საპროცესო ვადის გაშვების გამო.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

21. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

22. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ აპელანტი მოპასუხეები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ.

24. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში აპელანტი მოპასუხეები და არც ერთ-ერთი მათგანი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადებულა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება წერილობით არ მოუთხოვია. მათ სასამართლო გადაწყვეტილება 2018 წლის 16 მარტს გაეგზავნათ, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული დროისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად იყო.

25. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან – 2018 წლის 21 მარტიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 4 აპრილს. აღნიშნულის შემდგომ აპელანტმა მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2018 წლის 5 აპრილს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

27. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

28. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

29. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ზემოთ მითითებული სასამართლო გზავნილის შესაბამისად, მოპასუხეებს სასამართლო დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 16 მარტს (ს.ფ 226), სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლამდე.

30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას ერთ-ერთი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა იხილავს მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას და ზემოთ დასახელებულ საკითხზე ვერ იმსჯელებს.

31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---–---- და მ----- ბ---–----ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე