დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
010100116001216121
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001216121

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №8აპ-18 ქ. თბილისი

გ------ გ------, 8აპ-18 15 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------ გ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენით გ------ გ------, - დაბადებული 1989 წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------ გ------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ------ გ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პტიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 5 მაისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით გ------ გ------ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით გ------ გ------ ითვლებოდა ნასამართლევ პირად საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით. მიუხედავად ამისა, მან არაერთგზის ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2015 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათიდან - 03:00 საათის შუალედში, გ------ გ------ ქ------–----- მუნიციპალიტეტში, დაბა ჩ---ში, თ----- მ----ს გამზირზე, №--- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ი----- კ--------ს ,,ოპელ კორსას’’ მარკის სახ.№-------- ავტომანქანიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ პირად ნივთებსა და ავტომანქანის მაგნიტოფონის ე.წ. „პანელს’’, სულ ღირებულს 132 ლარად.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა და მსჯავრდებულ გ------ გ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- შ-----მ.

 

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გ------ გ------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

 

დაცვის მხარე საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ------ გ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეაფასა სააპელაციო საჩივრების მოტივები და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელისა და მსჯავრდებულ გ------ გ------ს ინტერესების დამცველის ადვოკატ პ----- შ-----ს სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოკვლეულა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ------ გ------ს უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე: დაზარალებულ ი----- კ--------ს, მოწმეების - ზ----- უ-------ს, დ----- ჯ----------ს, მ-------- დ--------ს ჩვენებებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკისა და ამოღების, საგამოძიებო ექპერიმენტის, ამოცნობის ოქმებზე და სწორედ ზემოაღნიშნულ ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია გ------ გ------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2015 წლის 5 დეკემბრის ოქმით დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლების წინადადებაზე გ------ გ------მ მისი საძინებელი ოთახიდან წარადგინა ტყავის ქურთუკი, რომლის შიგნითა ჯიბეში მოთავსებული იყო ის ნივთები, რომლებიც 2015 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, დაბა ჩ---ში, თ----- მ----ს გამზირის №---ის მოპირდაპირედ გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარა. კერძოდ, პატარა ზომის საკეცი დანა და ვერცხლისფერი პომადის პატარა ზომის ბუდე.

 

ამოღების 2015 წლის 5 დეკემბრის ოქმით დადგენილია, რომ გ------ გ------მ წარმოადგინა შავ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სხვადასხვა ნივთი, რომლებიც მან 2015 წლის 5 დეკემბერს, დაბა ჩ---ში, თ----- მ----ს გამზირის №----ის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ,,ოპელ-კორსას’’ მარკის წითელი ავტომანქანიდან მოიპარა.

 

ნივთის ამოცნობის 2015 წლის 6 დეკემბრის ოქმებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ი----- კ--------მ ამოიცნო 2015 წლის 5 დეკემბერს მისი კუთვნილი ,,ოპელ-კორსას’’ მარკის ავტომანქანიდან მოპარული შემდეგი ნივთები: რიგით № 1 საკეცი დანა, რიგით №3 პომადის ყუთი და რიგით № 2 მაგნიტოფონის ე.წ. ,,პანელი’’.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის 2015 წლის 6 დეკემბრის ოქმით დადგენილია, რომ გ------ გ------ს ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (№561აპ-15), რომელშიც პალატამ განმარტა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გ. გ------ს ჩვენება არ მიუცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღადგინეს ქმედების ჩადენის ვითარება, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მაშინ, როცა მას გარკვეული შედეგი მოჰყვა (ნივთმტკიცების ამოღება) ან ამ ექსპერიმენტმა უტყუარობის მაღალი ხარისხი შესძინა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას იპოვეს ის ადგილი, სადაც დაზარალებულის ავტომანქანიდან მოპარული ნივთები ინახებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ. გ------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია, სცოდნოდათ ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. გ------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ისევე, როგორც ბრალდების მხარის დაზუსტებული მოთხოვნა, რომ მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვროდა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------ გ------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მას შეუფარდა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რის გამოც არ არსებობს გ. გ------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, რომ გ------ გ------ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი უნდა განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შემოიფარგლა მხოლოდ გ. გ------ს დამნაშავედ ცნობისა და სამართლიანი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით, შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ჩამოყალიბებისას დაზუსტებული პოციზია არ ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------ გ------ს მიმართ დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------ გ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- შ-----მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------ გ------ს ბრალეულობას მსჯავრად შერაცხულ ქმედებაში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ გ------ გ------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გ------ გ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მათ შორის იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში), ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------ გ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი