განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №340210115001065711
საქმე №ას-669-669-2018 22 ივნისი, 2018 წელი
№ას-669-669-2018 ბ-–--ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პ----- ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეები (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ----- რ-----------ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ----- რ-----------ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 22 თებერვალს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა მოპასუხეებს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობაზე, ხოლო ამ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები მოსარჩელეს არ გაუსხვისებია.
3. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეები არ აძლევენ სახლში შესვლისა და თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთების წაღების საშუალებას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, 2003 წელს მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლის ¾, რომელიც 2013 წლის 22 თებერვალს მიჰყიდა მოპასუხეებს. ამავე სანოტარო აქტში მემკვიდრედ მითითებულია მოსარჩელის ძმა და მოპასუხეების მამა, რომელმაც, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდროდან სავალდებულო წილი მიიღო და მანაც თავისი წილი აჩუქა მოპასუხეებს.
5. მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოძრავი ნივთები მემკვიდრეობით არ მიუღია და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მათ.
6. მოპასუხის მითითებით, სადავო მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას, ეს ნივთები 20-25 წლის შეძენილია მოპასუხეების მამის მიერ, რომლებიც სახლთან ერთად გადაეცათ საკუთვნებლის სახით და წარმოადგენს მათ საკუთრებას. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო მოძრავი ნივთების ნაწილი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა მფლობელობიდან, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სადავო მოძრავი ნივთები გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავოა მხარეთა შორის საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტი. საყურადღებოა, რომ მხარეები არიან ნათესავები, კერძოდ, – მამიდა და ძმისშვილები.
10. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის ¾ წილი მიჰყიდა თავის ძმისშვილებს – მოპასუხეებს.
11. აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ ანდერძის საფუძველზე მიიღო მემკვიდერობით, კერძოდ, 2003 წლის 11 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ მიიღო 2002 წლის 26 ივნისს გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონების ¾ წილზე, ხოლო მოსარჩელის ძმამ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონების მისი კუთვნილი სავალდებულო ¼ წილი, რომელიც აჩუქა თავის შვილს, ერთ-ერთ მოპასუხეს.
12. ამჟამად ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება წილობრივი პროპორციებით აღრიცხულია მოპასუხეების საკუთრებად.
13. მოსარჩელე მოცემულ ეტაპზე დავობს მის მიერ გასხვისებულ და მისთვის ნაანდერძებ სახლში არსებული მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტზე, აპელირებს მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებით და ვინდიკაციური სარჩელით ცდილობს მოიპოვოს მათზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ქონების არამართლზომიერი ხელყოფისაგან დაცვა.
14. მოსარჩელის განმარტებითა და მოწმის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, სადავო მოძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის დედის საკუთრებას, რომელიც უძრავ ქონებასთან ერთად თავის ქალიშვილს – მოსარჩელეს ეანდერძა. ამასთან, 2003 წლის სამკვიდრო მოწმობაში ნოტარიუსმა დაადასტურა, რომ მოსარჩელემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში – სსკ) დადგენილი წესით მიიღო 2002 წლის 26 ივნისს გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი. მან სამკვიდრო მიიღო მასში შემავალი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით.
15. საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისის თანახმად, 2006 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ თავისი საკუთრება დააზღვია 70 000 აშშ დოლარის ფარგლებში. დაზღვეულ ქონებას წარმოადგენდა როგორც უძრავი, ისე მასში განლაგებული მოძრავი ქონება (კონსტრუქციული ელემენეტები შიდა მოპირკეთების გარდა, ავეჯი, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა). აქვე წარმოდგენილია სადაზღვევო კომპანიის განხორციელებული სადაზღვევო შენატანების შესახებ საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეთა კვალიფიციური შედავება ეფუძნება მტკიცებას იმის შესახებ, რომ სადავო ნივთები არც მოსარჩელის და არც მოპასუხის საკუთრება არასდროს ყოფილა. იგი ეკუთვნის მათ მამას, რომელმაც სადავო ნივთები 20-25 წლის წინ შეიძინა. მოსარჩელისაგან განსხვავებით, იგი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში და ფლობდა როგორც უძრავ, ისე მოძრავ ნივთებს.
17. ქონებაზე საკუთრების უფლების მიკუთვნების უპირატესი აღიარებისათვის წარმოშობილი წინააღმდეგობის გამო, საკითხის სწორი და ობიექტური შეფასებისათვის სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქონების სამართლებრივ ბუნებაზე და მიკუთვნებადობის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმზე.
18. საყურადღებოა, რომ სსკ-ი ქონებას ორ სახეობად ყოფს: მოძრავ და უძრავ ქონებად (სსკ 148-ე მუხლი). იგი ცალკე არ იძლევა მოძრავი ნივთის დეფინიციას, თუმცა უძრავი ნივთის ცნების თანახმად, მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა სხვა დანარჩენი ქონება, რომელიც არ არის მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე (სსკ 149-ე მუხლი).
19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ი მოძრავ და უძრავ ნივთებზე ნამდვილ უფლებათა არსებობას განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს. თუ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის პრეზუმფცია გამყარებულია სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერით (სსკ-ის 183-ე, 312-ე მუხლები), მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების პრეტენზია უკავშირდება ნამდვილი, სუბიექტური ნების არსებობას ქონების ფლობაზე, ქონების კეთილსინდისიერად მოპოვებას, მისი სარგებლობის, თავისუფლად ფლობის და განკარგვის ირიდულ ან ფაქტობრივ დადასტურებას (სსსკ-ის 155-ე, 159-170 მუხლები).
20. ამავე კოდექსის 158-ე, 155-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობაში მისი იურიდიული ძალა ივარაუდება (ქონების კეთილსინდისიერად მოპოვების, სარგებლობის, თავისუფლად ფლობის და განკარგვის ფაქტობრივი ან ირიდული ფორმით დადასტურება) და არა მხოლოდ მისი სივრცობრივი სიახლოვე, ეს უკანასკნელი ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს უპირატესი. ამასთან, ასეთი მფლობელის სუბიექტური ნება სრულყოფილს ქმნის მფლობელობის სამართლებივ რეჟიმს.
21. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებას არ ფლობს, იგი მოსარჩელისაგან სივრცობრივად განცალკევებულია. მოპასუხე მხარე კი სადავო ქონების მიმართ უფლების უპირატესობის სამტკიცებლად უთითებს აბსტრაქტულ განმარტებას, რომ აღნიშნული ქონება მათი მამის შეძენილი საკუთრებაა, თუმცა ასეთი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, თუნდაც მოძრავი ნივთების მამის მიერ შვილების სასარგებლოდ განკარგვის ფაქტიც არ არის ცხადი.
22. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსათვის უცნობია ნივთების არა მხოლოდ ფორმალურად ფლობის შესახებ, მოპასუხეთა მტკიცებით ნივთების უპირობო მესაკუთრის – მოპასუხეთა მამის გაცხადებული ინტერესი და სუბიექტური ნება მაშინ, როცა უძრავი ქონების მემკვიდრეობით განაწილების შემდეგ მოსარჩელემ უძრავ ქონებასთან ერთად მასში არსებული მოძრავი ქონებაც დააზღვია.
23. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) სადავო გარემოებების მტკიცებათა დასაბუთება შეჯიბრებითობის პრინციპის ერთი-ერთი გამოვლინებაა (სსსკ-ის მე-4, 103-ე მუხლები), რომელიც სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველი ხდება (სსსკ-ის 105-ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102 მუხლი), ამავე დროს დასაბუთებულ მტკიცებულებათა მეშვეობით ოპონირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის და შესაფასებელი გარემოებების გამო მხარეთა შორის მტკიცების განსხვავებული მოცულობის ტვირთით შეიძლება გადანაწილდეს.
24. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე სარჩელის მოთხოვნის გამართლების დამფუძნებელ მტკიცებულებად საკუთარ ახსნა- განმარტებასთან ერთად აყრდნობს მოწმის ჩვენებას, სამემკვიდრეო მოწმობას, სადაზღვევო პოლისს და სადაზღვევო შენატანის გადახდის ქვითრებს, საიდანაც ირკვევა, რომ მოძრავი ნივთების ფლობის იურიდიული ძალა ვრცელდება და ვითარდება მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხის ოპონირება კი, სადავო ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების უარყოფის შესახებ, მხოლოდ აბსტრაქტულ ახსნა-განმარტებას ეფუძნება და ამავე დროს, იგი ვერ აღწერს და ადასტურებს მის სასარგებლოდ სადავო ქონებაზე ნამდვილი საკუთრების უფლებით აღჭურვის პროცესს და ფაქტს. ამდენად, მოპასუხის ოპონირება ვერ თავსდება კვალიფიცური შედავების ფარგლებში, რომელიც საპირწონედ გააქარწყლებდა სარჩელის საფუძვლიანობას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო მოძრავი ნივთების ფლობის იურიდიული რეჟიმი დადასტურებულია. შესაბამისად, მისი როგორც სადავო ქონების მესაკუთრედ პრეზუმირება სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დასაბუთებულია.
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის ნივთები, რომელიც არ იქნა გამოთხოვილი მოპასუხეთაგან, მოსარჩლის მიერ გასხვისებულ ბინაში არ მოიძებნა. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ქონება გატანილ იქნა სახლიდან, რის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სადავო ნივთების სახლიდან გატანის ამსახველი ფოტოსურათები.
27. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტზე, სადაც შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ნივთების შემნახველისა და მოვალეების მამის განმარტებით, ნივთები, რომლებიც აღწერის დროს ადგილზე არ იყო და ვერ მოიძებნა, წყალდიდობის გამო, გატანილია ნათესავებთან, ხოლო ნაწილი თავად კრედიტორთან ინახება.
28. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა არ უარყვეს, რომ მოძრავი ნივთების ნაწილი, მართლაც, გაიტეს სახლიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული ქონების რეალურად არსებობის ფაქტი დადასტურებულად ჩათვალა.
29. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა უფლებამოსილება, იდავოს საკუთრების უფლების თავისუფლად რეალიზაციისათვის და არ დაუშვას მისი უსაფუძვლოდ შეზღუდვა. ამავე დროს, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს სადავო ქონებაზე უპირატესი საკუთრების უფლება ან ასეთი უფლების კანონიერი შეზღუდვა მათ სასარგებლოდ. ამდენად, მოპასუხეები სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეებად ან მართლზომიერ მფლობელებად ვერ ჩაითვლებიან.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოცემულ დავაში არსებითი საკითხია სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრის დადგენის თაობაზე.
32. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ უძრავი ქონების 3/4 წილი მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელემ, ხოლო 1/4 წილი – მისმა ძმამ.
33. მოსარჩელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მისი დედის სამკვიდოს შეადგენდა უძრავი ქონება. რაც შეეხება მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებს, ისინი სამკვიდრო მასაში არ შედიოდნენ, შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში გათვალისწინებული და აღწერილი არ არის. ამდენად, სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მოსარჩელის დედის საკუთრებას, აღნიშნული ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. ასევე, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები შეძენილია მოსარჩელის დედის გარდაცვალებამდე.
34. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობით არ არის განსაზღვრული, თუ რომელი და რა ღირებულების კონკრეტული ნივთი ეანდერძა მოსარჩელეს, ასევე დაუდგენელია, იყო თუ არა სადავო ნივთები მისი აწ გარდაცვლილი დედის მფლობელობაში.
35. კასატორებმა განმარტეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვეს მისი მოქმედების შეჩერება.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან ნათესავები, კერძოდ, – მამიდა და ძმისშვილები.
39. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის ¾ წილი მიჰყიდა თავის ძმისშვილებს – მოპასუხეებს.
40. აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ ანდერძის საფუძველზე მიიღო მემკვიდერობით, კერძოდ, 2003 წლის 11 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით მოსარჩელემ მიიღო 2002 წლის 26 ივნისს გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონების ¾ წილზე, ხოლო მოსარჩელის ძმამ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონების მისი კუთვნილი სავალდებულო ¼ წილი, რომელიც აჩუქა თავის შვილს, ერთ-ერთ მოპასუხეს.
41. ამჟამად ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება წილობრივი პროპორციებით აღრიცხულია მოპასუხეების საკუთრებად.
42. მოსარჩელის განმარტებითა და მოწმის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, სადავო მოძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელის დედის საკუთრებას, რომელიც უძრავ ქონებასთან ერთად თავის ქალიშვილს – მოსარჩელეს უანდერძა.
43. 2003 წლის სამკვიდრო მოწმობაში ნოტარიუსმა დაადასტურა, რომ მოსარჩელემ, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ კანონით დადგენილი წესით მიიღო 2002 წლის 26 ივნისს გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილი. მან სამკვიდრო მიიღო მასში შემავალი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით.
44. საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისის თანახმად, 2006 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ თავისი საკუთრება დააზღვია 70 000 აშშ დოლარის ფარგლებში. დაზღვეულ ქონებას წარმოადგენდა როგორც უძრავი, ისე მასში განლაგებული მოძრავი ქონება (კონსტრუქციული ელემენეტები შიდა მოპირკეთების გარდა, ავეჯი, ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა). წარმოდგენილ იქნა სადაზღვევო კომპანიის განხორციელებული სადაზღვევო შენატანების შესახებ საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი.
45. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავო ქონებას არ ფლობს.
46. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დედის სამკვიდროდან მიიღო მხოლოდ უძრავი ქონება. სადავო მოძრავ ნივთებზე არც მოსარჩელის და არც მამკვიდებლის – მისი დედის საკუთრების უფლება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
49. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
50. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ეხება მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.
51. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)
52. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
53. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
55. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
56. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
57. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო მოძრავ ნივთებთან მიმართებით.
58. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
59. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (სუსგ 4.06.2012წ. საქმე №ას-1777-1755-2011).
60. მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები იმყოფებოდა მის მიერ ანდერძის საფუძველზე მიღებულ სამკვიდრო სახლში და აღნიშნული ნივთები მას, უძრავ ქონებასთან ერთად არ გაუყიდია.
61. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები იმყოფებოდა მოსარჩელის დედის სამკვიდრო სახლში. შესაბამისად, არსებობს იმის ლეგიტიმური ვარაუდი, რომ აღნიშნული ნივთების მფლობელსა და მესაკუთრეს მამკვიდრებელი წარმოადგენდა.
62. უდავოდ დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მიიღო დედის სამკვიდრო უძრავი ქონების სახით და განკარგა კიდეც იგი. მითითებული ფაქტი ადასტურებს, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს დედის სამკვიდროში შემავალი და მისი წილის შესაბამისი როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება (სსკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილი).
63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
64. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. რიგ შემთხვევებში კანონმდებელი ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს.
65. სადავო მოძრავი ნივთების მფლობელის (მოსარჩელისა და მისი დედის) მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის მტკიცება მოპასუხეებს ევალებოდა, რაც მათ სარწმუნოდ ვერ განხორციელებს.
66. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
67. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
71. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით პ----- ხ----–--–--ას მიერ 2018 წლის 6 ივნისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-–----, მ------ და ს--–---- ბ-–--ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს – რ-–---- ბ-–--ეს (პირადი №-----------), მ------ ბ-–--ესა (პირადი №-----------) და ს--–---- ბ-–--ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით პ----- ხ----–--–--ას მიერ 2018 წლის 6 ივნისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე