დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700052614
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №73აპ-18 ქ. თბილისი
ლ-–--- ლ----, 73აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ლ-–---ს ბრალი დაედო ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 ივნისს, ქ-----------–-------------------–-----------------ში ი---- დ---–-–---–ს მეუღლემ - ლ---- ლ-–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: 25 ივნისს გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში გაარტყა, ხელი ჰკრა და კვლავ მარცხენა ლოყაში დაარტყა ხელი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 26 ივნისს, ქ-----------–-------------------–------------------–- ი---- დ---–-–---–ს მეუღლემ - ლ---- ლ-–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, 26 ივნისს მარჯვენა ლოყაში გაარტყა გაშლილი ხელი, დააგდო ხის იატაკზე და მუხლი ჩააჭირა ყელში, როდესაც ი---- დ---–-–---–ი ცდილობდა სახლის დატოვებას, ლ---- ლ-–---მ სამზარეულოს რკინის კარზე შუბლი მიარტყმევინა მეუღლეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაკარგა გონება. დაზარალებულმა ყველა დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხსენებული ძალადობის შედეგად ი---- დ---–-–---–ს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ლ---- ლ-–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.
ლ---- ლ-–---ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ---- ლ-–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ლ---- ლ-–---მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლით გარანტირებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
1-ელ ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ი---- დ---–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის ლ---- ლ-–---ს მამხილებელი ჩვენება.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და საქმეში მითითებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე ვერ იქნა შეკრებილი იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ლ---- ლ-–---ს ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ფაქტი, რომ ლ---- ლ-–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების მხარის აპელირება იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული დაზარალებულის მეგობრების - ა---–--–--–---–-სა და ა------------ს, კავშირი „საფარის“ იურისტების - თ-- თ----–---–-ს და ს-------- გ----–---–-ს ჩვენებები, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა ადასტურებენ ლ---- ლ-–---ს მიერ მეუღლის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---- ლ-–---ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ერთადერთი თვითმხილველი მოწმე იყო მხოლოდ დაზარალებული - ი---- დ---–-–---–ი, რომელმაც უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, სხვა თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ლ---- ლ-–---ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, არ არსებობს.
საქმეში არსებული ა---–--–--–---–-ს, ა------------ს, თ-- თ----–---–-სა და ს-------- გ----–---–-ს ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები, რადგან მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნებოდა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დაზარალებულმა, როგორც აღინიშნა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებულ ი---- დ---–-–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებას. გამომდინარე იქიდან, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ დადასტურდა სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები ვერ გახდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ ირიბი ჩვენებების ინფორმაციის წყარო არის დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მითითება იმის შესახებ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული დაზარალებულის განმარტება ადასტურებს ლ---- ლ-–---ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და აღნიშნა, რომ დაზარალებულმა აღნიშნული განმარტება არ დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ მისცა ლ---- ლ-–---ს საწინააღმდეგო ჩვენება და შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე მის მიერ გაკეთებული განმარტება, მათ შორის ექსპერტთან, შეუძლებელია მიჩნეული იქნეს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში მითითებული სამედიცინო დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ი---- დ---–-–---–ს აღენიშნება მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 26.06.2017 წელს, რადგან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ლ---- ლ-–---ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ი---- დ---–-–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას შორის.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ადეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ---- ლ-–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორადაა შეფასებული მტკიცებულებები. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა; სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა - და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
11. რაც შეეხება მოწმეებს - ა---–--–--–---–ს, ა------------ს, თ-- თ----–---–სა და ს-------- გ----–---–ს, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა განაჩენში, რომ მათი ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები, მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნებოდა დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაადგენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება).
12. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი