განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210016001262612
საქმე №ას-641-641-2018 29 ივნისი, 2018 წელი
№ას-641-641-2018 თ--–--ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ--–--ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ--–- კ-----ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ--–--მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ--–- კ-----ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით არსებული მოხმარებული ელექტროენერგიისა და გადანაწილებული დავალიანების – 4 187.25 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე რეგისტრირებულია კომპანიის აბონენტად.
3. 2013 წლის 4 თებერვალს მასთან გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება და დაგროვილი დავალიანება – 5 295.30 ლარი გაუნაწილდა 120 თვეზე.
4. ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 44.13 ლარით. მოპასუხე აღიარებული დავალიანებისა და მიმდინარე მოხმარებული ელექტორენერგიის საფასურს არ იხდის, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეს წარმოეშვა თანხის სრულად გადახდის მოთხოვნის უფლება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისამართზე გათიშული იყო ელექტროენერგია და, ვალის გადანაწილების შეთანხმების გარეშე, მოსარჩელემ უარი განაცხადა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. მისამართზე ცხოვრობდა მოპასუხის ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილი და, სიბნელის შიშის გამო, მოპასუხე იძულებული გახდა, დათანხმებოდა ვალის გადანაწილებას. მხარის განმარტებით, იგი არ ეთანხმებოდა დავალიანების არსებობას და მოსარჩელისაგან ითხოვდა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გადახდაზე შეთანხმებას, თუმცა მოსარჩელის მხრიდან ამ პირობაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ გაფორმდა ვალის გადანაწილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილია.
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 54-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი აწესრიგებს უცილოდ ბათილი გარიგების დადების შედეგებს და ამგვარ გარიგებას დადებისთანავე ბათილად მიიჩნევს, რადგან იგი მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ.
10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განხორციელებული გადახდებით სადავო გარიგება მოიწონა, ვინაიდან უცილოდ ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობების შემოწმება არ არის დამოკიდებული მხარეთა მითითებაზე, როგორც ამას აპელანტი განმარტავს. სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს ხომ არ არის გარიგება უცილოდ ბათილი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს ელექტრომომარაგების ბაზარზე დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს წარმოადგენს და მას საშუალება აქვს, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.
13. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.
14. ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეზე უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
15. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, რესტრუქტურიზებული დავალიანება დაგროვილია 2000 წლის 8 თებერვლიდან 2013 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის დავალიანება შეადგენს 4187.25 ლარს, საიდანაც მიმდინარე ვალია 348.24 ლარი, გადანაწილებული – 3839.01 ლარი. დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისამართზე გათიშული იყო ელექტროენერგია და, ვალის გადანაწილების შეთანხმების გარეშე, მოსარჩელემ უარი განაცხადა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. მისამართზე ცხოვრობდა მოპასუხის ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილიშვილი და, სიბნელის შიშის გამო, იძულებული გახდა, დათანხმებოდა ვალის გადანაწილებას. მხარის განმარტებით, იგი არ ეთანხმებოდა დავალიანების არსებობას და მოსარჩელეს სთხოვდა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გადახდაზე შეთანხმებას, თუმცა მოსარჩელის მხრიდან ამ პირობაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ გაფორმდა ვალის გადანაწილება. ამასთან, მოპასუხემ განმარტა და დადგენილია, რომ იგი სოციალურად დაუცველია.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო მოპასუხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით.
17. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება შედავებული არ არის და არც რაიმე საპირისპირო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში, კი სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს, როგორც მომხმარებელს, მოსარჩელისაგან (ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე მიმწოდებლისაგან) წარედგინა ელექტროენერგიის შესყიდვის არასამართლიანი სავაჭრო პირობა, რაც მრავალი წლის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანების აღიარებასა და გადახდის ვალდებულების დაკისრებაში გამოიხატა. ამდენად, მოპასუხე, საარსებოდ აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობის (ელექტროენერგიის) მიღების მიზნით, სახელშეკრულებო თავისუფლებისა და ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვით, არასამართლიან სავაჭრო პირობაზე დათანხმება მოუხდა, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემადგენლობას გვაძლევს და ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია.
18. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, ბათილია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, სსკ-ის 115-ე მუხლისა და 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლებით, შესაბამისად, იგი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლებას ვერ წარმოშობს.
19. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
20. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 130-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 4 თებერვალს. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების განაწილვადება მოხდა 2013 წლამდე პერიოდში დაგროვილი ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად წარმოშობილ თანხაზე, რომლის ოდენობამაც შეადგინა 5 295.30 ლარი. სასამართლოს მიერ 2013 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა ბათილ გარიგებად და მისგან მომდინარე მოთხოვნები არ წარმოშობს ვალდებულებებს.
21. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 26 თებერვალს და, შესაბამისად, მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ხანდაზმულს. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია ვალდებულ პირზე. ვალდებული პირი კი უფლებამოსილია, საერთოდ უარი თქვას შესრულებაზე (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მხარემ განმარტა, რომ იგი არ იყო თანახმა დაგროვილი დავალიანების განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე შეთანხმება მოსარჩელე ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადების გარეშე ვერ შედგა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სარჩელი მოპასუხის მიმართ გადანაწილებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, როგორც ხანდაზმული, მართებულად არ დაკმაყოფილდა.
22. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების – 2013 წლის თებერვლის შემდგომ პერიოდში, 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 551.13 ლარს, რაც მოვალის მიერ გადახდილი თანხების გათვალისწინებით სრულად უნდა ჩაითვალოს გადახდილად. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ვალდებულება კრედიტორის მიმართ შესრულებულია. სასარჩელო მოთხოვნა მიმდინარე დავალიანების სახით თანხის დაკისრების თაობაზე კი უსაფუძვლოა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. მითითებული საპროცესო დარღვევების გამო, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა სარჩელისა და ახსნა-განმარტებაში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე, არასწორად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
26. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ბათილობაზე, ასევე, დავალიანების ხანდაზმულობაზე იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენდა და მხარეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია. სსსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეს შესაგებლით რაიმე საკითხი სადავოდ არ გაუხდია, შემდგომში იგი კარგავს უფლებას, სადავო გახადოს და წარადგინოს მტკიცებულებები.
27. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს იმის გამო, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოვალეს შეზღუდული ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება და დაგროვილი დავალიანების გათვალისწინებით, არ მიეცა საშუალება, ესარგებლა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლებით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ აბონენტს ხელშეკრულების დადებამდე უფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება, კერძოდ, 2013 წლის იანვარში განხორციელდა პირობითი დარიცხვა – 228 კვტ.სთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია. ამასთან, აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ 2013 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულების დადების დროს, მოპასუხეს დავალიანება –4426,53 ლარი გადანაწილებული ჰქონდა 2010 წლის 19 მარტის და 2013 წლის 4 თებერვალს ხელშეკრულების დადების პერიოდში აღნიშნული დავალიანება არ წარმოადგენდა ხანდაზმულ ვალს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მოსაზრება ვალის ხანდაზმულობასთან და უცილოდ ბათილ გარიგებასთან დაკავშირებით.
28. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და არ უნდა გამოეყენებინა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან მოხდა შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.
29. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადების დროს აბონენტს არ ჰქონდა შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდება, მას უფიქსირდება ხელშეკრულების დადებამდე ელექტროენერგიის მოხმარება. აბონენტისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაშიც სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანება არ წარმოადგენდა ხანდაზმულ ვალს და მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, რამდენადაც მითითებული წესების მე-9 მუხლის, მე-7, მე-8 და მე-13 პუნქტების თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, აბონენტს შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება და აღუდგინოს დავალიანების სრულად დაფარვის შემდგომ ან მომხმარებლის სახელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.
30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ თვითონ მოითხოვა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების განაწილება და მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ზნეობის ზოგად პრინციპებს.
31. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, იგი უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან 2013 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის აბონენტის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე და მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2013 წლის 4 თებერვლიდან 2015 წლის აპრილამდე გადახდილია რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პორციები, რითაც მხარემ დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა (მოწონება) და ამით დაკარგა შეცილების უფლება (სსკ-ის 61-ე მუხლი).
32. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დავალიანების გადახდის შესახებ 2013 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულებაში მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი და აღნიშნული გარიგება ბათილია. შესაბამისად, აღნიშნული გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულება უნდა შესრულდეს.
33. ვალის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 427-ე მუხლი და, სსკ-ის 144-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ შესრულებული გადახდები ხელშეკრულების დადების შემდგომ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების (მიმდინარე დავალიანების) გადახდად არ უნდა მიეჩნია.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, რესტრუქტურიზებული დავალიანება დაგროვილია 2000 წლის 8 თებერვლიდან 2013 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის დავალიანება შეადგენს 4187.25 ლარს, საიდანაც მიმდინარე ვალია 348.24 ლარი, გადანაწილებული – 3839.01 ლარი. დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისამართზე გათიშული იყო ელექტროენერგია და, ვალის გადანაწილების შეთანხმების გარეშე, მოსარჩელემ უარი განაცხადა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. მისამართზე ცხოვრობდა მოპასუხის ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილიშვილი და, სიბნელის შიშის გამო, იძულებული გახდა, დათანხმებოდა ვალის გადანაწილებას. მხარის განმარტებით, იგი არ ეთანხმებოდა დავალიანების არსებობას და მოსარჩელეს სთხოვდა მხოლოდ მიმდინარე დავალიანების გადახდაზე შეთანხმებას, თუმცა მოსარჩელის მხრიდან ამ პირობაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ გაფორმდა ვალის გადანაწილება. ამასთან, მოპასუხემ განმარტა და დადგენილია, რომ იგი სოციალურად დაუცველია.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო მოპასუხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა გასცდა მოპასუხის შესაგებლით სადავოდ გამხდარ საკითხთა ფარგლებს, როდესაც იმსჯელა რესტრუქტურიცაზიის ხელშეკრულების ბათილობასა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
42. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების უცილოდ ბათილად ცნობის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
43. ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს და ა.შ.
44. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
45. სამოქალაქო კოდექსი უცილოდ ბათილ ნებათა კატეგორიას მიაკუთვნებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც გარეგანი ფორმირება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (ა), საჯარო წესრიგს (ბ) ან ზნეობის ნორმებს.
46. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
47. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება.
48. (სუსგ 1.03.2016წ. საქმე №ას-15-15-2016, 28.02.2018წ. საქმე №ას-28-25-2017, 10.11.2017წ. საქმე №ას-1106-1026-2017, 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014).
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სადავო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების უცილოდ ბათილ გარიგებად ცნობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მსჯელობის მიმართ.
50. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლების წარმომშობ დოკუმენტად არ უნდა ჩაითვალოს.
51. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
52. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
53. წინამდებარე საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის მომხმარებელია, სადავო გარიგების დადებისას არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაუხდელი დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვია, კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ ოჯახთან ერთად დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა. ამგვარ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს მოპასუხის ოჯახს გარიგების გაფორმებამდე მიეწოდებოდა თუ არა ელექტროენერგია (კასატორის განმარტებით, აბონენტის ბრუნვის ისტორიაში ფიქსირდება ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი), უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს შეექმნა მოსარჩელის მომსახურების შეწყვეტის პერსპექტივა მომავალში.
54. სწორედ აღნიშნული კონტექსტით გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.
55. შესაბამისად, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ელექტროენერგიის შესყიდვის არასამართლიანი სავაჭრო პირობა შესთავაზა, რაც მრავალი წლის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანების აღიარებასა და გადახდის ვალდებულების დაკისრებაში გამოიხატა.
56. ამდენად, სადავო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება მართებულად იქნა ცნობილი ბათილ გარიგებად, რომელიც მოპასუხის მხრიდან შეცილებას არ საჭიროებდა.
57. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოპასუხეს სარჩელისაგან თავის დასაცავად წარდგენილ შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სადავო არ გაუხდია და სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მოცემულ საკითხზე ემსჯელა, თუმცა ზემოაღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის პირობებში დასახელებული არგუმენტი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება.
58. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
59. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 7 მაისს №----- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ--–--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ--–--ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №---------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 7 მაისს №----- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე