განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210015728997
საქმე №ას-473-473-2018 29 ივნისი, 2018 წელი
№ას-473-473-2018 მ------–---–ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ-----–- მ------–---–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ---------------------------------ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ-----–- მ------–---–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ---------------------------------ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის კუთვნილი, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე მიყენებული ზიანის – 25 290 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, ფერდობზე გადის მოპასუხის კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ზიანდება და წყლით იტბორება მიმდებარე ტერტორია, მათ შორის, მოსარჩელისა და მისი მეზობლების საცხოვრებელი სახლები.
3. მოსარჩელის მითითებით, მიწის ნაკვეთი მთლიანად დაჭაობებულია, გამხმარია ან გახმობის პროცესშია მრავაწლიანი ნარგავები – კაკალი, თხილი, ვაშლი, ატამი, ვენახის ხეივანი. დაზიანებულია სახლის პირველი სართული და სარდაფი, სადაც წყალი დგას. სახლის საძირკველი, წყლის ჩადინების გამო, ნაწილობრივ მორღვეულია. სახლის კედლებს გაჩენილი აქვს ბზარები და ესაჭიროება გამაგრება, მიწის ნაკვეთის ბეტონით და მავთულის ბადით შემოღობვა ნაკვეთის ჩრდილოეთის მხრიდან მთლიანად დანგრეულია. მიწის ნაკვეთის გარდა, დატბორილია მისასვლელი გზები, მიუხედავადა იმისა, რომ გაკეთებულია წყალგამტარი არხები, წყალი მაინც მუდმივად დგას ეზოში. მოსარჩელის მითითებით ზიანის აღმოსაფხვრელად საჭიროა 25290 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტერიტორია, სადაც მოპასუხის უძრავი ქონება იყო განთავსებული, გამოიყენებოდა საბაღე მეურნეობად და არ იყო განკუთვნილი მუდმივ საცხოვრებლად. იქ არ არსებობდა სანიაღვრე წყალარინების სისტემები და სავარაუდოდ ატმოსფერული ნალექის შედეგად წყლებით იტბორებოდა ნაკვეთები. რელიეფიდან გამომდინარე, წყალი თავს იყრიდა ხევში. დასახლების ზედა ფერდობზე გამავალი წყალსადენები კომპანიის მიერ მუდმივ კონტროლზე იყო აყვანილი და რეგულარულად უტარდებოდა საჭირო პროფილაქტიკური სამუშაოები. მოპასუხის წყალსადენის დაზიანების გამო არ მომხდარა მოსარჩელის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის დაზიანება, მოპასუხეს საკუთრება უძრავ ქონებაზე წარმოეშვა 2000 წლიდან, ხოლო, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, ქონება დაზიანდა გაცილებით ადრე.
5. მოპასუხე არ დაეთანხმა არც ზიანის გაანგარიშებას, რადგან აუდიტის დასკვნა ვერ გახდებოდა მოპასუხისათვის 25 290 ლარის დაკისრების საფუძველი დაუსაბუთებლობის გამო. ამავდროულად, სარჩელი იყო ხანდაზმული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 290 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 128-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
9. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.
11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან ერთად მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზეც.
12. სსკ-ის 129-ე, 130-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება, დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა. ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
14. სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 992-ე მუხლი).
15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამავე კოდექსის 1008-ე მუხლი არა მარტო ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, არამედ განსაზღვრავს ამ ვადის ათვლის მომენტსაც და მას უკავშირებს დროს, როდესაც დაზარალებულმა შეტყო დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის მიყენებით წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის დაწყლიანების ფაქტები ფიქსირდება 2006 წელს, 2007 წელს, 2012 წელს, 2016 წელს. აქვე საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ საქმეზე წარმოდგენილია შემოწმების აქტები და სხვა წერილობითი მასალები, სადაც აღნიშნულია, რომ წყალსადენის დაზიანება არ მომხდარა, მაგრამ ეს მტკიცებულებები შეეხება მხოლოდ კონკრეტული შემოწმების ჩატარების პერიოდს და არ ადასტურებს მთელი სადავო დროის განმავლობაში წყალსადენის ტექნიკურ გამართულობას უწყვეტად.
17. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, კერძოდ, 2013 წლის 14 ივნისის შემოწმების აქტზე, რომელიც შედგენილია გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილისა და მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობით. აქტში მითითებულია, რომ შემოწმდა ხევში ე.წ მეშვიდე დ-1400მმ წყალდენის მოქმედების არეალში მისი ტექნიკური მდგომარეობა. წყალსადენი მუშაობს ნორმალურად და არავითარი გაჟონვა და დაზიანება არ დაფიქსირდა. ხევში ერთ-ერთი კერძო ნაკვეთის ქვეშ დატოვებულია დ-900 მმ-იანი მილი, რომელმაც უნდა გაატაროს ხევის წყალი, ვინაიდან ბუნებრივი ხევი ამოვსებულია. ხევის წყლის მიმართულება პირდაპირ უყურებს სადავო საბაღე დასახლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფერული ნალექების შედეგად წარმოქმნილი ხევის წყლები პირდაპირ მიმართულია დასახლებისკენ, რაც იწვევს მათ გაწყლიანებას.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 326-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ ამ ნორმის საფუძველზე დელიქტით გამოწვეული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი (სუსგ №ას-1180-1141-2016, 31.03.2017წ.).
19. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია და ეს გარემოება ზემოთაც მიეთითა, რომ მოსარჩელემ 20 100 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი მოპასუხის მიმართ სასამართლოში აღძრა 2015 წლის 19 თებერვალს. მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა ინდივიდუალური აუდიტორის 2010 წლის 15 აპრილის დასკვნას, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთი მთლიანად დაჭაობებულია, გამხმარია ან გახმობის პროცესშია მრავაწლიანი ნარგავები, მათ შორის: კაკალი, თხილი, ვაშლი, ატამი, ვენახის ხეივანი. დაზიანებულია სახლის პირველი სართული და სარდაფი, სადაც წყალი დგას. სახლის საძირკველი, წყლის ჩადინების გამო, ნაწილობრივ მორღვეულია. სახლის კედლებს გაჩენილი აქვს ბზარები და ესაჭიროება გამაგრება, მიწის ნაკვეთის ბეტონით და მავთულის ბადით შემოღობვა ნაკვეთის ჩრდილოეთის მხრიდან მთლიანად დანგრეულია. მიწის ნაკვეთის გარდა დატბორილია მისასვლელი გზები, მიუხედავადა იმისა, რომ გაკეთებულია წყალგამტარი არხები, წყალი მაინც მუდმივად დგას ეზოში. ამდენად, სადავო აგარაკებში მუდმივი მცხოვრები მოსარჩელის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 20 100 (ოცი ათასი) ლარი.
20. მითითებული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრების სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის მოთხოვნა 20 100 ლარის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამ ოდენობის ზიანის ფაქტისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ მოსარჩელემ იცოდა 2010 წლის 15 აპრილიდან, სასამართლოში კი სარჩელი აღძრულია 2015 წლის 19 თებერვალს, ანუ კანონით (სსკ-ის 1008-ე მუხლით) დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
21. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არსებითი ხასიათის პრეტენზიებიც და აღნიშნს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ სახის დავებზე მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
23. სსკ-ის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
24. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ. 09.09.2015წ. საქმე №ას-718-683-2015).
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება არა მხოლოდ ზიანის კონკრეტული ოდენობა, არამედ ის ფაქტიც, რომ ეს ზიანი მოპასუხის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგია ( მიზეზ-შედეგობრივი კავშირი).
26. საქმეში, რა თქმა უნდა, მოიპოვება არაერთი მტკიცებულება (მათ შორის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 8 თებერვლის დასკვნა) დროის სხვადასხვა პერიოდში მოპასუხის კუთვნილი მილსადენის დაზიანების შესახებ, მაგრამ არ არსებობს იურიდიულად დამაჯერებლი და სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ამ მოვლენის შედეგად მოსარჩელისთვის კონკრეტული ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი.
27. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად იშველიებს ინდივიდუალური აუდიტორის აუდიტორულ დასკვნებს იმ ვითარებაში, როდესაც მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის სცილდება აუდიტორის უფლებამოსილების ფარგლებს („აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).
28. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ არც ზიანის კონკრეტული ოდენობის თვალსაზრისით წარმოადგენს ეს დასკვნები სარწმუნო მტკიცებულებებს. ისინი ეყრდნობა არა ობიექტურად არსებულ ფაქტებს, არამედ დაზარალებულისა და მისი მეზობლების განმარტებას, როგორც მრავლწლიანი ნარგავების სადავო ტერიტორიაზე არსებობისა და მათი წყლის ჩამოდინებით გახმობის, ისე ნარგავების კონკრეტული ოდენობისა და მათი სახეობების შესახებ. ასევე, დასკვნებს არ ერთვის არანარი გაანგარიშებები და ზიანის გამოთვლის კონკრეტული კალკულაცია. ამასთან, პირველი დასკვნა, 20 100 ლარის ოდენობით ზიანზე შედგენილია 2010 წლის 15 აპრილს, ხოლო მეორე დასკვნა გაცემულია 2016 წლის 25 მარტს, რომლითაც ზიანი შეფასებულია 21 000 ლარად, თუმცა ამ დასკვნით არ დგინდება წინა დასკვნასთან შედარებით ზიანის ოდენობის 900 ლარით გაზრდა რით არის გამოწვეული, რაში გამოიხატა აღნიშნული და როდის დადგა ამ ოდენობის ზიანი.
29. სწორედ მითითებულ დასკვნებში არსებული ამ ბუდოვანების აღმოფხვრის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ განმარტებების მისაცემად თავისი ინიციატივით მოიწვია აუდიტორი, თუმცა მისი სასამართლოში გამოცხადება, მათ შორის მოსარჩელე მხარის ჩართულობითაც, ვერ მოხერხდა.
30. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული ზიანის თანხა 25 290 ლარის ოდენობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააფუძნა არა აუდიტორის დასკვნებზე, არამედ შპს აუდიტის მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს გაცემულ შეფასების დასკვნაზე. ამ დასკვითა და მისი ავტორის განმარტებებით დგინდება, რომ არც ეს დასკვნა ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რადგან შემფასებელმა იხემძღვანელა ე.წ. დაშვების მეთოდით და ზინის ოდენობა დაადგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ფართის ტოლფასი ხეხილიანი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასსა და ხეხილის გარეშე იგივე ფართის მიწის ნაკვეთის ფასს შორის სხვაობით.
31. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სსკ-ის 992-ე მუხლში მითითებულ კონსტრუქციას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
32. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
33. კასატორმა მიიჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 408-ე, 412-ე და 992-ე მუხლებს. იგი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან მოპასუხის კუთვნილი კოლექტორიდან წყლის გადმოდინების შედეგად მოსარჩელის ქონება დაზიანდა არაერთხელ – 2006, 2006 და 2016 წლებში. არსებობს გარემოს დაცვის ინსპექციის 2007 წლის 27 აპრილის წერილი, რომლის თანახმად შესწავლილ იქნა სადავო ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა განცხადება და დასკვნით დადასტურდა, რომ კოლექტორიდან ნამდვილად გადმოედინება წყალი. იგივეს ადასტურებს სამხარაულოს სახელობის ექსპერტიზის დასკვნაც.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 20 100 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი მოპასუხის მიმართ სასამართლოში აღძრა 2015 წლის 19 თებერვალს. მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა ინდივიდუალური აუდიტორის 2010 წლის 15 აპრილის დასკვნას, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთი მთლიანად დაჭაობებულია, გამხმარია ან გახმობის პროცესშია მრავაწლიანი ნარგავები, მათ შორის: კაკალი, თხილი, ვაშლი, ატამი, ვენახის ხეივანი. დაზიანებულია სახლის პირველი სართული და სარდაფი, სადაც წყალი დგას. სახლის საძირკველი, წყლის ჩადინების გამო, ნაწილობრივ მორღვეულია. სახლის კედლებს გაჩენილი აქვს ბზარები და ესაჭიროება გამაგრება, მიწის ნაკვეთის ბეტონით და მავთულის ბადით შემოღობვა ნაკვეთის ჩრდილოეთის მხრიდან მთლიანად დანგრეულია. მიწის ნაკვეთის გარდა დატბორილია მისასვლელი გზები, მიუხედავადა იმისა, რომ გაკეთებულია წყალგამტარი არხები, წყალი მაინც მუდმივად დგას ეზოში. ამდენად, სადავო აგარაკებში მუდმივი მცხოვრები მოსარჩელის საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 20 100 (ოცი ათასი) ლარი.
37. ზიანის ფაქტისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ მოსარჩელემ იცოდა 2010 წლის 15 აპრილიდან, სასამართლოში კი სარჩელი აღძრულია 2015 წლის 19 თებერვალს, კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობისა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ამ ზიანის ოდენობა.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
43. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისთვის უნდა დადასტურდეს შემდეგი პირობების არსებობა – 1. ზიანის ფაქტი, 2. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება და 3. მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
44. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
45. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
46. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 18.10.2017წ. საქმე №ას-1127-1047-2017, 15.02.2018წ. საქმე №ას-72-72-2018).
47. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები – აუდიტორული დასკვნები, სადავო ტერიტორიაზე წყლის გადმოდინების შემოწმების დამადასტურებელი მასალები და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხე კომპანიის კუთვნილი წყლის გაყვანილობის გაუმართაობით.
48. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც. ამ კუთხით სააპელაციო პალატის მსჯელობა სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოხმობილ პრაქტიკას, რის საწინააღმდეგოდ მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ-------- ლ-----ისა და მ-----–- მ------–---–ის მიერ 2018 წლის 14 მაისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 1264,50 ლარის 70% – 885,15 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–- მ------–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ-----–- მ------–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ-------- ლ-----ისა და მ-----–- მ------–---–ის მიერ 2018 წლის 14 მაისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 1264,50 ლარის 70% – 885,15 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე