განჩინება

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
820100116001572017
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100116001572017

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№17აპ-18 ქ. თბილისი

ც-–--–--- ლ----, 17აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ც-–--–---ს, დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 02 საათზე, ქ. ბ------–-, ხ-----–ის ქუჩა №---ში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთიდან, ლ---- ც-–--–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა მ-----– თ------ის კუთვნილ 1400 ლარად ღირებულ „cube“ -ის ფირმის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით ლ---- ც-–--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 186–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვპუნქტზე.

 

ლ---- ც-–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ლ---- ც-–--–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით.

 

მსჯავრდებულ ლ---- ც-–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 სექტემბრიდან.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ც-–--–---მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 18 მაისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ---- ც-–--–--- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობით.

 

ლ---- ც-–--–---მ, 2016 წლის 4 სექტემბერს შეიძინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი, ქურდობის გზით მოპოვებული მ-----– თ------ის კუთვნილი 1400 ლარად ღირებული „cube“-ის ფირმის ველოსიპედი და 2016 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ს-----------ში მიჰყიდა კერძო მეწარმე ა---------– შ----–----ეს.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. კასატორმა ითხოვა ლ---- ც-–--–--ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ლ---- ც-–--–--ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, ხოლო სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

9. მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს და უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე