ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700053387
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №11აგ-18 ქ. თბილისი
ძ---–--ე ე------, 11აგ-18 4 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით ე------ ძ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ე------ ძ---–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ე------ ძ---–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ე------ ძ---–--ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
4. მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 20 სექტემბრიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- დ-------ს შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. 2015 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა ე------ ძ---–--ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. 2016 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ე------ ძ---–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენის გადასინჯვა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
13. 2017 წლის 7 სექტემბერს N2 პენიტენციური დაწესებულებიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის პირადი საქმე, მის მიმართ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც დაუბრუნდა იმავე დაწესებულებას იმ საფუძვლით, რომ ე------ ძ---–--ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისისა და 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენებით მსჯავრდებულია არა მცენარე ,,კანაფის“ ან ,,მარიხუანის“, არამედ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვისთვის.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2017 წლის 8 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა ე------ ძ---–--ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბერს განჩინებით მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
16. კასატორი - მსჯავრდებული ე------ ძ---–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
17. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ არის უდანაშაულო და დღემდე სასჯელს არაკანონიერად იხდის. სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ყალბი, ფალსიფიცირებული მტკიცებულებისა და მოწმეების ცრუ ჩვენებების საფუძველზე. მისი განმარტებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მტკიცებულებები წამებისა და სასტიკი მოპყრობის შედეგადაა მოპოვებული, რის გამოც აჭარის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის. უკანონო დაკავების, წამებისა და სასტიკი სამედიცინო კვლევების შედეგად განუვითარდა მძიმე დაავადებები. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის 43/173 რეზოლუციას - „პრინციპთა ნაკრები ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის შესახებ“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე განსაზღვრავს სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლის არსებობას.
3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ყალბი, ფალსიფიცირებული მტკიცებულებისა და მოწმეების ცრუ ჩვენებების საფუძველზე. მისი განმარტებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მტკიცებულებები წამებისა და სასტიკი მოპყრობის შედეგადაა მოპოვებული. განსახილველ საქმეზე, გამოძიების ეტაპზე მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედების გამო, აჭარის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. უკანონო დაკავების, წამებისა და სასტიკი სამედიცინო კვლევების შედეგად განუვითარდა მძიმე დაავადებები.
4. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“.
5. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი. ამასთან, ახალი ფაქტი ან მტკიცებულება სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, კასატორმა ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მის უდანაშაულობას. მსჯავრდებულის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზეც აპელირებდა.
6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია, რის გამოც ისინი სამართლებრივად ხელმეორედ უნდა შეფასდეს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. მითითებული მტკიცებულებები შეაფასა ორი ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
7. უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის ნაწილშიც. მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები ხელოვნურად შექმნეს. აღნიშნულ ფაქტზე აჭარის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
8. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „გ“ პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე აჭარის პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც გამომძიებლის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდებოდა, არ წარმოუდგენია.
9. კასატორი შუამდგომლობაში ასევე უთითებს თავის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც, მისი განმარტებით, უკანონო დაკავების, წამებისა და სასტიკი სამედიცინო გამოკვლევების შედეგია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად ვერ მიიჩნევა.
10. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის 43/173 რეზოლუციას - „პრინციპთა ნაკრები ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირის დაცვის შესახებ“. ამ საკითხთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ პატიმართა მიმართ მოპყრობა გაეროს მრავალ დოკუმენტშია განხილული. რეზოლუციაში მოყვანილი პრინციპები, მათ შორის: წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით დაკავებული ან დაპატიმრებული პირის არახელსაყრელი მდგომარეობით სარგებლობისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო სამედიცინო ან სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების აკრძალვა, წარმოადგენს პატიმართა მიმართ მოპყრობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. შესაბამისად, კასატორის მიერ მხოლოდ პრინციპებზე მითითება, ახალი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გარეშე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდება.
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
12. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ე------ ძ---–--ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი