განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015794711
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-451-451-2018 9 ივლისი, 2018 წელი
№ას-451-451-2018 ალდაგი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს--------------------------–----ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „K----------------“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „K----------------“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს--------------------------–----ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 2014 წელს სს „ს--------------------------–----სა“ და შპს „K----------------“ შორის გაფორმებული ტვირთების დაზღვევის შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული №M------------- და №M------------- სადაზღვევო პოლისების, ასევე ყველა მათი დანართის, სადაც დამზღვევს წარმოადგენს შპს „K----------------“, ხოლო მზღვეველს - სს „ს--------------------------–----ი“, ბათილად ცნობა.
3. შპს „K----------------“-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „K----------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა სს „ს--------------------------–----ის“ შეგებებული სარჩელი.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
8. სს „ს--------------------------–----მა“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
9. შპს „K----------------“-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „ს--------------------------–----ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით შპს „K----------------“-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
12. 2018 წლის 14 ივნისს სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენელმა გ------- ს--------–--ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის განუხილველად დატოვება და მისი საკასაციო საჩივრის ავტორისთვის დაბრუნება, გამომდინარე იქედან, რომ, მისი განმარტებით, სს „ს--------------------------–----მა“ ინტერესი დაკარგა წინამდებარე დავის მიმართ.
13. 2018 წლის 5 ივლისს სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენელმა გ------- ს--------–--ემ და შპს „K----------------“-ის წარმომადგენელმა გ------- ყ---–-–---–მა ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განცხადების თანახმად, სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაბრუნების თაობაზე, ხოლო ამავე განცხადებაში სარჩელის გამოხმობაზე თანხმობა განაცხადა შპს „K----------------“-ის წარმომადგენელმა გ------- ყ---–-–---–მა და დაადასტურა თავისივე ხელმოწერით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენლის გ------- ს--------–--ის 2018 წლის 5 ივლისის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
18. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
19. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის უფლება, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას მასზე.
20. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
21. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი, თუ იგი საქმეში სარგებლობს მოსარჩელის სტატუსით, უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) თანხმობით გამოიხმოს სარჩელი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.
22. განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „ს--------------------------–----მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „K----------------“-ის მიმართ და მოითხოვა დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისების ბათილად ცნობა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 1-21). დადგენილია, ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის (შეგებებულ სარჩელში) მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარიც.
23. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „ს--------------------------–----ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. 2018 წლის 5 ივლისს სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენლის გ------- ს--------–--ისა და შპს „K----------------“-ის წარმომადგენლის გ------- ყ---–-–---–ის ერთობლივი განცხადებით დასტურდება, რომ კასატორი (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ითხოვს სარჩელის გამოხმობას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) თანხმობას აცხადებს სარჩელის გამოხმობაზე.
25. საკასაციო სასამართლო სარჩელის გამოხმობაზე ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, ამოწმებს მათ წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.
26. საქმეში არსებული სს „ს--------------------------–----ის“ იურიდიული დირექტორის თ----- კ--–---ის მიერ ამავე კომპანიის იურიდიული განყოფილების იურისტზე, გ------- ს--------–--ეზე 2018 წლის 10 მაისს ერთი წლის ვადით გაცემული რწმუნებულების შესწავლით დასტურდება გ------- ს--------–--ის ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სადაზღვევო კომპანიის ინტერესების დამოუკიდებლად წარმოდგენის, სარჩელის გამოთხოვისა და სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება (იხ. ტ. 4, ს.ფ. 411).
27. საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) შპს „K----------------“-ის წარმომადგენლის გ------- ყ---–-–---–ის უფლებამოსილება დასტურდება 2017 წლის 5 ივნისს შპს „K----------------“-ის დირექტორის ლ----- მ------–---–ის მიერ განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობით (იხ. ტ. 4, ს. ფ. 249-250).
28. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში), უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად.
29. ამგვარად, კასატორს სს „ს--------------------------–----ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 მარტს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში) სამივე ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელის განხილვის ნაწილში არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ არსებობს კასატორისთვის მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში) მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 275-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კასატორის სს „ს--------------------------–----ის“ წარმომადგენლის გ------- ს--------–--ის განცხადება შეგებებული სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. კასატორის სს „ს--------------------------–----ის“ შეგებებული სარჩელი შპს „K----------------“-ის მიმართ დაზღვევის გენერალური ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სს „ს--------------------------–----ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება სს „ს--------------------------–----ის“ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში;
4. კასატორს სს „ს--------------------------–----ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 30 მარტს №1-- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე