განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
010100218700051510
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700051510

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№37აპ-18 თბილისი

ა-–---ი ფ---–---, 37აპ-18 10 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- ხ---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის დადგენილებით ფ---–--- ა-–---ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით ფ---–--- ა-–---ი, - დაბადებული 1----–-–-------------------, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით ფ---–--- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4. იმავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლითაც მას პირობით ჰქონდა ჩათვლილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული რეალური სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ფ---–--- ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, აგრეთვე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფ---–--- ა-–---ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ფ---–--- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

8. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა და ნასამართლევმა ფ---–--- ა-–---მა, 2017 წლის 18 ივლისს კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე, მოიხმარა ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი“.

 

9. აღნიშნული ქმედებისათვის ფ---–--- ა-–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

10. იმავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

11. იმავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, მისთვის შეფარდებული სასჯელის 100 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 15 (თხუთმეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ფ---–--- ა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 15 (თხუთმეტი) საათის ვადით.

 

12. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფ---–--- ა-–---ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

13. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ფ---–--- ა-–---მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---- ხ---------მ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.

 

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა მ---- ხ---------მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება.

 

16. კასატორი – მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ---- ხ--------- საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ, ფ---–--- ა-–---მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფ---–--- ა-–---ი წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის, რაც, დღეის მდგომარეობით, დეკრიმინალიზებულია. ამდენად, ფ---–--- ა-–---ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 15 საათის ვადით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა რა მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის საქმის მასალები და შეამოწმა მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ---------ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ფ---–--- ა-–---მა 2017 წლის 18 ივლისს უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, თანაც მას შემდეგ, რაც ანალოგიური ქმედებისათვის (იმავე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების გამო) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის დადგენილებით მას შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. 2017 წლის 18 ივლისის ფაქტთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ფ---–--- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 8 ივნისს ფ---–--- ა-–---ის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც მას პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული მის მიერ 2017 წლის 11 მარტს, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის), უკანონო მოხმარების გამო და შეფარდებული ჰქონდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით, ასევე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით წინათ მის მიერ მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისათვის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) – მისთვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით პირობით ჰქონდა ჩათვლილი, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2017 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ფ---–--- ა-–---ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით (2017 წლის 18 ივლისის ეპიზოდი), რასაც ქურდობის ნაწილში მოუხდელი რეალური სასჯელიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, დაემატა 4 წელი, აგრეთვე, წინა განაჩენით მისთვის შეფარდებული საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 100 საათიდან დარჩენილი მოუხდელი ნაწილი – 15 საათი (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი), რის შედეგადაც მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 15 საათის ოდენობით.

 

3. საკასაციო პალატამ გადაამოწმა ფ---–--- ა-–---ის მსჯავრდების საფუძვლიანობა მის მიმართ წარდგენილი ბრალის მიხედვით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას ნამდვილად აქვს ჩადენილი ის დანაშაული, რაც მას გასაჩივრებული განაჩენით შეერაცხა და რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ბრალეულობას დაცვის მხარე არ ხდის სადავოდ.

 

4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა ამ მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ, კერძოდ, პალატას მიაჩნია: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქურდობისათვის მსჯავრდებამდე ფ---–--- ა-–---ი არ ყოფილა ნასამართლევი რაიმე დანაშაულისათვის და მას არც ამის შემდეგ არ ჩაუდენია ისეთი დანაშაული, რომლითაც ზიანს მიაყენებდა მოქალაქის, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, შესაძლებელია მას შეუმცირდეს მისთვის დანიშნული რეალური სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ზომა. ამისათვის, გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე მისთვის დანიშნულ სასჯელს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას (2017 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან, 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, მისი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

5. ამავე დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ს დაკისრებული აქვს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 15 საათის ოდენობით, როგორც ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის

(მარიხუანის) უკანონო მოხმარების გამო, 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) მისთვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/732 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, გასაჩივრებულ განაჩენში ფ---–--- ა-–---ის მსჯავრდებიდან უნდა ამოირიცხოს მითითება, მისთვის 15 საათის ოდენობით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის მოსახდელად დაკისრების თაობაზე.

 

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის სასიკეთოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- ხ---------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ფ---–--- ა-–---ის მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. ფ---–--- ა-–---ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 11 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მისთვის სასჯელად 15 საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შესახებ.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე ფ---–--- ა-–---ისთვის ახლადდანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას (2017 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) დაემატოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით განსაზღვრული, მის მიერ მოუხდელი რეალური სასჯელის, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ფ---–--- ა-–---ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი