ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700051169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №21აგ-18 თბილისი
კ---------- ვ-–-, 21აგ-18 10 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-–- კ----------ს საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ-–- კ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ-–- კ----------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 176,45 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი - 9 ძირი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის) და მიესაჯა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ვ-–- კ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 3 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2014 წლის 13 აგვისტოდან იმავე წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.
2. 2018 წლის 17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ-–- კ----------მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ-–- კ----------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-–- კ----------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი შეღავათის გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.
4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ ვ-–- კ----------ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 176,45 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი - 9 ძირი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის, რაც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას.
5. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
6. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო დაუშვებლად ვ-–- კ----------ს შუამდგომლობა და მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებლად ცნობის მოტივად, ნაცვლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილს, პალატამ მიუთითა ამავე გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ვ-–- კ---------- კი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, - არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ-–- კ----------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ-–- კ----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ვ-–- კ----------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი