განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002506401
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20I-18 ქ. თბილისი
ს--–----ი ა---- ბ----- ს--–---, 20I-18 17 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - ა-------- ჭ--–---–-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის
თარჯიმან - მ----- ზ-------–---–-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------- ჭ--–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ყაზახეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, 2017 წლის 7 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება ა. ს--–----ის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, ა. ს--–----ის მიმართ გამოძიება წარიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, 4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობის მცდელობა).
2017 წლის 12 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ა. ს--–----ის ძებნა.
იმავე დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ყ-----------ს კაზიბეკბიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სანქცირებულ იქნა ა. ს--–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.
2017 წლის 20 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ყ-----------ს კაზიბეკბიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ა. ს--–----ის საერთაშორისო ძებნა.
2017 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა ა. ს--–----ის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2017 წლის 2 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ და იმავე დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დაზუსტებული დადგენილებით ა. ს--–----ის მიმართ იმავე კვალიფიკაციით გაგრძელდა გამოძიება - ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით; 4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობის მცდელობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით).
2. მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ს--–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის თებერვალში თურქეთის რესპუბლიკაში მყოფმა ე------ კ---–-----ა გაიცნო და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა გამოძიების მიერ დაუდგენელ პირ ,,ე------სთან“. ყაზახეთის რესპუბლიკაში დაბრუნების შემდეგ, 2016 წლის 28 თებერვალს, ე. კ---–----ს დაუკავშირდა ,,ე------“ და თანხის გამომუშავების მიზნით შესთავაზა ძვირფასი ქვის - ალმასების გადასაზიდად ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩასვლა, რასაც იგი დასთანხმდა. ამასთან, ,,ე------მ“ ე. კ---–----ს აცნობა, რომ საზღვარგარეთ გაფრენის შემდეგ მის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევდა ა. ს--–----ი.
2016 წლის 12 ნოემბერს ე. კ---–----ი ყაზახეთიდან რამდენიმე სახელმწიფოს გავლით ჩაფრინდა ბრაზილიაში, სადაც შეიტყო, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაო შეეხებოდა არა ალმასების, არამედ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ გადაზიდვას. აღნიშნულის შემდეგ ე. კ---–----ი დაუკავშირდა ა. ს--–----ს, რომელმაც მას მიუთითა, სად უნდა მიეღო და გადაეზიდა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ე. კ---–-----ა გამოძიების მიერ დაუდგენელ ვითარებაში ბრაზილიიდან კამბოჯაში გადაიტანა 5 კგ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“და 2016 წლის 20 დეკემბერს დაბრუნდა ყაზახეთში. ამასთან, ე. კ---–-----ა ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვით გამოიმუშვა 3 000 აშშ დოლარი. ე. კ---–----ის ყაზახეთში ჩაფრენის შემდეგ მის კვალდაკვალ ყაზახეთში ჩაფრინდა ა. ს--–----ი, რის შემდეგაც მათ შორის დამყარდა ახლო ურთიერთობა და ხსენებულმა პირებმა დაიწყეს თანაცხოვრება.
თანაცხოვრების პერიოდში ა. ს--–----მა ე. კ---–----ს შესთავაზა ალმასების გადაზიდვის საბაბით, ქ. ყ----------–ი, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, გადაებირებინათ მდედრობითი სქესის ახალგაზრდა პირები ყაზახეთის საზღვრებს გარეთ გაყვანისა და ბრაზილიიდან კამბოჯაში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ გადასაზიდად მათი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, რასაც ე. კ---–----ი დასთანხმდა. ამასთან, მათ შორის ურთიერთშეთანხმებით განაწილებული დანაშაულებრივი როლების შესაბამისად, ე. კ---–----ს დაევალა გადაბირებისა და ყაზახეთის საზღვრებს გარეთ გაყვანისათვის შესაბამისი პირების მოძიება, ხოლო ა. ს--–----ს - აღნიშნული პირების საზღვარგარეთ მატერიალური ხარჯების დაფინანსება და მათი საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა.
დანაშაულებრივი განზრახვის შესრულების მიზნით, 2016 წლის დეკემბერში ა. ს--–----მა და ე. კ---–-----ა თავიანთ ნაცნობებს - ს. მ----------ა და ა. ე----–ს შესთავაზეს სამუშაო - ბრაზილიიდან კამბოჯაში ალმასების გადაზიდვა, რისთვისაც მათ დაჰპირდნენ 3 000 აშშ დოლარს. ამასთან, ა. ს--–----მა და ე. კ---–-----ა ხსენებული პირები მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით განზრახ მოატყუეს გადასაზიდი ობიექტის თაობაზე და არწმუნებდნენ, რომ ალმასების გადატანა კანონიერი საქმიანობა იყო. შედეგად ს. მ--------ა დასთანხმდა შეთავაზებას, ხოლო ა. ე----–მა დრო ითხოვა დასაფიქრებლად. ამასთან, ა. ს--–----ი და ე. კ---–----ი განაგრძობდნენ მის განზრახ მოტყუებას და არწმუნებდნენ, რომ ამ საქმით იგი მიიღებდა ფინანსურ სარგებელს. მოგვიანებით ა. ე----–ს შეთავაზებაზე უარის თქმა მოუწია, რამდენადაც ა. ს--–----მა მას განუმარტა, რომ ორი პირის მიერ ერთდროულად ალმასების გადაზიდვა არ შეიძლებოდა, რადგან აღნიშნული საქმიანობა მიჩნეული იქნებოდა საეჭვოდ. აღნიშნულის შემდეგ ა. ს--–----მა და ე. კ---–-----ა ს. მ---------- ბრაზილიაში გასამგზავრებლად შეუძინეს ელექტრონული ბილეთი. 2017 წლის 16 იანვარს ს. მ--------ა, რომელიც არ ფლობდა ინფორმაციას ა. ს--–----ისა და ე. კ---–----ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ქ. ა-–----------ნ გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირებმა მის ჩემოდანში ფარულად განათავსეს 1911,8 გრ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი". ამის შემდეგ ს. მ--------ა, რომელსაც არ ჰქონდა გაცნობიერებული მის მიერ ჩემოდნით ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის ფაქტი, გაემართა ქ. ს--------–--ს აეროპორტში, სადაც 2017 წლის 6 თებერვალს დააკავეს ბრაზილიის სამოქალაქო პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
გარდა ამისა, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში ა. ს--–----მა და ე. კ---–-----ა ურთიერთშეთანხმებით თავიანთ ნაცნობს - ნ. შ-----ს შესთავაზეს სამუშაო - ბრაზილიიდან კამბოჯაში ალმასების გადაზიდვა, რისთვისაც დაჰპირდნენ 3 000 აშშ დოლარს. ნ. შ-----ი, რომელსაც ეჭვი არ გასჩენია ამ პირების დანაშაულებრივ განზრახვაში, დასთანხმდა შეთავაზებას. მოგვიანებით ნ. შ-----მა ა. ს--–----სა და ე. კ---–----ს შეატყობინა, რომ ვინაიდან მას არ გააჩნდა ყაზახეთის მოქალაქის მოქმედი პასპორტი, ვერ შეძლებდა გამგზავრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ე. კ---–-----ა 2017 წლის 8 იანვარს ნ. შ-----ი მიიყვანა ქ. ყ-----------–ი არსებულ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და პასპორტის დაჩქარებული წესით დამზადების გადასახადის გადახდის მიზნით, გადასცა ა. ს--–----ის კუთვნილი თანხა - 12 000 ყაზახური ტენგე. ნ. შ-----მა ბრაზილიაში ალმასების გადაზიდვის მიზნით გამგზავრების შესახებ უამბო თავის მეგობარ ნ. შ----ს, რომელმაც ეჭვი შეიტანა ამ საქმიანობის კანონიერებაში და იგი დაარწმუნა, გადაეფიქრებინა ბრაზილიაში გამგზავრება. შედეგად ნ. შ-----მა ა. ს--–----სა და ე. კ---–----ს უარი განუცხადა ალმასების გადაზიდვის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრებაზე და დაუბრუნა პასპორტის დასამზადებლად მათ მიერ გადახდილი თანხა.
ასევე ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში ე. კ---–-----ა, ა. ს--–----თან შეთანხმებით, 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობს - ა. მ-----ს შესთავაზა სამუშაო - ბრაზილიიდან კამბოჯაში ალმასების გადაზიდვა, რისთვისაც მას დაჰპირდა 3 000 აშშ დოლარს, მაგრამ ა. მ-----მ, რომელმაც არასარწმუნოდ მიიჩნია ხსენებული შეთავაზება, ა. ს--–----სა და ე. კ---–----ს უარი განუცხადა შეთავაზებული წინადადების განხორციელებაზე, რის გამოც ხსენებულმა პირებმა ვერ შეძლეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა.
ასევე, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში ე. კ---–-----ა, ა. ს--–----თან შეთანხმებით, 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობს - კ. ჩ----------ს შესთავაზა სამუშაო - ბრაზილიიდან კამბოჯაში ალმასების გადაზიდვა, რისთვისაც დაჰპირდა 3 000 აშშ დოლარს. კ. ჩ----------, რომელსაც ეჭვი არ შეუტანია აღნიშნული პირების დანაშაულებრივ განზრახვაში, დასთანხმდა შეთავაზებას. კ. ჩ----------სგან თანხმობის მიღების შემდეგ ე. კ---–-----ა მას სამგზავრო ხარჯების დასაფარად გადასცა 450 აშშ დოლარი. 2017 წლის 4 თებერვალს კ. ჩ----------, რომელიც არ ფლობდა ინფორმაციას ა. ს--–----ისა და ე. კ---–----ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ქ. ა-–----------ნ გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირებმა მის ჩემოდანში ფარულად განათავსეს 2 კგ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი". აღნიშნულის შემდეგ კ. ჩ----------, რომელსაც არ ჰქონდა გაცნობიერებული ჩემოდნით ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის ფაქტი, გაემგზავრა ქ. ს--------–--ს აეროპორტში, სადაც 2017 წლის 18 თებერვალს, 02:30 საათზე, დააკავეს ბრაზილიის სამოქალაქო პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
გარდა აღნიშნულისა, ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში ე. კ---–-----ა, ა. ს--–----თან შეთანხმებით, 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობ ვ. ბ--–----------ს შესთავაზა სამუშაო - ბრაზილიიდან კამბოჯაში ალმასების გადაზიდვა, რისთვისაც დაჰპირდა 3 000 აშშ დოლარს. ვ. ბ--–----------, რომელსაც ეჭვი არ შეუტანია აღნიშნული პირების დანაშაულებრივ განზრახვაში და ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, დასთანხმდა მათ შეთავაზებას.
3. 2017 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს--–----ი.
4. 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ს--–----ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ს--–----ის ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედანი პროკურატურამ მიიღო 2017 წლის 19 დეკემბერს.
6. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ს--–----ის ადვოკატის საჩივარი 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
7. 2018 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ს--–----ის მიმართ შეფარდებული საექტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 18 მაისამდე.
8. 2018 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ა. ს--–----ის მიმართ შეფარდებული საექტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 18 აგვისტომდე.
9. 2018 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის 2017 წლის 2 დეკემბრის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით; 4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობის მცდელობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის 2017 წლის 7 სექტემბრის, 2 დეკემბრის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით; 4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობის მცდელობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით).
11. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა-------- ჭ--–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას მისი დაცვა არასათანადოდ განხორციელდა და ისე, რომ არ არსებოდა არცერთი მტკიცებულება, შეეფარდა პატიმრობა; ა. ს--–----ი დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, რომელთანაც ჰყავს შვილი, ამდენად, მისი გადაცემა შეუსაბამო იქნება ევროკონვენციის მე-8 მუხლთან; გარდა ამისა, იგი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ვინაიდან ყაზახეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამებას აქვს მასშტაბური ხასიათი; ამასთანავე, მან საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში თანასაკნელისგან შეიტყო, რომ მას ყაზახეთის საპყრობილეში აწამებდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ს--–----ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 18 ნოემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ა. ს--–----ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ა. ს--–----ის ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ყაზახეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73).
6. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას დაცვის არასათანადოდ განხორციელებისა და მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვაში უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მონაწილეობა და ის ფაქტი, რომ ბრალდებული უკმაყოფილოა მისი მომსახურებით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ იხილება ა. ს--–----ის ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
7. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ექსტრადიციის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ნაგულისხმევ ვალდებულებებთან, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადასწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (King v. The United Kingdom, no. 9742/07).
ა. ს--–----ს ჩაუტარდა გასაუბრება მისი ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. გასაუბრებისას ა. ს--–----მა აღნიშნა, რომ საქართველოში ცხოვრობს მისი მეუღლე - ნ----- ა---–--–ი. ქორწინება ა. ს--–----სა და ნ. ა---–--–ს შორის რეგისტრირებულია 2017 წლის 11 მაისს. 2018 წლის 31 მაისს ა. ს--–----სა და ნ. ა---–--–ს შეეძინათ შვილი - ბ----- ს--–----ი. ა. ს--–----ის დედა და და-ძმები ცხოვრობენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ა. ს--–----თან გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე იგი 2016 წლის დეკემბერში დანიშნული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვინმე ე------ზე და ხსენებულ პირთან ერთად დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა სომხეთის რესპუბლიკაში. 2017 წლის თებერვალში მან ამ პირთან გაწყვიტა პირადი ურთიერთობა და სომხეთის რესპუბლიკის გავლით შემოვიდა საქართველოში, სადაც გაიცნო ნ. ა---–--–ი. საქართველოში ქორწინების შემდეგ ა. ს--–----ი საკმაო პერიოდის განმავლობაში არ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით ირკვევა, რომ ა. ს--–----მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 2017 წლის 26 სექტემბერს, ხოლო უკან დაბრუნდა 2017 წლის 18 ნოემბერს. სწორედ ამ დროს დააკავეს იგი სამართალდამცავებმა.
პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციით ა. ს--–----ის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ იქნება არათანაზომიერი ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით, ვინაიდან ა. ს--–----ის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში საკმაოდ მკაცრი ბრალდებებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობითაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ნ. ა---–--–ს ყაზახეთის რესპუბლიკაში სტუმრობის სრული შესაძლებლობა ექნება, საქართველოდან ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმოსვლა არაა რაიმე სირთულესთან დაკავშირებული.
8. გარდა ამისა, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა გარანტიები ა.ს--–----ის მიმართ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გარანტიების სანდოობაზე მიუთითებს სულ მცირე შემდეგი ფაქტორები: გარანტიები გაცემულია ქვეყნის ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR) და ექსტრადიციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ისტორიაში მსგავსი გარანტიების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა (Al-Moayad v. Germany, no. 35865/03, decision, ECHR, 68).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს ყ-----------ს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის 2017 წლის 7 სექტემბრის, 2 დეკემბრის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით; 4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობის მცდელობა, ჩადენილი გადაბირების გზით ექსპლუატაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა---- ბ----- ს--–--- ს--–----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-------- ჭ--–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე