განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100116002375617
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№289აპ-18 თბილისი
ხ------- გ------, 289აპ-18 12 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ნინო ზურაბაშვილის
ადვოკატების – რ---- ა-------ს, მ------- ა-----------ს
მსჯავრდებულების – გ------ ხ-------ს, ბ---- გ------ს
კანონიერი წარმომადგენლის – მ---- ზ----------ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ------ ხ-------ს, მსჯავრდებულ ბ---- გ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- ა-------ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლისა და 9 თებერვლის განაჩენით:
· ბ---- გ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ც---–- ა---–---ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--- შ------–---ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბ---- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბ---- გ------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.
ბ---- გ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
· გ------ ხ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ----- ჭ--–---–-ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--–- ა-–-----ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ც---–- ა---–---ს ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ--- შ------–---ს ეპიზოდი) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა - ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------ ხ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ------ ხ-------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ------ ხ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------ ხ-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 12 მაისიდან.
გ------ ხ-------ს მიმართ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
გ------ ხ-------ს მიმართ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
გ------ ხ-------ს მიმართ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
2. აღნიშნული განაჩენით ბ---- გ------ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო გ------ ხ-------ს - ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ü 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. ქ-------–-- ი. ჭ--------ს გამზ. N---–- მდებარე ც---–- ა---–---ს მარკეტში, უკანონოდ შეაღწიეს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის განაჩენით) სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბ---- გ------მ და ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ------ ხ-------მ და ფარულად დაეუფლნენ 900 ლარსა და სხვადასხვა დასახელების სიგარეტს, რის შედეგადაც დაზარალებულ ც---–- ა---–---ს ჯამურად მიადგა - 4095 ლარამდე მნიშვნელოვანი ზიანი.
ü ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ბ---- გ------მ და ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ------ ხ-------მ 2016 წლის 12 მაისს, დაახლოებით 03 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში ჩაამსხვრიეს ნ--- შ------–---ს კუთვნილი მაღაზიის ფანჯრის მინა და შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ ნივთებს - სათამაშო გიტარას, სათამაშო კუბიკებსა და ციფრული სიგნალის მიმღებ მოწყობილობას, რა დროსაც ისინი დააკავეს წ---–-------ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
ü 2016 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 02:08 საათზე, ქ. ქ-------–-- ნ----ს ქუჩის მეორე ჩიხის N--–- მდებარე მ----- ჭ--–---–-ს მარკეტში, უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გ------ ხ-------მ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და ისინი ფარულად დაეუფლნენ 200 ლარსა და 300 ლარის ღირებულების საკვებ პროდუქტებს, სიგარეტებსა და ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც მ----- ჭ--–---–ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ü 2016 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ქ-------–-- ა------–-----–-ს ქუჩის N---–- განთავსებულ ნ--–- ა-–-----ს სასურსათო მაღაზიაში, უკანონოდ შეაღწია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა, არასრულწლოვანმა გ------ ხ-------მ. მაღაზიაში იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 300 (სამას) ლარს, სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტს, სიგარეტებსა და ალკოჰოლურ სასმელებს, რის შედეგადაც დაზარალებულ ნ--–- ა-–-----ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლისა და 9 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- ა-------მ, ასევე, მსჯავრდებულმა გ------ ხ-------მ.
მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- ა-------მ საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ---- გ------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენა აშკარად კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული, ასევე ურთიერთშეუთანხმებელი, წინააღმდეგობრივი მტკიცებულებანი, რომლებიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
გ------ ხ-------მ საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დაზარალებულების - ნ--- შ------–---სა და ც---–- ა---–---ს ქურდობის ეპიზოდებში გამართლება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------ ხ-------ს ბრალეულობას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლისა და 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა - გ------ ხ-------მ, მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- ა-------მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ------ ხ-------ს, მსჯავრდებულ ბ---- გ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- ა-------ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ ც---–- ა---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას აქვს სასურსათო მაღაზია ქ. ქ-------–-- ჭ--------ს ქ.N---–-. 2016 წლის 10 მაისს, დილის შვიდის ნახევარზე, დაურეკა მეეზოვემ, რომელმაც უთხრა, რომ მაღაზიის კარი იყო ღია. იგი მივიდა ადგილზე და გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომლებმა და გამომძიებელმა მისი თანხმობით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და შეადგინეს ოქმი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტი, რომელმაც აიღო თითის კვლები დარჩენილი სიგარეტებიდან. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიის კარი იკეტებოდა ბოქლომითა და გასაღებით. ბოქლომი იყო გატეხილი და იდო იქვე, ავტომანქანების სადგომთან, სადაც ასევე ეგდო რკინის მილი. მოწმის განმარტებით, მაღაზიიდან მოიპარეს სიგარეტები და 900 ლარი, ხურდა ფულისა და ქაღალდის კუპიურების სახით. მას ჯამურად მიადგა 4095 ლარის ზიანი.
3. მოწმე ი----- დ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქ. ქ-------–-- ჭ--------ს გამზ. N---–- მდებარე შპს ,,ა------ ფ------’’ მენეჯერი. 2016 წლის მაისის შუა რიცხვებში მასთან სამსახურში მივიდნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებიდან. მათ, მისი თანხმობით, დაათვალიერეს და ამოიღეს სათვალთვალო კამერების გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერები. აფთიაქს გააჩნია ორი ვიდეოკამერა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ორივე მხარეს აფიქსირებს ქუჩას.
4. მოწმე ნ---- ც-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქ. ქ-------–-- ჭ--------ს გამზ.N---–- მდებარე შპს ,,პ-- ა--------ს’’ მენეჯერი. 2016 წლის 10 მაისიდან 15 მაისამდე პერიოდში, მასთან სამსახურში მისული იყვნენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მაღაზიის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მისი თანხმობით დაათვალიერეს და ამოიღეს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. მისი განმარტებით, აფთიაქს ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აქვს ორი გარე სათვალთვალო კამერა.
5. მოწმის სახით დაკითხული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ლ-–- მ---------ს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ნ-----–---- კ--------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის მაისში ქ. ქ-------–-- ჭ---------ს ქუჩაზე, გაიქურდა სასურსათო მაღაზია, რასთან დაკავშირებითაც გამომძიებელმა ამოიღო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აფთიაქების გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები. მოწმე ნ-----–---- კ--------ს განმარტებით, ერთ ერთი კამერა აფიქსირებდა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მხარეს, ხოლო მეორე - საპირისპირო მხარეს. ისინი მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში - ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიცნეს დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი - გ------ ხ------- და ბ---- გ------.
6. მოწმის სახით დაკითხული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ზ------ ჯ----–---სა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - გ------ კ---------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში, კამერის ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, რა დროსაც მათ დანაშაულის ჩამდენი ორი პირიდან ამოიცნეს გ------ ხ-------, რომელსაც ისინი იცნობდნენ ადრეც, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა მის მიმართ და პოლიციაში დადიოდა. გ------ ხ------- მათ ამოიცნეს სახით, მას თან იმ მომენტში ჰქონდა გრძელი თმა.
7. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - თ------ ქ----------ს და ექსპერტების - გ------ კ------სა და გ------- ქ----------ს ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი 2016 წლის 10 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოცხრილით, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქ-------–-- ი-–------------ს გამზირის N---–- მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ც---–- ა---–---ს კუთვნილ მარკეტში. დათვალიერება დაიწყეს მითითებული მარკეტის ჩრდილოეთ მხარეს არსებული პერიმეტრიდან, რა დროსაც ავტომანქანებისათვის განკუთვნილ სადგომზე აღმოჩდა რკინის გრძელი მილი და ბოქლომი. როგორც ც---–- ა---–---მ განმარტა, ამ ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი მარკეტში შესასვლელი კარი. ბოქლომზე ამოტვიფრული იყო წარწერა: “EXTRA. TOP SECURITE“. ბოქლომიც და რკინის მილიც ამოიღეს და დალუქეს. მარკეტში შესასვლელი წარმოადგენდა ორფრთიან შემინულ კარს, რომლის მარჯვენა ფრთის მინის გარე ზედაპირზე აღმოჩნდა და ამოიღეს ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა. ც---–- ა---–---მ მიუთითა, თუ საიდან იყო მოპარული თანხა და სიგარეტები. სიგარეტების დახლზე არსებულ სიგარეტ „პალმალის“ გარე ზედაპირზე (ორი კოლოფიდან) აღმოაჩინეს და ამოიღეს ხელის ორი კვალი, რომლებიც დაილუქა.
8. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზ------ ჯ----–---ს, გ------ კ---------სა და გამომძიებელ ბ----- ე-–----ს ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მაისს, 18:10 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, მათ დაათვალიერეს შპს ,,ა------ ფ------’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ. ქ-------–-- ი-–------------ს გამზ. N---–- მდებარე შპს „ა------ ფ------“ გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:10 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. დისკზე ჩაწერილ ზემოხსნებული აფთიაქის ორი სათვალთვალო კამერიდან ერთ-ერთში, რომელიც განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კარში ჩანს რომ 2016 წლის 10 მაისს, 04:10:33 საათზე კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის. მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმა და ასევე, მუქი ფერის რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი. ტანთ აცვია ღია ფერის გრძელსახელოიანი ზედა და ასევე, ღია ფერის შარვალი, რომელიც ამოიცნეს დათვალიერებაში მონაწილე ზ------ ჯ----–---მ და გ------ კ---------მ და მიუთითეს, რომ იგი არის 1--- წელს დაბადებული - გ------ ხ-------. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც თმა არ ჩანს. ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ორივე მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით მიდის კამერის განთავსების საპირისპირო მიმართულებით და 2016 წლის 10 მაისის 04:10:46 საათზე იკარგებიან თვალთახედვის არედან კადრის ქვედა მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ, დათვალიერდა აფთიაქის მეორე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ასევე განთავსებული იყო აფთიაქის შესასვლელ კართან და აფიქსირებდა წინა კამერის საპირისპირო მხარეს, ანუ ქ. ქ-------–-- ი-–------------ს გამზირის N---–- მდებარე ც---–- ა---–---ს კუთვნილი მარკეტის მიმართულებით არსებულ ტერიტორიას. მასზე, კერძოდ, 2016 წლის 10 მაისს, 04:10:43 საათზე ჩანს, რომ კადრის მარცხენა მხრიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის; მას აქვს გრძელი, სუსტი პირისახე, მუქი ფერის კეფამდე მოშვებული ტალღოვანი თმა და ასევე, მუქი ფერის რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი; ტანთ აცვია ღია ფერის გრძელსახელოიანი ზედა და ასევე, ღია ფერის შარვალი, რომელიც ამოიცნეს გ------ კ---------მ და ზ------ ჯ----–---მ და განმარტეს, როგორც 1--- წელს დაბადებული გ------ ხ-------. მეორე მამაკაცი არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, რომელსაც აქვს მომრგვალო პირისახე, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, რის გამოც მისი თმა არ ჩანს, ტანთ აცვია მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა და ღია ფერის შარვალი. ისინი მიდიან კადრის ზედა მიმართულებით და ჩერდებიან კამერიდან მოშორებით მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან. გარკვეული დროის განმავლობაში დგანან, შემდეგ ორივე გამოდის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებულ პარკირების ადგილისაკენ, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიწიდან იღებს მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც მიდიან გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობისაკენ. იქ რამდენიმე წამის განმავლობაში აკეთებენ რაღაც მოქმედებებს და შემდეგ შედიან შენობაში, რის შემდეგაც იკარგებიან თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ, 2016 წლის 10 მაისს, 04:43:35 საათზე, ისინი გამოდიან შენობიდან. გამოსვლისას ორივეს ხელში აქვს ორ-ორი პარკი. მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან ზემოხსნებულ ღია ფერის სატვირთო ავტომობილს, კვეთენ გზის სავალ ნაწილს და შედიან კადრის ზედა მხარეს მდებარე ჩიხში, სადაც იკარგებიან თვალთახედვის არედან.
9. 2016 წლის 10 მაისს, 19:10 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზ------ ჯ----–---ს, გ------ კ---------ს, ა---------– ფ------–---სა და ხ---- ხ-----ს მონაწილეობით დაათვალიერა ,,პ-- ა--------ს’’ გარე სათვალთვალო კამერები, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო ქ.ქ-------–-- ი-–------------ს გამზ.N---–- მდებარე შპს "პ-- ა--------ს" გარე სათვალთვალო კამერების 2016 წლის 10 მაისის 04:05 საათიდან 04:50 საათამდე დროის მონაკვეთის ჩანაწერები. კამერა განთავსებული იყო ი-–------------ს გამზ.N---–- მდებარე შპს "პ-- ა--------ს" შესასვლელ კართან და აფიქსირებდა რ. თ------–---–-ს ქ. N--–- მდებარე, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმართულებით ტერიტორიას. ჩანაწერის 02:26 წუთზე კადრის ზედა მხარეს ჩანს ორი ადამიანის სილუეტი, რომლებიც მოძრაობენ სათვალთვალო კამერის მიმართულებით; ისინი ჩანაწერის 03:05 წუთზე უკვე არიან კადრის მარცხენა მხარეს პარკირების ადგილზე მდგარ ღია ფერის სატვირთო ავტომობილთან, რამდენიმე ხანს ჩერდებიან აღნიშნულ ადგილზე. კადრში ჩანს საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის ორი მამაკაცის სილუეტი, რომელთაგან ერთ ერთს აქვს მოგრძო თმა, მაგრამ ჩანაწერის ხარისხი მათი სრული იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული პირები დგანან გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ გამოდიან პარკინგის მიმართულებით, სადაც გზის სავალი ნაწილის კიდესთან მათგან ერთ-ერთი მიწიდან იღებს რაღაც მოგრძო ნივთს, რის შემდეგაც ისინი გადიან კადრის მარცხენა მხარეს მდებარე შენობაში. ჩანაწერის დაახლოებით მე-40 წუთზე ისინი გამოდიან შენობიდან და მარჯვენა მხრიდან გვერდს უვლიან კადრში დაფიქსირებულ ღია ფერის სატვირთოს, რის შემდეგაც კვეთენ გზის სავალ ნაწილს და მიიმალებიან.
10. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლ-–- მ---------ს, ნ-----–---- კ--------სა და გამომძიებლის - ბ----- ე-–----ს ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისს, 12:00 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში, მათი მონაწილეობით დათვალიერდა შპს,,ა------ ფ------’’ და შპს,,პ-- ა--------ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დათვალიერებისას დათვალიერებაში მონაწილე პირებმა - ლ-–- მ---------მ და ნ-----–---- კ--------მ ამოიცნეს გ. ხ------- და ბ. გ------.
11. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისს, 14:40 საათიდან 15:20 საათამდე პერიოდში, დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლმა ბ----- ე-–----მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლ-–- მ---------ს, ბ----- ა---–-------ს, ნ-----–---- კ--------სა და ს---–--- კ----------–---–-ს მონაწილეობით, დაათვალიერა შპს „შ----------ს’’ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რა დროსაც ლ-–- მ---------მ და ნ-----–---- კ--------მ ამოიცნეს გ. ხ------- და ბ . გ------.
12. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ვიდეოსათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 მაისს, 19:20 საათიდან 19:50 საათამდე პერიოდში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ, გამომძიებელ თ------ ქ----------სა და მოწმის გ------ ხ-------ს მონაწილეობით, მისი თანხმობით დაათვალიერა ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისის, ქ. ქ-------–-- ი-–-------------ს გამზ. N---–- მდებარე შპს „ა------ ფ------“ და ქ. ქ-------–-- ჭ--------ს გამზ. N---–- მდებარე შპს „პ-- ა--------ს“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დათვალიერებაში მონაწილე გ------ ხ-------მ განმარტა, რომ შპს „ა------ ფ------“ გარე სათვალთვალო კამერაზე დაფიქსირებული ორი პირიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ის რომელსაც აცვია ღია ფერის ტანისამოსი და აქვს გრძელი თმა, არის თვითონ, ხოლო მეორე პირი, კერძოდ, რომელსაც ახურავს კეპიანი ქუდი არის თ-----, რომლის გვარი არ იცის. შპს ,,პ-- ა--------ს“ კამერების დათვალიერებისას კადრში გამოსახული ორი პირი, რომლებიც შედიან გრძელი ნივთის გამოყენებით კადრის მარცხენა მხარეს მდებარე მაღაზიაში და შემდეგ რამდენიმე ხანში პარკებით ხელში გამორბიან მაღაზიიდან და მიიმალებიან კადრის მარჯვენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს არსებულ ჩიხში, არიან თვითონ და თ----- და სწორედ ამ დროს გარბიან მაღაზიიდან ფარულად დაუფლებულ ნივთებთან ერთად. აღნიშული ჩანაწერის გარდა გ------ ხ-------ს დასათვალიერებლად ასევე წარედგინა 2016 წლის 11 მაისს ქ. ქ-------–-- ი-–-------------ს გამზ. N-----–- მდებარე შპს „შ----------დან“ ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები. დათვალიერებისას გ------ ხ-------მ განმარტა, რომ კადრში გამოსახული პირები, რომლებიც მოდიან კ-–----–---–-ს ქუჩიდან და ხელში აქვთ პარკები, არიან თვითონ და თ-----, ხოლო იმ პარკებში, რომლებიც მათ მოაქვთ, მისივე განმარტებით, აწყვია მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული ნივთები.
13. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის ვიდეოსათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 მაისს, 20:15 საათიდან 20:40 საათამდე პერიოდში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ, გამომძიებელ თ------ი ქ----------სა და მოწმის ბ---- გ------ს მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით დაათვალიერა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კერძოდ: დასათვალიერებელი ობიექტი იყო 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ა------დან“ და შპს „პ-- ა--------დან“, ასევე 2016 წლის 11 მაისს შპს „შ----------დან“ ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დათვალიერებისას ბ---- გ------მ განმარტა, რომ ჩანაწერში ასახული ერთი პირი იყო თვითონ, ხოლო მეორე - ს------, რომლის გვარიც არ იცის.
14. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის განაჩენები ბ---- გ------ს მიმართ; ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება ამნისტიის აქტის გამოყენების შესახებ ბ---- გ------ს მიმართ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენი ბ---- გ------ს მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით გ------ ხ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
15. მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ--- შ------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს წ---–-------ს რაიონის სოფ. ქ-------ის შესასვლელში და მას სახლის ეზოში, გზის პირას, აქვს სასურსათო მაღაზია. 2016 წლის 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე, ის გააღვიძა ძლიერმა ,,მსხვრევის’’ ხმამ. გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მისი მაღაზიიდან ცოტა მოშორებით, დაახლოებით 4-5 მეტრში, დაკავებული ჰყავდათ ორი პირი. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ამ პირებმა მისი მაღაზია გატეხეს და მანაც დაინახა, რომ მაღაზიის მინა იყო ჩამტვრეული, რომლის ნამსხვრევები ეყარა როგორც გარეთ, ისე შიგნით, მაგრამ სათამაშოები შიგნით გადმოყრილი არ ყოფილა. მაღაზიის გარეთ, იქვე, გვერდით, გადმოლაგებული იყო სათამაშოები, ასევე ტელევიზორის სეთბოქსი. დაზარალებულის განმარტებით, მას სათამაშოები ეწყო მაღაზიაში, ფანჯარასთან ახლოს მდებარე თაროზე, რომელიც მინიდან ცოტათი იყო დაშორებული. იქვე, ფანჯარასთან ახლოს, ედგა ტელევიზორი და ტელევიზორის „სეთთოფბოქსიც“ გარეთ იყო გადადებული. მაღაზიიდან გადმოლაგებული იყო სამი-ოთხი სათამაშო და ეწყო იქვე, გარეთ მდებარე ,,კოკა-კოლის’’ მაცივართან ახლოს, ისე, რომ არ ჩანდა. შემდეგ პოლიციამ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ნივთები. დაზარალებულს იქ სროლის ხმა არ გაუგია.
16. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - გ------- ს----------სა და თ------ ბ------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 მაისს გ------- ს---------- და თ------ ბ------ შემოვლაზე ფეხით მოძრაობდნენ წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მათ სოფელ ქ-------ის გასასვლელთან მდებარე ნ--- შ------–---ს სასურსათო მაღაზიასთან შენიშნეს ორი პირი, რა დროსაც გაიგეს მინის მსხვრევის ხმა და შემდეგ დაინახეს, რომ ეს პირები მაღაზიიდან იღებდნენ ნივთებს, კერძოდ, ბ---- გ------ მაღაზიის ფანჯრიდან აწვდიდა ნივთებს მეორე პირს, რომელიც აღმოჩნდა გ------ ხ-------. როდესაც მიუახლოვდნენ, მათ უკვე გადმოლაგებული ჰქონდათ ნივთები. გ. გ------ და გ. ხ------- მათკენ ზურგით იდგნენ და ვერ ხედავდნენ მათ. მათ დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. დაძახებისთანავე ბ---- გ------მ და გ------ ხ-------მ მიიხედეს მათკენ და სცადეს გაქცევა, თუმცა ისინი დაედევნენ და დააკავეს ორივე. პოლიცილებმა რაციის მეშვეობით გამოიძახეს ოპერატიული ჯგუფი, რომელიც დაახლოებით ორ-სამ წუთში მივიდა ადგილზე. გ------ ხ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პირადობის მოწმობა, ხოლო ბ---- გ------ს შარვლიდან - მობილური ტელეფონი და საფულე, ასევე წითელტარიანი სახრახსნი ე.წ. ,,ატვიორკა’’, რომლითაც მან გატეხა მინა.
17. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა - მ------ რ---–---–მა და დ--- ქ-------------მა, რომლებიც მონაწილეობდნენ გ. ხ-------სა და ბ .გ------ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში.
საქმეში წარმოდგენილი ბ---- გ------ს 2016 წლის 12 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ---- გ------ დააკავეს 2016 წლის 12 მაისს, 03:15 საათზე წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე ინდმეწარმე ნ--- შ------–---ს სასურსათო მაღაზიის წინ, აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას. პირადი ჩხრეკის შედეგად, მას შარვლის ჯიბიდან ამოუღეს ,,ნოკიას’’ მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, შავი ტყავის საფულე, შიგ მოთავსებული მისივე პირადობის მოწმობითა და წითელტარიანი სახრახნისი.
18. საქმეში წარმოდგენილი გ------ ხ-------ს 2016 წლის 12 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------ ხ------- დააკავეს 2016 წლის 12 მაისს, 03:15 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე ინდმეწარმე ნ--- შ------–---ს სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას.
19. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - გ------- ა-–-------ს, შ--–-- გ---------ს, გამომძიებელ გ------- ა------ს ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოცხრილით, დადგენილია, რომ 2016 წლის 12 მაისს, 05:00 საათიდან 05:55 საათამდე პერიოდში, წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში, 1-ლი ქუჩა N--–-, მათი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ--- ქ-------------ის და ქონების მესაკუთრის -ნ---- შ------–---ს მონაწილეობით, მისი თანხმობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში. იგი წარმოადგენს წ---–-------ს რაიონის სოფელ ქ-------ში პირველი ქუჩის N--–- მცხოვრები ნ--- შ------–---ს კუთვნილ მარკეტს - ერთსართულიან კაპიტალურად ნაგებ შენობას. მარკეტს ჰქონდა ერთფრთიანი მეტალოპლასტმასის კარი, რომელსაც გარეთა მხრიდან ჰქონდა ლითონის ე.წ. ,,ჟალუზი’’. მარკეტს წინა მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ჰქონდა ორ-ორი ფანჯარა, რომელთა დიამეტრი იყო 206X114 სმ. აღნიშნული მარკეტის მარჯვენა წინა მხარეს დაზიანებული იყო ფანჯრის ერთი მინა, რომელიც ქვედა მხარეს სანახევროდ მთლიანად იყო ჩამტვრეული. მინა იყო ორმაგი, დაზიანებული და მთლიანად დამტვრეული ჰქონდა შიგა და გარე მხარეები, ხოლო ნამტვრევები მიმობნეული იყო მარკეტის მარჯვენა მხარეს, ფანჯარასთან, რომელიც ასევე იყო ჩამტვრეული. მარკეტის დაზიანებული ფანჯრის წინ, გარეთა მხარეს, ქუჩაში დაყრილი იყო მოწითალო ფერის საბავშვო სათამაშო გიტარა, რომელიც მოთავსებული იყო თავისავე ჩასადებ პოლიეთილენის ჩანთაში, ერთი ერთეული სხვადასხვა ფერის საბავშვო სათამაშო პლასტმასის ასაწყობი კუბიკები თავისავე პოლიეთილენის ჩანთაში და ტელევიზორის ე.წ. შავი ფერის პლასტმასის „სეთთოფბოქსი“, საფირმო ნიშნით TV STAR, რომლებიც ამოიღეს და დალუქეს ექსპერტებმა. აღნიშნული ნივთების გარდა, მარკეტის მესაკუთრის ნ--- შ------–---ს განმარტებით, სხვა რაიმე ნივთი ან საგანი მარკეტიდან მოპარული არ იყო და არც შესასვლელი კარი და არც სხვა ფანჯრები დაზიანებული არ ყოფილა.
20. მსჯავრდებულმა ბ---- გ------მ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ გ------ ხ-------ს იცნობს 2014 წლიდან და არის მისი ნათლია. 2016 წლის 11 მაისს, საღამოს, ის და გ------ ხ------- იმყოფებოდნენ ქ. ქ-------–-- საპატრულო პოლიციასთან არსებულ რესტორანში და სვამდენენ ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით სამი-ოთხი საათის შემდეგ გამოვიდნენ აღნიშნული რესტორნიდან და ფეხით წამოვიდნენ ე.წ. ,,ს-----------ს’’ ხიდის მიმართულებით, რადგან სურდათ, მოკლე გზით მისულიყვნენ სახლში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ისინი აღმოჩნდნენ ნ--- შ------–---ს მაღაზიასთან. უკვე 12 მაისი იყო, გვიანი ღამე, ვინაიდან ისინი ცოტათი ნასვამები იყვნენ, ხუმრობდნენ ქუჩაში. მათ წინ იდგა ჰუნდაის მარკის ,,ბრონზეს’’ ფერის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჰაერში გაისროლეს, მოუწოდეს მათ ძირს დაწოლილიყვნენ და თან მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან მათ არაფერი არ დაუშავებიათ, არ დაემორჩილნენ მოთხოვნას და მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ჩატყდა მაღაზიის მინა, რადგან ბ---- გ------ს ფეხი მოუხვდა და მაღაზიიდან, როგორც ახსოვს, რაღაც გადმოიყარა. აღნიშნულის შემდეგ, ისინი პოლიციის თანამშრომლებმა დააწვინეს გზაზე და რადგან მას ასთმა აწუხებს, გვერდებში ავტომატის დარტყმების შედეგად შეეკრა სუნთქვა და გახდა ცუდად. ერთ- ერთმა პოლიციის თანამშრომელმა, როგორც ახსოვს, მ------ რ---–---–მა წამალი მიაწოდა მას. შემდეგ ისინი გადაიყვანეს ქ-------ის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ოქმი და დაუწერეს, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა. მან გადაიკითხა ოქმი, სადაც ეწერა თუ რა ნივთები იყო და ისე მოაწერა ხელი, თან გ------ ხ-------საც უთხრა, რომ წაეკითხა მასაც თავისი ოქმი, რომ რამე არ გაეკეთებინათ. ბრალდებულის განმარტებით, მან ოთხჯერ წაიკითხა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და მასში ეწერა მარტო ის ნივთები, რაც მისი იყო, კერძოდ საფულე, ტელეფონი და პირადობა, სხვა მეტი არაფერი არ ეწერა, არც არანაირი სახრახნისი ფიგურირებდა, რაც შემდეგ აღმოჩნდა ოქმში. განყოფილებიდან ისინი წაიყვანეს და შეამოწმეს სიმთვრალეზე, რა დროსაც მას დაუდგინდა ცოტა ნასვამობა, დილით კი წაიყვანეს ს-----------ში დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს, რადგან ადგილები არ იყო და შემდეგ გადაიყვანეს ბ--------ში. საღამოს მასთან შევიდა პირველი განყოფილების გამომძიებელი ი-–----------, რომელიც ადრე იყო პოლიციის მესამე განყოფილებაში და მან „შეუკერა საქმე“ 2010 წელს, როდესაც გაასამართლეს. ამ გამომძიებელმა მას უთხრა, რომ ქურდობები იყო მომხდარი, ის ჩანდა კამერის ჩანაწერში და სთხოვდა აღიარებას, რაზედაც ის არ დაეთანხმა. რაც შეეხება ქ. ქ-------–-- ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ქურდობის ფაქტს, მან აღნიშნულის შესახებაც ქ-------ის განყოფილებაში ყოფნის დროს გაიგო, სადაც მისულები იყვნენ პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან, დაათვალიერებინეს რაღაც ვიდეოჩანაწერები და ჰკითხეს თუ იყო ჩანაწერში არსებული პიროვნება თვითონ, რაზედაც მან განუცხადა, რომ არ იყო და მაშინ უთხრეს, რომ მას ბრალად ედებოდა წინა დღეებში მომხდარი, ჭ--------ს ქუჩაზე არსებული მაღაზიის ქურდობის ფაქტი, რა დროსაც წაღებული იყო რაღაც სიგარეტები. როგორც მას უთხრეს, უკვე წინა დღეს ამოცნობილი ჰყავდათ ის ვიდეოჩანაწერში, კერძოდ ამოიცნო მ-–- გ-------მა; ბრალდებულის განმარტებით, ის კარგად იცნობს მ-–- გ-------ს და ლ-–- მ---------ს, რომლებთანაც მას შეხება ჰქონდა ციხეში; მან არაფერი არ იცის ასევე აღნიშნულ მაღაზიის ქურდობასთან დაკავშირებით და აბრალებენ. დრ. მოთავსების იზოლატორში შესულები ივნენ პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან, რომლებსაც მან განუმარტა, რომ ადვოკატის გარეშე იყენებდა დუმილის უფლებას, მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით იტყოდა, რაც იყო. გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ თუ აღიარებდა, გირაოთი გაუშვებდნენ და ვინაიდან მას ჰქონდა ოჯახური პრობლემები, ამის გამო დასთანხმდა, რომ ეღიარებინა თავის მიერ არჩადენილი ქმედებები და გასულიყო გარეთ, იქაც დაათვალიერებინეს ვიდეოჩანაწერი და თქვა, რომ ის იყო, თუმცა შემდეგ ის მაინც არ გამოუშვეს გარეთ, რის გამოც მან აღარ ცნო თავი დამნაშავედ (იხ. სხდომის ოქმი).
21. მსჯავრდებულმა გ------ ხ-------მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ 2016 წლის 11 მაისს, ღამით, ის და ბ---- გ------ იმყოფებოდნენ ქ. ქ-------–-- საპატრულო პოლიციის შენობის წინ მდებარე რესტორანში, საიდანაც ნასვამები გამოვიდნენ გვიან და წავიდნენ სახლისკენ, ე.წ ,,ს-----------ს ხიდის მიმართულებით’’. იქვე იყო მაღაზია და მივიდნენ, რადგან სიგარეტის ყიდვა უნდოდათ, მაგრამ მაღაზია დაკეტილი დახვდათ. ამ დროს იქვე მდგარი მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც იჩხუბეს, მათ გაქცევა სცადეს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა გაისროლეს. ბრალდებულის განმარტებით, მაღაზიის ფანჯარა ჩატყდა ჩხუბის და არა - მისი გაქურდობის მცდელობის დროს, რა დროსაც გადმოიყარა ის ნივთები, რომელთა ქურდობის მცდელობასაც აბრალებენ. ჩხუბის დროს ბ---- გ------ გახდა ცუდად და ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მისცა წამალი. იქ ასევე ფ---–----------ს პოლიციის თანამშრომელი შევიდა მაღაზიის მეპატრონესთან, გააღვიძეს და უთხრეს, რომ მაღაზიას უტეხავდნენ და შემდეგ გავიდა მაღაზიის წინ მცხოვრები ერთი ადამიანი. ისინი კი გადაიყვანეს გზაზე და დააწვინეს, დაურეკეს პოლიციის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც მივიდნენ ადგილზე და შეადგინეს მათი დაკავების ოქმი ქურდობის მცდელობის ფაქტზე და წაიყვანეს ფ---–----------ს პოლიციის განყოფილებაში. ფ---–----------ს პოლიციის განყოფილებაში მივიდა პოლიციის მე-4 განყოფილების რამდენიმე თანამშრომელი და მიიტანეს რამდენიმე საქმე, რომელთაგან ერთ-ერთზე წაუყენეს ბრალი. პოლიციელებმა აჩვენეს ვიდეოკამერის ჩანაწერები და მათ განაცხადეს, რომ თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ. შემდგეგ ისინი წაიყვანეს ს-----------ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც არ მიიღეს ადგილების არქონის გამო და იქიდან წაიყვანეს ბ--------ის დრ. მოთავსების იზოლატორში, სადაც გამომძიებლები შეჰპირდნენ, რომ აღიარების შემთხვევაში გირაოთი გაუშვებდნენ, ორივეს დაჭერას აზრი არ ჰქონდა და ერთ-ერთი მაინც გავიდოდა გარეთ, თუ რომელიმე ნებისმიერ პირს დაასახელებდა. ამის გამო, მან დაასახელა ვიღაც პირის სახელი ჭ--------ს გამზ. მდებარე მაღაზიის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე აღიარა დანაშაული იმ პირობით, რომ ბ---- გ------ უნდა გაეშვათ, ხოლო მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა, ასევე ორი საქმე მიმდინარეობდა მის მიმართ სასამართლოში და მანაც აღიარა ის, რაც არ იყო მისი გაკეთებული, ვინაიდან მასთან უნდა გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, მაგრამ უშედეგოდ. ბრალდებულის განმარტებით, ფ---–----------სა და ბ--------ის პოლიციის განყოფილებაში მას აჩვენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი პირი მიდის ცელოფნებით ხელში, ხოლო დანარჩენი ვიდეოჩანაწერები არ უნახავს. მისივე განმარტებით, მან როდესაც ვიდეოჩანაწერის დათვალიერების დროს დაასახელა სხვა პირი და დაადასტურა, რომ მეორე პირი თვითონ იყო, იმ მომენტისათვის მან არ იცოდა ბ---- გ------ აღიარებდა თუ არა დანაშაულს.
22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების ჩვენებას, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ (გ------ ხ-------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ დაზარალებულების - მ----- ჭ--–---–-სა და ნ--–- ა-–-----ს ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო დაზარალებულების - ც---–- ა---–---სა და ნ--- შ------–---ს ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ), ვინაიდან მათი ჩვენებები არის არადამაჯერებელი, ალოგიკური და მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ამასთანავე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი ჩვენებების სანდოობას და გარდა ამისა, ისინი სრულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
23. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვიდეოჩანაწერები დათვალიერდა არაკანონიერად და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, შემდეგ გარემოებათა გამო: გარდა იმისა, რომ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას პოლიციის თანამშრომლებმა ამოიცნეს როგორც გ------ ხ-------, ასევე ბ---- გ------, თავად მსჯავრდებულებმაც მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს განმარტეს, რომ ვიდეოფირზე ასახულები არიან სწორედ ისინი და ამოიცნეს საკუთარი თავი.
24. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, გ------ ხ-------ს ინდივიადუალური შეფასების ანგარიში და ისე განუსაზღვრეს მათ სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------ ხ-------ს, მსჯავრდებულ ბ---- გ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- ა-------ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი