დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054824
თარიღი
26.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054824

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №125აპ-18 ქ. თბილისი

ს----–--–- ი----, 125აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი---- ს----–--–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ი---- ს----–--–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი---- ს----–--–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ს----–--–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 18 ივნისიდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულ ი---- ს----–--–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ი---- ს----–--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

 

2017 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თ---–--–-, თ--------- მ------–-ს ქ. N----- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ,,მერსედესის“ მარკის ა/მანქანიდან, სახ.№-------, ი---- ს----–--–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ--–- ბ--–--------ს კუთვნილ, 25 ლარად ღირებულ ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო 2 ლარად ღირებული მარაო, 10 ლარად ღირებული საფულე, ფულადი თანხა - 10 ლარი და ლ--–- ბ--–--------ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ი---- ს----–--–-ს დანაშაულებრივი ქმედებით ლ--–- ბუცხრიკიძეს ჯამურად მიადგა 47 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი---- ს----–--–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაზარალებულ ლ. ბ--–--------სა და მოწმეების - დ. ბ--–--------ს, ა. მ--------ს, დ. ნ---------ს, ზ. გ-----–---–-ს, კ. რ-------ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ი---- ს----–--–-ს ბრალეულობა.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი---- ს----–--–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი