განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010100218700053238
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053238

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№71აპ-18 11 ივლისი, 2017 წელი

რ------- მ--–----, 71აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ--–---- რ------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ბ----–-–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენით მ--–---- რ-------, - დ----------–-------–-–------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 16:50 საათზე, თ---–--–--------------------------ში მდებარე მაღაზიის მოაჯირიდან საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ--–---- რ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს-----–--- კ-------ის კუთვნილ თეთრეულს. მ--–---- რ------ის ქმედებით ს-----–--- კ-------ს მიადგა 28 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. აღნიშნული ქმედებისათვის მ--–---- რ-------ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ--–---- რ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 4 თვითა და 29 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–---- რ-------ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით. მსჯავრდებულ მ--–---- რ-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 დეკემბრიდან.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--–---- რ-------მ.

 

4. მსჯავრდებულმა მ--–---- რ-------მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. კასატორები – მ--–---- რ------- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------ ბ----–-–---–ი აღნიშნავენ, რომ სასამართლო დაეყრდნო ორი დაინტერესებული მოწმე პოლიციელის არათანმიმდევრულ და განსხვავებულ ჩვენებებს; მათ ვერ დაასახელეს, თუ კონკრეტულად რა ადგილას დააკავეს მ. რ-------; დაზარალებულის განმარტებით, მყიდველს, თუ შეძენის სურვილი ჰქონდა, დამოუკიდებლად ხსნიდა თეთრეულს და შეჰქონდა მაღაზიაში; საქმეზე არ ჩატარებულა ექსპერტიზები, არც სუნის, არც დაქტილოსკოპიური და არც დნმ-ის; დაკავების დროს ბრალდებულს თან არ ჰქონია არც პარკი, არც ჩანთა და, შესაბამისად დაცვის მხარისათვის გაუგებარია, თუ სად მალავდა 7 ბალიშის პირს მ. რ-------; გამოძიების სტადიაზე მ. რ-------ს, მოთხოვნის მიუხედავად, ადვოკატი არ ჰყოლია; ლ. ზ------ემ არაერთხელ შესთავაზა მ. რ-------ს მისი ინფორმატორი გამხდარიყო, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ „დაჰპირდა,“ რომ ციხეში მოხვდებოდა, რაც შეასრულა კიდეც; ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია პირის გასამართლება, როდესაც საქმეში მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. რ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

3. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია პირის გასამართლება, როდესაც საქმეში მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელის ჩვენებისათვის მცირე მტკიცებულებითი ძალის მინიჭება არ გამომდინარეობს ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან. პალატას მიაჩნია, რომ ჩვენების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არა მოწმის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე. მაგალითად, საქმეში „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ ნაკლები მტკიცებულებითი ძალა იმ პოლიციელების ჩვენებებს მიანიჭა, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ და თავად განმცხადებელი ბრალს სდებდა; ამასთან, პოლიციელების ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს და განმტკიცებული არ იყო არანაირი მტკიცებულებით (იხ. ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia), №17828/05 , 11.04.2013). ამ შემთხვევაში, ლ. ზ------ისა და ი. ა-----–---–ის როგორც გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისე სასამართლოში მიცემული ჩვენებები შეესაბამება ერთმანეთს. ლ. ზ------ემ და ი. ა-----–---–მა აღწერეს, თუ როგორ დაეუფლა ფარულად მ. რ------- მაღაზიის შესასვლელ კიბესთან გასაყიდად გამზადებულ ბალიშის პირებს და ცდილობდა ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც დააკავეს და ამოუღეს შვიდი ბალიშის პირი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეესაბამება ლ. ზ------ისა და ი. ა-----–---–ის ჩვენებებს და საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს პოლიციის თანამშრომელთა მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში.

 

4. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მ--–---- რ-------ს გამოძიების სტადიაზე, მოთხოვნის მიუხედავად, ადვოკატი არ ჰყოლია, ვინაიდან წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით აღნიშნული გარემოება დადასტურებული არ არის.

 

5. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით (შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. პალატა განმარტავს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის სამართლიანობა ფასდება როგორც ბოლო განაჩენით, ისე შეკრებისა თუ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელის პროპორციულობიდან გამომდინარე. ამასთან, სასამართლოს დისკრეცია და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებანი ყოველი მსჯავრდებულის ინდივიდუალურ შეფასებას, სამართლებრივი სიკეთის დაცვის პრევენციასა და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას მოითხოვს. საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის პარალელურად მნიშვნელოვანია, შეფასდეს დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის ხანგრძლივობის ხარისხი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მ--–---- რ------- წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის ძალადობრივი ხასიათის ან/და საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ როდესაც მ. რ------- შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა და სამართალდამცველებმა შეამჩნიეს, მათ წინააღმდეგობა არ გაუწია და მშვიდ ვითარებაში, იძულების გარეშე მისცა პირადი ჩხრეკის ჩატარების შესაძლებლობა. პალატა მხედველობაში იღებს მიყენებული ზიანის ოდენობასაც, რომელიც, დაზარალებულ ს-----–--- კ-------ის ჩვენების თანახმად, შეადგენს 28 ლარს. ამასთან, დაზარალებულს შესაძლებლობა აქვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაიბრუნოს ამოღებული ბალიშის პირები.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ--–---- რ------ის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ--–---- რ------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------ ბ----–-–---–ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. მ--–---- რ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ--–---- რ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 4 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–---- რ-------ს განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

6. მსჯავრდებულ მ--–---- რ-------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 დეკემბრიდან;

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე