განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700050386
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №15აგ-18 27 ივლისი, 2018 წელი
ვ----------- ა-----, 15აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა----- ვ-----------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით ა----- ვ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარი.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარი.
ა----- ვ----------ს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის წლის 13 თებერვლიდან 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენით ა----- ვ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლითა და საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა----- ვ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარი.
3. 2018 წლის 8 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა----- ვ----------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა (ნარკოტიკებთან დაკავშირებით) და კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, ახალი განაჩენის დადგენა სასჯელის დაუნიშნავად ან სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
ა----- ვ----------- გათავისუფლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ა----- ვ-----------ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - მსჯავრდებული ა----- ვ----------- საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სანქციის მინიმუმის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას (რაც ჩაეთვლება პირობით), ვინაიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი აქვს პირობით) ზედმეტად მკაცრია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ა----- ვ-----------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა----- ვ-----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე