განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001590797
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№51აპ-18 ქ. თბილისი
ნ--------- რ-----, 51აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძისა და მსჯავრდებულ რ----- ნ---------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით რ----- ნ---------, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (ი-----–- კახიძის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (ირა ხავშამბას ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----- ნ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 5 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ნ--------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის განაჩენით რ----- ნ--------- გასამართლდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა (ძველი რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
2016 წლის 5 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. ბ------–-, ჭ---------- და ბ-------–---–ის ქუჩების კვეთაში განთავსებულ საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმი რ----- ნ---------, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გადატეხილი შუშის ბოთლის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხა ტ------- ო--------ოს, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
2016 წლის 3 ოქტომბერს, ქ. ბ------–-, ჭ--------ის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ--------მა სცემა ი-----–- კ-----, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2016 წლის 3 ოქტომბერს, ქ. ბ------–-, ჭ--------ს ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ--------მა სცემა ირა ხავშამბა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ. პროკურორი ითხოვს რ----- ნ---------სთვის სასჯელის გამკაცრებას, ხოლო მსჯავრდებული - გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ყაჩაღობის ნაწილში, ვინაიდან სსკ-ის 179–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ო--------ოს ჩვენება, მოწმეების - რ---- ა-------–--ის, ბ------ ი---–---–ის, მ------ ბ-----ის, გ------- ა-----–--–--ის ჩვენებები, ამოღებული ნივთმტკიცება და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ რ----- ნ--------- სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გადატეხილი შუშის ბოთლის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხა ტ------- ო--------ოს.
9. უსაფუძვლოა ასევე რ----- ნ---------ს პოზიცია ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია და რაიმე საფუძველი მათში ეჭვის შეტანისა, საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. პალატა არ იზიარებს ასევე პროკურორის საკასაცო საჩივრის მოთხოვნას რ----- ნ---------სთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძისა და მსჯავრდებულ რ----- ნ---------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე