განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
200100117002148379
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117002148379

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№164აპ-18 ქ. თბილისი

ს------–---–ი ჰ---–---, 164აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ჰ---–--- ს------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი.

 

ჰ---–--- ს------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა. განაჩენით ავტომანქანა „ზილ–131“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგუნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

საქართველოს სსსკ–ის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი ცალი ბენზოხერხი და თოთხმეტი ერთეული წიფლის ჯიშის მორი დაექვემდებარა საპროცესო კონფისკაციას.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ---–--- ს------–---–მა ჩაიდინა ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვენლოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 26 აგვისტოს ა-----ის რაიონში, ე.წ. იფნისგორის ტერიტორიაზე, ა-----ის სატყეოს №-- კვარტალში, ჰ---–--- ს------–---–მა ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ გაჩეხა 3 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც სსიპ „ეროვნული სატყეო სამსახურის კახეთის სატყეო სამსახურს“ მიადგა 1492,25 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შოთა სარიამ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით „ზილ–131“ მარკის ავტომანქანის, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების, ჩამორთმევა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რატომ არ უნდა ჩამოერთვას ჰ---–--- ს------–---–ს ავტომანქანა „ზილ–131“, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და, შესაბამისად, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრის განხილვას ამ საკითხზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე