განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118700053597
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #101აპ-18. ქ. თბილისი
ს------ გ---- 101აპ–18. 26 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ---- ს------ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში – საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 18 მარტს, დაახლოებით 15.00 საათზე, გ---- ს------ თავის ნათესავ ი-----–- ბ----–---სთან ერთად მივიდა ქალაქ ბ------–-, სავაჭრო ცენტრ „ა-–---ს“ ტერიტორიაზე, სადაც გაიგო, რომ თ----- და მ--–---- ჯ-------ებმა სცემეს მ----- ბ----–---ს. ამის შემდეგ გ---- ს------მ, ი-----–- ბ----–---სთან, მ------- ნ---–---სთან, ა------ გ------–-–---–სა და მ----- ბ----–---სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გადაწყვიტა, მოეკლა თ----- და მ--–---- ჯ-------ები, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, წავიდნენ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან „ვაზ–2104“ სახელმწიფო №------- ავტომანქანით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ---- ს------, ი-----–- ბ----–---, მ------- ნ---–---, ა------ გ------–-–---–ი და მ----- ბ----–--- ჩასხდნენ ი-----–- ბ----–--ის „ჰონდას“ მარკის ავტომობილში და გამოედევნენ თ----- და მ--–---- ჯ-------ებს, რომლებსაც წამოეწივნენ ბ--------------ის ცენტრალურ გზაზე. მ------- ნ---–---მ, ი-----–- ბ----–--ის კუთვნილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მათ განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის წინასწარ ჰქონდათ მომზადებული, ავტომანქანიდან რამდენჯერმე გაისროლა მ--–---- და თ----- ჯ-------ების მიმართულებით. გასროლის შედეგად თ----- ჯ-------მ მიიღო თავის ტვინის დაზიანება, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია უმოკლეს ვადაში, ხოლო მ--–---- ჯ-------მ მიიღო მარცხენა წინა მხრის ორივე ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ავტომანქანა, რომელსაც თ----- ჯ------- მართავდა, დაეჯახა ბორდიურს და გადაბრუნდა, ხოლო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენით გ---- ს------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,25,109–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტის რედაქცია) და 19,25,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: გ---- ს-----ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 19,25,109–ე მუხლის „ა“ (2004 წლის 18 მარტის რედაქცია) და 19,25,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებიდან (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 376-ე მუხლზე.
გ---- ს------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ---- ს------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 11 იანვრამდე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ადილარ წირღვავამ და ითხოვა გ---- ს-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 19,25,109–ე მუხლის „ა“ და 19,25,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
6. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი გ---- ს-----ის სსკ-ის 19,25,109–ე მუხლის „ა“ და 19,25,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის ამ კვალიფიკაციით დასადგენად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე