განჩინება

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
010141318700056823
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056823

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №185აპ-18 ქ. თბილისი

ლ------ კ-------, 185აპ-18 11 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ------- ლ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------ ტ---------ს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძისა და მსჯავრდებულ კ------- ლ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განაჩენით კ------- ლ------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ლ------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 6 დეკემბრიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

განაჩენით მსჯავრდებულ კ------- ლ------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით კ------- ლ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2016 წლის 13 ნოემბერს კ------- ლ------ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განაჩენით კ------- ლ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

 

2016 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 17:10 საათზე, ქ------–--–---–-------------------------------–---------------------, კ------- ლ------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ჯ--–--- ი--------ს კუთვნილ „აიფონ 5S-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

კ------- ლ------ გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

კ------- ლ------ს აღუდგა ყველა ის უფლება, რაც ჩამორთმეული ჰქონდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კერძოდ: 3 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

კ------- ლ------ს მიერ ჩადენილი ქურდობის კვალიფიკაციიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითება.

 

კ------- ლ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 6 დეკემბრიდან.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

მსჯავრდებული კ------- ლ------ და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც------ ტ--------- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ------ს გამართლებას.

 

მსჯავრდებულ კ------- ლ------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ------ რ-------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ------ს გამართლებას.

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ. ლ------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორად შეფასდა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთის ღირებულებასა და, შესაბამისად, გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მოპარული ტელეფონის 150 ლარს ზემოთ ღირებულება, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობის არსებობას.

 

9. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოტივებს და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება კ------- ლ------ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზე (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივრებშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ მიუთითებს.

10. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მითითება კ------- ლ------ს მიმართ პროცესუალური უფლებების დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე საპროცესო სამართლის ნორმები არ დარღვეულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „Georgiadis v. Greece“, N21522/93 , 29/05/1997, §43).

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ კ------- ლ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------ ტ---------ს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ვანიძისა და მსჯავრდებულ კ------- ლ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

ვ. როინიშვილი