ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058098
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №60აგ-18 18 სექტემბერი, 2018 წელი
ხ------–---–- ნ-----–----, 60აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
ნ-----–---- ხ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მარტის განაჩენით ნ-----–---- ხ------–---–-სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრებით, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თვისუფლების აღკვეთა - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ხ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 15 თებერვლიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. 2018 წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა ნ-----–---- ხ------–---–მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მსჯავრდებულმა ითხოვა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრა სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-----–---- ხ------–---–მა. კასატორი საჩივრით ითხოვს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–ს სასჯელი შეფარდებული აქვს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის გამოყენებით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით და ამდენად, შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებული გარემოება ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ-----–---- ხ------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი