განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057580
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №208აპ-18 ქ. თბილისი
მ----------- ო-----, 208აპ-18 20 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ო----- მ-----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ ბ---------–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ო----- მ-----------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ო----- მ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 16 იანვრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ო----- მ-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ---–--ში, გ--------ს ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო----- მ----------- და კ--- რ-----–-–---–-, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ს------- ვ---------ს კუთვნილი ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ს------- ვ---------ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებულ პირად ნივთებსა და ფულს - 2900 ლარს, 400 აშშ დოლარსა და 300 ევროს, რითაც ს------- ვ--------ს მიადგა 5880 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2017 წლის 14 იანვარს ო----- მ----------სა და კ--- რ-----–-–---–ს მათ მიერ 2017 წლის 13 იანვარს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, ს------- ვ---------ს კუთვნილი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მოუხდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ჩხუბში ჩაერივნენ ო----- მ-----------სა და კ--- რ-----–-–---–-ს ოჯახის წევრები და გააშველეს ისინი. აღნიშნულის შემდეგ ო----- მ----------ს დაუკავშირდა კ--- რ-----–-–---–-ს მეუღლის ძმა - თ------ ჩ----- და სთხოვა შეხვედრა თ---–--ში, ჟ.შ--------ს ქ.N45-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 20:15 საათზე მივიდა ჯერ თ------ ჩ-----, ხოლო შემდეგ - კ--- რ-----–-–---–-. ო----- მ----------მა, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელიც, საბრძოლო მასალასთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და რომელსაც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, კ--- რ-----–-–---–ს გულმკერდის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა. კ--- რ-----–-–---–-, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ო----- მ----------- კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ო----- მ-----------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ო----- მ----------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში და უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
წარდგენილი ბრალდებებიდან დაცვის მხარემ სადავოდ გახადა განზრახ მკვლელობის ჩადენა და მიუთითა, რომ ო----- მ-----------ს ქმედება წარმოადგენდა მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და განმარტა, რომ აუცილებელი მოგერიების დროს, სხვა პირობების არსებობასთან ერთად, თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. თავად მსჯავრდებულის ჩვენების თანახმად, მან დაინახა, რომ კ---მ ხელი უკან წაიღო, რაზეც იფიქრა, რომ იარაღი ჰქონდა, მაგრამ მან დანა ამოიღო. თავდაცვის მიზნით, დაახლოებით 5 მეტრიდან ესროლა ფეხებში, რომელიც ასცდა. მთვრალი იყო, მაგრამ მაინც წამოდგა დანის ქნევით. მეორედ როცა გამოჰკრა სასხლეტს თითი, ტყვია მოხვდა მუცლის არეში. მეორედ ისროლა დაახლოებით 2-3 მეტრიდან. გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულის ჩვენება აღნიშნული მოცემულობითაც კი ვერ აკმაყოფილებს აუცილებელი მოგერიებისთვის დადგენილ პირობებს, ის ასევე ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმის - თ------ ჩ-----ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მას კ--- რ-----–-–---–-ს ხელში დანა არ შეუნიშნავს და ო----- მ----------მა არაახლო მანძილიდან ესროლა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ წამებში მოხდა მეორე გასროლაც.
2017 წლის 19 აპრილის სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის N000234817 დასკვნით დადგენილია, რომ კ--- რ-----–-–---–-ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდისა და მუცლის მარცხენა ნახევრის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო დაზიანებული ელენთის არტერიიდან და ვენიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა.
ო----- მ-----------ს მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იმ პირობებში, როდესაც მისკენ მიმავალ კ--- რ-----–-–---–ს (თუნდაც დანით ხელში) არც კი ჰქონდა ჩადენილი მის მიმართ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ვერ ჩაითვლება თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებად. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი ასფალტზე ფეხის წამოკვრის გამო, ფეხების მიმართულებით ნასროლი ტყვიის ფერდში მოხვედრის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და ეწინააღმდეგება მოწმის - თ------ ჩ-----ს ჩვენებას. იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ ო----- მ-----------ს აღქმით, კ--- რ-----–-–---–ს ჰქონდა დანა (რაც მოწმე თ------ ჩ-----ს განმარტებით არ ჰქონია), არ აყენებდა მას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ეს ფაქტი რომც დადასტურებულიყო, ცივი იარაღის არსებობა მოცემული შემთხვევისთვის წარმოადგენდა აბსტრაქტულ საფრთხეს. მტკიცებულებებით და მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზიანება, რომელიც მიიღო კ--- რ-----–-–---–მა, განვითარებულია არაახლო მანძილიდან გასროლის შედეგად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს აუცილებელ მოგერიებას და, შესაბამისად, მის ფარგლებს გადაცილებას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა და რაც მიზეზობრივად უკავშირდება ო----- მ-----------ს მხრიდან კ--- რ-----–-–---–-სთვის ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მიყენებულ დაზიანებას. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ო----- მ-----------ს ჩვენებასთან ერთად, მეტყველებენ, რომ მის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა მისი მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო----- მ----------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა------ ბ---------–მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. მ-----------ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 113-ე მუხლზე და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. №293აპ-14, №399აპ-14; №227აპ-16, №424აპ-16), ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ-- ჩ-----სა და მოწმეების - თ------ ჩ-----ს, გ------- ც--–---ს, ქ------- ქ--------–-–---–-ს, რ-------- პ-----------ს, ე-–--- წ-------–-ს, ჟ--- ფ-----სა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ბალისტიკური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, საგამოძიები ექსპერიმენტის დასკვნებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ო----- მ----------მა ჩაიდინა კ--- რ-----–-–---–-ს განზრახ მკვლელობა.
9. საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ო----- მ-----------ს ქმედება წარმოადგენდა მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა ო----- მ-----------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო----- მ-----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ ბ---------–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე