განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210016001245809
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001245809

საქმე №ას-895-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი

№ას-895-2018 ჯ-----ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ---- და ნ----- ხ---–--ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ--- თ-------ე, ნ---- თ-------ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მ--- თ-------ემ (შემდგომში – ძირითადი მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ----- ხ---–--ისა (შემდგომში – შეგებებული სარჩელის ავტორი) და ნ---- ხ---–--ის (შემდგომში – კასატორი მოპასუხეები), მ----- ი-----–---–ის (შემდგომში – აპელანტი მოპასუხეები) მ-----– და ს------- ხ---–--ეების (შემდგომში – მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, რითიც ირღვევა მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.

 

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

 

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ძირითადი მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს არ წარმოადგენს.

4. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 10 ოქტომბერს მ-----– ხ---–--ის (შემდგომში – მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებაზე თ------- ხ---–--ის (შემდგომში – მეორე მამკვიდრებელი) სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, კერძოდ, მ-----– ხ---–--ის მემკვიდრე მ-----– ხ---–--ის მისაღები სამკვიდროს ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სამკვიდრო ქონების 5/36 ნაწილს; ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 7 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა მეორე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე მ--- და ნ---- თ-------ეების მიერ მიღებული სამკვიდროს 5/36 ნაწილში და 2010 წლის 9 ოქტომბერს მამკვიდრებლის მიერ მეორე მამკვიდრებლის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ გარიგება. მხარემ ასევე მოითხოვა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების 5/36 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

5. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მეორე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო მიღებული აქვს მის შვილს – ძირითად მოსარჩელეს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის მამამ – მ-----– ხ---–--ემ მის სასარგებლოდ თქვა უარი მემკვიდრეობაზე. მემკვიდრეობაზე უარის თქმის შედეგად, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა სხვის საკუთრებაში მაშინ, როდესაც მას, როგორც მშობელს, ეკისრება ვალდებულება, ეზრუნა არასრულწლოვანი შვილის სოციალურ მდგომარეობაზე. ამდენად, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა წარმოადგენს გარიგებას, ქონების დათმობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნა:

 

6. თ----- ხ---–--ემ (შემდგომში – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ--- და ნ---- თ-------ეების მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, 2015 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მ--- თ-------ემ და ნ---- თ-------ემ თანაბარწილად მიიღეს სადავო უძრავი ქონება, ბათილად იქნეს ცნობილი მ--- და ნ---- თ-------ეებს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნას თანამესაკუთრედ სადავო უძრავ ნივთზე.

7. საქმეში ჩაებნენ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები.

 

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

 

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით ძირითადმა მოსარჩელემ მოითხოვა მეორე მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან თავისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ძირითადი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი; შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; მეორე სარჩელზე შეტანილი შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ძირითადი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მეორე მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან, რაც აპელანტმა მოპასუხეებმა და მეორე მოსარჩელემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით აპელანტი მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა მეორე მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიასაც შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ორივე სარჩელზე მიმდინარე წარმოება გაერთიანდა.

12. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება (სახლთმფლობელობის 5/6 ნაწილი) საკუთრების უფლებით ირიცხება ძირითადი მოსარჩელის სახელზე.

13. ბ------- ხ---–--ის შვილი მ-----– ხ---–--ე, რომელიც 1977 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა, შ----- ხ---–--ისა და თ------- ხ---–--ის მამა იყო. შ----- ხ---–--ე 1980 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. შ----- ხ---–--ე და ლ------ ხ---–--ე (ო-------–---–ი) წარმოადგენდნენ ცოლ-ქმარს, ხოლო მოპასუხეები – თ-----, ს------- და მ-----– ხ---–--ეები – მათ შვილებს. 2008 წლის 22 მაისს ლ------ ხ---–--ე გარდაიცვალა.

14. ნ----- ხ---–--ე მ-----– ხ---–--ისა და მ----- ი-----–---–ის შვილია.

15. 2002 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №2----), რომლის მიხედვითაც თ------- ხ---–--ემ, როგორც მ-----– ხ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო შენობა-ნაგებობები საერთო 65.28 კვ.მ ფართიდან 5/6 ნაწილი მიწის ნაკვეთთან ერთად. ნაკვეთის ფართი შეადგენდა 323 კვ.მ-ს.

16. სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ სანოტარო არქივში შენახულ სამკვიდრო მოწმობის ეგზემპლარს აქვს დანართი, კერძოდ: 1. განცხადება სამკვიდროს გახსნის თაობაზე; 2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 3. ყადაღის ცნობა; 4. სამკვიდრო მოწმობა; 5. მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა; 6. სააქტო ჩანაწერი; 7. მეორე მამკვიდრებლის დაბადების მოწმობა; 8. ცნობა-დახასიათება ტექბიუროდან; 9. ლ------ ხ---–--ის თანხმობა; 10. მ------ ხ---–--ის თანხმობა; 11. მ-----– ხ---–--ის თანხმობა. მოპასუხე ს------- ხ---–--ეს, რომელიც სანოტარო აქტში მითითებულია, როგორც მ------ ხ---–--ე, შინაურები ეძახიან მ------ს, პირადობის მოწმობით კი არის ს------- ხ---–--ე.

17. ლ------ ხ---–--ემ, ს------- ხ---–--ემ და მ-----– ხ---–--ემ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მიუთითეს, რომ უარს აცხადებენ მამის (შ----- ხ---–--ის) სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მან მიიღო ფაქტობრივად სიცოცხლეში, თ--- მ-----–ის ასული ხ---–--ის სასარგებლოდ. ამავე ხელწერილებში მითითებულია, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება კერძო სახლია და თანახმა არიან, მათი კუთვნილი წილი გადაფორმდეს თ--- ხ---–--ის სახელზე მემკვიდრეობის წესით ისე, რომ არანაირი მატერიალური პრეტენზია არ გააჩნიათ.

18. 2002 წლის 10 ოქტომბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მეორე მამკვიდრებლის სახელზე.

19. 2015 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------), რომლის მიხედვითაც, მ--- თ-------ემ და ნ---- თ-------ემ საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს საცხოვრებელი სახლის 5/6 ნაწილი კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, ძირითადი მოსარჩელე 2015 წლიდან რეგისტრირებულია სადავო სახლში.

20. 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით ნ---- თ-------ემ უძრავი ნივთის მისი კუთვნილი ნაწილი ძირითად მოსარჩელეს აჩუქა.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით თ------- ხ---–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გ------- ა------ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ------- ხ---–--ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება, რომელიც გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა თ------- ხ---–--ეს. ამასთან, მასვე დაეკისრა გ------- ა------ის სასარგებლოდ, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ, 29 142.8 აშშ დოლარის გადახდა. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით და გ------- ა------ის 2015 წლის 22 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ თ------- ხ---–--ის უფლებამონაცვლე მ--- თ-------ისგან მან (გ------- ა------ემ) გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა – 29 142.8 აშშ დოლარი მიიღო.

22. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ძირითადი სარჩელის მოპასუხეები ნამდვილად ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ სადავო ფართში. აღნიშნულს თავად ძირითადი მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ. პირიქით, მოპასუხეები ფლობენ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ითხოვს მის გამოთავისუფლებას. რაც შეეხება საკუთრების უფლების კანონიერების საკითხს, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ძალაშია და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ძირითადი მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა.

23. საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები სადავო ფართში ნამდვილად ჩაწერილები იყვნენ, კერძოდ, შ----- ხ---–--ის რეგისტრაცია ფიქსირდება 1951 წლიდან, მ-----– ხ---–--ის – 1990 წლიდან, ს------- ხ---–--ის – 1971 წლიდან, ხოლო ლ------ ხ---–--ის – 1954 წლიდან (ამჟამად გარდაცვლილია). აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მემკვიდრეობა, თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე და ხელწერილებზე (მემკვიდრეობაზე უარის თაობაზე) და განმარტა, რომ სანოტარო აქტებით დასტურდება თითოეული მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებაზე მოწმობის საფუძველზე. მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ რეალურად სადავო ბინაში რომელიმე ცხოვრებას აგრძელებდა, არსებულ მდგომარეობას არ ცვლის. ამასთან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარეთა განმარტება ხელწერილების კანონიერებაზე, რადგან აღნიშნული სანოტარო აქტები სადავოდ არ გამხდარა და მათი ბათილად ცნობა განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს. მხარეები გამოვლენილ ნებას არც სხვა მხრივ შეცილებიან და არც გამოვლენილი ნების უკანონობაზე მიუთითებიათ.

24. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი მ-----– ხ---–--ისა და მ----- ი-----–---–ის შვილია, რომლის მოთხოვნა, მამის წილზე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სადავო ქონების შესაბამის წილზე მესაკუთრედ ცნობაა.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორი მამის სიცოცხლეში მის სამკვიდრო წილზე მესაკუთრედ ცნობაზე არაუფლებამოსილი სუბიექტია. გარდა ამისა, მამამ თავისი წილი სამკვიდროდან გაცნობიერებულად დათმო და მამის ნება ამ მიმართებით შეცილებული არ ყოფილა.

26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 1336-ე მუხლი განსაზღვრავს მემკვიდრეთა რიგითობას კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, კერძოდ, პირველი რიგის მემკვიდრე იმ შემთხვევაში არის შვილიშვილი, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არიან მისი მშობლები. სხვა შემთხვევაში, თუ წინა რიგის მემკვიდრეთაგან ერთ-ერთი არსებობს, ეს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას გამორიცხავს. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორის კანონიერი წარმომადგენლის – დედის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ (მ-----– ხ---–--ის ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე არის უსაფუძვლო. მით უფრო, რომ მ-----– ხ---–--ეს მემკვიდრეობის მის წილზე თ------- ხ---–--ის სასარგებლოდ თავად აქვს უარი ნათქვამი და ეს სანოტარო აქტი, დადგენილი წესით, სადავოდ არ გამხდარა. მეტიც, მ-----– ხ---–--ის განმარტებით, მან კუთვნილ წილზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ სადავო ფართიდან მოსარგებლე იყო გასაყვანი, მას კი აღნიშნული ვალდებულების შესასრულებელი საკმარისი ფინანსური სახსრები არ ჰქონდა.

27. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი სრულწლოვანების მიღწევამდე სწორედ აღნიშნულ ბინაში იზრდებოდა და ცხოვრობდა, მათ შორის, მას შემდეგაც, რაც სადავო უძრავი ქონება ძირითადი მოსარჩელის საკუთრება გახდა.

28. მეორე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავი ქონების კანონით გათვალისწინებულ ვადებში ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ნ---- და მ--- თ-------ეებს შორის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს მოკლებულია.

29. ძირითადი მოსარჩელე საქმის განხილვის დროისათვის სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ, რისი მართლზომიერი საფუძველიც არ გააჩნიათ.

30. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. სსკ-ის 168-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ბინას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) მოპასუხესთან მიმართებაში შეიძლება შეზღუდულიყო. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს ნაწილობრივ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

33. კასატორის მოსაზრებით, ძირითადი მოსარჩელისა და მისი მამკვიდრებლისათვის ცნობილი იყო, რომ მ-----– ხ---–--ეს ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი – შეგებებული სარჩელის ავტორი და სამკვიდროდან კუთვნილი წილის მეორე მამკვიდრებლის სასარგებლოდ უარის თქმისას დაირღვა არასრულწოვანის ინტერესები. თ-------, მ-----– ხამალძეებისა და ძირითადი მოსარჩელის ქმედება ეწინააღმდეგება სსკ-ის 1198-ე, 198-ე, 1200-ე და 1202-ე მუხლებს, ბავშვთა უფლებების კონვენციას, ამდენად, სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ბათილია 5/6 ნაწილის ½ წილის 1/3 ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 5/36-ს. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრეოზე უარი განიხულება როგორც ჩუქება. მშობელს უფლება არა აქვს, გააჩუქოს ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი, რადგან იგი ვეღარ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას.

34. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს არ აქვს უფლება, მამის სიცოცხლეში მოითხოვოს გაჩუქებული ქონება, რადგან სსკ-ის 526-ე მუხლით ჩუქების ხელშეკრულებაზე შედავების უფლება დაინტერესებულ პირს გააჩნია. სამკვიდროზე უარი 6 თვის შემდეგ სწორედ ჩუქებად აღიქმება.

35. კასატორმა აღნიშნა, რომ მ----– ხ---–--ე პირველი ინსტანციის სასამართლოში დავობდა საკუთრების უფლების აღდგენაზე, უარის მიღების შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მან არ დაიცვა შვილის უფლებები.

36. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მ-----– ხ---–--ემ მამიდის სასარგებლოდ სამკვიდრეოზე უარი თქვა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე გაისტუმრა. კასატორის განმარტებით, მოსარგებლე ცხოვრობდა სხვა ფართში და სასამართლოს აპელირება უსაფუძვლოა.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხე კასატორების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება (სახლთმფლობელობის 5/6 ნაწილი) საკუთრების უფლებით ირიცხება ძირითადი მოსარჩელის სახელზე.

40. ბ------- ხ---–--ის შვილი მ-----– ხ---–--ე, რომელიც 1977 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა, შ----- ხ---–--ისა და თ------- ხ---–--ის მამა იყო. შ----- ხ---–--ე 1980 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. შ----- ხ---–--ე და ლ------ ხ---–--ე (ო-------–---–ი) წარმოადგენდნენ ცოლ-ქმარს, ხოლო მოპასუხეები – თ-----, ს------- და მ-----– ხ---–--ეები – მათ შვილებს. 2008 წლის 22 მაისს ლ------ ხ---–--ე გარდაიცვალა.

41. ნ----- ხ---–--ე მ-----– ხ---–--ისა და მ----- ი-----–---–ის შვილია.

42. 2002 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №2----), რომლის მიხედვითაც თ------- ხ---–--ემ, როგორც მ-----– ხ---–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო შენობა-ნაგებობები საერთო 65.28 კვ.მ ფართიდან 5/6 ნაწილი მიწის ნაკვეთთან ერთად. ნაკვეთის ფართი შეადგენდა 323 კვ.მ-ს.

43. ლ------ ხ---–--ემ, ს------- ხ---–--ემ და მ-----– ხ---–--ემ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებში მიუთითეს, რომ უარს აცხადებენ მამის (შ----- ხ---–--ის) სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მან მიიღო ფაქტობრივად სიცოცხლეში, თ--- მ-----–ის ასული ხ---–--ის სასარგებლოდ. ამავე ხელწერილებში მითითებულია, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება კერძო სახლია და თანახმა არიან, მათი კუთვნილი წილი გადაფორმდეს თ--- ხ---–--ის სახელზე მემკვიდრეობის წესით ისე, რომ არანაირი მატერიალური პრეტენზია არ გააჩნიათ.

44. 2002 წლის 10 ოქტომბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მეორე მამკვიდრებლის სახელზე.

45. 2015 წლის 7 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------), რომლის მიხედვითაც, მ--- თ-------ემ და ნ---- თ-------ემ საკუთრებაში თანაბარწილად მიიღეს საცხოვრებელი სახლის 5/6 ნაწილი კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, ძირითადი მოსარჩელე 2015 წლიდან რეგისტრირებულია სადავო სახლში.

46. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ძირითადი სარჩელის მოპასუხეები ნამდვილად ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ სადავო ფართში. აღნიშნულს თავად ძირითადი მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ. პირიქით, მოპასუხეები ფლობენ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და ითხოვს მის გამოთავისუფლებას. რაც შეეხება საკუთრების უფლების კანონიერების საკითხს, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ძალაშია და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ძირითადი მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა.

47. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მ-----– ხ---–--ის მიერ სადავო სამკვიდროში მის წილზე თ------- ხ---–--ის სასარგებლოდ უარის თქმით შეილახა მ.ხ---–--ის იმჟამად არასრულწლოვანი შვილის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, სამკვიდრო უძრავი ქონება მის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა.

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

50. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

52. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

53. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

55. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

56. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

57. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძირითადი მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ფართის რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები და მათ ვერ დაადასტურეს უძრავი ნივთის მართლზმოიერად ფლობის ფაქტი. ამდენად, ძირითადი მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ხელისშემშლელ გარემოებაზე კასატორებმა ვერ მიუთითეს.

58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ სააპელაციო პალატის მსჯელობის წინააღმდეგ სადავო სამკვიდრო მოწმებების ბათილად ცნობისა და წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

59. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მითითება სსკ-ის 1336-ე მუხლზე, რომელიც ადგენს კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში მემკვიდრეთა რიგითობას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი რიგის მემკვიდრე იმ შემთხვევაში არის შვილიშვილი, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არიან მისი მშობლები. წინა რიგის მემკვიდრეთაგან ერთ-ერთი არსებობა კი შემდეგი რიგის მემკვიდრეობას გამორიცხავს.

60. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი პრეტენზიას აცხადებს ბაბუის სამკვიდროზე იმ პირობებში, როდესაც მისი მამა ცოცხალია და თავისუფალი ნების გამოხატვის გზით უარი განაცხადა მამის სამკვიდროს მიღებაზე სხვა მემკვიდროს სასარგებლოდ. შესაბამისად, შეგებებული სასარჩელო განცხადება მართებულად არ დაკმაყოფილდა.

61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

62. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ----- ი-----–---–ის მიერ 2018 წლის 13 ივლისს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარის 70% – 350 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- და ნ----- ხ---–--ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ---- ხ---–--ესა (პირადი №-----------) და ნ----- ხ---–--ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ----- ი-----–---–ის მიერ 2018 წლის 13 ივლისს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარის 70% – 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი