განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002073977
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№202აპ-18 ქ. თბილისი
ბ------ ტ------–, 202აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ტ------– ბ------, – დაბადებული 1973 წლის 29 აგვისტოს, ნასამართლევი, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 8 აპრილისა და 2017 წლის 16 ივნისის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ტ------– ბ------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ ტ------– ბ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------– ბ------მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით) ნასამართლევი ტ------– ბ------ ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რაც ამოიღეს 2017 წლის 8 აპრილს ბ------ში, ს---–-------ის ქ. №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად.
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით) ნასამართლევი ტ------– ბ------ ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რაც ამოიღეს 2017 წლის 16 ივნისს ბ------ში, ო-----–---ისა და ჯ-----–---–ის ქუჩების გადაკვეთაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან მურვანიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ტ------– ბ-----ისათვის თითოეულ ეპიზოდში მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მთლიანად დამატებას და განაჩენთა ერთობლიობით ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს დანაშაულის რეციდივის ფაქტს (ტ------– ბ------ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამიტომ, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 6 თვეა, ტ------– ბ-----ისათვის სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სამართლიანია (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №610აპ-16, №589აპ-16). რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მთლიანად დამატების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატებინა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ისათვის განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე