განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190141218002597525
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№251-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
კ-------ე პ------, 251-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ გიორგი გოგალაძის
ადვოკატ – ლ---- კ-------ის
მსჯავრდებულ _ პ------ კ-------ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ------ კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ------ კ-------ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე და პ------ კ-------ეს სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული პ------ კ-------ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
9. საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული პ------ კ-------ე და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი.
10. 2018 წლის 20 აგვისტოს პენიტენციური დეპარტამენტის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ------ კ-------ემ და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულების გათვალისწინებით, რომლითაც მას ფაქტობრივად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ალტერნატივის სახით კასატორი ითხოვს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით აქვს შემცირებული სასჯელი, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა აისახოს დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს:
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
4. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - არ შეცვლილა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ პ------ კ-------ე კონკრეტულ დღეს გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება პირისთვის დანიშნულ სასჯელზე, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა.
5. საკასაციო პალტა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამასთანავე, ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. N10აგ-14; N67აგ-16, №41-18, №51-18), რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ნ. სხირტლაძე