ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700054027
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №65აგ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
რ------ ა---------–, 65აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა---------– რ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:
ა---------– რ------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა მითითებული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2018 წლის 21 თებერვალს მსჯავრდებულმა ა---------– რ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------ ჟ-----მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა---------– რ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა---------– რ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ------ ჟ-----მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებასა და განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.
4. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---------– რ------ს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 205, 26 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის, რაც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას.
5. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
6. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ა---------– რ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს შუამდგომლობა და მიუხედავად იმისა, რომ დაუშვებლად ცნობის მოტივად, ნაცვლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილს, პალატამ მიუთითა ამავე გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ა---------– რ------ კი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, - არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა---------– რ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა---------– რ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ------ ჟ-----ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი