განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058747
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №256აპ-18 ქ. თბილისი
ნ-----------ი კ-----, 256აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ კ----- ნ-----------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენით კ----- ნ-----------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ----- ნ-----------ს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ----- ნ-----------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 იანვრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ კ----- ნ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, კ----- ნ-----------მა შეაღწია ქ. თ---–--–ი, შ--–---ს ჩიხის N--ში მდებარე ს---- კ----------ს საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც მან ს---- კ---------ს მოსთხოვა ფული და ოქროს ნივთები. ს---- კ----------სგან უარის მიღების შემდეგ კ----- ნ-----------მა დაზარალებულს დაუწყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ, დაუწყო ხელებით ცემა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ყელში წაუჭირა ხელი. კ----- ნ-----------ის ძალადობის შედეგად ს---- კ---------მა სხეულზე მიიღო მრავლობითი დაზიანებები და დაკარგა გონება, რის შემდეგაც კ----- ნ-----------ი ს---- კ----------ს სახლიდან დაეუფლა SHARP-ის ფირმის ტელევიზორს, ღირებულს 600 ლარად, შავი ფერის პალტოს, ღირებულს 400 ევროდ, 4 ცალ კაბას, ღირებულს 800 ლარად და საფულეს, ღირებულს 5 ლარად, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა - 9 ლარი.
2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ---–--–ი, დ----- ა----–-----–-ს გამზირის N---ში მდებარე რესტორან ,,ტ----–------ნ’’ კ----- ნ-----------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა რესტორან ,,ტ----–---ს“ კუთვნილ, 120 ლარად ღირებულ პატეფონს და 25 ლარად ღირებულ ,,ს--–------ს“ მოდემს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად რესტორან ,,ტ----–--ს“ მიადგა 145 ლარის მატერიალური ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მსჯავრდების ამ ეპიზოდში კ----- ნ-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ----- ნ-----------მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებისთვისაც კ----- ნ-----------ს მსჯავრი დაედო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ.#789აპ-09;207აპ-13;321აპ-14).
7. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული კ----- ნ-----------ი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: შეტყობინების რეგისტრაციის #50542 ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბიოლოგიური, სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი კ----- ნ-----------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოების არსებობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ----- ნ-----------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე