განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057108
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №66აგ-18 თბილისი
ტ--------–---–- თ--------, 66აგ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------- ტ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თ-------- ტ--------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით თ-------- ტ--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით თ-------- ტ--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ხოლო მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ-------- ტ--------–---–ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: თ-------- ტ--------–---–- გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, მასვე აღუდგა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
6. 2018 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ-------- ტ--------–---–მა, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ თ-------- ტ--------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ-------- ტ--------–---–- გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
მასვე აღუდგა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენები დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ-------- ტ--------–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივარით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის შემსუბუქებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. შესაბამისად, ,,მარიხუანის“ მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.
4. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოყენებით თ-------- ტ--------–---–- მართებულად გაათავისუფლა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
5. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიუთითა: მიუხედავად იმისა, რომ თ-------- ტ--------–---–- გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომაზე. თ-------- ტ--------–---–-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ-------- ტ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე