ახლად გამოვლენილი განჩინება

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
010141318700059145
თარიღი
11.10.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059145

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №69აგ-18 10 ოქტომბერი, 2018 წელი

ა--------- მ-----, 69აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ----- ა---------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:

 

მ----- ა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

მ----- ა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ----- ა---------ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. 2018 წლის 7 მაისს მსჯავრდებულმა მ----- ა---------მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. მ----- ა---------ს მოსაზრებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე; სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია სამი სხვადასხვა შინაარსის ექსპერტიზის დასკვნა, რაც, მისი აზრით, უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულმა ფირუზ ხოშაბაევმა; მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა ტელეკომპანია „რუსთავის-2-ის“ მიერ მოპოვებული მასალა და ითხოვა მითითებული კომპანიიდან სრული მასალის გამოთხოვა და საქმის წარმოების განახლება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ----- ა---------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ----- ა---------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინების გაუქმებას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“, „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა სიყალბე, რის შესახებაც აპელირებს შუამდგომლობის ავტორი, დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მ----- ა---------ს არ წარმოუდგენია, ხოლო რაც შეეხება მის მიერ შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებს, მათ შესახებ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ცნობილი იყო და, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ----- ა---------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ----- ა---------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე