განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057443
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №76აგ-18 თბილისი
ხ-----–---–- ქ------–---, 76აგ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–-------- კი-----ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ქ------–--- ხ-----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 240 საათით და საბოლოოდ ქ------–--- ხ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქ------–--- ხ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 23 იანვრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ადეიშვილისა და სტაჟიორ ანა ბეჟანიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბრალდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. ქ------–--- ხ-----–---–ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსდა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი–ქუტირი) – 1 წლით.
ქ------–--- ხ-----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
3. 2018 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–-------- კ------მ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №---------- დასკვნა ქ------–--- ხ-----–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამომტანი სასამართლოსთვის.
2018 წლის 8 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებითი შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–-------- კ------მ, რომელმაც მოითხოვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №---------- დასკვნის გამცემი ექსპერტების - ვ------- ჟ----–---–----ს, ა---- ტ-----–---სა და დ----- მ--------ს დაკითხვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–-------- კ------მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმებისა და ქ------–--- ხ-----–---–-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით მსჯავრდების საქმეზე, შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ქ------–--- ხ-----–---–ს მსჯავრი დაედო 2017 წლის 10 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). მოგვიანებით მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 27 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოცემულ საქმეზე გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №---------- დასკვნით დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგი ქმედების ჩადენის დროს (2017 წლის 27 დეკემბერს) ქ------–--- ხ-----–---–- იყო შეურაცხადი. მითითებული დასკვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით ქ------–--- ხ-----–---–-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის და მას დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.
4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 28 თებერვლის №---------- დასკვნითა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დასკვნის გამცემი ექსპერტის - ვ------- ჟ----–---–----ს ჩვენებით არ დასტურდება, რომ ქ------–--- ხ-----–---–- თბილისის საქალაქო სასამამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს (2017 წლის 10 აგვისტო) იყო შეურაცხადი, ვინაიდან არც აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნითა და არც ექსპერტ ვ------- ჟ----–---–----ს ჩვენებით არ არის გამორიცხული 2017 წლის 10 აგვისტოს მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს შერაცხადობის ფაქტი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ------–--- ხ-----–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–-------- კი-----ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე