განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 010332218900016826
საქმე #ს-07-18 2 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - ნ--- თ---–--ე
საჩივრის ავტორი - ადვოკატი ნ---- დ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წარმომადგენელი - თ----- ხ------–----ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 19 აპრილის #020/15 გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 08.04.2015წ. გადაწყვეტილებით, მოქალაქე ე. ძ---–--ის განცხადების საფუძველზე, ადვოკატ ნ. დ------ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი 20.12.2013წ. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეში მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ნ. დ------ე. ე. ძ---–--ის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცხრა თვის მანძილზე გრძელდებოდა. საქმეში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც საჩივრის ავტორის უდანაშაულობას ადასტურებდა, თუმცა ადვოკატმა ნ. დ------ემ ვერ შეძლო საქმის ე. ძ---–--ის სასარგებლოდ დასრულება და მას სასჯელის სახედ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი და ადვოკატის მონაწილეობით მომზადდა საკასაციო საჩივარი. ადვოკატმა - ნ. დ------ემ მას საკასაციო საჩივარზე ხელი მოაწერინა 16.10.2014წ. და ვინაიდან გასაჩივრების ვადა იწურებოდა 18.10.2014წ. ე. ძ---–--ემ ადვოკატს სთხოვა დროულად შეეტანა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ საჩივრის ავტორს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან მიუვიდა წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ საკასაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ იყო ჩაბარებული და ვადის დარღვევისათვის საპატიო მიზეზის არარსებობის შემთხვევაში იგი განუხილველი დარჩებოდა. ადვოკატმა ნ. დ------ემ საჩივრის ავტორთან შეუთანხმებლად შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრის ჩაბარების ვადის დარღვევა მოხდა ს----------–-----------ის თანამშრომლების ბრალით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ადვოკატმა ნ. დ------ემ 30.03.2014წ. ეთიკის კომისიაში წერილობითი ახსნა-განმარტება წარადგინა, რომელშიც აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია პროფესიული ეთიკის ნორმები. მან 16.10.2014წ. ე. ძ---–--ეს ხელი მოაწერინა საკასაციო საჩივარზე და განუმარტა, რომ საჩივარს აგზავნიდა ს----------–-----------ის მეშვეობით დაჩქარებული წესით. ადვოკატს ფოსტის მუშაკების მიერ განემარტა, რომ გზავნილი სასამართლოს მომდევნო დღეს - 17.10.2014წ. ჩაბარდებოდა. საკასაციო საჩივარის განხილვაზე უარის თქმა იყო არასწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 16 ოქტომბერს, ხოლო 18-19 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღეები (შაბათ-კვირა), შესაბამისად, მიზეზი საპატიოდ უნდა ჩათვლილიყო.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 19.04.18წ. გადაწყვეტილებით ადვოკატი ნ. დ------ე ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა შესახებ“ კანონისა და „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - გაფრთხილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ეთიკის კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადვოკატი ნ. დ------ე ე. ძ---–--ის ინტერესებს წარმოადგენდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთანავე, განმარტა, რომ ადვოკატს შეეძლო საკასაციო საჩივარი ჩაებარებინა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისათვის, რაც შექმნიდა იმის მტკიცებულებას, რომ საჩივარი შესაბამის ვადაში ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს. ადვოკატმა ნ. დ------ემ საკასაციო საჩივრის გაგზავნა ფოსტის დაჩქარებული გზავნილით გადაწყვიტა, სადაც განუმარტეს, რომ საკასაციო საჩივარი უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდებოდა მომდევნო დღეს. აღნიშნული ქმედებით ადვოკატმა მსჯავრდებულის ბედი ანდო ფოსტის მუშაკს. მას შეგნებული ჰქონდა, რომ საკასაციო საჩივრის უფლებამოსილი პირისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კარგავდა უზენაეს სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების უფლებას.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 87.1 მუხლის თანახმად, საჩივარი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაჰბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. უფლებამოსილ პირად სასამართლოს მიერ მითითებულია ასევე, მსჯავრდებულის ადგილსამყოფელი სასჯელაღსრულების შესაბამისი ადმინისტრაცია. ადვოკატმა ნ. დ------ემ ეთიკის კომისაში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა ვადის გაცდენის საპატიო მიზეზი, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაცდენა გამოწვეული იყო ფოსტის მუშაკების შეცდომით. აღნიშნული მიზეზი სასამართლომ არ მიიჩნია საპატიოდ, რადგან ადვოკატს საკასაციო საჩივარი ერთი თვის ვადაში უნდა ჩაებარებინა უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იქნებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ან სასჯელაღსრულების შესაბამისი ადმინისტრაცია. ადვოკატმა არც ერთი შესაძლო ქმედება არ განახორციელა. მან საკუთარ თავზე აიღო რისკი - საკასაციო საჩივარი არ ჩააბარა სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე, ვინაიდან სხვა საქმეზე სასამართლო პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, თავად არ მიიტანა საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატმა ნ. დ------ემ ფოსტის დაჩქარებული გზავნილის მეშვეობით გადაწყვიტა საკასაციო საჩივრის ჩაბარება. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ფოსტის მიერ საჩივრის შეთანხმებულ დროს ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კლიენტი კარგავდა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას და არ იარსებებდა დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაბამისად, ე. ძ---–--ის ინტერესებს მიადგა ზიანი, მან ვერ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით. ეთიკის კომისიამ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას გაითვალისწინა დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, პროფესიისათვის მიყენებული ზიანი, ადვოკატი პიროვნება და რეპუტაცია, და მიიჩნია, რომ ადვოკატ ნ. დ------ეს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი წარმომადგენლობისა და კლიენტის მიმართ მიყენებული ზიანის მიზეზით სახდელის სახით უნდა განსაზღვროდა გაფრთხილება.
მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადვოკატმა - ნ. დ------ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 19.04.18წ. გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე ე. ძ---–--ეს ხელი მოაწერინა 16.10.2014წ. და განუმარტა, რომ საჩივარს გააგზავნიდა ფოსტის მეშვეობით, რადგან მეორე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომას უნდა დასწრებოდა. ადვოკატმა საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასწარაფო გზავნილით გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ფოსტის მუშაკებმა განუმარტეს, რომ საჩივარი სასამართლოს ჩაბარდებოდა მეორე დღეს - 17 ოქტომბერს. ადვოკატ ნ. დ------ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად თქვა უარი საკასაციო საჩივრის მიღებაზე, რადგან საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 16 ოქტომბერს, ხოლო 18 ოქტომბერი იყო შაბათი დღე და სასამართლოს კანცელარია არ მუშაობდა. ამასთან, ადვოკატის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებული ე. ძ---–--ე ინფორმირებული იყო.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ეთიკის კომისიამ არაკანონიერად გამოიყენა მის მიმართ დისციპლინური სახდელი, რადგან მას არ დაურღვევია ეთიკის კოდექსი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას. ადვოკატმა ნ. დ------ემ სხდომაზე განაცხადა, რომ საკასაციო სასამართლომ შემდგომში განიხილა ე. ძ---–--ის საკასაციო საჩივარი, რომელიც არ იქნა დასაშვებად ცნობილი. სადისციპლინო პალატამ მოთხოვა ადვოკატს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაზეც ნ. დ------ემ განაცხადა, რომ შემდეგი სხდომისთვის წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას. ადვოკატი ნ. დ------ე სადისციპლინო პალატის 02.10.2018წ. სხდომაზე არ გამოცხადდა.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ ნ. დ------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება „ადვოკატთა შესახებ“ კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. ადვოკატ ნ. დ------ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება (34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, რომელთა შორის არის გაფრთხილება. ამავე კანონის თანახმად, ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადვოკატი ნ. დ------ე წარმოადგენდა ე. ძ---–--ის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მას შეეფარდა თავისულფების აღკვეთა 12 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ადვოკატმა ნ. დ------ემ შეადგინა საკასაციო საჩივარი, რომელზეც თავის კლიენტს - ე. ძ---–--ეს 16.10.2014წ. ხელი მოაწერინა. ვინაიდან განაჩენის გასაჩივრების ვადა იწურებოდა 18.10.2014წ., ადვოკატმა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა ს----------–-----------ის მეშვეობით დაჩქარებული წესით იმ პირობით, რომ გზავნილი სასამართლოს ჩაბარდებოდა მომდევნო დღეს - 17 ოქტომბერს. საკასაციო საჩივარი სასამართლოს ჩაბარდა 20.10.2014წ., გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით. ადვოკატმა ნ. დ------ემ 28.10.2014წ. შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებისთვის გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა საპატიო მიზეზის არარსებობის გამო.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. დ------ის საჩივრის ძირითად არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მან საკასაციო საჩივარი ფოსტის დაჩქარებული გზავნილით 16.10.2014წ. გააგზავნა, რომელიც ფოსტის მუშაკების განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. უნდა ჩაბარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა საკასაციო საჩივარი ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე გააგზავნა, მისი ჩაბარება ფოსტის მიერ 20 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა, რაც ადვოკატის აზრით, საპატიო მიზეზი იყო და სააპელაციო სასამართლომ არასწორად თქვა უარი საკასაციო საჩივრის მიღებაზე. სადისციპლინო პალატა აღმნიშნავს, რომ 2009 წლამდე მოქმედი 20.02.1998წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მიხედვით, ვადა გაცდენილად არ ჩაითვლებოდა, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი დაპატიმრებული იყო ან იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამჟამად მოქმედი 09.10.2009წ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სხვაგვარად ადგენს ამა თუ იმ მოქმედების ათვლის ვადას, კერძოდ, სსსკ-ის 87.1 მუხლის თანახმად, საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონი ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის ნებისმიერი საშუალებით ადრესატისათვის ჩაბარებას (ფოსტით, ელექტრონული საშუალებით ან უშუალოდ ჩაბარებას). მოცემული საშუალებების გამოყენების შედეგად დაცული უნდა იქნეს კანონით განსაზღვრული ვადები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საპროცესო ვადების გამოთვლის წესს საათების, დღე-ღამეებისა და თვეების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის ბოლო დღე იყო 18.10.2014წ., რომელიც ემთხვეოდა არასამუშაო დღეს (შაბათი). სსსკ-ის 86.2 მუხლის მიხედვით, საპროცესო ვადაში ითვლება არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები, რაც იმას გულისხმობს, რომ მითითებულ დღეებში საპროცესო ვადის დინება არ ჩერდება. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან დასვენების დღე საპროცესო ვადის დინებას არ აჩერებს, საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა შეტანილიყო წინა სამუშაო დღეს, ანუ 17 ოქტომბერს. მართალია, ადვოკატმა - ნ. დ------ემ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით 16.10.2014წ. გააგზავნა, თუმცა მისი ჩაბარება კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში ვერ მოხერხდა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასევე ითვალისწინებს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაცდენილი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადვოკატმა - ნ. დ------ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებისათვის გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე და მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრის დროულად ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო ფოსტის მუშაკების ბრალით, რომლებიც მას შეჰპირდნენ, რომ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდებოდა მომდევნო დღეს - 17 ოქტომბერს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2014წ. განჩინებით აღნიშნული მიზეზი არ ჩაითვალა საპატიოდ, რადგან ადვოკატს საკასაციო საჩივარი განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ჩაებარებინა უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იქნებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ან ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად ჩაითვლებოდა მსჯავრდებულის ადგილსამყოფელი, სასჯელაღსრულების შესაბამისი ადმინისტრაცია. ადვოკატი ნ. დ------ე ეთიკის კომისიაში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე. ძ---–--ე არ ენდობოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციას, რადგან მის წერილებს „ბლოკავდნენ“, შესაბამისად, მან უარი თქვა საჩივრის ჩაბარებაზე სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაში. სადისციპლინო პალატა მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობების წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 30.05.2011წ. #97 ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტის დებულების“ (ძალადაკარგულია 01.09.2015წ. #105 ბრძანებით) მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად, კანცელარიის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა დაწესებულების კორესპონდენციისა და ბრალდებულთა წერილების, საჩივრების, მოთხოვნების, განცხადებების აღრიცხვა, მათი დროული მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება. შესაბამისად, სადისციპლინო პალატა თვლის, რომ ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაბარება შექმნიდა საკასაციო საჩივრის კანონით განსაზღვრულ დროში ჩაბარების საფუძველს. ამასთანავე, ადვოკატმა ნ. დ------ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვა საქმეზე სასამართლო პროცესში მონაწილეობის გამო არ მიიტანა საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იგი გააგზავნა ფოსტის დაჩქარებული გზავნილის მეშვეობით. ამდენად, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ადვოკატს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ფოსტის მიერ საჩივრის შეთანხმებულ დროს ჩაუბარებლობის შემთხვევაში კლინეტი კარგავდა უზენაეს სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას და მისი საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ადვოკატი დაეყრდნო ფოსტის მუშაკების სიტყვიერ დაპირებას, რამაც გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გამოიწვია.
შპს „ს----------–-----------ა“ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობს შპს „ს----------–-----------ის“ მომხმარებლის სახელმძღვანელოთი, რომლის 10.1.1 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი წერილობითი კორესპოდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია: 3 (სამი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულში ჩასაბარებელი მგზავნილებისათვის. ამავე სახელმძღვანელოს 35.4 მუხლის თანახმად, კურიერის მიერ ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება პირობით - „სასწრაფო“ ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, შეკვეთის მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს. ვინაიდან კორესპოდენციის გაგზავნა მოცემულ შემთხვევაში ცდებოდა ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს, შპს „ს----------–-----------ის“ ბათუმის ფილიალს ვალდებულება არ ჰქონდა გზავნილი ჩაებარებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მეორე სამუშაო დღესვე. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ნ. დ------ე ენდო ფოსტის თანამშრომლების განმარტებას, თუმცა კანონით დადგენილ დროში ვერ მოხდა საკასაციო საჩივრის უფლებამოსილი პირისათვის დროულად ჩაბარება, რითაც ე. ძ---–--ის ინტერესებს მიადგა ზიანი, მას მოესპო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება.
სადისციპლინო პალატის სხდომაზე საჩივრის ავტორმა მიუთითა ახალ გარემოებაზე, კერძოდ იმაზე, რომ მსჯავრდებულმა - ე. ძ---–--ემ გამოიყენა საკასაციო სასამართლოში განაჩენის გადასინჯვის უფლება, მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა გაცდენილი ვადის აღდგენის მოთხოვნით, რომელმაც საკასაციო გასაჩივრებისათვის დადგენილი გაცდენილი ვადა აღუდგინა, ხოლო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი. სადისციპლინო პალატის დავალების მიუხედავად, ადვოკატმა მომდევნო სხდომაზე ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სადისციპლინო პალატამ ამ მიმართულებით გაარკვია, რომ მსჯავრდებულმა ე. ძ---–--ემ არაერთხელ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, თუმცა ყველა შემთხვევაში მსჯავრდებულ ე. ძ---–--ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც შემდგომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული (სუს 01.12.2015წ. #56აგ-15; სუს 15.03.2017წ #209აგ-16; სუს 04.07.2018წ. #11აგ-18 განჩინებები). ამასთანავე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადებებს არ აქვთ კავშირი განაჩენის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საკითხთან, შესაბამისად არ დასტურდება საკასაციო სასამართლოს მიერ ე. ძ---–--ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატ ნ. დ------ემ უგულებელყო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, ასევე „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ 8.5 მუხლი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა. პალატა განმარტავს, რომ ადვოკატმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და წარმომადგენლობა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად. კლიენტის ინტერესების დაცვა არ ნიშნავს ფორმალურ წარმომადგენლობას სასამართლოში. კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი ვალდებულია გამოიყენოს მის დასაცავად ყველა საშუალება, რაც არ არის აკრძალული კანონით და პროფესიული ეთიკის კოდექსით.
სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ წარმომადგენლობითი ფუნქციის არასათანადო შესრულების გამო, მსჯავრდებულმა ე. ძ---–--ემ ვერ მოახდინა გასაჩივრების უფლების გამოყენება. სასამართლოს უფლება, რომელიც სხვა უფლებების დაცვის ერთგვარი გარანტია, განაპირობებს დარღვევის მნიშვნელობას.
სადისციპლინო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას ადვოკატისათვის დაკისრებული სახდელის - გაფრთხილების შეფარდებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე. ამდენად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული სახდელი ადვოკატის მიერ ჩადენილი გადაცდომების შესაბამისია.
სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ დისციპლინური საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და ობიექტურად და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ადვოკატ ნ. დ------ის მიერ დარღვეულია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და „ადვოკატთა შესახებ“ კანონის ნორმების მოთხოვნები, შესაბამისად, ადვოკატის ქმედებას მართებულად მიეცა დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია და მას კანონიერი და სამართლიანი სახდელი დაეკისრა.
ამდენად, სადისციპლინო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის - ნ. დ------ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 7563-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 7563 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ადვოკატ ნ---- დ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 19 აპრილის #020/15 გადაწყვეტილება;
3. გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /მაია ვაჩაძე/
მოსამართლეები: /ნუგზარ სხირტლაძე/
/ვასილ როინიშვილი/