განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სსაქმე # 010141318700056706
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №52აგ-18 ქ. თბილისი
რ-------ი ი-----, 52აგ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი----- რ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებაზე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ი----- რ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ:
საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ დაენიშნა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მიესაჯა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 6 მაისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი----- რ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2018 წლის 30 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ი----- რ-------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ----–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან იგი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მსჯავრდებულ ი----- რ-------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ბ----–---–ი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი----- რ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორები - მსჯავრდებული ი----- რ-------ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ბ----–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ი----- რ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობაში პროკურორმა ყალბი ჩანაწერი გააკეთა. ამასთან, ბიოლოგიურ და გენეტიკურ ექსპერტიზათა დასკვნებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (მათ შორის: ბრალდების შესახებ დადგენილებასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობაში პროკურორის მიერ ყალბი ჩანაწერის გაკეთებისა და ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობის შესახებ), პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად განაჩენის გადასინჯვის საფუძველს მისცემდა, კასატორს არ მიუთითებია.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ი----- რ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი----- რ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ი----- რ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე